ᲜᲔᲤᲘᲚᲘᲛᲔᲑᲘ
[ნიშნავს წამქცევებს]
ეს არის მრავლობით რიცხვში მდგომი ებრაული სიტყვის (ნეფილიმ) ტრანსლიტერაცია, რომელიც ბიბლიაში სამჯერ არის გამოყენებული (დბ. 6:4; რც. 13:33 [გამოყენებულია ორჯერ]). როგორც ჩანს, ეს სიტყვა მომდინარეობს ებრაული ზმნის, ნაფალის (დაცემა) კაუზატიური ფორმიდან, რომელიც გამოყენებულია 2 მეფეების 19:7-ში.
ბიბლიის იმ მონაკვეთში, რომელშიც საუბარია წარღვნამდე ნოეს დღეებში მცხოვრები ადამიანებისადმი იეჰოვას უკმაყოფილებაზე, ვკითხულობთ, რომ „ჭეშმარიტი ღვთის ძეებს“ მოჰყავდათ ცოლებად ადამიანთა მშვენიერი ასულები. შემდეგ მოხსენიებულნი არიან ნეფილიმები: „იმ დროს და მას შემდეგაც ნეფილიმები იყვნენ დედამიწაზე, რადგან წვებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან. ისინიც უჩენდნენ ვაჟებს, რომლებიც ძლიერები [ებრ. ჰაგგიბბორიმ] და სახელგანთქმულები იყვნენ ძველ დროს“ (დბ. 6:1—4).
ვინაობა. ბიბლეისტები მე-4 მუხლის განხილვისას ნეფილიმების ვინაობის შესახებ სხვადასხვა დასკვნას აკეთებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ამ სახელის წარმოშობა მიუთითებს დაცემულ ანგელოზებზე ანუ იმ ანგელოზებზე, რომლებმაც შესცოდეს. სხვების აზრით, თავად სახელწოდება ნეფილიმები იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ზეციდან დედამიწაზე „დაეცნენ“ იმ გაგებით, რომ ისინი ზეციერი არსებების შვილები იყვნენ. სხვა ბიბლეისტები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ სიტყვებზე „და მას შემდეგაც“ (მუხლ. 4), ამბობენ, რომ ნეფილიმები არ იყვნენ დაცემული ანგელოზები ან ძლიერები, რადგან ნეფილიმები მანამდე იქნებოდნენ დედამიწაზე, სანამ ღვთის ძეებს ქალებთან ექნებოდათ სქესობრივი ურთიერთობა. ეს უკანასკნელნი ფიქრობენ, რომ ნეფილიმები კაენის მსგავსი ბოროტი ადამიანები იყვნენ — ყაჩაღები, მოჩხუბრები და სასტიკები, რომლებიც დედამიწაზე წარღვნამდე ცხოვრობდნენ. ხოლო სხვები, რომლებიც მხედველობაში იღებენ არა მხოლოდ სიტყვა „ნეფილიმის“ მნიშვნელობას, არამედ მე-4 მუხლის კონტექსტსაც, ასკვნიან, რომ ნეფილიმები ანგელოზები კი არ იყვნენ, არამედ ხორცშესხმული ანგელოზებისა და ადამიანთა ასულების ჰიბრიდი შთამომავლები.
იგივეა, რაც გიბბორიმ. ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი ეთანხმება „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, რომლის თანახმადაც ნეფილიმები არიან იგივე ძლიერები (გიბბორიმ), რომლებიც დაბადების 6:4-ის ბოლო ნაწილში არიან მოხსენიებულნი. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ვკითხულობთ: „ბუმბერაზები [ებრ. ჰანნეფილიმ] იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები [ებრ. ჰაგგიბბორიმ] იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“ (დბ. 6:4; იხ. აგრეთვე Mo, NIV, TEV).
ბერძნულ სეპტუაგინტაშიც ორივე სიტყვა, ნეფილიმები და ძლიერები, გაიგივებულია და ნათარგმნია ერთი სიტყვით გიგანტეს (ბუმბერაზები).
1—3 მუხლებიდან ვიგებთ, რომ „ჭეშმარიტი ღვთის ძეებს“ მოჰყავდათ ცოლები და იეჰოვა მხოლოდ 120 წელიწადს მოუთმენდა ადამიანებს. მე-4 მუხლიდან ვიგებთ, რომ ნეფილიმები იყვნენ დედამიწაზე „იმ დროს“, როგორც ჩანს, მაშინ, როცა იეჰოვამ ეს სიტყვები წარმოთქვა. იქვე ნათქვამია, რომ ეს სიტუაცია გრძელდებოდა „მას შემდეგაც“, „რადგან წვებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან“, შემდეგ კი დეტალურად არის აღწერილი „ჭეშმარიტი ღვთის ძეების“ ქალებთან კავშირის შედეგი.
ვინ იყვნენ „ღვთის ძეები“, რომელთაც ნეფილიმები შეეძინათ?
ვინ იყვნენ ამ მუხლში მოხსენიებული „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“? იყვნენ ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლები (ბოროტი კაცობრიობისგან გამორჩეულები), როგორც ამას ზოგი აცხადებს? როგორც ჩანს, არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანთა ასულებთან მათი ქორწინების შედეგად დედამიწაზე ბოროტება გამრავლდა. მხოლოდ ნოემ და მისმა სამმა ვაჟმა თავიანთ ცოლებთან ერთად მოიპოვეს ღვთის კეთილგანწყობა და გადაურჩნენ წარღვნას (დბ. 6:9; 8:15, 16; 1პტ. 3:20).
აქედან გამომდინარე, თუ „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, იბადება კითხვები: რატომ იყვნენ მათი შთამომავლები ბოროტი ხალხისა და ერთგული ნოეს შთამომავლებზე მეტად სახელგანთქმულები? რატომ არის ადამიანთა ასულებთან მათი ქორწინება განსაკუთრებით ხაზგასმული? ქორწინება და ბავშვის დაბადება მანამდე 1 500 წლის მანძილზე ხდებოდა და ამაში უჩვეულო არაფერი იყო.
ამგვარად, დაბადების 6:2-ში მოხსენიებული „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ უნდა ყოფილიყვნენ ანგელოზები, ღვთის სულიერი ძეები. ეს ფრაზა იობის 1:6-სა და 38:7-ში ანგელოზების მიმართ არის გამოყენებული. ამ აზრს მხარს უჭერს პეტრე მოციქული, რომელიც მოიხსენიებს საპყრობილეში მყოფ „სულებს, რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს“ (1პტ. 3:19, 20). იუდაც მოიხსენიებს „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ (იუდ. 6). ანგელოზებს ჰქონდათ ხორცშესხმის უნარი და ზოგი ამას ღვთის ცნობის გადასაცემად აკეთებდა (დბ. 18:1, 2, 8, 20—22; 19:1—11; იეს. 5:13—15). მაგრამ სულიერი არსებების სამკვიდრო ზეცაა და იქ ემსახურებიან ისინი იეჰოვას (დნ. 7:9, 10). სქესობრივი ურთიერთობების გამო თავიანთი სამკვიდროს მიტოვება, დედამიწაზე ჩამოსვლა და თავიანთი დავალების უგულებელყოფა ღვთის კანონების დარღვევა და აღვირახსნილობა იყო.
ბიბლიაში წერია, რომ ეს ურჩი ანგელოზები არიან საპყრობილეში მყოფი სულები, ტარტაროზში ჩაყრილნი და „უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში“ შემონახულნი „გასამართლების დიდი დღისათვის“. როგორც ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან შეზღუდულები არიან და აღარ შეუძლიათ ხორცშესხმა, როგორც ამას წარღვნამდე აკეთებდნენ (1პტ. 3:19; 2პტ. 2:4; იუდ. 6).
ბოროტების გამრავლება. ამ ქორწინების შედეგად დაბადებულმა „ძლიერმა და სახელგანთქმულმა“ ადამიანებმა ღმერთთან ვერ გაითქვეს სახელი, რადგან ნოესა და მისი ოჯახისგან განსხვავებით ვერ გადაურჩნენ წარღვნას. ისინი იყვნენ ნეფილიმები, მოჩხუბრები და სასტიკები, რომლებიც ეჭვგარეშეა, მდგომარეობას აუარესებდნენ. მათ მამებს, ანგელოზებს, რომლებმაც იცოდნენ ადამიანის აგებულება და ხორცშესხმის უნარი ჰქონდათ, არ შეეძლოთ სიცოცხლის შექმნა; ისინი უბრალოდ ცხოვრობდნენ ადამიანურ სხეულებში, ქალებთან ჰქონდათ ურთიერთობა და აჩენდნენ შვილებს. მათი შვილები ღვთის ნების წინააღმდეგ დაბადებული ჰიბრიდები, ე. წ. ძლიერები იყვნენ. როგორც ჩანს, ნეფილიმებს არ ჰქონდათ გამრავლების უნარი.
მითოლოგიაში. ნეფილიმების სახელგანთქმულობამ და მათდამი შიშმა, როგორც ჩანს, თავი იჩინა წარმართი ხალხების მითოლოგიაში, რომლებიც ბაბილონში ენების არევის შემდეგ მთელ დედამიწაზე გაიფანტნენ. თუმცა წიგნ „დაბადებაში“ ჩაწერილი ისტორია დამახინჯდა და შელამაზდა, ამ ძველ მითოლოგიებს შორის მსგავსება აშკარაა (ბერძნული მითოლოგია ამის ერთ-ერთი მაგალითია). მათში ღმერთები და ქალღმერთები კავშირს ამყარებენ ადამიანებთან; შედეგად იბადებიან ზეადამიანური ძალის მქონე გმირები და შიშის მომგვრელი ღმერთკაცები, რომელთაც ადამიანის თვისებებიც აქვთ და ღვთისაც (იხ. ᲡᲐᲑᲔᲠᲫᲜᲔᲗᲘ, ᲑᲔᲠᲫᲜᲔᲑᲘ [ბერძნული რელიგია]).
ამბავი დასაშინებლად. ათმა მზვერავმა, რომლებიც ისრაელებთან დაბრუნდნენ უდაბნოში, ქანაანის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიიტანეს: „ვინც კი ვნახეთ, ყველანი ბუმბერაზები არიან. ვნახეთ ნეფილიმები, ანაკის ვაჟები, ნეფილიმთა შთამომავლები. კალიები გვეგონა ჩვენი თავი, მათ თვალშიც ასე ვჩანდით“. უეჭველია, ქანაანში იქნებოდნენ ახოვანი კაცები, როგორც ეს სხვა მუხლებიდანაც ჩანს, მაგრამ სხვაგან არსად არის მოხსენიებული, რომ ისინი ნეფილიმები იყვნენ, გარდა იმ ცუდი ამბისა, რომელიც ისრაელთა დასაშინებლად და მათში პანიკის გამოსაწვევად იყო შეთხზული (რც. 13:31—33; 14:36, 37).