ოდედი
[(ღმერთი) შვებას ჰგვრის].
1. წინასწარმეტყველ აზარიას მამა (2მტ. 15:1); ოდედს თავად ეწოდება წინასწარმეტყველი 2 მატიანის 15:8-ში, სადაც ვკითხულობთ: „როგორც კი ასამ ეს სიტყვები და ოდედ წინასწარმეტყველის ეს წინასწარმეტყველება მოისმინა“. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ „ოდედ წინასწარმეტყველი“ ტექსტში გადამწერის შეცდომის გამო მოხვდა. თუმცა მაინც გაურკვეველი რჩება, რატომ ამბობს მწერალი, რომ ასამ მოისმინა „ეს სიტყვები და წინასწარმეტყველება“. ზოგის აზრით, ტექსტი ბერძნულ სეპტუაგინტას (ალექსანდრიის კოდექსი), სირიულ ფეშიტასა და ლათინურ ვულგატას (კლემენტის გადამუშავებული თარგმანი) უნდა შეუსაბამონ. ამისათვის კი რამდენიმე სიტყვის დამატებაა საჭირო. აი, ასე მაგალითად: „ასამ ეს სიტყვები და აზარიას, ოდედის ვაჟის წინასწარმეტყველება მოისმინა“. მაგრამ ზემოხსენებული აზრი ამ შემთხვევაშიც გაურკვეველი რჩება. მესამე ვარიანტია, დავეთანხმოთ იმას, რაც მასორეტულ ტექსტში წერია, კერძოდ, რომ წინასწარმეტყველება ოდედმა წარმოთქვა, უბრალოდ მისი წინასწარმეტყველება არ ჩაიწერა. ამ ვერსიის თანახმად, ასამ როგორც აზარიას (2მტ. 15:2—7), ისე მამამისის სიტყვები შეისმინა.
2. სამარიაში მომსახურე წინასწარმეტყველი; მსახურობდა იმ წლებში, როცა ისრაელში ფეკახი, იუდაში კი ახაზი მეფობდა (ძვ. წ. 762— დაახლ. ძვ. წ. 759). მას შემდეგ, რაც ისრაელმა და სირიამ იუდას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს, სამხრეთი სამეფოდან სამარიაში 200 000 ტყვე წაასხეს. სამარიის გამარჯვებულ ჯარს წინ ოდედი გადაუდგა და გააფრთხილა, რომ თუ თავიანთ ძმებს მსახურებად გაიხდიდნენ, იეჰოვა დასჯიდა. ოდედმა მათ უთხრა, რომ იუდა თავისი უკეთურობის გამო დამარცხდა და ამიტომ ჩაუგდო იეჰოვამ ის ხელში; და თუ იუდას ძეებს მსახურებად გაიხდიდნენ, იეჰოვას რისხვა არ ასცდებოდათ. ოდედი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდა. წინასწარმეტყველს მხარი ოთხმა ეფრემელმა თავკაცმა დაუჭირა. შედეგად ტყვეებს დახმარება აღმოუჩინეს და სამშობლოში დააბრუნეს (2მტ. 28:5—15).