საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იონა“
  • იონა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იონა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გულმოწყალების მაგალითი
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • გულმოწყალების მაგალითი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ბიბლიის წიგნი 32 — იონა
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იონა (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იონა“

იონა

[მტრედი].

1. „ამითაის ვაჟი“; იეჰოვას წინასწარმეტყველი ქალაქ გათ-ჰეფერიდან (2მფ. 14:25), რომელიც ზებულონის ტერიტორიის საზღვარზე მდებარეობდა (იეს. 19:10, 13). იეჰოვას მიერ იონას პირით ნათქვამი სიტყვისამებრ ისრაელის მეფე იერობოამ II-მ აღადგინა „ისრაელის საზღვარი ხამათის შესასვლელიდან არაბას ზღვამდე [მარილოვან ზღვამდე]“ (2მფ. 14:23—25; შდრ. კნ. 3:17). ასე რომ, იონა, სავარაუდოდ, იერობოამ II-ის მმართველობის დროს ათტომიანი სამეფოს წინასწარმეტყველი იყო. როგორც ჩანს, ის იგივე კაცია, რომელსაც იეჰოვამ ნინევეს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გაცხადება დაავალა (იონ. 1:1, 2). ამგვარად, ის ამავე სახელით ცნობილი წიგნის დამწერიცაა.

ნაცვლად იმისა, რომ თავისი დავალება შეესრულებინა და ნინეველებისთვის ექადაგა, იონამ დავალებისთვის გვერდის ავლა არჩია. საპორტო ქალაქ იოპეში მგზავრობის საფასური გადაიხადა და ავიდა ხომალდზე, რომელიც ნინევედან დასავლეთით სულ მცირე 3 500 კმ-ის მოშორებით მდებარე თარშიშში (ჩვეულებრივ, აკავშირებენ ესპანეთთან) მიდიოდა (იონ. 1:1—3; 4:2).

გემბანის ქვეშ ჩასულ იონას ღრმად ჩაეძინა. ამასობაში მეზღვაურები ცდილობდნენ ღვთის მიერ ამოგდებულ ძლიერ ქართან გამკლავებას, რომელმაც ხომალდი კინაღამ დაამსხვრია, თავიანთ ღმერთებს სთხოვდნენ შველას და ხომალდის შესამსუბუქებლად ნივთებს ზღვაში ყრიდნენ. ხომალდის მეთაურმა გააღვიძა იონა და უთხრა, მასაც თავისი ღვთისთვის მოეხმო. ბოლოს მეზღვაურებმა კენჭი ყარეს, რათა გაეგოთ, ვის გამო ამოვარდა ქარიშხალი. როგორც ჩანს, იეჰოვას ნებით კენჭი იონას ერგო. დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ არ შეასრულა ღვთისგან მიღებული დავალება. მას არ უნდოდა, რომ სხვები მის გამო დაღუპულიყვნენ, ამიტომ სთხოვა, ზღვაში გადაეგდოთ. როცა ხომალდის ხმელეთამდე მიყვანის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მეზღვაურები იონას მისი სიტყვისამებრ მოექცნენ და ზღვაც დაწყნარდა (იონ. 1:4—15).

წყალქვეშ მოქცეულ იონას თავზე წყალმცენარეები შემოეწნა. ბოლოს იგრძნო, რომ აღარ იძირებოდა — ის დიდი თევზის მუცელში აღმოჩნდა. მან ლოცვით მიმართა იეჰოვას, განადიდა იგი როგორც მხსნელი და დაჰპირდა, რომ აღთქმულს შეასრულებდა. მესამე დღეს თევზმა ხმელეთზე ამოანთხია წინასწარმეტყველი (იონ. 1:17—2:10).

რამდენად დამაჯერებელია, რომ ნინეველებმა იონას გაფრთხილების საპასუხოდ ჯვალოშემორტყმულებმა მოინანიეს?

ღმერთმა მეორედ დაავალა იონას ნინევეში წასვლა და ისიც დაადგა გრძელ გზას. «შევიდა იონა ქალაქში, ერთი დღის სავალ მანძილზე, მიდიოდა და თან აცხადებდა: „ორმოცი დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“» (იონ. 3:1—4). ბიბლიაში არ არის ნათქვამი, იცოდა თუ არა იონამ ასურული ენა, ან სასწაულებრივად მიეცა თუ არა მას ამ ენაზე ლაპარაკის უნარი. შესაძლოა, ის ებრაულად ქადაგებდა, მის ნათქვამს კი რომელიმე ამ ენის მცოდნე თარგმნიდა. ასეთ შემთხვევაში იონას სიტყვები ალბათ დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავდა ხალხში და ბევრს გაუჩნდებოდა სურვილი, გაეგო, რას ამბობდა ეს უცხოელი.

