მელქისედეკი
[მეფე სიმართლისა]
ძველი სალემის მეფე და „უზენაესი ღვთის [იეჰოვას] მღვდელი“ (დბ. 14:18, 22). ბიბლიაში მოხსენიებული პირველი მღვდელი, რომელსაც ეს მდგომარეობა ძვ. წ. 1933 წლამდე უკვე ეკავა. მელქისედეკს, როგორც სალემის (ნიშნავს მშვიდობას) მეფეს, მოციქული პავლე მოიხსენიებს „მშვიდობის მეფედ“ და მისი სახელის მნიშვნელობიდან გამომდინარე — „სიმართლის მეფედ“ (ებ. 7:1, 2). როგორც მიიჩნევენ, ძველი სალემი მოგვიანებით ქალაქ იერუსალიმის ბირთვი გახდა და ამ უძველესი ქალაქის სახელი მის ახალ სახელში შენარჩუნდა. ამიტომ ბიბლიაში იერუსალიმი ზოგჯერ სალემად არის მოხსენიებული (ფს. 76:2).
ქედარლაომერისა და მისი მოკავშირე მეფეების დამარცხების შემდეგ აბრამი (აბრაამი) შავეს ველზე ანუ „მეფის ველზე“ მივიდა. იქ „მელქისედეკმა პური და ღვინო გამოიტანა“, აკურთხა აბრაამი და უთხრა: „აბრამ, კურთხეული იყავ უზენაესი ღვთისგან, ზეცისა და დედამიწის შემქმნელისგან! კურთხეული იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მჩაგვრელები!“. მაშინ აბრაამმა მეფე-მღვდელს „ყველაფრის მეათედი მისცა“, რაც მოკავშირე მეფეების წინააღმდეგ წარმატებული ლაშქრობის შედეგად მოპოვებული „საუკეთესო ნადავლის მეათედი“ იყო (დბ. 14:17—20; ებ. 7:4).
ასიმბოლოებს ქრისტეს მღვდლობას. მესიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებაში იეჰოვა დავითის „უფალს“ ფიცით აღუთქვამს: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით!“ (ფს. 110:1, 4). ამ ღვთივშთაგონებულმა ფსალმუნმა ებრაელებს საფუძველი მისცა ეფიქრათ, რომ აღთქმული მესია მეფეც იქნებოდა და მღვდელიც. მოციქულმა პავლემ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში თქვა, რომ იესო „მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით“, რითაც ნაწინასწარმეტყველები პიროვნების ვინაობის შესახებ ყველა ეჭვი გაფანტა (ებ. 6:20; 5:10; იხ. შეთანხმება).
იეჰოვას მიერ დანიშნული. აშკარაა, მელქისედეკი იეჰოვამ დანიშნა მღვდლად. როცა მოციქული პავლე საუბრობდა იესო ქრისტეს მდგომარეობაზე, როგორც დიდ მღვდელმთავარზე, აღნიშნა, რომ „ადამიანი თავისით კი არ იღებს ამ პატივს, არამედ, როცა მას ღმერთი მოუწოდებს, როგორც აარონს მოუწოდა“. მან აგრეთვე ახსნა: «ქრისტესაც არ განუდიდებია საკუთარი თავი იმით, რომ მღვდელმთავარი გახდა, არამედ ის მან განადიდა, ვინც უთხრა: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“». ამის შემდეგ კი მოციქულმა ფსალმუნის 110:4-ში ნათქვამი წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს დაუკავშირა (ებ. 5:1, 4—6).
ლევისგან მეათედის მიღება. მელქისედეკის სამღვდელო მდგომარეობა ისრაელის სამღვდელოებასთან არ იყო დაკავშირებული; როგორც ბიბლია მიუთითებს, მას აარონის შთამომავალ მღვდლებზე მაღალი მდგომარეობა ეკავა. ამაზე მოწმობს აბრაამის, მთელი ისრაელი ერის, მათ შორის ლევის სამღვდელო ტომის წინაპრის მიერ მელქისედეკისადმი პატივისცემის გამოვლენა. აბრაამმა, „იეჰოვას მეგობარმა“, რომელიც ყველა „მორწმუნის მამა“ გახდა (იაკ. 2:23; რმ. 4:11), მეათედი მისცა უზენაესი ღვთის ამ მღვდელს. პავლე ამბობს, რომ ლევიანები მეათედს იღებდნენ თავიანთი ძმებისგან, რომლებიც აგრეთვე აბრაამის საზარდულიდან იყვნენ გამოსული. მაგრამ ის აღნიშნავს, რომ მელქისედეკმა, „რომელიც მათი გვარიდან არ იყო, აბრაამისგან მეათედი აიღო“ და „აბრაამის მეშვეობით თვით ლევიმაც, რომელიც მეათედს იღებს, გადაიხადა მეათედი, რადგან ის ჯერ კიდევ თავისი წინაპრის საზარდულში იყო, როცა მელქისედეკი შეეგება“. მართალია, ლევიანი მღვდლები ისრაელებისგან მეათედს იღებდნენ, მაგრამ მათაც თავიანთი წინაპრის, აბრაამის მეშვეობით მეათედი გადაუხადეს მელქისედეკს. გარდა ამისა, მელქისედეკის მღვდლობის აღმატებულობა იქიდანაც გამოჩნდა, რომ მან აკურთხა აბრაამი. პავლემ აღნიშნა, რომ „მცირე იკურთხება დიდის მიერ“. ეს ფაქტორები ცხადყოფს, რომ მელქისედეკი მართებულად ასიმბოლოებს დიდ მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს (ებ. 7:4—10).
