ორფა
ქილიონის მოაბელი ცოლი; რუთის მსგავსად ისიც ნაომის რძალი იყო (რთ. 1:3—5 შდრ. 4:10-ს). დაქვრივების შემდეგ ნაომი, ორფა და რუთი — სამი უშვილო ქალი — მოაბიდან ბეთლემისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. გზაზე ნაომიმ თავის ორ რძალს ურჩია, სახლში დაბრუნებულიყვნენ დედებთან და მოაბში დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ ერთიც და მეორეც ეუბნებოდა: „არა, შენ წამოგყვებით შენს ხალხთან“. ორფა სიკეთეს ავლენდა თავისი დედამთილის მიმართ, რომელიც, უდავოა, ძალიან უყვარდა (რთ. 1:8—10). როგორც ჩანს, მას ისრაელ ოჯახში ცხოვრება მოსწონდა, რითაც შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას, თუ რატომ არ უნდოდა ნაომისთან განშორება. მაგრამ ნაომიმ ამ ორ მოაბელ ქვრივს დაანახვა იმის დიდი ალბათობა, რომ იუდაში მასთან ცხოვრებით შეიძლებოდა სიცოცხლის ბოლომდე ქვრივებად დარჩენილიყვნენ, რადგან ნაომი რომც გათხოვილიყო და ვაჟები გაეჩინა, ორფა და რუთი ალბათ არ დაელოდებოდნენ იმას, თუ როდის გაიზრდებოდნენ ისინი და მაზლის ვალდებულებას შეასრულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორფას უყვარდა ნაომი და მისი მადლიერი იყო, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ასეთ მომავალზე დათანხმებულიყო. ამიტომ მას შემდეგ, რაც ბევრი იტირა, ორფა დაემშვიდობა ნაომისა და რუთს და „თავის ხალხსა და ღმერთებს“ დაუბრუნდა (რთ. 1:3—15).