გოგი
სახელის მნიშვნელობა უცნობია.
1. რეუბენის შთამომავალი (1მტ. 5:3, 4).
2. სახელი, რომელიც გვხვდება ეზეკიელის 38-ე და 39-ე თავებში და ეწოდება მრავალეროვანი ხალხის წინამძღოლს, რომელიც ქარიშხალივით ესხმის თავს ღვთის ხალხს. თავდასხმა მას შემდეგ ხდება, რაც იეჰოვა გამოკრებს თავის ხალხს ერებიდან და აღუდგენს აოხრებულ „ისრაელის მთებს“. ვინაიდან ისინი უსაფრთხოდ, უგალავნოდ, ურდულებისა და კარების გარეშე ცხოვრობენ, უხვად აქვთ სიმდიდრე და ქონება, გოგი სასტიკ და მასშტაბურ ბრძოლას იწყებს მათ წინააღმდეგ. ამისთვის ის დიდძალ ჯარს კრებს ხალხებიდან. მაგრამ მისი გამოსვლა იეჰოვას რისხვას იწვევს, შედეგად გოგი და მთელი მისი ჯარი სასტიკად მარცხდება და ნადგურდება. მათ გვამებს ფრინველები და მხეცები ჭამენ და მათ ძვლებს მარხავენ ველზე, რომელსაც „გოგის ბრბოს ველი“ დაერქმევა (სიტყვასიტყვით „ჰამონ-გოგის ველი“).
თავდასხმის ინიციატორი და მიზანი. თავდასხმის ინიციატორი ისრაელის მიწიდან საკმაოდ შორს არის. გოგი „მაგოგის მიწიდანაა“, რომელიც ჩრდილოეთის კიდეებში მდებარეობს (ეზკ. 38:2, 15). ის არის „მეშექისა და თუბალის მთავარი თავკაცი“ [„უმაღლესი მთავარი“, ბსგ; „მთავარი“, სსგ] (ეზკ. 38:2, 3). ზოგ თარგმანში (ბსგ, სსგ) ამ მუხლებში წერია „როშის, მეშექისა და თუბალის მთავარი“, შესაბამისად, სიტყვა „როშში“ [ებრ. „თავი“] მიწას ან ხალხს გულისხმობენ. მაგრამ ბიბლიაში ამ სახელით არც ადგილი გვხვდება და არც ხალხი. მაგოგის მსგავსად, მეშექიცა და თუბალიც იაფეთის ძეების სახელებია (დბ. 10:2) და სამივეს სახელით წოდებული მიწები ისრაელის ჩრდილოეთით მდებარეობს (იხ. მაგოგი №2; მეშექი №1; თუბალი). ჩრდილოელ თავდამსხმელებს შორის იაფეთის სხვა შთამომავლებიც არიან — გომერი და თოგარმა (მიჩნეულია, რომ მათგან წარმოიშვნენ უძველესი ხალხები — გომერისგან კიმერიელები და თოგარმასგან სომხები). სპარსეთის ის ნაწილი, სადაც იაფეთის შთამომავლები ცხოვრობდნენ, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მაგრამ ბოროტი შეთქმულების მონაწილენი სამხრეთით მცხოვრები ქამიტური წარმოშობის ხალხებიც არიან, რომლებიც ეთიოპიასა და ფუტში ცხოვრობენ აფრიკის კონტინენტზე (ეზკ. 38:4—6, 15). აქედან გამომდინარე, გოგი მასობრივი თავდამსხმელი ძალების მხედართმთავარია, რომელსაც სურს, ამ ძალების მეშვეობით, იეჰოვას ხალხი დიდი წნეხის ქვეშ მოაქციოს და გასრისოს.
ისრაელი აღწერილია, როგორც „დედამიწის შუაგულში“ მცხოვრები ხალხი (ეზკ. 38:12). ძველი ისრაელი არა მხოლოდ ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტების გასაყარზე მდებარეობდა, არამედ წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრიც იყო და ჭეშმარიტი ღმერთი „თვალისჩინივით უფრთხილდებოდა“ (კნ. 32:9, 10; ზქ. 2:8).
