სპილენძის ზღვა
სოლომონის მეფობის დროს აგებული ტაძრის სპილენძის დიდი ავზი, რომელმაც მანამდე არსებული კარვის სპილენძის აუზი ჩაანაცვლა (გმ. 30:17—21; 1მფ. 7:23, 40, 44). სპილენძის ზღვა დაამზადა დედით ებრაელმა და მამით ფინიკიელმა ხირამმა. ამ ავზს ზღვა, როგორც ჩანს, იმიტომ ეწოდა, რომ დიდი რაოდენობით წყალს იტევდა. ეს ჭურჭელი „ერთი კიდიდან მეორემდე ათი წყრთა იყო [4,5 მ]; სიმაღლით ხუთი წყრთა [2,2 მ] იყო და გარშემო ოცდაათი წყრთა [13,4 მ] თოკი შემოსწვდებოდა“ (1მფ. 7:23).
გარშემოწერილობა. სპილენძის ზღვის გარშემოწერილობად დასახელებული 30 წყრთა დამრგვალებული ციფრია. უფრო ზუსტი დაანგარიშებით იგი 31,4 წყრთა იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით თეოლოგ კრისტოფერ უორდსუორთს მოჰყავს ვინმე რენის კომენტარი: „არქიმედეს დრომდე [ძვ. წ. III ს.] წრეწირის გარშემოწერილობას ყოველთვის მისი რადიუსის სიგრძის სწორი ხაზებით ზომავდნენ. ხირამმაც სწორედ ასე გაზომა სპილენძის ზღვის გარშემოწერილობა და შედეგად 30 წყრთა მიიღო. მისი ხუთწყრთიანი რადიუსი, ანუ დიამეტრის ნახევარი, ექვსჯერ ჩაეტია სპილენძის ზღვის წრეხაზში, რამაც 30 წყრთა შეადგინა. როგორც ჩანს, ზღვის პერიმეტრის მოყვანას მხოლოდ ის მიზანი ჰქონდა, რომ მისი მასშტაბი ხალხისთვის თვალსაჩინო ყოფილიყო. ხირამმა ზღვის გარშემოწერილობა ისე გაზომა, როგორც მისი თანამედროვე ოსტატები გაზომავდნენ. თუმცა მას კარგად ეცოდინებოდა, რომ წრეში ჩასმული ექვსკუთხედის პერიმეტრთან შედარებით, რომლის თითო გვერდი ამავე წრის რადიუსის ტოლი იყო და რომელიც 30 წყრთას შეადგენდა, სპილენძის ზღვის გარშემოწერილობა მეტი იქნებოდა“ (Notes on the King James Version, ლონდონი, 1887). როგორც ვხედავთ, იმ დროს მიღებული იყო წრეწირის გარშემოწერილობის გაზომვა მისი დიამეტრის სამზე გამრავლებით, რაც მხოლოდ მიახლოებითი ზომის მიღების საშუალებას იძლეოდა.
დამზადება. სპილენძის ზღვას გოგრისებური ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული და თორმეტი ხარის ქანდაკებაზე იდგა, რომელთაგან სამს პირი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა მიქცეული, სამს — სამხრეთისკენ, სამს — აღმოსავლეთისკენ და სამსაც — დასავლეთისკენ. ზღვის კიდე შროშანის ყვავილს ჰგავდა. ვინაიდან ამ ჭურჭლის სისქე ერთი ხელის დადება [7,4 სმ] იყო, მისი წონა 30 ტონა იქნებოდა (1მფ. 7:24—26). ამ რაოდენობის სპილენძი დავითს მოხარკე სირიელებისგან ჰქონდა წამოღებული (1მტ. 18:6—8). სპილენძის ზღვა იორდანის მხარეში ჩამოასხეს თიხის ყალიბში, რაც იმ დროისთვის უდიდესი მიღწევა იყო (1მფ. 7:44—46).
ტევადობა. 1 მეფეების 7:26-ში ნათქვამია, რომ ზღვის „ტევადობა ორი ათასი ბათი იყო“, ხოლო პარალელურ მუხლში, კერძოდ, 2 მატიანის 4:5-ში წერია, რომ „ის სამი ათას ბათს იტევდა“. ზოგის აზრით, ამ სხვაობის მიზეზი „მატიანის“ გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომაა. მართალია ორივე მუხლში ერთი და იგივე ებრაული ზმნა „იტევს“ არის გამოყენებული, მაგრამ ის სხვადასხვაგვარად თარგმნის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, ზოგ თარგმანში, 1 მეფეების 7:26-ში წერია, რომ ამ ჭურჭელში 2 000 ბათი ესხა, ხოლო 2 მატიანის 4:5-ში ვკითხულობთ, რომ ის 3 000 ბათს იტევდა (AT, JB). „მეფეებში“, როგორც ჩანს, საუბარია წყლის იმ მოცულობაზე, რომელიც სპილენძის ზღვაში ესხა, ხოლო „მატიანეში“ — წყლის იმ მოცულობაზე, რომელსაც ზღვა პირამდე ავსების შემთხვევაში დაიტევდა.
ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად, ბათი 22 ლიტრს უტოლდებოდა. თუ ზღვაში 2/3 წყალი ესხმებოდა, მისი მოცულობა 44 000 ლიტრი იქნებოდა. ამ მოცულობის წყალი რომ დაეტია, ავზი სწორკედლიანი კი არა, მუცლიანი უნდა ყოფილიყო. ამ ფორმისა და ზემოხსენებული ზომის ზღვა 66 000 ლიტრ წყალს დაიტევდა. ახ. წ. პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვაუწყებს, რომ ეს ზღვა ნახევარსფეროსებრი იყო. ის დასძენს, რომ ზღვა სამხრეთით, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იდგა („იუდეველთა სიძველენი“, წ. VIII, თ. 3, აბზ. 5, 6).
სპილენძის ზღვის გარდა ტაძრის ეზოში საზიდრებზე მდგარი ათი მომცრო სპილენძის ავზი იდგა, რომლებსაც, სავარაუდოდ, სპილენძის ზღვის წყლით ავსებდნენ (1მფ. 7:38, 39). რაბინთა ტრადიციის თანახმად, ზღვას ონკანები ჰქონდა. ათივე ავზი ზოგიერთი შესაწირის და არა მარტო შესაწირის გასარეცხად გამოიყენებოდა, „ზღვა კი მღვდლების დასაბანად იყო განკუთვნილი“ (2მტ. 4:6). ზოგიერთი რაბინის აზრით, მღვდლები მთლიანად ჩადიოდნენ სპილენძის ზღვაში. მაგრამ იოსებ ფლავიუსის ცნობით, ეს წყალი განკუთვნილი იყო „დაბანად მას შინა ჴელთა და ფერჴთა ტაძრად შემავალთა მღდელთასა“ („იუდეველთა სიძველენი“, წ. VIII, თ. 3, აბზ. 6). ასე იყო თუ ისე, სპილენძის ზღვა მღვდლების განწმენდას ემსახურებოდა.
წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. ზემოხსენებული ინფორმაცია გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას წარმოადგენს წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილ იოანეს ხილვაში ღვთის ტახტის წინ არსებული „მინის ზღვა“ (გმც. 4:6; 15:2). ის „ბროლის მსგავსი“ იყო ანუ შესაძლოა გამჭვირვალე გვერდები ჰქონდა (შდრ. გმც. 21:18, 21) და მისი შიგთავსი ჩანდა. მის გვერდით იდგნენ „მხეცისა“ და მისი „ქანდაკების“ მძლეველნი, „მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (გმც. 17:14; 20:4—6). ისინი არიან „ღვთისა და ქრისტეს მღვდლები“ და ქრისტესთან ერთად იმეფებენ ათას წელს (შდრ. 1პტ. 2:9). მინის ზღვასთან და ღვთის ტახტის წინ სამღვდელო კლასის დგომა გვახსენებს მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომ ქრისტიანული კრება განიწმინდება „სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“ (ეფ. 5:25—27). იესომაც თქვა, რომ ღვთის სიტყვას, რომელსაც ის ქადაგებდა, განწმენდის ძალა ჰქონდა (ინ. 15:3). ცეცხლნარევი ზღვა (გმც 15:2) უდავოდ ღვთის სამსჯავროს გულისხმობს, რადგან ცეცხლი ხშირად სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება, ღმერთს კი მისი ნების უარმყოფელთა შთამნთქმელი ცეცხლი ეწოდება (ებ. 12:25, 29).
იოანეს მიერ ხილვაში ნანახი ზეციერი „მინის ზღვის“ არსებობა პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებული სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს, რომ მიწიერი კარავი და ტაძარი მთელი თავის ატრიბუტებითა და მღვდელმსახურებით ზეციურის სიმბოლოა (შდრ. ებ. 8:4, 5; 9:9, 11, 23, 24; 10:1). ის, თუ რისი სიმბოლოა ხარების ქანდაკებები, რომლებზეც სოლომონის ტაძრის სპილენძის ზღვა იდგა, ახსნილია სტატიაში ხარი.