ᲝᲥᲠᲝ
ბიბლიაში მოხსენიებული პირველი ლითონი, რომელიც ყველაზე ხშირად მოიხსენიება მასში (დბ. 2:11). ის ოდითგანვე ცნობილია, რადგან ძვირად ფასობს, იშვიათია, ფერს არ კარგავს, თვალისმომჭრელად ლამაზია და ჭედვისას დამყოლი. ებრაულში ოქროს აღსანიშნავად რამდენიმე სიტყვა არსებობს, მათ შორისაა ზაჰევ (გმ. 25:11), ჩარუც (ზქ. 9:3), ქეთემ („ოფირის ოქრო“, ფს. 45:9), პაზ („ხალასი ოქრო“, ფს. 19:10), სეღორ („ხალასი ოქრო“, იობ. 28:15) და ოფირ („ოფირის ოქრო“, იობ. 22:24). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული ბერძნული სიტყვები ხრისოს და ხრისიონ გამოიყენება მონეტების, სამკაულებისა და ზოგადად ლითონის აღსანიშნავად; ისინი აგრეთვე გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობით (მთ. 10:9; 1პტ. 3:3; მთ. 2:11; 1კრ. 3:12).
იშვიათობამ ოქროს მონეტარული ღირებულება შესძინა, რის გამოც ვაჭრობის დროს საფასურის გადახდის საშუალებად გამოიყენებოდა და სიმდიდრისა და დიდების საზომად იქცა (დბ. 13:2; 1მტ. 21:25; ესთ. 8:15). თუმცა ოქროს მონეტები მოგვიანებით დაამზადეს. ფერისა და ბზინვარების, აგრეთვე იმის გამო, რომ არ ჟანგდება და არ მქრქალდება, ის განსაკუთრებით ფასეული გახდა სამკაულებისა და სხვადასხვა სახის მორთულობის დასამზადებლად (დბ. 24:22; 41:42; მსჯ. 8:24—26; ფს. 45:9, 13).
საბადოსა თუ მდინარის კალაპოტში თვითნაბადი ოქროს აღმოჩენის შემდეგ ადვილად ხდება მისი მინარევებისგან გამოცალკევება და აღდგენა დიდი წონის გამო. იობის წიგნში მოხსენიებულია საბადოებში ოქროს მოპოვება და გაწმენდა (იობ. 28:1, 2, 6).
კარავსა და ტაძარში. იმის გამო, რომ ადვილია ოქროს დამუშავება, მისთვის უამრავი ფორმის მიცემა შეიძლება. კარვის აგების დროს სამუშაოების შესასრულებლად ოქროს ფირფიტებისგან თხელი ფურცლები გამოჭედეს და ისინი ძაფებად დაჭრეს, რომლებიც მღვდელმთავრის ზოგიერთი სამოსის დასამზადებლად გამოიყენეს (გმ. 25:31; 30:1—3; 37:1, 2; 39:2, 3). მსგავსად გამოიყენეს ოქრო სოლომონის ტაძრის აგების დროსაც (1მფ. 6:21—35; 10:18; 2მტ. 3:5—9). სხვა ლითონთან შენადნობი ოქრო უფრო მყარი და გამძლე ხდება. ამ მეთოდს მიმართავდნენ ძველ ისრაელშიც (1მფ. 10:16).
კარავში დიდი რაოდენობით ოქრო იყო გამოყენებული, რომლის საერთო ღირებულება თანამედროვე ეკვივალენტით დაახლოებით 11 269 000 დოლარს შეადგენს (გმ. 25:10—40; 38:24). მაგრამ კარავში გამოყენებული ოქრო თავისი რაოდენობით ვერც კი შეედრებოდა სოლომონის დიდებულ ტაძარში გამოყენებულ ოქროს. დავითმა ამ ტაძრისთვის არანაკლებ 100 000 ტალანტი ოქრო გადაინახა, რომლის ღირებულებაც დღეს 38 535 000 000 დოლარს აღემატება (1მტ. 22:14). სალამპრეები და ტაძრის ჭურჭელი — ჩანგლები, ჯამები, დოქები, თასები, სასმისები და სხვა ნივთები — დამზადებული იყო ოქროსა და ვერცხლისგან; ზოგიერთი ჭურჭელი სპილენძისგან დაამზადეს; ქერუბიმები წმინდათაწმინდაში, საკმევლის სამსხვერპლო და შიგნიდან მთელი შენობა ოქროთი იყო მოვარაყებული (1მფ. 6:20—22; 7:48—50; 1მტ. 28:14—18; 2მტ. 3:1—13).