იეჰოვამ თქვა, რომ გოგს ყბებში კავებს ამოსდებდა და საბრძოლველად გამოიყვანდა (ეზკ. 38:4; შდრ. 2მფ. 19:20, 21, 28). მაგრამ წინასწარმეტყველებიდან ნათლად ჩანს, რომ გოგს უკვე განზრახული ჰქონდა შებრძოლება (ეზკ. 38:10, 11). თუმცა იეჰოვა გამოიწვევს გოგს იმ გაგებით, რომ თავისი სახელით წოდებულ ხალხს ააღორძინებს და გაამდიდრებს. სწორედ ეს გააღიზიანებს გოგს და ავს განაზრახვინებს ღვთის ხალხზე. ის თავისი ნებით წავა იერიშზე, რაც უცაბედ განადგურებას მოუტანს მასაც და მის თანამზრახველებსაც. გოგისა და მისი ჯარების დამარცხებითა და განადგურებით იეჰოვა განადიდებს და განწმენდს თავის სახელს ყველას წინაშე (ეზკ. 38:12—23; 39:5—13, 21, 22; შდრ. იოლ. 3:9—17).
გოგის ვინაობა. გოგთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ქვეყნები და ხალხები ბიბლიიდან, და ნაწილობრივ ისტორიიდანაც, არის ცნობილი. თუმცა გოგის რომელიმე ისტორიულ მმართველთან გაიგივების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, გოგი იყო გიგესი, მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ლიდიის მეფე, რომელიც ასურეთის მეფე ასურბანიფალის ჩანაწერებში გუგუდ მოიხსენიება (Ancient Records of Assyria and Babylonia, დ. ლუკენბილი, 1927, ტ. II, გვ. 297, 351, 352). მაგრამ გიგესი ეზეკიელის წინასწარმეტყველების დაწერამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე გარდაიცვალა, ამიტომ ეს ვერსია გამოირიცხა. გარდა ამისა, წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ გოგის თავდასხმა მოხდებოდა „უკანასკნელ წლებში“, „უკანასკნელ დღეებში“ (ეზკ. 38:8, 16; შდრ. ეს. 2:2; იერ. 30:24; 2ტმ. 3:1). ამ მიზეზების გამო სახელი გოგი, როგორც ჩანს, იდუმალი ან სიმბოლურია და არ ეკუთვნის არც ერთ ცნობილ მეფესა თუ წინამძღოლს.
ფაქტები ცხადყოფს, რომ ეს წინასწარმეტყველება უნდა შესრულდეს „უკანასკნელ დროს“, როგორც ეს ბიბლიის სხვა წიგნებიდანაც ჩანს (დნ. 11:35; 12:9; შდრ. გმც. 12:12). ბიბლეისტები ჩვეულებრივ ამ წინასწარმეტყველებას მესიანური სამეფოს მმართველობის დროს უკავშირებენ. მაგალითად, ერთ ენციკლოპედიაში შემდეგ კომენტარს ვხვდებით: „გოგი გვევლინება ღვთის სამეფოზე მსოფლიო იმპერიების უკანასკნელი თავდასხმის მეთაურად“ (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge, ს. ჯექსონის რედაქციით, 1956, ტ. V, გვ. 14). ამ წინასწარმეტყველების ისრაელზე შესრულების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ლოგიკურია, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ეს წინასწარმეტყველება შესრულდა სულიერ ისრაელზე, ანუ ქრისტიანულ კრებაზე (რმ. 2:28, 29; გლ. 6:16), რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, რომ „ზედა იერუსალიმის“ შვილია და მას ემორჩილება (გლ. 4:26). ეს მუხლები გოგის ვინაობის დადგენაში გვეხმარება.
გოგის ვინაობის დადგენაში წიგნი „გამოცხადებაც“ გვეხმარება. წინასწარმეტყველური ხილვები აღგვიწერს სიმბოლური დრაკონის, სატანა ეშმაკის მიერ ქრისტიანული კრების ძლიერ დევნას. დევნის დაწყებამდე, იესო ქრისტემ, სამეფო ძალაუფლების მიღებისთანავე, ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა სატანა და დემონები (გმც. 12:5—10, 13—17). ღვთის, მისი ძისა და ღვთისმოშიში მსახურების წინააღმდეგ დედამიწის სხვადასხვა ერიდან ხალხთა შეკრება, აგრეთვე მტრების სრული დამარცხება და განადგურება ამ ხილვების ძირითადი თემაა (გმც. 16:13—16; 17:12—14; 19:11—21). ფრინველებისა და მხეცების მიერ ქრისტეს სამეფოს მტერთა გვამების ჭამაც შეესაბამება „გამოცხადებაში“ ჩაწერილს (ეზკ. 39:4, 17—20 შდრ. გმც. 19:21-ს).
