საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იაკობი“
  • იაკობი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იაკობი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იაკობისთვის ძვირფასი იყო სულიერი ფასეულობები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იაკობისა და ესავის შერიგება
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • განსხვავებული ტყუპები
    ბიბლიური მოთხრობები
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იაკობი“

იაკობი

[ნიშნავს ქუსლს ჩაჭიდებულს; სხვის გამძევებელს და მისი ადგილის დამკავებელს].

1. ისაკისა და რებეკას ვაჟი; ესავის უმცროსი ტყუპისცალი. იაკობის მშობლები უკვე 20 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა ძვ. წ. 1858 წელს ტყუპები ეყოლათ. ისაკსა და რებეკას მათ გარდა სხვა შვილები არ ჰყოლიათ. იმ დროს ისაკი 60 წლისა იყო. ასე რომ, აბრაამის მსგავსად, ისაკის ლოცვებსაც პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცა, რაც ბოლომდე გამოიცადა მისი მოთმინება და ღვთის დაპირებისადმი რწმენა (დბ. 25:20, 21, 26; რმ. 9:7—10).

რებეკას რთული ორსულობა ჰქონდა, რადგან ტყუპები მუცელში ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ. იეჰოვამ ახსნა, რომ რებეკას მუცლიდან ორი ერი წამოვიდოდა; ამასთანავე, განაცხადა, რომ ჩვეულების საპირისპიროდ უფროსი უმცროსს მოემსახურებოდა. მშობიარობის დროს მეორე ტყუპისცალს, იაკობს, ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული ესავის ქუსლზე. ამიტომ დაარქვეს მას იაკობი, რაც ქუსლს ჩაჭიდებულს ნიშნავს (დბ. 25:22—26). ამგვარად, იეჰოვამ ცხადყო, რომ შეეძლო ჯერ არშობილის გენეტიკური მიდრეკილებების წინასწარგანჭვრეტა; აგრეთვე აჩვენა, რომ ჰქონდა უფლება, წინდაწინ აერჩია, ვის გამოიყენებდა თავისი განზრახვების შესასრულებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანის საბოლოო ბედს განსაზღვრავს (რმ. 9:10—12; ოს. 12:3).

ისაკის საყვარელი შვილისგან, ესავისგან განსხვავებით, რომელიც ველური, მოუსვენარი და მოხეტიალე მონადირე იყო, იაკობზე ნათქვამია, რომ უმწიკვლო [ებრ. თამ] იყო, კარვებში ცხოვრობდა, ფარას მწყემსავდა, ასრულებდა საოჯახო საქმეებს და განსაკუთრებით უყვარდა დედამისს (დბ. 25:27, 28). ებრაული სიტყვა თამ სხვაგანაც გამოიყენება მათთან მიმართებით, ვისაც ღმერთი იწონებს. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „უმწიკვლოები სისხლმოწყურებულებს სძულთ“, თუმცა იეჰოვა გვარწმუნებს, რომ „მშვიდობიანი მომავალი ელის ასეთ [უმწიკვლო] კაცს“ (იგ. 29:10; ფს. 37:37). ღვთის ერთგული მსახური იობი უმწიკვლო [ებრ. თამ] და მართალი იყო (იობ. 1:1, 8; 2:3).

იაკობმა პირმშოობა და კურთხევა მიიღო. აბრაამი ძვ. წ. 1843 წელს მოკვდა, როცა იაკობი 15 წლისა იყო, ამიტომ მას შესაძლებლობა ჰქონდა არა მხოლოდ მამისგან, არამედ პირდაპირ ბაბუისგან მოესმინა იეჰოვას ფიცით დადებული შეთანხმების შესახებ (დბ. 22:15—18). იაკობს გაცნობიერებული ჰქონდა, რამხელა პატივი იყო ღვთის დაპირებების შესრულებაში მონაწილეობის მიღება. ბოლოს მას შესაძლებლობა მიეცა, კანონიერად ეყიდა თავისი ძმისგან პირმშოობის უფლება და ყველაფერი, რაც მას თან ახლდა (კნ. 21:15—17). ეს შესაძლებლობა იაკობს მაშინ მიეცა, როცა ერთ დღეს ესავი მინდვრიდან დაღლილი დაბრუნდა და ძმის მომზადებული გემრიელი შეჭამანდის სურნელი იგრძნო. „დაღლილი ვარ! — თქვა ესავმა. — ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. იაკობმა მიუგო: „ჯერ პირმშოობა მომყიდე!“. „ესავმა არაფრად ჩააგდო პირმშოობა“, სასწრაფოდ მიჰყიდა და შეჰფიცა კიდეც (დბ. 25:29—34; ებ. 12:16). იეჰოვამ არაერთი მიზეზის გამო თქვა: „იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე“ (რმ. 9:13; მლ. 1:2, 3).

სწორად მოიქცა იაკობი, რომ თავი ესავად გაასაღა?

მოხუცდა ისაკი და იფიქრა, რომ მალე მოკვდებოდა, ამიტომ ესავი ნანადირევის მოსატანად გაგზავნა და უთხრა: „საჭმელად მომიტანე, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდები“. რებეკამ ყური მოჰკრა მათ საუბარს და სასწრაფოდ გაგზავნა იაკობი ორი თიკნის მოსაყვანად, რათა მას ისაკისთვის გემრიელი კერძი მოემზადებინა. რებეკამ იაკობს უთხრა: „საჭმელად მიუტანე, რათა გაკურთხოს, სანამ მოკვდება“. ხელებზე და კისრის უთმო ადგილზე კი თიკნის ტყავი გაუკეთა, რათა ისაკს ეფიქრა, რომ იაკობი ესავი იყო. როცა იაკობმა მამამისს საჭმელი მიუტანა, ისაკმა ჰკითხა: „შვილო! რომელი ხარ?“. იაკობმა უპასუხა: „ესავი ვარ, შენი პირმშო“. იაკობმა კარგად იცოდა, რომ კანონიერი უფლება ჰქონდა ისაკის პირმშოს, ესავის ნაცვლად ემოქმედა. ისაკი შეეხო იაკობს იმაში დასარწმუნებლად, მართლა ესავი იყო თუ არა, და თქვა: „ხმა იაკობისაა, მაგრამ ხელები — ესავისა“. მიუხედავად ამისა, საქმე კარგად დასრულდა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „აკურთხა მან იგი“ (დბ. 27:1—29). სწორად მოიქცნენ რებეკა და იაკობი?

