საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ძელზე გაკვრა“
  • ძელზე გაკვრა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ძელზე გაკვრა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • წამების ბოძი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ჯვარი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ჯვარზე გააკრეს სინამდვილეში იესო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო?
    გამოიღვიძეთ! — 2006
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ძელზე გაკვრა“

ძელზე გაკვრა

მკვდარი ან ცოცხალი სხეულის ბოძზე თუ ძელზე მიჭედება. იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯა ამის ცნობილი მაგალითია (ლკ. 24:20; ინ. 19:14—16; სქ. 2:23, 36). ძველ ხალხებს ძელზე გაკვრის სხვადასხვა მეთოდი ჰქონდათ.

ბარბაროსული ომებით ცნობილი ასურელები შიშველ ტყვეებს სარზე სვამდნენ — წაწვეტებულ სარს მუცელსა და გულმკერდში უყრიდნენ. ნაპოვნია რამდენიმე ძეგლი, რომლის რელიეფზეც გამოსახულია ასურელების მიერ გამოყენებული ძელზე გაკვრის ეს მეთოდი ქალაქ ლაქიშის აღებისას (2მფ. 19:8; სურათი, ტ. 1, გვ. 958).

ძელზე გაკვრას სიკვდილით დასჯის მეთოდად სპარსელებიც იყენებდნენ. ამბობენ, რომ სპარსელები ჩვეულებისამებრ ჯერ თავს კვეთდნენ ან ატყავებდნენ მსხვერპლს და მერე აკრავდნენ ძელზე. დარიოს დიდის დადგენილებით ნებისმიერი, ვინც იერუსალიმის ტაძრის აღდგენას ხელს შეუშლიდა, სახლიდან გამოღებულ ძელზე უნდა დაეკიდათ (ეზრ. 6:11). დარიოსის ვაჟის ახაშვეროშის (ქსერქსე I) მეფობის დროს სასახლის ორი კარის მცველი ჩამოკიდეს, ანუ მოღალატის დასჯის ჩვეული მეთოდით ძელზე გააკრეს (ესთ. 2:21—23). ჰამანი და მისი ათი ვაჟიც ძელზე ჩამოკიდეს (ესთ. 5:14; 6:4; 7:9, 10; 9:10, 13, 14, 25). სპარსელების მიერ ძელზე გაკვრის მაგალითებს ჰეროდოტეც მოიხსენიებს („ჰეროდოტეს ისტორია“, III, 125, 159; IV, 43).

იუდეველთა კანონის თანახმად ღვთის მგმობელი, კერპთაყვანისმცემელი და სხვა შემზარავი დანაშაულის ჩამდენი ჯერ უნდა ჩაექოლათ, ან სხვა მეთოდის გამოყენებით მოეკლათ და შემდეგ გვამი ძელზე ან ხეზე ჩამოეკიდათ, სხვებისთვის გამაფრთხილებელი მაგალითი რომ ყოფილიყო (კნ. 21:22, 23; იეს. 8:29; 10:26; 2სმ. 21:6, 9). ეგვიპტელებიც ძელზე მიჭედებამდე, სავარაუდოდ, დამნაშავეებს ხოცავდნენ, რასაც ადასტურებს იოსების მიერ ფარაონის მცხობელთა უფროსისთვის ნათქვამი წინასწარმეტყველური სიტყვები: „ფარაონი, თავს მოგკვეთს, ძელზე ჩამოგკიდებს“ (დბ. 40:19, 22; 41:13).

ცნობილია, რომ ბერძნებმა და რომაელებმა ძელზე გაკვრის ტრადიცია ფინიკიელებისგან გადმოიღეს, რაც კონსტანტინე დიდის იმპერატორობის დრომდე არსებობდა. ამ მეთოდით რომის მოქალაქეს იშვიათად სჯიდნენ, რადგან ძელზე გაკვრა მეტწილად მონებისა და მდაბიო კრიმინალებისთვის იყო დაწესებული. ებრაელებიცა და რომაელებიც მას დამცირებისა და სირცხვილის სიმბოლოდ, წყეულთა ხვედრად მიიჩნევდნენ (კნ. 21:23; გლ. 3:13; ფლ. 2:8).

პირველ საუკუნეში ებრაელებს მხოლოდ რელიგიური მიზეზით (მოსაზრება, რომელსაც საეჭვოდ მიიჩნევენ) შეეძლოთ ძელზე ვინმეს გაკვრა, ხოლო სამოქალაქო კანონდარღვევისთვის ამ მეთოდით დასჯის უფლებამოსილება მხოლოდ რომაელ გამგებელს ჰქონდა, მაგალითად ისეთს, როგორიც პონტიუს პილატე იყო (ინ. 18:31; 19:10). მიუხედავად ამისა, ქრისტეს ძელზე გაკვრაში ძირითადად ებრაელებს, განსაკუთრებით კი უფროს მღვდლებსა და მმართველებს მიუძღოდათ ბრალი (მრ. 15:1—15; სქ. 2:36; 4:10; 5:30; 1კრ. 2:8).

ზოგჯერ რომაელები დამნაშავეს ძელზე აბამდნენ. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი რამდენიმე დღე ძლებდა, სანამ ტკივილი, წყურვილი, შიმშილი და თაკარა მზე ბოლოს არ მოუღებდა. რომაელებში აგრეთვე მიღებული იყო დამნაშავის ძელზე ხელებით მილურსმვა (როგორც ჩანს, ფეხებითაც). იესოც ბოძზე მიალურსმეს (ინ. 20:25, 27; ლკ. 24:39; ფს. 22:16; კლ. 2:14). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ანატომიურად მაჯაც ხელის ნაწილია, ზოგი მედიკოსის აზრით ლურსმნებს მაჯის მცირე ძვლებს შორის აჭედებდნენ, რადგან ხელისგულებში რომ დაეჭედებინათ, ხორცი დაიფლითებოდა (იხ. The Journal of the American Medical Association, 21 მარტი, 1986, გვ. 1460). ასეთი მოსაზრება სავსებით მისაღებია, რადგან ბიბლია „ხელში“ მაჯასაც გულისხმობს. მაგალითად, დაბადების 24:27-ში ვკითხულობთ, რომ სამაჯურებს ხელებზე იკეთებდნენ, მსაჯულების 15:14-დან კი ვიგებთ, რომ სამსონს ხელებზე ბორკილები ეკეთა.

ბიბლია არაფერს ამბობს, იესოს გვერდით ბოროტმოქმედები ძელზე მილურსმული იყვნენ თუ მიბმული. თუ მიბმული იყვნენ, ამით შეიძლება აიხსნას ის, რატომ გახდა საჭირო მათთვის წვივების გადამტვრევა და რატომ მოკვდა იესო მათზე ადრე (ინ. 19:32, 33). ზოგის აზრით, წვივების გადამტვრევის შემდეგ ისინი მალე გაიგუდებოდნენ, რადგან სხეულის სიმძიმე მკერდის კუნთების ზედმეტ დაჭიმვას გამოიწვევდა. რასაკვირველია, ბოროტმოქმედები იესოზე გვიან მხოლოდ იმიტომ არ დახოცილან, რომ ბოძზე იყვნენ მიბმულნი. მიზეზი ისიც იყო, რომ მათ არ განუცდიათ ის ემოციური და ფიზიკური ტანჯვა, რაც იესომ განიცადა. წინა ღამით მტრებმა ის საშინელ დღეში ჩააგდეს, რომაელმა ჯარისკაცებმა სცემეს, თანაც ისე, რომ თავისი წამების ბოძის ტარება ვეღარ შეძლო (მრ. 14:32—15:21; ლკ. 22:39—23:26).

რას ამბობს ბერძნული ორიგინალი იმ იარაღის ფორმაზე, რომელზედაც იესო მოკლეს?

ბიბლიის უმეტეს თარგმანებში წერია, რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს და არა ძელზე. მიზეზი საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომლის თანახმად იესოს წამების იარაღად გამოიყენეს ჯვარი — ორი ერთმანეთზე გადაჭდობილი ძელი, და არა ერთი ბოძი. გარდა ამისა, ტრადიციის, და არა წმინდა წერილების თანახმად, ბრალდებული მთავარ ძელს კი არა, მხოლოდ განივ ძელს ატარებდა, რომელსაც patibulum ან antenna ეწოდებოდა. სწორედ ამ არგუმენტით ცდილობენ გააბათილონ შეხედულება, რომლის თანახმად ერთი კაცისთვის მეტისმეტად მძიმე იქნებოდა ორი ერთმანეთზე გადაჭდობილი ძელის ატანა გოლგოთაზე.

მაგრამ, რას ამბობენ ბიბლიის დამწერები ამის თაობაზე? ბერძნულ წერილებში არსებითი სახელი სტავროს 27-ჯერაა გამოყენებული, ზმნა სტავროო 46-ჯერ, სინსტავროო (სინ „თანა-, ერთად“) ხუთჯერ და ანასტავროო (ანა „ისევ“) ერთხელ. აგრეთვე ხუთჯერ არის გამოყენებული ბერძნული სიტყვა ქსილონ (ხე) იმ საწამებელი იარაღის აღსანიშნავად, რომელზეც იესო მიალურსმეს.

კლასიკურ ბერძნულსა და კოინეზე სტავროსი არ გულისხმობს ჯვარს. იგი ნიშნავს ვერტიკალურ ბოძს, ძელსა და სარს, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს ღობის, ძელურის ან პალისადის გასაკეთებლად. ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «„ჯვრად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის (სტავროს, ზმნა სტავროო ...) პირველადი მნიშვნელობაა ვერტიკალური ბოძი ან ძელი, მეორეული — ძელი, რომელსაც იარაღად, ვინმეს დასასჯელად იყენებენ» (New Bible Dictionary, ჯ. დაგლასის რედაქციით, 1985, გვ. 253, სტატია „ჯვარი“).

ის ფაქტი, რომ ლუკაც, პეტრეცა და პავლეც ქსილონს იყენებენ სტავროსის სინონიმად დამატებითი მტკიცებაა იმისა, რომ იესო გააკრეს ვერტიკალურ ბოძზე, რომელსაც არ ჰქონია განივი ძელი, რადგან ქსილონ სწორედ ძელის მნიშვნელობით გამოიყენება (სქ. 5:30; 10:39; 13:29; გლ. 3:13; 1პტ. 2:24). ქსილონს იყენებს ბერძნული სეპტუაგინტაც ეზრას 6:11-ში. ამ მუხლში საუბარია კოჭზე ან ძელზე, რომელზეც კანონდამრღვევი უნდა გაეკრათ.

აქედან გამომდინარე, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მკითხველს ანახვებს ბერძნულ ტექსტში გამოყენებული სიტყვა სტავროსის ზუსტ მნიშვნელობას და მას წამების ბოძად თარგმნის, ხოლო ზმნა სტავროოს ძელზე გაკვრად. ამგვარად კარგად არის ნაჩვენები სხვაობა სტავროსსა და ეკლესიურ ჯვარს შორის (იხ. წამების ბოძი). გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ბიბლიის თანახმად წამების ბოძი ერთმა კაცმა, კირენელმა სიმონმა ატარა, რადგან ამ ბოძის დიამეტრი 15 სმ იყო, სიგრძე 3,5 მ და სავარაუდოდ 45 კგ-ზე ოდნავ მეტს იწონიდა (მრ. 15:21).

ბერძნული ენის სპეციალისტი უ. ი. ვაინი ამ საკითხზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „სტავროს (σταυρός), უმთავრესად, სწორ ძელს ან ბოძს ნიშნავს. ბოროტმოქმედებს სიკვდილით დასჯის მიზნით მასზე აკრავდნენ ლურსმნებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არსებითი სახელი [სტავროსი, ძელი, ბოძი] და ზმნა სტავროო, ნიშნავს ბოძზე ან ძელზე გაკვრას, შეუძლებელია მისი გაიგივება ორ გადაჭდობილ ძელთან ანუ ეკლესიურ ჯვართან“. შემდეგ ვაინი საუბრობს ორი გადაჭდობილი ძელის ქალდეურ წარმოშობასა და იმაზე, თუ როგორ გადმოიღო ის ახ. წ. III საუკუნეში ქრისტიანობამ წარმართებისგან ქრისტეს ძელზე გაკვრის სიმბოლოდ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 1, გვ. 256).

საყურადღებოა ერთ წიგნში გაკეთებული შემდეგი კომენტარიც: „პარადოქსია, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ ქრისტეს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე და მას შემდეგ ჯვარი წმინდა სიმბოლოდ იყო მიჩნეული იმ ქვეყნებში, რომლებზეც ეკლესიის სწავლებებს გავლენა არ მოუხდენია ... ბერძნების ბახუსის, ტვიროსელების თამუზის, ქალდეველების ბელისა და სკანდინავიელების ოდინის სიმბოლოებად მათი თაყვანისმცემლები ჯვრის ფორმის საგნებს იყენებდნენ“ (The Cross in Ritual, Architecture, and Art, გ. ტაიეკი, ლონდონი, 1900, გვ. 1).

ერთ წიგნში ნათქვამია: „ბერძნულ ენაზე შესრულებული ახალი აღთქმის უამრავ ხელნაწერში ერთი წინადადებაც კი არ მიანიშნებს, თუნდაც გადაკვრით, რომ იესოს დასასჯელად გამოყენებული სტავროსი ჩვეულებრივი სტავროსისგან რაიმეთი განსხვავდებოდა, მით უმეტეს საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ეს იყო ერთმანეთზე დამაგრებული ჯვრის ფორმის მქონე ორი ბოძი ... ჩვენმა სულიერმა მასწავლებლებმა შეცდომაში შეგვიყვანეს, რადგან ეკლესიის ბერძნული ხელნაწერების ჩვენს ენაზე თარგმნისას სიტყვა სტავროსი ჯვრად გადმოთარგმნეს და ამ ქმედების დასასაბუთებლად ჩვენს ლექსიკონებში ჯვარი სტავროსის ერთ-ერთ მნიშვნელობად შეიტანეს. ამასთანავე არ განმარტეს, რომ ჯვარი სტავროსის პირველადი მნიშვნელობა არც მოციქულთა დროს ყოფილა და არც მას შემდეგ კარგა ხნის მანძილზე. სტავროსმა ეს მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ შეიძინა, თუ საერთოდ შეიძინა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, საფუძვლიანი მტკიცებების არარსებობის მიუხედავად, ჩათვალეს, რომ იმ სტავროსს, რომელზეც იესო მოკლეს, ჯვრის ფორმა ჰქონდა“ (The Non-Christian Cross, ჯ. პარსონზი, ლონდონი, 1896, გვ. 23, 24; იხ. აგრეთვე The Companion Bible, 1974, დანართი №162).

გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირი გაგებით უფალ იესო ქრისტეს ბოძზე გაკვრის გარდა (1კრ. 1:13, 23; 2:2; 2კრ. 13:4; გმც. 11:8) წმინდა წერილი ბოძზე გაკვრას გადატანითი მნიშვნელობითაც იყენებს. ამის მაგალითია გალატელების 2:20. ქრისტიანებმა თავიანთი ძველი პიროვნება მოაკვდინეს ბოძზე გაკრული ქრისტეს რწმენის მეშვეობით (რმ. 6:6; კლ. 3:5, 9, 10). „მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ბოძზე გააკრეს თავიანთი ხორცი მის ვნებებთან და სურვილებთან ერთად“, — წერდა პავლე. შემდეგ დასძინა, რომ ქრისტეს მეშვეობით ქვეყნიერება ბოძზე იყო გაკრული მისთვის და ის — ქვეყნიერებისთვის (გლ. 5:24; 6:14).

განდგომილები „ღვთის ძეს ხელახლა აკრავენ ბოძზე და სახალხოდ არცხვენენ“, რადგან იუდას მსგავსად ეწინააღმდეგებიან იმას, რაც ღმერთმა ხსნისთვის გაითვალისწინა (ებ. 6:4—6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება