ᲤᲔᲝᲠᲘ
ადგილი, რომელიც მოხსენიებულია ბიბლიურ მონათხრობში იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მეფე ბალაკი წინასწარმეტყველ ბალაამის დაყოლიებას ისრაელის დასაწყევლად. როგორც ამ მონაკვეთიდან ვიგებთ, ბალაკმა ბალაამი აიყვანა „ფეორის წვერზე, რომელიც იეშიმონს გადაჰყურებს“, რათა მოაბის ველზე მოფენილი ისრაელის კარვების დანახვა შეძლებოდა (რც. 22:1; 23:28; 24:2).
ზოგის აზრით, სახელწოდება „ფეორი“ ბეთ-ფეორის შემოკლებული ფორმაა (კნ. 4:46). თუმცა, როგორც ჩანს, ბეთ-ფეორი იყო ქალაქი, რომელიც რეუბენის ტომის სამფლობელოს მიეკუთვნებოდა (იეს. 13:15, 16, 20). ამიტომ, სხვები, რომლებიც ფეორს მთის მწვერვალად მიიჩნევენ, თვლიან, რომ ქალაქ ბეთ-ფეორს ეს სახელწოდება შესაძლოა სწორედ იმ მიზეზით მიეცა, რომ ამ მთის მწვერვალის ფერდობებზე იყო განლაგებული. როგორც ჩანს, ფეორიცა და ბეთ-ფეორიც „ფეორის ბაალის“ წარმართულ თაყვანისმცემლობასთან იყო დაკავშირებული (რც. 25:1—3, 18; 31:16; იეს. 22:17), ხოლო ფეორის მწვერვალი, შესაძლოა, ამ უზნეობით გაჟღენთილ თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა (იხ. ᲑᲐᲐᲚᲘ №4; ᲤᲔᲝᲠᲘᲡ ᲑᲐᲐᲚᲘ).
თავდაპირველად ბალაამი ბამოთ-ბაალზე აიყვანეს, შემდეგ „ფისგის წვერზე“ და ბოლოს „ფეორის წვერზე“ (რც. 22:41; 23:14, 28). გამომდინარე იქიდან, რომ ისიც და მასთან მყოფნიც სამხრეთიდან დაიძრნენ და ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობდნენ, ჩანს, რომ ფეორი ფისგისა და ნებოს მთის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ევსები კესარიელისა და იერონიმეს (ახ. წ. III-IV სს.) სიტყვების საფუძველზე ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ ფეორის მწვერვალი არის უადი-ჰუსბანის მოსაზღვრე მწვერვალებიდან ერთ-ერთი (იხ. ᲑᲔᲗ-ᲤᲔᲝᲠᲘ).