ლევიანები (ბიბლიის წიგნი)
ეს არის ხუთწიგნეულის მესამე წიგნი, რომელიც შეიცავს ღვთის კანონებს შესაწირავების, სიწმინდისა და თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. ლევიანი მღვდლები, რომლებიც მიჰყვებოდნენ მასში ჩაწერილ მითითებებს, ასრულებდნენ წმინდა მსახურებას „იმ ადგილას, რომელიც ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებ. 8:3—5; 10:1).
რა პერიოდს მოიცავს. წიგნი მოიცავს ერთთვიან პერიოდს. ის ძირითადად წარმოადგენს იეჰოვას მითითებების ჩამონათვალს და არა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომხდარი ამბების მონათხრობს. „გამოსვლის“ ბოლო თავში, რომელიც „ლევიანებს“ უძღვის წინ, ნათქვამია, რომ კარავი გაშალეს ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წლის პირველი თვის პირველ დღეს (გმ. 40:17). შემდეგ წიგნ „რიცხვების“ (მოსდევს „ლევიანებს“) პირველ მუხლებში (ლვ. 1:1—3) ჩაწერილია, რომ „ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს“ ღმერთმა ხალხის აღრიცხვა დაავალა მოსეს.
სად და როდის დაიწერა. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ წიგნი ძვ. წ. 1512 წელს უდაბნოში სინას მთასთან დაიწერა. ამას ადასტურებს მითითებები, რომლებიც ბანაკში ცხოვრებას ეხება (ლვ. 4:21; 10:4, 5; 14:8; 17:1—5).
დამწერი. ზემოხსენებული იმაზე მიუთითებს, რომ წიგნი მოსემ დაწერა. ინფორმაცია მან იეჰოვასგან მიიღო (ლვ. 26:46), რასაც ადასტურებს წიგნის ბოლო სიტყვები: „ეს არის მცნებები, სინას მთაზე ისრაელის ძეებისთვის მიცემული ბრძანებები, რომლებიც იეჰოვამ მისცა მოსეს“ (27:34). ამასთან, „ლევიანები“ ხუთწიგნეულის ნაწილია, რომლის დამწერადაც ჩვეულებრივ მოსეს მიიჩნევენ. დედნისეულ ენაზე „ლევიანები“ იწყება „და“ კავშირით, რომელიც მას „გამოსვლასთან“ და, შესაბამისად, მთელ ხუთწიგნეულთან აკავშირებს. გარდა ამისა, იესო ქრისტე და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები მოიხსენიებდნენ მასში ჩაწერილს, რაც ცხადყოფს, რომ მას მოსეს დაწერილად და ხუთწიგნეულის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ ქრისტეს მიერ ლევიანების 14:1—32-ზე (მთ. 8:2—4) მინიშნება, ლუკას მიერ ლევიანების 12:2—4, 8-ის (ლკ. 2:22—24) ციტირება და პავლეს მიერ ლევიანების 18:5-ის (რმ. 10:5) პარაფრაზი.
„ლევიანების“ მკვდარი ზღვის ხელნაწერები. მკვდარი ზღვის ხელნაწერებიდან ცხრა შეიცავს „ლევიანების“ მონაკვეთებს. ოთხი მათგანი, რომლებიც სავარაუდოდ ძვ. წ. 125—75 წლებით თარიღდება, დაწერილია ძველებრაული დამწერლობით, რომელიც ბაბილონის ტყვეობამდე გამოიყენებოდა.