ზოგი კრიტიკოსი დაუჯერებლად მიიჩნევს, რომ ნინეველები, მეფის ჩათვლით, გამოეხმაურნენ იონას ქადაგებას (იონ. 3:5—9). საინტერესოა, რა აღნიშნა ამის თაობაზე ბიბლეისტმა კ. კაილმა: „თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლური ხალხების ემოციურობას, უზენაესის მიმართ აზიის წარმართული რელიგიებისთვის დამახასიათებელ მოწიწებასა და იმას, რომ ასურეთში უძველესი დროიდან დიდად აფასებდნენ წინასწარმეტყველებებსა თუ ორაკულებს, სავსებით დამაჯერებელია, რომ იონას ქადაგებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნინეველებზე, რომ მთელმა ქალაქმა ჯვალოსა და ნაცარში მოინანია ... აგრეთვე, ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოება — შეუძლებელია, უცხოელს, რომელიც ყოველგვარი პირადი გამორჩენის გარეშე უდიდესი სითამამით ამხელდა ამ დიდებული სამეფო ქალაქის უღვთო საქმეებს და ღვთის მიერ გაგზავნილი წინასწარმეტყველისთვის ჩვეული დამაჯერებლობით აცხადებდა კარსმომდგარ განადგურებას, უდიდესი შთაბეჭდილება არ მოეხდინა ხალხზე, მით უმეტეს, თუ ისრაელ წინასწარმეტყველთა სასწაულების ამბავმა ნინევემდეც მიაღწია“ (Commentary on the Old Testament, 1973, ტ. X, იონა 3:9, გვ. 407, 408).

გავიდა ორმოცი დღე, მაგრამ ნინევე არ განადგურებულა. იონას ძალიან არ ესიამოვნა, რომ იეჰოვამ უბედურება არ დაატეხა ქალაქს. მან ისიც კი სთხოვა ლოცვაში ღმერთს, რომ მოეკლა. იეჰოვამ საპასუხოდ ჰკითხა იონას: „უნდა განრისხებულიყავი?!“ (იონ. 3:10—4:4). ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა დატოვა ქალაქი, გაიკეთა საჩრდილობელი და იქ, ნინევეს აღმოსავლეთით, ელოდა, რომ ენახა, რა დაემართებოდა ქალაქს (იონ. 4:5).

იონას ძალიან გაუხარდა, რომ სასწაულებრივად ამოსულმა აყირომ დაჩრდილა. მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მეორე დღეს, გამთენიისას, მატლმა გააფუჭა აყირო და ისიც ნელ-ნელა გახმა. ჩრდილის გარეშე დარჩენილ იონას აღმოსავლეთის ცხელმა ქარმა დაუბერა და მცხუნვარე მზემ დააჭირა. მან კვლავ ითხოვა სიკვდილი (იონ. 4:6—8).

აყიროს მეშვეობით ღმერთმა იონას გულმოწყალება ასწავლა. წინასწარმეტყველს დაენანა აყირო. შესაძლოა, იონას ვერ გაეგო, რატომ უნდა გამხმარიყო ის. მაგრამ მას არც დაურგავს ის და არც გაუზრდია. იეჰოვას, როგორც შემოქმედსა და სიცოცხლის წყაროს, გაცილებით მეტი მიზეზი ჰქონდა, დანანებოდა ნინევე. იქ მცხოვრები ხალხი და მათი ცხვარ-ძროხა ერთ აყიროზე ბევრად ძვირფასნი იყვნენ. ამიტომ იეჰოვამ ჰკითხა იონას: „ჰოდა, მე დიდი ქალაქი ნინევე არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი შინაური ცხოველია?!“ (იონ. 4:9—11). იონამ გულახდილად აღწერა თავსგადამხდარი, რაც იმაზე მოწმობს, რომ მან ისწავლა გაკვეთილი.

შესაძლოა, იონა მოგვიანებით იერუსალიმის ტაძარში შეხვდა ერთ-ერთ მათგანს, ვინც იოპედან თარშიშში მიმავალ გემზე იმყოფებოდა, და შეიტყო იმ აღთქმების შესახებ, რომლებიც ქარიშხლის ჩადგომის შემდეგ მეზღვაურებმა დადეს (იონ. 1:16; შდრ. იონ. 2:4, 9; იხ. იონა (ბიბლიის წიგნი); ნინევე).

2. პეტრე და ანდრია მოციქულების მამა (მთ. 16:17; ინ. 1:40—42); ზოგ ხელნაწერში იოანეს 1:42-სა და 21:15—17-ში მას აგრეთვე ეწოდება იოანე.

[რუკა]

იოპე

ნინევე

დიდი ზღვა

თარშიში

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება