ოსია (ბიბლიის წიგნი)
ებრაული წერილების წიგნი, რომელიც „ოსიამ, ბეერის ვაჟმა“ დაწერა (ოს. 1:1). წიგნში დამწერის ოჯახურ ცხოვრებასა და ისრაელისადმი იეჰოვას დამოკიდებულებას შორის გავლებულია პარალელი (თ-ები 1—3). წიგნიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არ იწონებს უგულოდ შესრულებულ თაყვანისცემას (6:6). მასში კარგად ჩანს ღვთის წყალობა და სიკეთე (2:19; 11:1—4; 14:4).
სად და როდის დაიწერა. ოსიამ წინასწარმეტყველება დაიწყო იუდას მეფე უზიასა (ძვ. წ. 829—778) და ისრაელის მეფე იერობოამ II-ის (დაახლ. ძვ. წ. 844—804) მეფობის დროს, არაუგვიანეს ძვ. წ. 804 წელს, ანუ იერობოამის მმართველობის ბოლო წელს (ოს. 1:1). ოსია წინასწარმეტყველებდა იუდას მეფე ხიზკიას დროსაც, რომელიც დაახლ. ძვ. წ. 745 წელს გამეფდა. ამგვარად, მისი მსახურება სულ მცირე 59 წელს გაგრძელდა, რადგან იერობოამ II-ისა და ხიზკიას მეფობის პერიოდშიც ის გარკვეულ ხანს იმსახურებდა. ოსიამ იწინასწარმეტყველა სამარიის განადგურება (13:16), თუმცა არ უთქვამს, რომ ეს წინასწარმეტყველება შესრულდა, რასაც უეჭველად მოიხსენიებდა, თუ წიგნს ძვ. წ. 740 წელს სამარიის დაცემის შემდეგ დაწერდა. ასე რომ, ოსიამ თავისი წიგნი, როგორც ჩანს, სამარიაში დაახლ. ძვ. წ. 745—740 წლებში დაასრულა.
ისტორიული ფონი. ოსიას წიგნი, ძირითადად, ისრაელის ჩრდილოეთ ათტომიან სამეფოს ეხება (აგრეთვე ეწოდება ყველაზე დიდი ტომის, ეფრემის სახელი. წიგნში გამოყენებულია ორივე სახელწოდება). როცა ოსიამ იერობოამის მმართველობის პერიოდში წინასწარმეტყველება დაიწყო, ისრაელი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა იყო. მაგრამ ხალხს ღვთის შესახებ ცოდნის მიღება აღარ უნდოდა (ოს. 4:6). ისინი ბოროტებას სჩადიოდნენ — კლავდნენ, ქურდობდნენ, მეძაობდნენ, მრუშობდნენ და ბაალსა და ხბოს კერპებს სცემდნენ თაყვანს (2:8, 13; 4:2, 13, 14; 10:5). მეფე იერობოამის სიკვდილის შემდეგ მათ ეკონომიკურად გაუჭირდათ და საშინელ დღეში ჩაცვივდნენ, ქვეყანა არეულობამ მოიცვა და პოლიტიკური მკვლელობები დაიწყო (2მფ. 14:29—15:30). ერთგული ოსია ამ რთულ ვითარებაშიც არ წყვეტდა წინასწარმეტყველებას. საბოლოოდ, ძვ. წ. 740 წელს ასურელებმა სამარია აიღეს და ათტომიან სამეფოს ბოლო მოუღეს (2მფ. 17:6).
ოსიას ოჯახი. იეჰოვას მითითებისამებრ ოსიამ მოიყვანა ცოლი, რომელიც გაირყვნებოდა და გარყვნილებით გაუჩენდა შვილებს (ოს. 1:2). ასე რომ, მისი ცოლი თავიდანვე მეძავი ან უზნეო ქალი არ ყოფილა, რომელსაც სხვისგან ჰყავდა შვილები. ის წინასწარმეტყველზე დაქორწინების შემდეგ გახდა მრუში და გააჩინა უკანონო შვილები. ოსიას გომერმა ვაჟი, იზრეელი გაუჩინა (1:3, 4). მოგვიანებით მას შეეძინა ასული, ლო-რუხამა და ვაჟი, ლო-ამი, რომლებიც, როგორც ჩანს, მრუშობის შედეგად გაუჩნდა, რადგან წინასწარმეტყველსა და მათ დაბადებას შორის უშუალო კავშირი არ ჩანს (1:6, 8, 9). ლო-რუხამას (ნიშნავს „ის არ იყო შეწყალებული“) და ლო-ამის (ნიშნავს „არა ჩემი ხალხი“) სახელები იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა ურჩ ისრაელს არ იწონებდა. მეორე მხრივ, ოსიას პირმშოს სახელი იზრეელი (ნიშნავს „ღმერთი დათესავს თესლს“) აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველებაში დადებითად არის ხალხის მიმართ გამოყენებული (2:21—23).
როგორც ჩანს, ამ ბავშვების დაბადების შემდეგ გომერმა მიატოვა ოსია და თავის საყვარლებთან წავიდა, თუმცა ბიბლიაში არ წერია, რომ წინასწარმეტყველი გაეყარა მას. როგორც ჩანს, მოგვიანებით ის მიატოვეს საყვარლებმა, გაღარიბდა და მონა გახდა, რაზეც მიანიშნებს ოსიას 3:1—3-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ წინასწარმეტყველმა ის გამოისყიდა და სახლში დააბრუნა. გომერთან ოსიას ურთიერთობა შედარებულია ისრაელთან იეჰოვას ურთიერთობას, რომელიც მზად იყო, თავისთან დაებრუნებინა ცოდვილი ხალხი სულიერი მრუშობის მონანიების შემდეგ (ოს. 2:16, 19, 20; 3:1—5).
ზოგი ბიბლეისტი მიიჩნევს, რომ ოსიას ქორწინება გომერთან ან წარმოსახვითი იყო, ან სიზმარი, და არასდროს შემდგარა. თუმცა წინასწარმეტყველი არც პირდაპირ და არც ირიბად არ ამბობს, რომ ეს ქორწინება ხილვაში ან სიზმარში მოხდა. ზოგი ფიქრობს, რომ ის ალეგორია ან იგავი იყო, მაგრამ ოსია მასზე საუბრისას არ იყენებს სიმბოლურ ენას ანუ გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს. ოსიასა და გომერის ქორწინებისა და წინასწარმეტყველის მიერ გომერის უკან დაბრუნების შესახებ მონათხრობის რეალურ ისტორიად მიჩნევა ისრაელის ისტორიაში მომხდარ მოვლენებს მეტ ძალასა და მნიშვნელობას სძენს. ის არ არის ბიბლიის კონტექსტიდან ამოვარდნილი და ეთანხმება იმ ფაქტს, რომ იეჰოვამ აირჩია ისრაელი ერი, რომელმაც მოგვიანებით სულიერად იმრუშა და მონანიების შემდეგ ღმერთმა უკან დაიბრუნა.
დაწერის სტილი. ოსიას წერის სტილი მოკლეა, ზოგჯერ მოუქნელიც კი. ის სწრაფად გადადის აზრიდან აზრზე. როცა ხალხს კიცხავს, აფრთხილებს, ურჩევს და მონანიებისკენ მოუწოდებს, ოსია მგზნებარე და ძლიერ სიტყვებსა თუ ფრაზებს იყენებს. წიგნში ოსტატურად არის გამოყენებული გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვები და გამოთქმები (ოს. 4:16; 5:13, 14; 6:3, 4; 7:4—8, 11, 12; 8:7; 9:10; 10:1, 7, 11—13; 11:3, 4; 13:3, 7, 8, 15; 14:5—7).
კანონიკურობა. ქართულ ბიბლიებში, ძველ ებრაულ ხელნაწერებსა და სეპტუაგინტაში ოსიას წიგნი ე. წ. მცირე წინასწარმეტყველებს შორის რიგით პირველია. იერონიმემ აღნიშნა, რომ ებრაელების წმინდა წიგნების ერთ-ერთი ნაწილი თორმეტი წინასწარმეტყველის წიგნი იყო, რომელშიც აშკარად „ოსიაც“ შედიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რიცხვი 12 არ იქნებოდა. ახ. წ. მეორე საუკუნეში მცხოვრები მელიტოს კატალოგი შეიცავდა ამ წიგნებს. ისინი შედიოდა ორიგენესა და სხვების კატალოგებშიც.
ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს. წიგნი ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებში ჩაწერილს (მაგ., ოს. 6:1 შდრ. კნ. 32:39-ს; ოს. 13:6 შდრ. კნ. 8:11—14-სა და 32:15, 18-ს). მასში მოხსენიებულია წმინდა წერილების სხვა წიგნებში ჩაწერილი მოვლენები თუ შემთხვევები, მაგალითად, იაკობის (ოს. 12:2—4, 12; დბ. 25:26; 32:24—29; 29:18—28; 31:38—41), ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის (ოს. 2:15; 11:1; 12:13), ფეორის ბაალის გამო მათი ორგულობის (ოს. 9:10; რც. 25) და მათ მიერ მეფის მოთხოვნის შესახებ მონათხრობები (ოს. 13:10, 11; 1სმ. 8:4, 5, 19—22).
ციტატები ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. იესო ქრისტემ ორჯერ მოიყვანა ციტატა ოსიას 6:6-დან და თქვა: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“ (მთ. 9:13; 12:7). იერუსალიმისთვის განაჩენის გამოცხადებისას მან ოსიას 10:8 მოიყვანა (ლკ. 23:30). მსგავსი სიტყვები გვხვდება გამოცხადების 6:16-შიც. პავლეც და პეტრეც ციტირებდნენ ოსიას 1:10-სა და 2:23-ს (რმ. 9:25, 26; 1პტ. 2:10). მკვდრეთით აღდგომაზე საუბრისას პავლემ ციტატა მოიყვანა ოსიას 13:14-დან (LXX) და თქვა: „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“ (1კრ. 15:55; აგრეთვე ოს. 14:2 შდრ. ებ. 13:15-ს).
შესრულებული წინასწარმეტყველებები. შესრულდა ოსიას 13:16-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სამარიის დაცემაზე. ოსიამ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ „საყვარლები“ მიატოვებდნენ ისრაელს (ოს. 8:7—10). და მართლაც, მათ ვერავითარი დახმარება ვერ გაუწიეს მას, როცა ძვ. წ. 740 წელს ასურელებმა სამარია გაანადგურეს და ისრაელი ტყვედ წაასხეს (2მფ. 17:3—6).
ოსიამ იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი ცეცხლს გაგზავნიდა იუდას ქალაქებში (ოს. 8:14). ხიზკიას მეფობის მე-14 წელს ასურეთის მეფე სინახერიბი „მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი“ (2მფ. 18:13). თუმცა ოსიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა იხსნიდა იუდას (ოს. 1:7). ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა ღმერთმა ჩაშალა იერუსალიმზე სინახერიბის თავდასხმის გეგმა და იეჰოვას ანგელოზმა 185 000 ასურელი მეომარი გაანადგურა ერთ ღამეში (2მფ. 19:34, 35). მაგრამ ღმერთმა ამაზე ძლიერი გამანადგურებელი ცეცხლი მოუვლინა იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს, როცა ძვ. წ. 607 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ისინი მიწასთან გაასწორა (2მტ. 36:19; იერ. 34:6, 7).
თუმცა ოსიას წიგნში აღორძინების შესახებ ჩაწერილი ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველებების თანახმად, იეჰოვამ იუდასა და ისრაელის ნაწილი შეკრიბა და ძვ. წ. 537 წელს გადასახლების ქვეყნიდან, ბაბილონიდან გამოიყვანა (ოს. 1:10, 11; 2:14—23; 3:5; 11:8—11; 13:14; 14:1—8; ეზრ. 3:1—3). „წყალობის ჭურჭლის“ მიმართ ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობის ხაზგასასმელად პავლემ ციტატა მოიყვანა ოსიას 1:10-დან და 2:23-დან. პეტრეც ამ მუხლებს ციტირებდა. მოციქულების სიტყვები ცხადყოფს, რომ ეს წინასწარმეტყველებები ღვთის გულმოწყალებით სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილის შეკრებასაც ეხება (რმ. 9:22—26; 1პტ. 2:10).
ოსია მესიის შესახებაც წინასწარმეტყველებდა. მათემ ოსიას 11:1-ში ჩაწერილი სიტყვები („ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“) პატარა იესოს მიუსადაგა, რომელიც მშობლებმა ეგვიპტეში წაიყვანეს, მოგვიანებით კი მასთან ერთად ისრაელში დაბრუნდნენ (მთ. 2:14, 15).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ოსიადან
წიგნი შეიცავს წინასწარმეტყველებებს, უმთავრესად ისრაელის შესახებ (ჩრდილოეთი სამეფო, რომელსაც აგრეთვე ეფრემი ეწოდება), რომლებიც ხაზს უსვამს იეჰოვას უბადლო გულმოწყალებას.
დაწერა ოსიამ ძვ. წ. 745 წლის შემდეგ, ასურეთში ისრაელების გადასახლებამდე ცოტა ხნით ადრე.
ოსიას ოჯახური ცხოვრებიდან ჩანს ისრაელთან იეჰოვას ურთიერთობა (1:1—3:5)
იეჰოვასადმი ისრაელის ორგულობის საჩვენებლად ღმერთი ეუბნება ოსიას, ცოლად შეირთოს ქალი, რომელიც მოგვიანებით მრუში გახდება.
გომერი ოსიას უჩენს ვაჟს, იზრეელს. მომდევნო ორი შვილი, ლო-რუხამა (ნიშნავს „ის არ იყო შეწყალებული“) და ლო-ამი (ნიშნავს „არა ჩემი ხალხი“), როგორც ჩანს, გომერს მრუშობის შედეგად შეეძინა. მათი სახელების მნიშვნელობა იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვამ წაართვა ისრაელს თავისი წყალობა და უარყო ორგული ერი.
ბაალის თაყვანისცემისთვის გამოტანილი განაჩენის აღსრულების შემდეგ ისრაელი კვლავ აღორძინდება და ღვთის კურთხევებს მიიღებს, რითაც შესრულდება იზრეელის სახელის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა (ნიშნავს „ღმერთი დათესავს თესლს“).
ღმერთი ეუბნება ოსიას, დაიბრუნოს მრუში ცოლი. ის ღვთის მითითებისამებრ იქცევა, თუმცა მას ყველაფრის უფლებას არ აძლევს და უზნეობას უკრძალავს, რაც იეჰოვასთან დაბრუნებამდე ისრაელის მდგომარეობაზე მიუთითებს.
იეჰოვასადმი ორგულობის გამო ისრაელის (და იუდას) წინააღმდეგ წარმოთქმული განაჩენი (4:1—13:16)
ისრაელები თაღლითობენ, კლავენ, ქურდობენ, მრუშობენ, კერპებს სცემენ თაყვანს და სულიერი გაგებითაც მეძაობენ, რითაც ცხადყოფენ, რომ ღვთის ცოდნა არა აქვთ. ამიტომ ღმერთი პასუხს მოსთხოვს მათ.
კერპთაყვანისმცემლობის, გარყვნილების, იეჰოვას ნაცვლად ერთმანეთის მტრებისთვის (ეგვიპტე და ასურეთი) დახმარების უგუნური თხოვნისა და მათთან პოლიტიკური კავშირის გაბმის გამო ისრაელი განადგურდება, გადარჩენილებს კი ასურეთში გადაასახლებენ.
ოსია ევედრება ხალხს, დაუბრუნდნენ იეჰოვას (14:1—9)
ოსია მოუწოდებს ხალხს, იეჰოვას პატიება სთხოვონ, თავიანთი ბაგეთა ნაყოფი შესწირონ და იმედი სამხედრო კავშირებსა და საომარ ცხენებზე არ დაამყარონ.
თუ ისინი დაუბრუნდებიან იეჰოვას, ის განკურნავს მათ, ნებით შეიყვარებს და მისი კურთხევით კეთილდღეობა არ მოაკლდებათ.