საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბუნება“
  • ბუნება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბუნება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • დამყნობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ზეთისხილი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ამწვანებული ზეთისხილი ღვთის სახლში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბუნება“

ბუნება

რისამე არსი, ძირითადი თვისება. მასში იგულისხმება ისიც, თუ როგორია ადამიანი დაბადებიდან, რა თანდაყოლილი თვისებები აქვს და რა ჩვევები ახასიათებს. ზოგჯერ ეს ეხება მის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებსაც. ბერძნულ სიტყვებს ფისის და ფისიკოს (ზედსართავი სახელი) მთარგმნელები, ჩვეულებრივ, თარგმნიან სიტყვებით „ბუნება“ და „ბუნებრივი“.

ადამიანთა და ცხოველთა ბუნება. ადამიანთა ბუნება განსხვავდება ცხოველთა ბუნებისგან და თვით ცხოველთა ბუნებაც განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც კარგად ჩანს იაკობის 3:7-ში ჩაწერილი სიტყვებიდან: „ადამიანს [ბერძ. ფისე ტე ანთროპინე, „ადამიანის ბუნებას“] შეუძლია მოათვინიეროს ნებისმიერი [პასა ფისის, „ყოველგვარი ბუნების“] მხეცი, ფრინველი, ქვეწარმავალი და ზღვის ცხოველი, და მოუთვინიერებია კიდეც“. ბუნების სხვადასხვაობა ღვთის ქმნილებათა მრავალფეროვნებაში ვლინდება და ნარჩუნდება ღვთის კანონის წყალობით, რომლის თანახმადაც ყველაფერი თავისი გვარისდა მიხედვით მრავლდება (დბ. 1:20—28; შდრ. 1კრ. 15:39).

ღვთაებრივი ბუნება. ღვთის სულიერი ქმნილებების ბუნება სრულიად განსხვავებულია. მოციქული პეტრე თანაქრისტიანებს, იესო ქრისტეს სულიერ ძმებს, ასეთ რამეს სწერდა: „მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები გულუხვად მოგვცა, რათა მათი დახმარებით ღვთის ბუნების [ფისეოს] მოზიარენი გახდეთ“ (2პტ. 1:4). პეტრეს პირველი წერილიდან ვიგებთ, რა იგულისხმება ღვთის ბუნების მოზიარეობაში. მან ახსნა, რომ მომავალში ქრისტიანები, როგორც უკვე სულიერი ქმნილებები, ქრისტეს დიდების მოზიარენი გახდებოდნენ: „[ღმერთმა] დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა [ანაგენნესას ჰემას], რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“ (1პტ. 1:3, 4). „ღვთის ბუნების“ შეძენა მოითხოვს ბუნების შეცვლას სიკვდილისა და აღდგომის მეშვეობით, რასაც პავლე მოციქული პირველი კორინთელების მე-15 თავში ხსნის. ის ამბობს, რომ ქრისტიანი უნდა მოკვდეს და განსხვავებულ, სულიერ სხეულში აღდგეს, რაც თავისთავად ცვლილებასთან არის დაკავშირებული (1კრ. 15:36, 38, 44, 49, 51).

თანდაყოლილი ბუნება. პავლემ იუდეველ თანამემამულეებს „იუდეველებად დაბადებულები“ [სიტყვასიტყვით „ბუნებით იუდეველნი“] უწოდა, რაშიც ის იგულისხმებოდა, რომ ისინი იუდეველი მშობლების შვილები, ისრაელის, იგივე იაკობის შთამომავლები იყვნენ (გლ. 2:15; შდრ. რმ. 2:27).