„გამოცხადების“ თანახმად, მესიანური სამეფოსა და მისი ქვეშევრდომების წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმის მთავარი ფიგურა, ანუ წინამძღოლი, სატანა ეშმაკია. ის ერთადერთია ბიბლიაში, ვისზეც შეიძლება ითქვას, რომ სრულად აკმაყოფილებს ეზეკიელის მიერ ნაწინასწარმეტყველებ გოგ მაგოგელის აღწერილობასა და როლს. აქედან გამომდინარე, გოგთან დაკავშირებული ეზეკიელის წინასწარმეტყველება ეხება სასტიკ და მასშტაბურ თავდასხმას ღვთის ხალხზე, რომლის ინიციატორი და მეთაური დამცირებული სატანა ეშმაკია. სწორედ ეს თავდასხმა გამოიწვევს ღვთის შიშის მომგვრელი ძალის მიერ სატანური ძალების სრულ მოსპობას (ეზკ. 38:18—22).
გოგის ბრბოს დამარხვა. „გოგსა და მთელ მის ბრბოს“ დამარხავენ „ზღვის აღმოსავლეთით, გამვლელთა ველზე“ (ეზკ. 39:11). ერთ-ერთი თარგმანის თანახმად, „აბარიმის ველზე, მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით“ (An American Translation). რიცხვების 33:47, 48-ში აბარიმი ეწოდება მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე მთებს (იხ. აბარიმი). ამ რეგიონში არნონისა და ზერედის ორი ღრმა ხეობაა. არნონის ხეობის მწვერვალებს შორის დაშორება დაახლ. 3 კმ-ია, სიღრმე კი — დაახლ. 520 მ. ზერედი უფრო ღრმა ხეობაა. მისი ციცაბო ფერდობები 1 190 მ-ის სიღრმეზე ეშვება. ამ ორივე ხეობით შეიძლება წარმოდგენილი იყოს წინასწარმეტყველური სამარხები: არნონი ზღვის აღმ-ით, ხოლო ზერედი — ზღვის სამხრ.-აღმ-ით (ამ ხეობაში ყველაზე ხშირი მიმოსვლა იყო). ვინაიდან ეს აღწერილობა სიმბოლურია, შესაძლოა, კონკრეტული ხეობა არც ყოფილიყო ნაგულისხმევი. მკვდარი ზღვის მახლობლად ღრმა ადგილას გოგის ბრბოს დამარხვა რაღაცით ჰგავს „გამოცხადებაში“ ღვთის სამეფოს მტრების სიმბოლურ ცეცხლის ტბაში ჩაყრასა და სატანის უფსკრულში ჩაგდებას (გმც. 19:20; 20:1—3).
არის თუ არა „გამოცხადებასა“ და „ეზეკიელში“ მოხსენიებული გოგი ერთი და იგივე?
3. „გოგი და მაგოგი“ გამოცხადების 20:8-შიც მოიხსენიება, თუმცა აქ საუბარი არ მიდის კონკრეტულ მხედართმთავარზე ან მმართველზე. ორივე სახელით იწოდებიან „დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები“, რომლებიც სიმბოლური უფსკრულიდან გათავისუფლებულ სატანას შეჰყავს შეცდომაში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა მუხლების თანახმად, ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა ბოლოს მოუღებს ხალხთა მმართველობასა თუ ეთნიკურ დაყოფას (დნ. 2:44; 7:13, 14), გამოდის, რომ ეს „ხალხები“ ქრისტეს მსოფლიო ბატონობის წინააღმდეგ გალაშქრებისას გამოჩნდებიან. ისინი გამოვლენ „მთელ დედამიწაზე“ და გარს შემოერტყმიან „წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს“. ეს იესო ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასასრულს მოხდება (გმც. 20:2, 3, 7—9).
სახელები „გოგი და მაგოგი“ ორივე წიგნში, როგორც ჩანს, ათასწლიანი მმართველობის შემდგომ შექმნილ ვითარებასა და სატანის უფსკრულში ჩაგდებამდე მომხდარ თავდასხმას შორის მსგავსების ხაზგასასმელად არის გამოყენებული. „ეზეკიელიდანაც“ და „გამოცხადებიდანაც“ ჩანს, რომ მოწინააღმდეგეთა რიცხვი უთვალავია („გამოცხადებაში“ ნათქვამია, რომ მათი რიცხვი „ზღვის ქვიშასავითაა“); თავდასხმა მასშტაბური შეთქმულების შედეგია და ღვთის მსახურებზე მაშინ ხორციელდება, როცა ისინი უზრუნველად ცხოვრობენ. ასე რომ, სრულიად შესაფერისია „გოგისა და მაგოგის“ სახელით იმ ხალხთა მოხსენიება, რომლებიც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის შემდეგ გამოვლენ გასალაშქრებლად. მათი ბოლო სამუდამო განადგურებაა (გმც. 20:8—10, 14).