უეჭველია, იაკობს უფლება ჰქონდა, მიეღო კურთხევა. ტყუპების დაბადებამდე იეჰოვამ რებეკას უთხრა: „უფროსი უმცროსს მოემსახურება“ (დბ. 25:23). მოგვიანებით თავისი მიდრეკილების შესაბამისად, რომელიც იეჰოვამ წინასწარ განჭვრიტა და რის გამოც მასზე მეტად იაკობი უყვარდა, ესავმა იაკობს ერთ ჯამ შეჭამანდზე მიჰყიდა პირმშოობა (დბ. 25:29—34).

ბიბლიაში არ წერია, იცოდა თუ არა ისაკმა, ვის უნდა მიეღო კურთხევა. არც ის ვიცით, რებეკამ და იაკობმა ზუსტად ასე რატომ გადაჭრეს ეს საკითხი. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ორივემ იცოდა, კურთხევა იაკობს ეკუთვნოდა. იაკობს ბოროტი განზრახვით არ წარმოუჩენია თავი ესავად, რათა მიეღო ის, რაც კანონით არ ეკუთვნოდა. ბიბლია არ გმობს რებეკასა და იაკობის საქციელს. შედეგი ის იყო, რომ იაკობმა კუთვნილი კურთხევა მიიღო. ისაკისთვის ცხადი გახდა, რომ იეჰოვას ნება შესრულდა. ამ მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ, როცა ისაკმა იაკობი ხარანში ცოლის მოსაყვანად გაგზავნა, აკურთხა და უთხრა: „ყოვლისშემძლე ღმერთი ... მოგცემს აბრაამის კურთხევას“ (დბ. 28:3, 4; შდრ. ებ. 11:20). ამგვარად, მართებულად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგი იეჰოვას განზრახვის შესაბამისი იყო. ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რისი სწავლა შეგვიძლია ამ ეპიზოდიდან და გვაფრთხილებს, რომ ჩვენ შორის „არ იყოს არც მეძავი და არც ისეთი, ვინც არ აფასებს წმინდას — ესავის მსგავსი, რომელმაც თავისი პირმშოობა ერთ კერძზე გაცვალა“ (ებ. 12:16).

იაკობი ფადან-არამში მიდის. (იხ. რუკა, ტ. 1, გვ. 529) იაკობი 77 წლისა იყო, როცა ბეერ-შება დატოვა და თავისი წინაპრების სამშობლოსკენ გაემართა. მან იქ თავისი ცხოვრების მომდევნო 20 წელი გაატარა (დბ. 28:10; 31:38). ჩრდ. ჩრდ.-აღმ.-ით დაახლოებით 100 კილომეტრის გავლის შემდეგ ღამის გასათევად ის იუდეის მთებში ქალაქ ლუზში (ბეთელი) გაჩერდა, თავი ქვაზე დადო და დაიძინა. სიზმარში მან ნახა ცადაწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. კიბის თავზე იეჰოვა იყო. მან იაკობთან განამტკიცა აბრაამსა და ისაკთან დადებული შეთანხმება (დბ. 28:11—13; 1მტ. 16:16, 17).

ამ შეთანხმებაში იეჰოვა დაჰპირდა იაკობს, რომ დაიცავდა და არ მიატოვებდა, სანამ მიწა, რომელზეც იწვა, მისი არ გახდებოდა და მისი შთამომავლობა ქვიშასავით არ გამრავლდებოდა. უფრო მეტიც, ღმერთმა მას უთხრა: „შენი და შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი“ (დბ. 28:13—15). როცა იაკობმა სრულად გააანალიზა ხილვაში ნანახი, წამოიძახა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი“. ამიტომ იაკობმა იმ ადგილს სახელი შეუცვალა და ლუზის ნაცვლად დაარქვა ბეთელი ანუ ღვთის სახლი. აღმართა სვეტი და ზედ ზეთი დაასხა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმობის ნიშნად. იაკობი მადლიერი იყო ღვთის მხარდაჭერის დაპირებისთვის, ამიტომ აღთქმა დადო, რომ აუცილებლად გაიღებდა იმ ყველაფრის მეათედს, რასაც ღმერთი მისცემდა (დბ. 28:16—22).

ამ მოგზაურობის დროს ხარანთან ახლოს იაკობი შეხვდა თავის ბიძაშვილ რახელს. მამამისმა ლაბანმა, რომელიც იაკობის დედის ძმა იყო, მათთან დარჩენა შესთავაზა. იაკობს შეუყვარდა რახელი და მამამისს მოელაპარაკა, რომ შვიდ წელს ემსახურებოდა, თუ რახელს ცოლად მიათხოვებდა. იაკობისთვის რამდენიმე დღესავით გავიდა წლები, რადგან ძალიან უყვარდა რახელი. მაგრამ ქორწილის ღამეს იაკობს მოტყუებით რახელის ნაცვლად ლაბანმა მისი უფროსი და, ლეა მიუყვანა. მან ახსნა: „ჩვენთან უმცროსი ქალის პირმშოზე ადრე გათხოვება არ არის მიღებული“. ერთკვირიანი ქორწილის შემდეგ ლაბანმა რახელიც მისცა იაკობს ცოლად იმ პირობით, რომ ის კიდევ შვიდ წელს იმსახურებდა მასთან. ლაბანმა ლეასა და რახელს ორი მსახური, ზილფა და ბილჰა გააყოლა (დბ. 29:1—29; ოს. 12:12).

ამ ქორწინებების შედეგად იეჰოვამ დიდი ერის წარმოშობას ჩაუყარა საფუძველი. ლეამ იაკობს ოთხი ვაჟი გაუჩინა: რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა. ვინაიდან რახელი უშვილო იყო, გადაწყვიტა, თავისი მსახური ბილჰა მიეცა იაკობისთვის ცოლად; მისგან იაკობს შეეძინა ორი ვაჟი, დანი და ნაფთალი. ამ დროს ლეას შვილი არ უჩნდებოდა, ამიტომ მანაც თავისი მოახლე ზილფა მისცა ცოლად იაკობს და ამ კავშირის შედეგად ორი ვაჟი, გადი და აშერი დაიბადა. შემდეგ ლეას კვლავ ეყოლა შვილები; ჯერ ისაქარი გააჩინა, შემდეგ — ზებულონი, მერე კი — ქალიშვილი დინა. ბოლოს რახელიც დაფეხმძიმდა და იოსები შეეძინა. შედეგად, შედარებით მოკლე პერიოდში, შვიდ წელიწადში, იაკობი ღმერთმა მრავალი შვილით აკურთხა (დბ. 29:30—30:24).

იაკობი ხარანის დატოვებამდე გამდიდრდა.  ცოლებისთვის 14-წლიანი მსახურების შემდეგ იაკობს ძალიან უნდოდა სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ ლაბანმა, რომელიც ხედავდა, რომ იეჰოვამ აკურთხა იაკობის გამო, დაიჟინა, რომ იაკობი დარჩენილიყო და მისი ფარა ემწყემსა. გასამრჯელო შეეძლო იაკობს აერჩია. იმ ტერიტორიაზე ცხვრები და თხები, ძირითადად, ერთი ფერისაა — ცხვრები თეთრი, თხები კი — შავი. იაკობმა სთხოვა ლაბანს, მისთვის მხოლოდ ის ცხვრები და თხები მიეცა, რომლებიც უჩვეულოდ შეფერილები ან ნიშნიანები იქნებოდნენ. ყველა მუქი ყავისფერი ცხვარი და ყველა თეთრად დაწინწკლული თხა მისი უნდა ყოფილიყო. ამაზე ლაბანი დათანხმდა. გასამრჯელო რაც შეიძლება დაბალი რომ ყოფილიყო, ლაბანმა იაკობის რჩევისამებრ გამოაცალკევა ფარიდან ზოლებიანი, დაწინწკლული და ხალებიანი თხები, აგრეთვე მუქი ყავისფერი ვაცები და თავის ვაჟებს ჩააბარა. შემდეგ სამი დღის სავალით დააშორა, რათა ფარებს შორის შეჯვარება არ მომხდარიყო. ამის შემდეგ ყველა უჩვეულო ფერის ახალდაბადებული ბატკანი იაკობისა იქნებოდა (დბ. 30:25—36).

ამგვარად დაიწყო იაკობმა თეთრი ცხვრებისა და შავი თხების დამწყემსვა. ის ბევრს შრომობდა და იმას აკეთებდა, რაც მისი აზრით ჭრელი ცხოველების რიცხვს გაზრდიდა. იაკობმა აიღო სტირაქსის, ნუშისა და ჭადრის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გათალა, რომ ჯოხები ზოლიანი და ხალიანი გამოჩენილიყო. გათლილი ჯოხები ფარას წყლის გეჯაში ჩაუწყო, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ახურებულ ფარას შეეხედა ამ ჯოხებისთვის და დაწინწკლული და ხალებიანი მოეგო. იაკობი მხოლოდ მაშინ აწყობდა ამ ჯოხებს გეჯაში, როცა ჯანსაღი ფარა უნდა ახურებულიყო (დბ. 30:37—42).

შედეგად, უფრო მეტი ცხოველი იბადებოდა ზოლებითა და ხალებით, რაც იაკობის გასამრჯელო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ფერისა, რაც ლაბანისა იყო. ვინაიდან შედეგი სასურველი იყო, იაკობი, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ეს ჯოხების დამსახურება იყო. უეჭველია, ის იზიარებდა ხალხში გავრცელებულ მცდარ შეხედულებას, რომ მსგავსი მეთოდებით შეიძლებოდა შთამომავლობაზე გავლენის მოხდენა. მაგრამ ღმერთმა, მისმა შემოქმედმა, სიზმარში სხვა რამ უთხრა.

სიზმარში იაკობმა გაიგო, რომ გარკვეული გენეტიკის პრინციპების და არა ჯოხების გამო მიიღო მან სასურველი შედეგი. მართალია, იაკობი ჩვეულებრივი შეფერილობის ცხოველებს მწყემსავდა, მაგრამ ხილვიდან მისთვის ნათელი გახდა, რომ ვაცები ზოლებიანი, დაწინწკლული და ლაქებიანი იყო. როგორ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო? ჩვეულებრივი შეფერილობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ისინი იაკობთან გარიგების დადებამდე ლაბანის ფარაში მომხდარი შეჯვარების შედეგად ჰიბრიდებად დაიბადნენ. ამგვარად, ზოგირეთი ცხოველი სასქესო უჯრედებში ატარებდა მემკვიდრეობით ფაქტორებს, რომელთა წყალობითაც მათი შთამომავლები ზოლებიანი და დაწინწკლული იბადებოდა იმ მემკვიდრეობითი კანონების საფუძველზე, რომლებიც გრეგორ მენდელმა მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა (დბ. 31:10—12).

ამ გარიგების მიხედვით იაკობმა ექვსი წელი იმუშავა; ამ ხნის მანძილზე იეჰოვამ დიდად აკურთხა და ააყვავა ის, გაუმრავლა არა მხოლოდ ფარა, არამედ მსახურები, აქლემები და ვირები, მიუხედავად იმისა, რომ ლაბანმა არაერთხელ შეუცვალა გასამრჯელო. ბოლოს „ჭეშმარიტმა ღმერთმა“, რომელიც ბეთელში გამოეცხადა, იაკობს უთხრა, რომ აღთქმულ მიწაზე დაბრუნებულიყო (დბ. 30:43; 31:1—13, 41).

აღთქმულ მიწაზე დაბრუნება. იმის შიშით, რომ ლაბანი კვლავ შეუშლიდა ხელს წასვლაში, იაკობმა უჩუმრად წაიყვანა თავისი ცოლ-შვილი, წაიღო ყველაფერი, რაც ებადა, გადაკვეთა მდინარე ევფრატი და ქანაანისკენ გაემართა. როგორც დაბადების 31:4, 21-დან ჩანს, იაკობი, სავარაუდოდ, ევფრატთან ახლოს აძოვებდა ფარას, როცა გაქცევაზე ფიქრობდა. იმ დროს, ლაბანი ცხვრებს პარსავდა და იაკობის გაქცევის შესახებ მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაიგო. ალბათ, მას კიდევ დასჭირდებოდა დრო, დაემთავრებინა პარსვა და მომზადებულიყო, რომ თავისი ხალხით იაკობს დადევნებოდა. ეს ყველაფერი იაკობს საკმარის დროს მისცემდა, ნელი სვლით ფარები გალაადის მთიან მხარემდე ჩაეყვანა, სანამ ლაბანი დაეწეოდა. ხარანიდან იქამდე სულ მცირე 560 კილომეტრი იყო. ამ მანძილს ლაბანი და მისი ნათესავები აქლემებით თავისუფლად დაფარავდნენ შვიდ დღეში (დბ. 31:14—23).

ლაბანი იაბოკის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში დაეწია მათ. მან უსაყვედურა იაკობს, რატომ წავიდა ისე, რომ არ მისცა შვილებთან და შვილიშვილებთან გამომშვიდობების საშუალება და რატომ მოიპარა მისი ღმერთები (დბ. 31:24—30). პირველ კითხვაზე იაკობმა მიუგო, რომ ეშინოდა, ლაბანი წასვლის უფლებას არ მისცემდა. რაც შეეხება მეორე კითხვას, იაკობმა არაფერი იცოდა ქურდობის შესახებ. საგულდაგულო ძებნის შემდეგაც ვერ იპოვეს კერპეპი, რადგან რახელს მოპარული თერაფიმი აქლემზე დასადგმელ საუნაგირე კალათაში ჰქონდა დამალული და ზედ იჯდა (დბ. 31:31—35).

რახელის ქმედებასა და ლაბანის წუხილს შემდეგნაირად ხსნიან: „ოჯახის კერპების ქონა ადამიანს კანონიერ მემკვიდრედ ხდიდა. სწორედ ამით აიხსნება დაბადების 31:26-ში ლაბანის სურვილი, რომ იაკობისგან წამოეღო თავისი ოჯახის კერპები“ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. ბ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 220, სქ. 51).

მათი გაუგებრობა მშვიდობიანად მოგვარდა. იაკობმა ქვა სვეტად აღმართა და შემდეგ ქვები დაახვავა, რაც მრავალი წლის მანძილზე მშვიდობის შეთანხმების მოწმობა იყო. ამ შეთანხმების განსამტკიცებლად მათ იმ ადგილზე პური ჭამეს. დახვავებულ ქვებს უწოდეს გალაადი (ნიშნავს მოწმობის გროვას) და საგუშაგო კოშკი (დბ. 31:36—55).

იაკობს ახლა ძალიან უნდოდა, მშვიდობა აღედგინა თავის ძმა ესავთანაც, რომელიც 20 წელზე მეტი არ ჰყავდა ნანახი. ესავი, შესაძლოა, ჯერ კიდევ ატარებდა გულში იაკობის მიმართ სიძულვილს. გულის მოსალბობად იაკობმა ესავს წინასწარ ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა: ასობით თხა და ცხვარი, უამრავი აქლემი, ვირი და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი (დბ. 32:3—21). ქანაანიდან გაქცევისას იაკობს არაფერი გააჩნდა, ახლა კი ის იეჰოვას კურთხევით მდიდარი კაცი იყო.

რატომ დააკოჭლა იაკობი ანგელოზმა, რომელსაც ერკინებოდა?

იმ ღამით, როცა ესავთან შესახვედრად სამხრეთისკენ მიმავალმა იაკობმა თავის სახლეულობასთან ერთად იაბოკი გადაკვეთა, მას უჩვეულო რამ შეემთხვა — ის ანგელოზს შეერკინა. შეუპოვრობისა და დაჟინებულობისთვის ანგელოზმა მას სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა (ნიშნავს: ღმერთთან მოჭიდავე (შეუპოვარი); ღმერთი დაეჭიდა) (დბ. 32:22—28). ამის შემდეგ ორივე სახელი ხშირად მოიხსენიება ებრაულ პოეზიაში არსებულ პარალელიზმებში (ფს. 14:7; 22:23; 78:5, 21, 71; 105:10, 23). შერკინებისას ანგელოზი ბარძაყის სახსარზე შეეხო იაკობს და ის სამუდამოდ დააკოჭლა, შესაძლოა, მისთვის თავმდაბლობის სასწავლებლად. ეს იაკობს მუდმივად შეახსენებდა, რომ ღვთისგან ბოძებული კეთილდღეობისა და ანგელოზთან შერკინების გამო ზედმეტად არ უნდა განედიდებინა თავი. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად იაკობმა იმ ადგილს ფენიელი ან ფენუელი უწოდა (დბ. 32:25, 30—32).

სასიამოვნო შეხვედრის შემდეგ ტყუპები, იაკობი და ესავი, რომლებიც იმ დროს დაახლოებით 97 წლისანი იქნებოდნენ, თავ-თავიანთი გზით წავიდნენ. სავარაუდოდ, ისინი მხოლოდ 23 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა თავიანთი მამა ისაკი დამარხეს. ესავი იაკობის მირთმეული საჩუქრებით სამხრეთით სეირისკენ გაემართა, ხოლო იაკობი — ჩრდილოეთით და იაბოკი გადაკვეთა (დბ. 33:1—17; 35:29).

ხიზნობის მომდევნო 33 წელი. ესავთან დაშორების შემდეგ იაკობი სუქოთში დასახლდა. ფადან-არამიდან დაბრუნების შემდეგ ეს პირველი ადგილი იყო, სადაც ის შედარებით დიდხანს გაჩერდა. ცნობილი არ არის, რამდენ ხანს დარჩა იქ, მაგრამ რამდენიმე წელს აუცილებლად იცხოვრებდა, რადგან ააშენა თავისთვის სახლი და საქონლისთვის სადგომები (დბ. 33:17).

შემდეგ იაკობი დასავლეთით იორდანეს გადასწვრივ შექემთან ახლოს გადავიდა. იქ მან ხამორის ვაჟებისგან „ას კესიტად“ [ებრ. კესიტაჰ] იყიდა მიწის ნაკვეთი (დბ. 33:18—20; იეს. 24:32). ამ ფულის ერთეულის ღირებულება უცნობია, მაგრამ ციფრი ასი, შესაძლოა, მიანიშნებს აწონილი ვერცხლის დიდ რაოდენობაზე, რადგან იმ დროისთვის მონეტები არ არსებობდა.

სწორედ შექემში დაიწყო იაკობის ქალიშვილმა დინამ ქანაანელ ასულებთან ურთიერთობა. ამან შესაძლებლობა მისცა იმ ქვეყნის მთავრის ხამორის ვაჟს, შექემს, გაეუპატიურებინა ის. ამ შემთხვევის შემდეგ იაკობი მოვლენებს ვეღარ აკონტროლებდა — მისმა ვაჟებმა შექემში ყველა მამაკაცი ამოხოცეს, ქალები და ბავშვები ტყვედ წაასხეს, მიითვისეს მთელი მათი ქონება და იმ მიწის მცხოვრებთ თავიანთი მამა შეაძულეს (დბ. 34:1—31).

შემდეგ ღვთის მითითებით იაკობმა დატოვა შექემი და ბეთელში გადავიდა. მაგრამ წასვლამდე მან განწმინდა თავისი სახლეულობა, გამოაცვლევინა მოსასხამები, მოაცილებინა ცრუ ღმერთები (შესაძლოა, ლაბანის თერაფიმიც) და საყურეები, რომლებსაც, ალბათ, თილისმად იყენებდნენ. ისინი იაკობმა შექემის მახლობლად ჩამარხა (დბ. 35:1—4).

ბეთელი (ღვთის სახლი) იაკობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი იყო, რადგან დაახლოებით 30 წლის წინ იეჰოვამ იქ გადასცა აბრაამთან დადებული შეთანხმება. ახლა, მას შემდეგ, რაც იაკობმა თავისი წინაპრების დიდებულ ღმერთს სამსხვერპლო აუგო, იეჰოვამ გაუმეორა შეთანხმება და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად იაკობმა იქ ქვის სვეტი აღმართა და დასაღვრელი შესაწირავი და ზეთი დაასხა. სწორედ ბეთელში ყოფნისას მოკვდა დედამისის ძიძა, დებორა, და ის იქვე დამარხეს (დბ. 35:5—15).

ამ შემთხვევაშიც არ ვიცით, რამდენ ხანს ცხოვრობდა იაკობი ბეთელში. როცა იქიდან სამხრეთისკენ დაიძრნენ და ჯერ კიდევ დიდი მანძილი ჰქონდათ დარჩენილი ბეთლემამდე (ეფრათა), რახელს მშობიარობის ტკივილები დაეწყო და თავისი მეორე ვაჟის, ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა. იაკობმა იქ დამარხა თავისი საყვარელი რახელი და მის სამარხზე სვეტი აღმართა (დბ. 35:16—20).

ახლა უკვე 12 ვაჟით (ისრაელის 12 ტომის წინაპრები) კურთხეულმა ისრაელმა კიდევ უფრო სამხრეთით წაიწია. ის დაბანაკდა „ედერის კოშკიდან მოშორებით“, რომელიც დაახლოებით ბეთლემსა და ხებრონს შორის მდებარეობდა. სწორედ იქ ყოფნის დროს იაკობის უფროსი ვაჟი, რეუბენი დაწვა თავისი მამის ხარჭასთან, დანისა და ნაფთალის დედასთან, ბილჰასთან. შესაძლოა, რეუბენმა იფიქრა, რომ მამამისი მოხუცი იყო რაიმე ზომების მისაღებად, მაგრამ იეჰოვამ არ მოიწონა მისი საქციელი და სისხლის აღრევისთვის რეუბენმა პირმშოობის უფლება დაკარგა (დბ. 35:21—26; 49:3, 4; კნ. 27:20; 1მტ. 5:1).

როგორც ჩანს, იაკობი იოსების ეგვიპტეში მონად გაყიდვამდე გადავიდა ხებრონში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მისი მოხუცი მამა, ისაკი. მაგრამ უცნობია, როდის მოხდა ეს (დბ. 35:27).

ერთხელ იაკობმა იოსები (იმ დროს 17 წლის) იმის სანახავად გაგზავნა, თუ როგორ მწყემსავდნენ მისი ძმები მამის ფარას. როცა იპოვა ისინი დოთანში, ხებრონის ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ძმებმა შეიპყრეს ის და ეგვიპტეში მიმავალ ვაჭართა ქარავანს მიჰყიდეს. ეს მოხდა ძვ. წ. 1750 წელს. შემდეგ მათ იაკობი დაარწმუნეს, რომ იოსები ნადირმა დაგლიჯა. მრავალი დღე გლოვობდა იაკობი შვილს და არ იღებდა ნუგეშს. ის ამბობდა: „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში!“ (დბ. 37:2, 3, 12—36). ძვ. წ. 1738 წელს მის მწუხარებას მამამისის, ისაკის სიკვდილიც დაემატა (დბ. 35:28, 29).

ეგვიპტეში გადასვლა. ისაკის სიკვდილიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ გამძვინვარებულმა შიმშილობამ იაკობი აიძულა, ათი ვაჟი მარცვლეულისთვის ეგვიპტეში გაეგზავნა. მაგრამ ბენიამინი არ გაუშვა. იოსებმა, რომელიც ეგვიპტეში საკვების განაწილებას ზედამხედველობდა, იცნო თავისი ძმები და მათგან მოითხოვა, უმცროსი ძმა ბენიამინი ეგვიპტეში ჩაეყვანათ (დბ. 41:57; 42:1—20). მაგრამ თავიდან, როცა მისი მოთხოვნა შეატყობინეს, იაკობს არ უნდოდა ბენიამინის გაშვება, რადგან ეშინოდა, რაიმე არ შემთხვეოდა მისი სიბერის შვილს. იმ დროს ბენიამინი 22 წლისა მაინც იქნებოდა (დბ. 42:29—38). იაკობი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ბენიამინის გაშვებაზე, რაც ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარცვლეული გამოელიათ (დბ. 43:1—14; სქ. 7:12).

იოსები შეურიგდა ძმებს და იაკობს შეუთვალა, რომ ჩასულიყო მასთან ეგვიპტეში თავის სახლეულობასთან ერთად, თან წაესხა მთელი თავისი საქონელი, წაეღო მთელი საბადებელი და გოშენის ნაყოფიერ მიწაზე დასახლებულიყო, რადგან დიდი შიმშილობა კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდებოდა. დასახმარებლად ფარაონმა მათ ურმები მისცა და საგზალიც გაატანა (დბ. 45:9—24). ეგვიპტისკენ მიმავალი იაკობი იეჰოვამ დაარწმუნა, რომ იწონებდა ამ გადასვლას და აკურთხებდა (დბ. 46:1—4). იაკობის სახლეულობაში მენაშეს, ეფრემისა და მათი ჩათვლით, ვინც იაკობის სიკვდილამდე ეგვიპტეში დაიბადა, 70 სული იყო (დბ. 46:5—27; გმ. 1:5; კნ. 10:22). ამ რიცხვში არ შედიოდნენ ლეა, რომელიც აღთქმულ მიწაზე მოკვდა (დბ. 49:31), იაკობის ქალიშვილები, რომელთა სახელებიც უცნობია, და მისი ვაჟების ცოლები (დბ. 46:26; შდრ. დბ. 37:35).

ძვ. წ. 1728 წელს ეგვიპტეში ჩასვლიდან მალევე იაკობი ფარაონს წარუდგინეს. ის მიესალმა ფარაონს და აკურთხა. იაკობმა უთხრა, რომ ხიზანი იყო (აბრაამისა და ისაკის მსგავსად მასაც არ დაუმკვიდრებია აღთქმული მიწა). როცა ფარაონმა ასაკი ჰკითხა, იაკობმა მიუგო, რომ 130 წლისა იყო, მაგრამ მის წინაპრებთან შედარებით „მცირე და მწუხარებით სავსე“ იყო მისი სიცოცხლის წლები (დბ. 47:7—10).

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იაკობმა აკურთხა თავისი შვილიშვილები, იოსების ვაჟები, და ღვთის ხელმძღვანელობით უმცროსი ეფრემი უფროს მენაშეზე წინ დააყენა. შემდეგ იოსებს, რომელიც პირმშოს მემკვიდრეობის ორმაგ წილს მიიღებდა, იაკობმა განუცხადა: „გაძლევ შენს ძმებზე იმ ერთი მხარით მეტს, რომელიც ამორეველებისგან მახვილითა და მშვილდით ავიღე“ (დბ. 48:1—22; 1მტ. 5:1). ვინაიდან იაკობს ხამორის ძეებისგან მშვიდობიანად ჰქონდა ნაყიდი მიწის ნაკვეთი შექემის მახლობლად (დბ. 33:19, 20), როგორც ჩანს, ზემოთქმული სიტყვები მისი რწმენის გამოხატულება იყო; ამ დაპირებაში მან წინასწარმეტყველურად ილაპარაკა მისი შთამომავლების მიერ ქანაანის მომავალ დაპყრობაზე, თითქოს ეს უკვე შესრულებული იყო მისი მახვილითა და მშვილდით (იხ. ამორეველი). ამ დაპყრობილი მიწიდან იოსების კუთვნილი ორმაგი წილი ეფრემისა და მენაშეს ტომებისთვის მიცემული ორი წილი იყო.

სიკვდილამდე იაკობმა ძალა მოიკრიბა, რომ თავისი 12 ვაჟი სათითაოდ ეკურთხებინა (დბ. 49:1—28). მას სწამდა, რომ ღვთის განზრახვა შესრულდებოდა (ებ. 11:21). წმინდა წერილები ხშირად იეჰოვას არა მხოლოდ აბრაამისა და ისაკის ღმერთად მოიხსენიებს, არამედ იაკობის ღმერთადაც, რადგან იაკობს სწამდა იეჰოვა და ღმერთმაც კონკრეტულად გაუმეორა აბრაამთან დადებული შეთანხმების კურთხევები (გმ. 3:6; 1მტ. 29:18; მთ. 22:32).

ბოლოს, ძვ. წ. 1711 წელს, ეგვიპტეში 17 წლის ცხოვრების შემდეგ, იაკობი 147 წლის ასაკში გარდაიცვალა (დბ. 47:27, 28). ასე დასრულდა ბიბლიური ისტორიის ერთ-ერთი მონაკვეთი (იაკობის დაბადებიდან სიკვდილამდე), რომელსაც წიგნ „დაბადების“ ნახევარზე მეტი უკავია (თ-ები 25—50). იაკობს სურდა, ქანაანში დაემარხათ, ამიტომ იოსებმა პირველად ეგვიპტელ მკურნალებს დააბალზამებინა იაკობის სხეული, რათა მგზავრობისთვის მოემზადებინათ. მის დასაკრძალავად დიდძალი ხალხი წავიდა ეგვიპტიდან. როცა იორდანეს მხარეს მიადგნენ, შვიდ დღეს ასრულებდნენ სამგლოვიარო წეს-ჩვეულებას, რის შემდეგაც ვაჟებმა დამარხეს იაკობი მაქფელას გამოქვაბულში, სადაც აბრაამი და ისაკი იყო დამარხული (დბ. 49:29—33; 50:1—14).

