ხუშაი
[შესაძლოა არის ხაშაბიას შემოკლებული ფორმა, რომელიც ნიშნავს: იეჰოვა ყურადღებას აქცევს (ჩათვლის)]
მეფე დავითის ერთგული არქიელი მეგობარი, რომელმაც ჩაშალა აჯანყებული აბესალომის გეგმები (1მტ. 27:33). ტანსაცმელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი ხუშაი ზეთისხილის მთაზე დახვდა გაქცეულ მეფეს. დავითის თხოვნის თანახმად, ის დაბრუნდა ქალაქში, აბესალომს ერთგულად მოაჩვენა თავი, შეეცადა ჩაეშალა ახითოფელის რჩევა და ცადოკ და აბიათარ მღვდლების მეშვეობით მეფე დავითს ცნობები მიაწოდა (2სმ. 15:30, 32—37). თავიდან აბესალომმა ეჭვის თვალით შეხედა მას, მაგრამ ხუშაიმ მისი ნდობა მოიპოვა (2სმ. 16:16—19). როცა აბესალომმა მას საუკეთესო სამხედრო სტრატეგიის შესახებ აზრი ჰკითხა, ხუშაიმ ახითოფელის რჩევის საპირისპირო რჩევა მისცა, რაც დავითს მომზადების საშუალებას მისცემდა. ხუშაის რჩევა ისე იყო წარდგენილი, რომ აბესალომსა და მის ხალხს ბევრად უკეთესი მოეჩვენათ, ვიდრე ახითოფელის რჩევა, რომელიც დაუყოვნებელი თავდასხმის მომხრე იყო. შემდეგ ხუშაიმ მღვდლებს შეატყობინა, რაც მოხდა (2სმ. 17:1—16). როგორც დავითმა სთხოვა ღმერთს, ხუშაის რჩევამ ჩაშალა ახითოფელის რჩევა და იეჰოვამ უბედურება დაატეხა აბესალომს (2სმ. 15:31; 17:14; იხ. მეგობარი [მეფის მეგობარი]).