იღბლიანობის ღმერთი, ბედისწერის ღმერთი
ესაიას დროს მცხოვრები განდგომილი იუდეველები თაყვანს სცემდნენ „იღბლის ღმერთსა“ (ებრ. გად) და „ბედისწერის ღმერთს“ (ებრ. მენი) და მათ სუფრებს უშლიდნენ. იეჰოვამ უწინასწარმეტყველა ამ ღვთაებების თაყვანისმცემლებს, რომ მახვილისთვის გასწირავდა (ეს. 65:11, 12).
ასურელები და ბაბილონელები ხშირად შლიდნენ სუფრას თავიანთი ღმერთების პატივსაცემად. ხარანელები ფიცს დებდნენ „იღბლის უფლის“ წინაშე და იმედოვნებდნენ, რომ ის ამ ფიცს მიიღებდა. ესაიას 65:11-ზე იერონიმე ასეთ კომენტარს აკეთებს: „ყველა ქალაქში, განსაკუთრებით ეგვიპტის ალექსანდრიაში, არსებობდა ძველი წარმართული ჩვეულება, რომლის თანახმადაც მათი ყოველი წლის უკანასკნელი თვის ბოლო დღეს უნდა გაეშალათ სუფრა ნაირ-ნაირი კერძებით, მაგიდაზე უნდა მდგარიყო ტკბილი ღვინით სავსე სასმისი, რომ მომავალი წელი იღბლიანი და ნაყოფიერი ყოფილიყო“ (Corpus Christianorum, Series Latina, LXXIII A, S. Hieronymi presbyteri opera, ნაწ. 1, 2A, ტიურნჰაუტი, ბელგია, 1963, გვ. 754).