2. წინასწარმეტყველები ხშირად იყენებდნენ „იაკობს“ სიმბოლური მნიშვნელობით პატრიარქის შთამომავლებისგან წარმოშობილ ერთან მიმართებით (ეს. 9:8; 27:9; იერ. 10:25; ეზკ. 39:25; ამ. 6:8; მქ. 1:5; რმ. 11:26). ერთხელ იესომ გამოიყენა სიმბოლური მნიშვნელობით სახელი „იაკობი“, როცა მათზე ლაპარაკობდა, ვინც „ზეციერ სამეფოში“ იქნებოდა (მთ. 8:11).

3. იესოს მამობილის, იოსების (მარიამის ქმარი) მამა (მთ. 1:15, 16).

4. მოციქული იუდას (არა იუდა ისკარიოტელი) მამა (ლკ. 6:16; სქ. 1:13).

5. ზებედეს ვაჟი; იოანეს ძმა და იესო ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთი (მთ. 10:2). ერთი და იმავე მოვლენის ორი ჩანაწერის შედარებიდან ჩანს, რომ დედამისი სავარაუდოდ სალომე იყო. ერთ მონაკვეთში ის მოხსენიებულია „ზებედეს ვაჟების დედად“, მეორეში კი — სალომედ (მთ. 27:55, 56; მრ. 15:40, 41; იხ. სალომე №1). იოანეს 19:25-დან ჩანს, რომ სალომე, შესაძლოა, იესოს დედის, მარიამის ალალი და იყო. თუ ასეა, იაკობი იესოს დეიდაშვილი გამოდის.

იაკობი და მისი ძმა მამასთან ერთად მეთევზეობით იყვნენ დაკავებულნი, როცა ახ. წ. 30 წელს იესომ მათ და მათთან ერთად მომუშავე მეთევზეებს, პეტრესა და ანდრიას თავის მოწაფედ გახდომა და „ადამიანთა მებადურობა“ შესთავაზა. იაკობი და იოანე გამოეხმაურნენ იესო ქრისტეს მოწვევას და დატოვეს თავიანთი საქმე, რომელსაც პეტრესა და ანდრიასთან ერთად ეწეოდნენ. მათი საქმიანობა საკმაოდ კარგად მიდიოდა, რადგან მათ დაქირავებული მუშებიც ჰყავდათ (მთ. 4:18—22; მრ. 1:19, 20; ლკ. 5:7—10).

მომდევნო წელს, ახ. წ. 31 წელს, მოციქულებად არჩეულ 12 მოწაფეს შორის იაკობიც იყო (მრ. 3:13—19; ლკ. 6:12—16).

პეტრე, იაკობი და იოანე ბიბლიაში ხშირად არიან იესო ქრისტესთან მოხსენიებული. მაგალითად, მხოლოდ ეს სამნი იყვნენ მთაზე ქრისტეს გარდასახვის მოწმენი (მთ. 17:1, 2); მხოლოდ ისინი მიიწვია იესომ იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგომის მოწმეებად (ლკ. 8:51); და ისინი იყვნენ იესოსთან ერთად გეთსემანეს ბაღში, როცა ის სიკვდილის წინა ღამეს ლოცულობდა (მრ. 14:32—34). სწორედ პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ ჰკითხეს იესოს, როდის მოხდებოდა იერუსალიმის ტაძრის ნაწინასწარმეტყველები განადგურება და რა იქნებოდა მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი (მრ. 13:3, 4). იაკობი ყოველთვის თავის ძმასთან, იოანესთან ერთად მოიხსენიება ბიბლიაში და უმეტეს შემთხვევაში პირველად ის სახელდება, რადგან, შესაძლოა, ასაკით უფროსი იყო (მთ. 4:21; 10:2; 17:1; მრ. 1:19, 29; 3:17; 5:37; 9:2; 10:35, 41; 13:3; 14:33; ლკ. 5:10; 6:14; 8:51; 9:28, 54; სქ. 1:13).

იაკობსა და მის ძმას იესომ ბოანერგესი შეარქვა. ეს სემიტური გამოთქმა ქუხილის ძეებს ნიშნავს (მრ. 3:17). ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ ისინი ენერგიული, მგზნებარე და ენთუზიაზმით სავსე მამაკაცები იყვნენ. მაგალითად, ერთხელ, როცა ზოგმა სამარიელმა იესო არ მიიღო, იაკობსა და იოანეს უნდოდათ, ციდან ცეცხლი ჩამოსულიყო და მოესპო ისინი. მართალია, იესო გაუწყრა მათ შურისძიების სურვილის გამო, მაგრამ მათი დამოკიდებულება მათ სამართლიანობასა და რწმენაზე მიუთითებდა (ლკ. 9:51—55). მათ აგრეთვე სურდათ, ღვთის სამეფოში განსაკუთრებული მდგომარეობა ჰქონოდათ: ერთი იესოს მარჯვნივ ყოფილიყო, მეორე კი — მის მარცხნივ. როგორც ჩანს, ეს თავიანთი დედის (შესაძლოა, იესოს დეიდის) მეშვეობით ითხოვეს. იესომ აუხსნა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ღმერთი იღებდა, შემდეგ ეს შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და უთხრა: „ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მთ. 20:20—28).

იაკობი, როგორც ჩანს, ახ. წ. 44 წელს ჰეროდე აგრიპა პირველმა მახვილით მოაკვლევინა. ის 12 მოციქულს შორის პირველი წამებული იყო (სქ. 12:1—3).

6. იესო ქრისტეს კიდევ ერთი მოციქული; ალფეს ვაჟი (მთ. 10:2, 3; მრ. 3:18; ლკ. 6:15; სქ. 1:13). ბევრის აზრით, ალფე იგივე კლოპაა და ეს სავსებით შესაძლებელია. თუ ეს ასეა, მაშინ იაკობის დედა გამოდის ის მარიამი, რომელიც „იაკობ მცირისა და იოსეს დედა“ იყო (ინ. 19:25; მრ. 15:40; მთ. 27:56). „იაკობ მცირეს“, შესაძლოა, იმიტომ ეწოდებოდა ეს სახელი, რომ ზებედეს ვაჟ იაკობზე ფიზიკურად პატარა ან უმცროსი იყო.

7. იოსებისა და მარიამის ვაჟი; იესოს ნახევარძმა (მრ. 6:3; გლ. 1:19). თუმცა მოციქული არ იყო, როგორც ჩანს, ის იერუსალიმში ქრისტიანული კრების ერთ-ერთი ზედამხედველი იყო (სქ. 12:17) და თავისი სახელით წოდებული წიგნის დამწერი (იაკ. 1:1). ის, შესაძლოა, იესოს შემდეგ პირველი დაიბადა, რადგან მარიამისა და იოსების ოთხ საერთო ვაჟს შორის პირველი მოიხსენიება (იაკობი, იოსები, სიმონი, იუდა) (მთ. 13:55; იხ. ძმა). დაახლოებით ახ. წ. 55 წელს კორინთელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ მოიხსენია, რომ იაკობი დაქორწინებული იყო (1კრ. 9:5).

როგორც ჩანს, იესო ქრისტეს მსახურების დროს იაკობი კარგად იცნობდა თავისი ძმის საქმიანობას (ლკ. 8:19; ინ. 2:12), და თუმცა არ ეწინააღმდეგებოდა, ქრისტეს მოწაფე და მიმდევარი არ იყო (მთ. 12:46—50; ინ. 7:5). შესაძლოა, იაკობი თავის ურწმუნო ძმებთან ერთად მოუწოდებდა იესოს, ყველას დასანახავად წასულიყო კარვობის დღესასწაულზე, მაშინ როცა იუდეველი მმართველები მას მოკვლას უპირებდნენ (ინ. 7:1—10). შესაძლოა, ის იმ ნათესავებს შორის იყო, რომლებმაც იესოზე თქვეს, „ჭკუაზე შეიშალაო“ (მრ. 3:21).

მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის წინ, იაკობი თავის დედასთან, ძმებთან და მოციქულებთან ერთად იერუსალიმში ზემოთა ოთახში ლოცულობდა (სქ. 1:13, 14). როგორც ჩანს, სწორედ მას გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი იესო, რის შესახებაც 1 კორინთელების 15:7-ში ვკითხულობთ. ერთ დროს ურწმუნო იაკობი დარწმუნდა, რომ იესო ნამდვილად მესია იყო. ეს გვახსენებს პავლეს შემთხვევას, რომელსაც იესო გამოეცხადა (სქ. 9:3—5).

ამის შემდეგ იაკობი იერუსალიმის კრების გამორჩეული წევრი და, როგორც ჩანს, მოციქული გახდა (იხ. მოციქული [კრების მოციქულები]). იერუსალიმელ ძმებთან პირველი სტუმრობის შესახებ (დაახლ. ახ. წ. 36) პავლემ თქვა, რომ 15 დღე დარჩა პეტრესთან, მაგრამ მოციქულთაგან უფლის ძმის, იაკობის გარდა, ვერავინ ნახა (გლ. 1:18, 19). ციხიდან სასწაულებრივი გათავისუფლების შემდეგ პეტრემ მარკოზად წოდებული იოანეს სახლში ძმებს უთხრა: „ეს ყველაფერი იაკობსა და ძმებს შეატყობინეთ“, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იაკობი კრებაში პასუხისმგებელი პირი იყო (სქ. 12:12, 17). დაახლოებით ახ. წ. 49 წელს წინადაცვეთის საკითხის განსახილველად „მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ“ იერუსალიმში. პეტრეს, ბარნაბასა და პავლეს დამოწმების საფუძველზე იაკობმა სიტყვა წარმოთქვა და კრებულს გადაწყვეტილება შესთავაზა, რომელიც კრებულმა მოიწონა (სქ. 15:6—29; შდრ. სქ. 16:4). ამ შემთხვევის გახსენებისას პავლემ თქვა, რომ იერუსალიმში შეკრებილთა შორის იაკობი, კეფა და იოანე „ბურჯებად ითვლებოდნენ“ (გლ. 2:1—9). მესამე მისიონერული მოგზაურობის ბოლოს იერუსალიმში პავლემ დაწვრილებით უამბო იაკობსა და ყველა უხუცესს თავისი მსახურების შესახებ. თავის მხრივ, მათ კონკრეტული მითითებები მისცეს პავლეს (სქ. 21:15—26; იხ. აგრეთვე გლ. 2:11—14).

სწორედ იესოს ძმა იაკობმა დაწერა იაკობის სახელით ცნობილი წიგნი და არა მოციქულმა იაკობმა (ან ზებედეს ვაჟი, ან ალფეს ვაჟი), რაც ამ წიგნის შესავალი ნაწილიდან ჩანს. აქ დამწერი საკუთარ თავს მოციქულს კი არ უწოდებს, არამედ „ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონას“. მსგავსად, მისი ძმა იუდა საკუთარ თავს უწოდებს „იესო ქრისტეს მონასა და იაკობის ძმას“ (იაკ. 1:1; იუდ. 1). ორივე ძმა თავმდაბლურად მოერიდა იმის თქმას, რომ უფალ იესო ქრისტეს ხორციელი ძმები იყვნენ.

ვინაიდან იაკობი სამართლიანი კაცი იყო, გადმოცემის თანახმად, მას „იაკობ მართალი“ ეწოდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი მისი სიკვდილის შესახებ. მაგრამ ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ გამგებელი ფესტუსის სიკვდილის შემდეგ (დაახლ. ახ. წ. 62) მომდევნო გამგებლის, ალბინუსის მოსვლამდე მღვდელმთავარმა ანანიმ (ანანია) შეკრიბა სინედრიონის მოსამართლეები და მათ წინაშე წარადგინა მამაკაცი, სახელად იაკობი, ქრისტედ წოდებული იესოს ძმა, და სხვები. მან კანონის დარღვევაში დაადანაშაულა ისინი და ჩააქოლინა („იუდეველთა სიძველენი“, XX, 200 (ix, 1), ინგლ.).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება