ᲒᲐᲛᲒᲔᲑᲔᲚᲘ
ბიბლიურ დროში გამგებელი მხედართმთავრისა და მოსამართლის უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი. გამგებელს ევალებოდა მის გამგებლობაში მყოფ სამთავროებსა თუ პროვინციებში მეფისთვის ან სხვა უმაღლესი მოხელისთვის ხარკის, გადასახადისა თუ სხვა გამოსაღების აკრეფა (ლკ. 2:1, 2). ბევრი გამგებელი ხალხს დიდ ტვირთს ჰკიდებდა თავისთვის და თავისი მრავალრიცხოვანი მსახურების საკვებით მოსამარაგებლად (ნემ. 5:15—18).
მეფე სოლომონს გამგებლები ჰყავდა დაყენებული ისრაელის სხვადასხვა მხარეში. ისინი 1 მეფეების 10:15-ში არიან მოხსენიებული და შესაძლოა 1 მეფეების 4:7—19-ში იმ თორმეტ ზედამხედველთა ჩამონათვალში შედიან, რომლებიც თითო თვეს ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სასახლეს.
ბიბლიურ ეპოქაში არსებულ თითქმის ყველა ძლიერ სამეფოში იყვნენ დაყენებული გამგებლები, რომელთაგან ზოგი ადგილობრივი მმართველი იყო ან დამპყრობლის მიერ დაყენებული კაცი. გამგებლები ჰყავდა სირიას (1მფ. 20:24), ასურეთს (ეზკ. 23:5, 6, 12, 23), ბაბილონს (იერ. 51:57), სპარსეთს (ეზრ. 8:36; ნემ. 2:7, 9), არაბეთსა (2კრ. 11:32) და რომს (ლკ. 3:1). იოსები მთელი ეგვიპტის გამგებელი იყო და მხოლოდ ეგვიპტის ფარაონს ემორჩილებოდა (დბ. 41:40, 41; სქ. 7:9, 10). რაბშაკე, ასურეთის მეფე სინახერიბის მოხელე, ხიზკიას დასცინოდა იერუსალიმის უძლურების გამო, თითქოს მას არ შეეძლო სინახერიბის უმცირეს მსახურთაგან ანუ მის მმართველთაგან რომელიმეს უკან გაბრუნება. მაგრამ რაბშაკემ არ გაითვალისწინა ის, რომ ხიზკიას მხარში ყოვლისშემძლე იეჰოვა ედგა (ეს. 36:4, 9; 37:36).
ძვ. წ. 607 წელს, ებრაელების ბაბილონში გადასახლების შემდეგ, იუდას მიწაზე დარჩენილებს ნაბუქოდონოსორმა გამგებლად გედალია დაუნიშნა, რომელიც დაახლოებით ორ თვეში მოკლეს (2მფ. 25:8—12, 22, 25). გადასახლების 70-წლიანი პერიოდის მიწურულს სპარსეთის მეფე კიროსმა შეშბაცარი (სავარაუდოდ ზერუბაბელი) დანიშნა იმ იუდეველთა გამგებლად, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმში დაბრუნდნენ (ეზრ. 5:14; ანგ. 1:1, 14; 2:2, 21). სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს დროს გამგებლად ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმის გალავნის აღსადგენად სამშობლოში დაბრუნებული ნეემია დაინიშნა (ნემ. 5:14; იხ. ᲗᲘᲠᲨᲐᲗᲐ).
იუდეა რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინცია იყო. იუდეის გამგებლები უშუალოდ იმპერატორის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი. პილატე იუდეის მეხუთე გამგებელი იყო (მთ. 27:2; ლკ. 3:1). ფელიქსი და ფესტუსი იუდეის მე-11 და მე-12 გამგებლები იყვნენ (თუ არ ჩავთვლით პუბლიუს პეტრონიუსსა და მის შემდგომ მარსუსს, რომელიც სირიის გამგებელი იყო, მაგრამ პარალელურად იუდეველთა საქმეებს განაგებდა) (სქ. 23:24—26; 24:27). რომის პროვინციათა გამგებლებს დამნაშავის სიკვდილით დასჯის უფლებაც ჰქონდათ. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იესოს სასიკვდილო განაჩენი პილატემ გამოუტანა (მთ. 27:11—14; ინ. 19:10).
იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა, რომ მათ გამგებლებთან წაიყვანდნენ დასამოწმებლად, თუმცა ამ შემთხვევაში გამგებლებში მან ზოგადად ხალხის მმართველები იგულისხმა. ქრისტიანებს არ უნდა შეშინებოდათ ძლიერი მმართველების და არც იმაზე ედარდათ, მათ წინაშე რა და როგორ ეთქვათ (მთ. 10:18—20, 26). გამგებლებიც განეკუთვნებიან უმაღლეს ხელისუფალთ, რომლებსაც ქრისტიანები პირობითად ემორჩილებიან (რმ. 13:1—7; ტიტ. 3:1; 1პტ. 2:13, 14; სქ. 4:19, 20; 5:29; მთ. 22:21). როცა პავლე გამგებელ ფესტუსის წინაშე წარდგა, მან პატივისცემით მიმართა: „თქვენო აღმატებულებავ, ფესტუს“ (სქ. 26:25). თუმცა მოციქულებისგან განსხვავებით, რომლებიც პირველ რიგში უდიდეს გამგებელს, იეჰოვას მიაგებდნენ პატივს, ისრაელი ერი იეჰოვაზე მეტად პატივს მიწიერ გამგებლებს მიაგებდა. ამის გამო იეჰოვამ მკაცრად გაკიცხა ისინი წინასწარმეტყველ მალაქიას პირით (მლ. 1:6—8; იხ. ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡᲘ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲐᲚᲜᲘ).
მიქას 5:2-ის ციტირებისას მათე ამბობს, რომ ბეთლემი მნიშვნელოვანი ქალაქი გახდებოდა (თუმცა ბეთლემი უმნიშვნელო იყო იმ გაგებით, რომ იუდას გამგებელი იქ არ იჯდა), ვინაიდან ამ ქალაქში უნდა დაბადებულიყო უდიდესი გამგებელი იეჰოვას ხალხის, ისრაელის დასამწყემსად. ეს წინასწარმეტყველება იეჰოვა ღმერთის მიერ დანიშნულ დიდ გამგებელზე, ქრისტე იესოზე, შესრულდა (მთ. 2:6).
გამგებლები ბაბილონსა და მიდია-სპარსეთში.სამეფო კარის მოხელე ბაბილონში. ეკავა სატრაპზე დაბალი თანამდებობა. დანიელის 2:48-ის მიხედვით ბაბილონის ბრძენკაცები გამგებლები იყვნენ. როგორც ჩანს, სამეფო კარზე ისინი სხვადასხვა მოვალეობებს ასრულებდნენ. ბაბილონის ბრძენკაცთა მთავარ გამგებლად დანიელი იყო დაყენებული (დნ. 3:2, 3, 27).
დარიოს მიდიელის მეფობის დროს სამეფო კარის მოხელეები მეფესთან მიცვივდნენ (ჩანს, საკმაოდ ბევრნი იყვნენ) და მოახსენეს, რომ ყველა უმაღლესი მოხელის, მათ შორის გამგებლების რჩევით მიეღო კანონი, რომელიც აკრძალავდა ოცდაათი დღის განმავლობაში მეფის გარდა სხვა ვინმესთვის თხოვნით მიმართვას. იეჰოვამ იხსნა დანიელი, რომელსაც არ შეუწყვეტია იეჰოვას წინაშე ლოცვა, შეთქმულებმა კი სიცოცხლე ლომების ხაროში დაასრულეს (დნ. 6:6, 7, 24).