ჯოჯოხეთი
ებრაული სიტყვა შეʼოლ და ბერძნული სიტყვა ჰადეს „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ნათარგმნია ჯოჯოხეთად. შეʼოლ 17-ჯერ ითარგმნა ჯოჯოხეთად, ჰადეს კი — 10-ჯერ. თუმცა ამ თარგმანში შეʼოლ ყოველთვის ჯოჯოხეთად არ არის გადმოტანილი. ის 29-ჯერ ითარგმნა შავეთად, 17-ჯერ — ქვესკნელად, ერთხელ — სულეთად და ერთხელ — საფლავად. ქართულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს დედნისეული სიტყვები გადმოტანილია სამარედ.
ამ დედნისეული სიტყვების ჯოჯოხეთად თარგმნაზე ძველი და ახალი აღთქმის განმარტებით ლექსიკონში ნათქვამია: «ჰადესი ... შეესაბამება „ძველ აღთქმაში“ გამოყენებულ შეოლს. სამწუხაროდ, მეფე ჯეიმზის ძველ და ახალ აღთქმაში ის ჯოჯოხეთად ითარგმნა» (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 2, გვ. 187).
ერთ ენციკლოპედიაში ჯოჯოხეთის შესახებ ნათქვამია: «უპირველესად, ის შეესაბამება „ძველ აღთქმაში“ გამოყენებულ ებრაულ სიტყვა „შეოლს“ და სეპტუაგინტასა და „ახალ აღთქმაში“ გამოყენებულ ბერძნულ სიტყვა „ჰადესს“. ვინაიდან „ძველი აღთქმის“ დაწერის პერიოდში შეოლი მიუთითებდა უბრალოდ მიცვალებულთა სამყოფელზე და გამოიყენებოდა ყველანაირ ადამიანთან მიმართებით, განურჩევლად მათი ზნეობისა, ამ სიტყვის ჯოჯოხეთად თარგმნა უმართებულოა» (Collier’s Encyclopedia, 1986, ტ. 12, გვ. 28).
სიტყვა ჯოჯოხეთის დღევანდელი გაგება შეესაბამება დანტეს „ღვთაებრივ კომედიასა“ და მილტონის „დაკარგულ სამოთხეში“ აღწერილს, რაც სრულიად განსხვავდება ბიბლიაში გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობისგან. თუმცა ჯოჯოხეთის, როგორც ცეცხლში სატანჯველი ადგილის, ცნება დანტესა და მილტონის დრომდე გაცილებით ადრე გაჩნდა. ერთ-ერთ ენციკლოპედიაში სტატია „ჯოჯოხეთში“ ნათქვამია: „ინდუსები და ბუდისტები ჯოჯოხეთს სულიერი განწმენდისა და საბოლოო აღდგენის ადგილად მიიჩნევენ. ისლამური ტრადიციის თანახმად, ეს არის მარადიული ტანჯვის ადგილი“ (Grolier Universal Encyclopedia, 1971, ტ. 9, გვ. 205). სიკვდილის შემდეგ ტანჯვის ცნება ძველი ბაბილონისა და ეგვიპტის წარმართულ სწავლებებშიც გვხვდება. ბაბილონელებსა და ასურელებს სწამდათ, რომ „ქვესკნელი ... იყო საშინელი ადგილი ... რომელსაც განაგებდნენ ძლიერი და მრისხანე ღმერთები და დემონები“. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტური რელიგიური ტექსტებიდან არ ჩანს სწავლება ადამიანის ცეცხლში მარადიულად დაწვის შესახებ, მათში აღწერილია საიქიო, სადაც წყეულთათვის ცეცხლოვანი ორმოებია გამზადებული (The Religion of Babylonia and Assyria, მორის ჯესტროუ, 1898, გვ. 581; The Book of the Dead, შესავალი ე. უოლის ბაჯისა, 1960, გვ. 135, 144, 149, 151, 153, 161, 200).
სწავლება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ ქრისტიანულ სამყაროში საუკუნეების მანძილზე ძირითად სწავლებას წარმოადგენს. ერთ ენციკლოპედიაში მართებულად არის აღნიშნული: «აზრთა სხვაობასა და მცდარი შეხედულების გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ბიბლიის პირველი მთარგმნელები ებრაულ სიტყვა „შეოლს“, აგრეთვე ბერძნულ სიტყვებს „ჰადესსა“ და „გეენას“, ხშირ შემთხვევაში ჯოჯოხეთად თარგმნიდნენ. ბიბლიის გადამუშავებულ ვერსიებში მთარგმნელებმა ამ სიტყვების ტრანსლიტერაცია გადმოიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა აზრთა სხვაობისა და არასწორი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად» (The Encyclopedia Americana, 1956, ტ. XIV, გვ. 81). თუმცა ამ სიტყვების ტრანსლიტერაცია და ერთი და იმავე სიტყვით თარგმნა ეხმარება ბიბლიის მკვლევარს, ერთმანეთთან შეადაროს მუხლები, სადაც ეს დედნისეული სიტყვები გვხვდება, მიუკერძოებლად მივიდეს სწორ დასკვნამდე და გაიგოს მათი ნამდვილი მნიშვნელობა (იხ. გეენა; სამარხი; ჰადესი; შეოლი; ტარტაროზი).