მიქა (ბიბლიის წიგნი)
ებრაული წერილების ერთ-ერთი წინასწარმეტყველური წიგნი, რომელშიც ჩაწერილია სამარიისა და იერუსალიმის შესახებ მიქას პირით წარმოთქმული იეჰოვას სიტყვა (იხ. მიქა №7). ის შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, რომელთაგან თითოეული იწყება სიტყვით „ისმინეთ!“ (მქ. 1:2; 3:1; 6:1).
სამარიის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველურ სიტყვებს მიქა ძვ. წ. 740 წელს ამ ქალაქის განადგურებამდე წარმოთქვამდა და, როგორც ჩანს, ხიზკიას მმართველობის დასრულებამდე ჩაწერდა.
მიქას დროს ისრაელსა და იუდაში სავალალო ზნეობრივი მდგომარეობა იყო. წინამძღოლები ჩაგრავდნენ ხალხს, განსაკუთრებით ღარიბებს. მოსამართლეები, მღვდლები და წინასწარმეტყველები ფულის გარეშე არაფერს აკეთებდნენ. გამრავლდა კერპთაყვანისმცემლობა, თაღლითობა, უსამართლობა და სისხლის ღვრა. ადამიანი ახლო მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც კი ვეღარ ენდობოდა (მქ. 1:7; 2:1, 2; 3:1—3, 9—12; 6:12; 7:2—6).
მიქას წიგნი დაუფარავად საუბრობს ისრაელისა და იუდას ცოდვებზე. თუმცა წინასწარმეტყველებს სამარიისა და იერუსალიმის განადგურებას მათი ცოდვებისთვის (მქ. 1:5—9; 3:9—12), ის აგრეთვე შეიცავს აღორძინებისა და ღვთის კურთხევების შესახებ დაპირებებს (4:1—8; 5:7—9; 7:15—17).
წიგნის უტყუარობა ეჭვს არ ბადებს. ის ეთანხმება წმინდა წერილების დანარჩენ წიგნებს და იეჰოვას გულმოწყალე და მოსიყვარულე ღმერთად აღწერს, რომელიც პატიობს დანაშაულს და გვერდს უვლის ცოდვას (მქ. 7:18—20; შდრ. გმ. 34:6, 7; ფს. 86:5). იუდეველები ოდითგანვე აღიარებდნენ მას კანონიკურ წიგნად. მიქას დროიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ წინასწარმეტყველ იერემიას დასაცავად იუდას ზოგიერთმა უხუცესმა იერუსალიმის განადგურების შესახებ მიქას სიტყვები გაიმეორა, რომლებიც მან ხიზკიას მმართველობის დროს წარმოთქვა (იერ. 26:17—19; შდრ. მქ. 3:12). საუკუნეების შემდეგ იუდეველთა უფროსი მღვდლები და მწიგნობრები მიქას წინასწარმეტყველების საფუძველზე დარწმუნებით ამბობდნენ, რომ ქრისტე ბეთლემში დაიბადებოდა (მთ. 2:3—6; შდრ. მქ. 5:2). სამარიაზე, იერუსალიმსა და მესიაზე ანუ ქრისტეზე შესრულებული წინასწარმეტყველებები ადასტურებს, რომ წიგნი ღვთივშთაგონებულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იესოს სიტყვები, „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“, ძალიან ჰგავს მიქას 7:6-ში ჩაწერილს (მთ. 10:21, 35, 36).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები მიქადან
წიგნი დაუფარავად ამხელს ისრაელისა და იუდას ცოდვებს, წინასწარმეტყველებს სამარიისა და იერუსალიმის განადგურებას და შეიცავს დაპირებებს აღორძინების შესახებ.
მოიცავს ძვ. წ. 740 წელს სამარიის განადგურებამდე პერიოდს და, შესაძლოა, მის შემდგომ პერიოდსაც.
ისრაელისა და იუდას ცოდვები დაპირისპირებულია იეჰოვას სამართლიან მოთხოვნებთან
მჩაგვრელები წვანან თავიანთ საწოლებში და იმაზე ფიქრობენ, როგორ წაართვან სხვებს სახლები და მინდვრები. განთიადისას ისინი ახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს (2:1, 2).
ძარცვავენ არხეინად მიმავალთ; არ ინდობენ ქალებსა და ბავშვებს (2:8, 9).
ისინი, ვინც სამართალი უნდა გააჩინოს, ხალხს ცხოველებივით ექცევიან (3:1—3).
ცრუწინასწარმეტყველები იძახიან, მშვიდობააო, მაგრამ ომს უცხადებენ ყველას, ვინც „პირში არაფერს ჩაუდებს მათ“ (3:5).
თუმცა მოსამართლეები, მღვდლები და წინასწარმეტყველები მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობენ, მაინც აცხადებენ, რომ იეჰოვა მათთანაა (3:9—11).
ქვეყანაში ერთგული თითქმის აღარავინ დარჩა. მთავრები და მოსამართლეები ქრთამს ითხოვენ, ოჯახის წევრებიც კი აღარ არიან სანდო (7:1—6).
იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტიდან გაათავისუფლა, ხელმძღვანელობდა და იცავდა მათ. ამიტომ ვერანაირი მსხვერპლი ვერ გამოისყიდის მათ ურჩობას (6:3—7).
იეჰოვა ითხოვს მათგან სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მასთან ერთად მოკრძალებულად სიარულს (6:8).
იეჰოვას განაჩენი ისრაელზე. ის არც იუდას დაინდობს
იეჰოვას განაჩენის აღსრულებისას სამარია ნანგრევების გორად იქცევა. უბედურება იუდასა და იერუსალიმსაც არ ასცდება (1:3—16).
ისრაელს უბედურება დაატყდება. მისი მინდვრები სხვებს დაუნაწილდება (2:3—5).
იეჰოვა დაჰკრავს თავის ხალხს. შეჭამენ, მაგრამ ვერ გაძღებიან, დათესავენ, მაგრამ ვერ მოიმკიან (6:13—16).
ღმერთი შეკრებს ხალხის დარჩენილ ნაწილს. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღზევდება
ღმერთი ისრაელის დარჩენილ ნაწილს შეკრებს, როგორც „ფარას ფარეხში“. მათი მეფე გაივლის მათ წინაშე და იეჰოვა იდგება მათ სათავეში (2:12, 13).
უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა გორებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ ხალხები დენას. ისინი განისწავლებიან იეჰოვასგან და აღარ ისწავლიან ომს (4:1—4).
სამშობლოში დაბრუნებული ხალხი იეჰოვას სახელით ივლის. სიონი მტკიცედ დაუდგება თავის მტრებს (4:5—13).
ბეთლემში დაიბადება მმართველი, რომელიც იეჰოვას სახელით დამწყემსავს ხალხს. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში შეჭრილი ასურელი უკუიქცევა. იაკობის დარჩენილი ნაწილი გამომაცოცხლებელი ნამივით და ძლიერი ლომივით იქნება (5:2—9).
იეჰოვა განწმენდს თავის ხალხს კერპთაყვანისმცემლობისგან და შურს იძიებს ურჩ ერებზე (5:10—15).
მიენდეთ იეჰოვას. მტრულად განწყობილი „ქალის“ სიხარული შეწყდება, როცა იეჰოვა ყურადღებას მიაქცევს თავის მომნანიებელ ხალხს და მათთვის საოცრებებს მოიმოქმედებს, რის გამოც მათ შემხედვარე ერებს შიში შეიპყრობთ. იეჰოვა ცოდვებს აპატიებს თავის ხალხს (7:7—20).