რამდენად ღირებულია. ღმერთი დაჰპირდა ისრაელს, რომ მორჩილების შემთხვევაში „მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად“ იქცეოდნენ მისთვის (გმ. 19:6). „ლევიანებიდან“ ვიგებთ, როგორ დაუყენა ღმერთმა თავის ერს სამღვდელოება და მისცა მითითებები, რომლებიც მის თვალში ერს სიწმინდის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი „წმინდა ერის“ მხოლოდ პირველსახე იყო და მისი სამღვდელოება წმინდა მსახურებას იმ ადგილას ასრულებდა, „რომელიც ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებ. 8:4, 5), დაცვის შემთხვევაში ღვთის კანონი სიწმინდეს შეუნარჩუნებდა მათ და ღვთის „სამეფო სამღვდელოებისა“ და „წმინდა ერის“ წევრებად გახდომის შესაძლებლობას მისცემდა (1პტ. 2:9). მაგრამ ისრაელთა დიდი ნაწილის ურჩობის გამო მათ დაკარგეს შესაძლებლობა, რომ ღვთის სამეფო მხოლოდ მათგან ჩამოყალიბებულიყო, როგორც ეს იესომ უთხრა იუდეველებს (მთ. 21:43). მიუხედავად ამისა, „ლევიანებში“ ჩაწერილი კანონები ძალიან ძვირფასი იყო მათი დამცველებისთვის.
სანიტარიასთან, კვებასა და ზნეობასთან დაკავშირებული კანონები მათ დაავადებებისა და გარყვნილებისგან დაიცავდა (ლვ. თ-ები 11—15, 18). მაგრამ ეს კანონები განსაკუთრებით მათ სულიერ კეთილდღეობას მოემსახურებოდა, რადგან წარმოდგენას უქმნიდა იეჰოვას სიწმინდესა და სიმართლეზე და ეხმარებოდა, მის მოსაწონად ეცხოვრათ (11:44). უფრო მეტიც, კანონის ამ ნაწილში ჩაწერილი მითითებები იყო აღმზრდელი, რომელსაც მორწმუნეები მიჰყავდა იესო ქრისტემდე, ღვთის დიდებულ მღვდელმთავრამდე, ვისაც კანონით გათვალისწინებული ყველა შესაწირავი განასახიერებდა (გლ. 3:19, 24; ებ. 7:26—28; 9:11—14; 10:1—10).
„ლევიანები“ კვლავაც ძვირფასია მათთვის, ვისაც სურს, იეჰოვას მოსაწონი მსახური იყოს. რწმენას გვიმტკიცებს იმის გამოკვლევა, თუ როგორ შესრულდა იესო ქრისტეზე, მის გამოსასყიდსა და ქრისტიანულ კრებაზე სხვადასხვა წინასწარმეტყველური ნიმუში. თუმცა ქრისტიანები აღარ ექვემდებარებიან კანონის შეთანხმებას (ებ. 7:11, 12, 19; 8:13; 10:1), „ლევიანებში“ ჩაწერილი მითითებები მათ ამა თუ იმ საკითხზე ღვთის თვალსაზრისის გაგებაში ეხმარება. ასე რომ, წიგნი დღეისთვის მშრალი და უსარგებლო კანონების კრებული კი არა, გამოსადეგი ინფორმაციის წყაროა. ამა თუ იმ საკითხზე ღვთის თვალსაზრისის გაგება, რომელთაგან ზოგი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არ განიხილება, ქრისტიანებს ეხმარება, მოერიდონ ღვთისთვის მიუღებელ აზროვნებასა თუ საქციელს და ღვთისმოსაწონად იცხოვრონ.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ლევიანებიდან
წიგნში ჩაწერილია ღვთის კანონები, განსაკუთრებით ისრაელში მღვდლების მსახურებასთან დაკავშირებული კანონები, რომლებიც მთელი ერის სასიკეთოდ ყურადღებას ამახვილებდა ცოდვის სერიოზულობასა და სიწმინდის აუცილებლობაზე, რადგან იეჰოვა წმინდაა.
დაწერა მოსემ ძვ. წ. 1512 წელს, როცა ისრაელი სინას მთასთან იყო დაბანაკებული.
აარონისა და მისი ვაჟების მღვდლებად დანიშვნა და მღვდელმსახურების დაწყება
მოსე ასრულებს დანიშვნის შვიდდღიან წესს (8:1—36).
მერვე დღეს მღვდლები იწყებენ მსახურებას. მოწონების ნიშნად იეჰოვას დიდება ეცხადება მათ და მისგან გამოსული ცეცხლი სამსხვერპლოდან შთანთქავს შესაწირავს (9:1—24).
უკანონო ცეცხლის შეწირვის გამო იეჰოვა კლავს ნადაბსა და აბიჰუს, რის შემდეგაც საწმინდარში მსახურების დროს იკრძალება ალკოჰოლური სასმელების დალევა (10:1—11).
დგინდება მოთხოვნები მღვდლებისთვის და ეძლევათ მითითებები იმის ჭამაზე, რაც წმინდაა (21:1—22:16).
შესაწირავები ღმერთთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად
კანონები დასაწვავად შესაწირავი ცხოველების შესახებ და მათი სამსხვერპლოზე მიტანის წესი (1:1—17; 6:8—13; 7:8).
მითითებები სხვადასხვა მარცვლეულ შესაწირავზე და მათი შეწირვის წესი (2:1—16; 6:14—18; 7:9, 10).
მითითებები მშვიდობის მსხვერპლის მიტანის შესახებ; სისხლისა და ქონის ჭამის აკრძალვა (3:1—17; 7:11—36).
მითითებები, რომელი ცხოველი უნდა შეეწირა ცოდვის შესაწირავად მღვდელს, ისრაელის კრებულს, თავკაცსა და რიგით ისრაელს და შეწირვის წესი (4:1—35; 6:24—30).
კანონები, თუ როდის უნდა შეეწირათ დანაშაულის შესაწირავი (5:1—6:7; 7:1—7).
მითითებები მღვდლის ცხების დღეს შესაწირავის მიტანაზე (6:19—23).
ყველა შესაწირავი საღი უნდა იყოს. ჩამონათვალი, რა და რა ნაკლის გამო იქნებოდა შესაწირი ცხოველი მიუღებელი (22:17—33).
მითითებები გამოსყიდვის დღის ჩატარებასა და ხარისა და ორი თხის შეწირვის შესახებ, რომელთაგან ერთი თხა იეჰოვასთვის უნდა შეეწირათ, მეორე — აზაზელისთვის (16:2—34).
დაწვრილებითი მითითებები უწმინდურების თავიდან ასარიდებლად და სიწმინდის შესანარჩუნებლად
ზოგი ცხოველი წმინდაა და საკვებად ვარგისი, ზოგი კი — უწმინდური და საკვებად უვარგისი. მკვდართან შეხება აუწმინდურებს (11:1—47).
მშობიარობის შემდეგ ქალი უნდა განიწმინდოს თავისი უწმინდურებისგან (12:1—8).
დაწვრილებითი მითითებები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კეთრის შემთხვევაში (13:1—14:57).
სასქესო ორგანოდან გამონადენი აუწმინდურებს, ამიტომ საჭიროა განწმენდა (15:1—33).
სიწმინდის შესანარჩუნებლად ადამიანმა უნდა დაიცვას სისხლის სიწმინდე, მოერიდოს სისხლის აღრევას, სოდომიას, ზოოფილიას, ცილისწამებას, სპირიტიზმსა და სხვა სისაძაგლეებს (17:1—20:27).
შაბათები და ყოველწლიური დღესასწაულები
მითითებები შაბათის დღეებსა და წლებზე და იუბილესთან დაკავშირებული პრინციპები (23:1—3; 25:1—55).
დაწვრილებითი მითითებები, როგორ უნდა ეზეიმათ უფუარობის ყოველწლიური დღესასწაული (პასექის შემდეგ) და კვირების დღესასწაული (მოგვიანებით ორმოცდამეათე დღის დღესასწაული ეწოდა) (23:4—21).
მითითებები, როგორ უნდა აღენიშნათ გამოსყიდვის დღე და კარვობის დღესასწაული (23:26—44).
მორჩილებისა და დაუმორჩილებლობის შედეგები
მორჩილებისთვის კურთხევა იქნება უხვი მოსავალი, მშვიდობა და უსაფრთხოება (26:3—13).
დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი იქნება ავადმყოფობა, მტრისგან დამარცხება, შიმშილი, ქალაქების განადგურება, ქვეყნის გაპარტახება და გადასახლება (26:14—45).