სოლომონის შემოსავალი. სოლომონის საგანძურში დიდი რაოდენობით ოქრო შევიდა ტვიროსის მეფისა (120 ტალანტი) და საბას დედოფლისგან (120 ტალანტი), ასევე შესდიოდა ყოველწლიური ხარკიდან და გადასახადებიდან და მისი სავაჭრო ფლოტიდან. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველწლიურად 666 ტალანტი ოქრო [დ. 256 643 000 დოლარი] შემოსდიოდა სოლომონს“. ამის გარდა, შემოსავალი შესდიოდა ვაჭრებისგან, ქვეყნის გამგებლებისა და სხვებისგან (1მფ. 9:14, 27, 28; 10:10, 14, 15).
ოფირი ერთ-ერთი ადგილი იყო, საიდანაც სოლომონს სუფთა ოქრო შესდიოდა. ძვ. წ. მერვე საუკუნით დათარიღებულ თიხის ნატეხზე ამოტვიფრული იყო შემდეგი: „ოფირის ოქრო ბეთ ჰორონში ოცდაათი შეკელი“ (1მფ. 9:28; 10:11; იობ. 28:16; იხ. ᲝᲤᲘᲠᲘ).
ოქრო დაპყრობილ ქალაქებში. ღმერთმა უბრძანა ისრაელებს, რომ სხვა ერების ღვთაებების კერპები ცეცხლში ჩაეყარათ: „არ ისურვო ოქრო-ვერცხლი, ზედ რომ აქვთ, და არ წაიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის. არ შეიტანო სახლში არანაირი სისაძაგლე, რომ შენც მასავით არ განადგურდე. შეიზიზღე და შეიძულე ის, რადგან გასანადგურებელია“ (კნ. 7:25, 26). კერპებსა და მათთან დაკავშირებულ ნივთებს წვავდნენ და მათზე გამოყენებულ ოქრო-ვერცხლს ზოგჯერ მტვრად აქცევდნენ (გმ. 32:20; 2მფ. 23:4).
დაპყრობილი ქალაქებიდან სხვა ოქრო-ვერცხლის ნივთები ცეცხლში განწმენდის შემდეგ შეეძლოთ წაეღოთ (რც. 31:22, 23). იერიხონი გამონაკლისი იყო, რადგან ქანაანის დაპყრობის დროს ის გადატანითი მნიშვნელობით პირველნაყოფი იყო. მისი ოქრო-ვერცხლი (გარდა კერპებზე გამოყენებულისა) მღვდლებისთვის უნდა გადაეცათ საწმინდარში მოხმარების მიზნით (იეს. 6:17—19, 24).
სიბრძნე და რწმენა ოქროზე უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს დიდი ფასი აქვს, სხვა სიმდიდრის მსგავსად, არც მას შეუძლია სიცოცხლე მისცეს თავის მფლობელს (ფს. 49:6—8; მთ. 16:26); და რაც უნდა ბევრი ოქრო ჰქონდეს ადამიანს, ის ვერ შეიძენს ნამდვილ სიბრძნეს, რომელსაც იეჰოვა იძლევა (იობ. 28:12, 15—17, 28). მისი კანონები, მცნებები და რჩევა-დარიგებები ხალას ოქროს სჯობია (ფს. 19:7—10; 119:72, 127; იგ. 8:10). ოქრო ვერ იხსნის ადამიანებს იეჰოვას მრისხანების დღეს (სფ. 1:18).
მატერიალურზე კონცენტრირებულ ადამიანებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ღვთისადმი რწმენა და მას უსარგებლოდ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, მოციქული პეტრე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რწმენას ვერაფერი შეედრება გამძლეობით და ის არასდროს კარგავს ფასს. ის აღნიშნავს, რომ გამონაცადი რწმენა ბევრად ძვირფასია ოქროზე, რომელიც ცეცხლს უძლებს, მაგრამ მაინც არ არის მუდმივი. ქრისტიანებს სხვადასხვა განსაცდელთან გამკლავება უწევთ, რომელთაგან ზოგიერთი მძიმე ასატანია, მაგრამ ამის წყალობით რწმენა უმტკიცდებათ (1პტ. 1:6, 7). ნამდვილი რწმენა ნებისმიერ გამოცდას უძლებს.
სიმბოლური მნიშვნელობა. იობმა ოქრო მატერიალური ქონების მომხვეჭელობის სიმბოლოდ გამოიყენა, რომელსაც იცოდა, რომ უნდა მორიდებოდა, რათა იეჰოვასთვის ესიამოვნებინა (იობ. 31:24, 25). მეორე მხრივ, ხალასი ოქრო თავისი სილამაზის, ფასეულობისა და სიწმინდის გამო შესაფერისი სიმბოლოა წმინდა ქალაქის, ახალი იერუსალიმისა და მისი მთავარი ქუჩის აღსაწერად (გმც. 21:18, 21).
ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახ კერპს თავი ოქროსი ჰქონდა, სხვა დანარჩენი კი ნაკლებად ფასეული მასალისგან იყო. დანიელმა ახსნა, რომ კერპის თითოეული ნაწილი მსოფლიოს ამა თუ იმ მპყრობელს განასახიერებდა. ოქროს თავი იყო ნაბუქოდონოსორი ანუ ბაბილონის სამეფო დინასტია, რომელსაც სათავეში თავად ნაბუქოდონოსორი ედგა (დნ. 2:31—33, 37—40). ბაბილონი აგრეთვე იყო „იეჰოვას ხელში ოქროს თასი“, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა თავის განაჩენს აღასრულებდა ხალხებზე (იერ. 51:7).
მოსეს აგებულ კარავში ოქრო გამოიყენებოდა შიდა ნაგებობებში, მაგალითად წმინდაში, სადაც მღვდლები შედიოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ მსახურებას, და წმინდათაწმინდაში, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა. ვინაიდან წმინდათაწმინდა და მასში არსებული ოქროს შეთანხმების კიდობანი განასახიერებდა ზეცას, ღვთის ადგილსამყოფელს, და ვინაიდან წმინდაში მხოლოდ მღვდლები შედიოდნენ და არა დანარჩენი ისრაელები, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ კარვის ეს განყოფილებები და კიდობანი განასახიერებდა ყველაფერს, რაც ზეცასა და „სამეფო სამღვდელოებას“ უკავშირდება, ანუ მათ, ვისაც ზეციური მოწოდება აქვთ და ღვთის წინაშე ასრულებენ მსახურებას (1პტ. 2:9; ებ. 9:1—5, 9, 11, 12, 23—25; 3:1). ამგვარად, ეს სამღვდელოება სიმბოლურად გამოყოფილია დედამიწაზე სხვა ადამიანებისგან, რომელთა საკეთილდღეოდაც ასრულებენ თავიანთ მსახურებას.
წიგნ „ეკლესიასტეს“ ბრძენი დამწერი მოუწოდებს ახალგაზრდებს, ემსახურონ შემოქმედს, სანამ ძალა ერჩით, ანუ სანამ „ოქროს თასი“ დაიმსხვრევა. როგორც ჩანს, ამ სიტყვებში ის გულისხმობდა თასის ფორმის მქონე თავის ქალასა და ტვინს, რომლის დამსხვრევაც ადამიანის სიკვდილს ასიმბოლოებს (ეკ. 12:6, 7).