არც წინამორბედები ჰყავდა და არც შემცვლელები. პავლემ ნათლად თქვა, რომ სრულყოფილების მიღწევა ლევიანთა სამღვდელოების მეშვეობით შეუძლებელი იყო, ამიტომ აუცილებელი გახდა მღვდლის გამოჩენა „მელქისედეკის წესით“. მან აღნიშნა, რომ იესო ქრისტე იუდას ტომიდან, არასამღვდელო ტომიდან გამოჩნდა, თუმცა იესოსა და მელქისედეკს შორის მსგავსებაზე საუბრისას თქვა, რომ იესო „ხორციელი მცნებებისგან შემდგარი კანონთა კრებულის საფუძველზე კი არ გახდა მღვდელი, არამედ მოუსპობელი სიცოცხლის ძალის საფუძველზე“. აარონი და მისი ვაჟები ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ქრისტე — იეჰოვას ფიცით. აგრეთვე ლევიანი მღვდლები კვდებოდნენ და შემცვლელებს საჭიროებდნენ, მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტეს „მღვდლობა კი უცვლელია, რადგან ის მარადიულად ცოცხლობს“, რის გამოც „მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებ. 7:11—25).
როგორ შეიძლებოდა, მელქისედეკს არც დღეთა დასაწყისი ჰქონოდა და არც სიცოცხლის დასასრული?
პავლე მელქისედეკის შესახებ განსაკუთრებულ ფაქტს აღნიშნავს: „უმამო, უდედო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაწყისი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსი გახდა და მარადიულად მღვდლად რჩება“ (ებ. 7:3). სხვა ადამიანების მსგავსად, მელქისედეკი დაიბადა და მოკვდა, თუმცა მისი მშობლების, წინაპრებისა თუ შთამომავლების ვინაობა უცნობია. ბიბლიაში არც მისი დაბადებისა და სიკვდილის დროა მოხსენიებული. ასე რომ, მელქისედეკი მართებულად არის იესო ქრისტეს პირველსახე, რომლის მღვდლობაც უსასრულოა. მელქისედეკის მსგავსად ქრისტესაც არ ჰყოლია თავისი მსგავსი წინამორბედი მღვდელმთავარი და, როგორც ბიბლიიდან ჩანს, არც არავინ შეცვლის მას. ამასთანავე, თუმცა იესო იუდას ტომში, დავითის სამეფო ხაზში დაიბადა, მას თავისი ხორციელი წინაპრების გამო არ მიუღია მეფობა და მღვდლობა. ეს ყველაფერი იეჰოვას ფიცის წყალობით გახდა შესაძლებელი.
იერუსალიმის თარგუმის თანახმად, მელქისედეკი იყო ნოეს ვაჟი სემი. ამ შეხედულებამ ფართო აღიარება მოიპოვა ებრაელებსა და სხვებში. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სემი ცოცხალი იყო და მან აბრაამის ცოლზე, სარაზე დიდხანს იცოცხლა, თან ნოემაც განსაკუთრებით აკურთხა ის (დბ. 9:26, 27), ზემოხსენებული შეხედულება დადასტურებული არ არის. ფაქტი ის არის, რომ ბიბლია არ გვიმხელს მელქისედეკის წარმომავლობას, გენეალოგიასა და შთამომავლობას. არსებობს ამის საფუძვლიანი მიზეზი, რადგან ამგვარად მას შეეძლო ყოფილიყო იესო ქრისტეს პირველსახე, რომელიც იეჰოვას ფიცით „მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებ. 6:20).