ზეთისხილის ხეზე მოყვანილ მაგალითში პავლემ იუდეველებს ბაღის ზეთისხილის ბუნებრივი [კატა ფისინ, „ბუნების მიხედვით“] ტოტები უწოდა. უცხოტომელ ქრისტიანებს ის სწერდა: „თუ შენ ბუნებით ველური ზეთისხილიდან მოჭრილი იქენი და არაბუნებრივად დაემყნე ბაღის ზეთისხილს, რამდენად უკეთესად დაემყნობიან ბუნებრივი ტოტები თავიანთ ზეთისხილის ხეს!“ (რმ. 11:21—24). ველური ზეთისხილი უნაყოფოა ან უვარგის ნაყოფს ისხამს. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში კარგი ნაყოფის მისაღებად ბაღის ზეთისხილის ტოტებს ველურ ზეთისხილზე ამყნობენ. მაგრამ თუ პირიქით მოხდება და ველური ზეთისხილის ტოტებს ბაღის ზეთისხილზე დაამყნობენ, ნაყოფი უვარგისი იქნება. ამიტომაც უწოდებს პავლე ასეთ დამყნობას არაბუნებრივს. ეს ხაზს უსვამს ღვთის ძალასა და უცხოტომელებისადმი გამოვლენილ მის წყალობას, რის შედეგადაც მათ „ბუნებრივი ტოტები“ ჩაანაცვლეს. იეჰოვა იუდეველებს საუკუნეების განმავლობაში ბაღის ზეთისხილივით უვლიდა, უცხოტომელები კი ველური ზეთისხილივით იყვნენ, რადგან არც ჭეშმარიტი რელიგია ჰქონდათ და არც ღვთისმოსაწონი ნაყოფი. რომ არა ღვთის ძალა, ბუნებრივად ისინი კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებდნენ. მხოლოდ იეჰოვას შეეძლო, წარმატებით „დაემყნო“ ისინი.

გალატელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მსჯელობს, რატომ არ უნდა დაუმონონ მათ თავი იუდაიზმს, და ამბობს: „როცა ღმერთს არ იცნობდით, მათი მონები იყავით, ვინც ბუნებით ღმერთები არ არიან“. ერთ დროს მათი სათაყვანებელი ცრუღმერთების არც წარმოშობა და არც საქმეები არ მეტყველებდა მათ ღვთაებრიობაზე და ისინი ვერც ვერასდროს ეზიარებოდნენ ღვთაებრივ ბუნებას. მათ არც თანდაყოლილი ღვთაებრივი თვისებები ჰქონიათ და არც იმის უფლება, რომ ღმერთებად წოდებულიყვნენ (გლ. 4:8).

სინდისი. ღმერთმა თავიდანვე ჩადო ადამიანში თვისებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მოციქული პავლე ლაპარაკობს სინდისზე, უფრო ზუსტად კი სინდისის ნატამალზე, რომელიც ცოდვილ ადამიანებს დღემდე შემორჩათ მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ღვთისგან გაუცხოებულია და მისი კანონი არ იცის. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ დაადგინა ყველა ერმა სიმართლისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული კანონები და რატომ ხელმძღვანელობს ბევრი სწორი პრინციპებით. პავლე ამბობს: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რმ. 2:14, 15).

მეთაურობის პრინციპზე საუბრისას პავლე კორინთელ ქრისტიანებს ყურადღებას უმახვილებს იმის აუცილებლობაზე, რომ ქალმა კრების წინაშე ლოცვის ან წინასწარმეტყველების დროს მორჩილების ნიშნად თავზე უნდა დაიფაროს. კორინთელებმა ეს აზრი რომ უკეთ გაიგონ, პავლე დასძენს: „განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ მამაკაცისთვის გრძელთმიანობა სამარცხვინოა, ქალისთვის კი დიდებაა? ქალს თმა თავსაფრის ნაცვლად აქვს მიცემული“ (1კრ. 11:14, 15).

პავლეს სიტყვებში „თვით ბუნება“ უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე „ჩვეულება“, რომელიც ქალის თავსაბურავთან დაკავშირებით მე-16 მუხლში მოიხსენია. როგორც ჩანს, მემკვიდრეობითი თავისებურებებიც ახდენდა გავლენას იმაზე, თუ რას მიიჩნევდნენ კორინთელი ქრისტიანები ბუნებრივად. ევროპელ ქალებს (მაგალითად ბერძნებს), როგორც წესი, თმა უფრო გრძელი ეზრდებათ, ვიდრე კაცებს. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ვერც სწორთმიან აზიელებსა და ინდიელებზე და ვერც ხუჭუჭთმიან შავკანიანებსა და მელანეზიელებზე.

მემკვიდრეობით თავისებურებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კორინთელმა ქრისტიანებმა ისიც იცოდნენ, რომ, ჩვეულებრივ, მამაკაცები თმას შედარებით მოკლედ იჭრიდნენ. ეს ასე იყო იუდეველი მამაკაცების შემთხვევაშიც. რაც შეეხება ნაზირებს, მათი გრძელი თმა იმის ნიშანი იყო, რომ ისინი ამ ჩვეულებას არ მიჰყვებოდნენ (რც. 6:5). იუდეველი ქალები საკმაოდ გრძელ თმას ატარებდნენ (ლკ. 7:38; ინ. 11:2). ბერძნულ ქალაქ კორინთში თავგადაპარსული ან თმაშეჭრილი ქალი ან მონა იყო ან მრუშობის ან მეძაობის გამო შერცხვენილი (1კრ. 11:6).

აქედან გამომდინარე, პავლემ სიტყვებში „განა თვით ბუნება არ გასწავლით“, როგორც ჩანს, ის მრავალი ფაქტორი იგულისხმა, რომელიც აყალიბებდა მათ შეხედულებას იმაზე, თუ რა იყო ბუნებრივი.

„განა ბუნება არ გასწავლით ...?!“ — ამ სიტყვებით პავლე ბუნებას ღვთაებასთან არ აიგივებდა. ღმერთმა ადამიანს აზროვნების უნარი მისცა და თუ იგი აკვირდება ღვთის ქმნილებებს და ხედავს, თუ რა დანიშნულებით შეიძლება მათი გამოყენება, ხვდება, რა არის მართებული და რა არა. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ადამიანს ღმერთი ასწავლის. ღვთის სიტყვით განსწავლულ კაცს შეუძლია სწორად აღიქვას სხვადასხვა საკითხი, ერთმანეთთან დააკავშიროს და ამგვარად განსაზღვროს, რა არის ბუნებრივი და არაბუნებრივი. ეს პროცესი აწრთობს სინდისს და იცავს წაბილწვისგან, რის შედეგადაც მისთვის ყოველივე არაბუნებრივი მიუღებელი ხდება (რმ. 1:26, 27; ტიტ. 1:15; 1კრ. 8:7).

ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება. მიუღებელია, როცა კაცი ან ქალი თავის სხეულს უმართებულოდ იყენებს და არა იმ დანიშნულებისამებრ, რომლითაც ღმერთმა შექმნა. რაც ამ მხრივ არაბუნებრივია, ცოდვაა. ბიბლიიდან ვიგებთ, რა არის უწმინდურება და რა სასჯელი ელით მის ჩამდენთ: „ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი [ფისიკენ] სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს. კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან; უხამსობას სჩადიოდნენ და მცდარი გზით სიარულისთვის საკადრისიც უკლებლივ მიიღეს“. ასეთი ადამიანები ცხოველის დონეზე ეცემიან (რმ. 1:26, 27; 2პტ. 2:12). ისინი არასწორ ხორციელ სურვილებს არიან აყოლილნი, ვინაიდან ცხოველივით უგუნურნი არიან და სულიერობა არ გააჩნიათ (იუდ. 7, 10).

დაბადება. კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა გენესის (სიტყვასიტყვით ნიშნავს დაბადებას ან წარმოშობას) ბიბლიის ბევრ თარგმანში გადმოტანილია როგორც „ბუნებრივი“. იაკობი მოიხსენიებს „კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს [სიტყვასიტყვით „თავის დაბადების სახეს“] აკვირდება“ (იაკ. 1:23; შდრ. კს). იაკობი აგრეთვე ამბობს, რომ „ენა ცეცხლია“ და „მთელ სიცოცხლეს [სიტყვასიტყვით „დაბადების ბორბალს“] ალში ხვევს“ (იაკ. 3:5, 6; შდრ. კს). იაკობს აქ, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ეტლის ბორბალი, რომელსაც შეიძლება გახურებული ღერძისგან ცეცხლი გაუჩნდეს. მსგავსადვე, ენას შეუძლია ცეცხლში გახვიოს ადამიანის მთელი სიცოცხლე (ასე ვთქვათ „დაბადების ბორბალი“) და მანკიერ წრეში (გამოუვალ მდგომარეობაში) მოაქციოს, რის შედეგადაც იგი, შესაძლოა, თითქოს ცეცხლით განადგურდეს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება