ფინხასი
1. ელეაზარის ვაჟი და აარონის შვილიშვილი; დედამისი ფუტიელის ასული იყო და მის ვაჟს აბიშუა ერქვა (გმ. 6:25; 1მტ. 6:4). ახალგაზრდა ფინხასის სწრაფმა მოქმედებამ შეაჩერა ისრაელებზე იეჰოვასგან დატეხილი უბედურება, რომლის დროსაც მოაბის ველზე 24 000 ადამიანი გაწყდა, რადგან გარყვნილებას სჩადიოდნენ და ფეორის ბაალს მიეწებნენ. როცა მან დაინახა, როგორ შეიყვანა ზიმრიმ მიდიანელი ქოზბი თავის კარავში, ორივეს შუბი გაუყარა მუცელში. „რადგან არ შეიწყნარა მეტოქეობა“ იეჰოვასადმი, „ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას“ და ღმერთმა ფინხასსა და მის საგვარეულოს მღვდლობის შეთანხმება დაუდო სამარადისოდ (რც. 25:1—3, 6—15; ფს. 106:30, 31).
სიცოცხლის მანძილზე ფინხასი სხვადასხვა მოვალეობას ასრულებდა. ის იმ ჯარის სამღვდელო წარმომადგენელი იყო, რომელმაც იეჰოვას შური იძია მიდიანზე (რც. 31:3, 6). მაშინაც, როცა ეგონათ, რომ ისრაელის სამმა ტომმა იეჰოვას თაყვანისმცემლობა მიატოვა, საქმის გასარკვევად გაგზავნილ ჯგუფს ფინხასი ედგა სათავეში (იეს. 22:9—33). ის იყო კარვის მცველების ზედამხედველი (1მტ. 9:20). ფინხასის გორაზე მამის დამარხვის შემდეგ ის მღვდელმთავარი გახდა (იეს. 24:33; მსჯ. 20:27, 28). მისი სახელი ხშირად გვხვდება ბაბილონის გადასახლებიდან დაბრუნებულთა საგვარეულო ნუსხებში (1მტ. 6:4, 50; ეზრ. 7:5; 8:2).
2. მღვდელი ელის ორი უვარგისი ვაჟიდან უმცროსი (1სმ. 1:3; 2:12); მღვდლად მსახურების დროს ის და მისი ძმა ხოფნი კარავში მომსახურე ქალებთან წვებოდნენ და „უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ იეჰოვას შესაწირავს“ (1სმ. 2:13—17, 22). ისინი ყურს არ უგდებდნენ მამის მსუბუქ საყვედურებს. მათი ბოროტი საქმეებისთვის ღმერთმა განაჩენი გამოუტანა მათ. ეს განაჩენი მაშინ აღსრულდა, როცა ფილისტიმელებთან ბრძოლაში ისინი ერთ დღეს დაიხოცნენ (1სმ. 2:23—25, 34; 3:13; 4:11). როცა ფინხასის ცოლმა კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი გაიგო, თავზარი დაეცა და იქაბოდის მშობიარობას გადაჰყვა (1სმ. 4:17—21).
3. ლევიანი, რომლის ვაჟი ელეაზარი ეზრას დროს, ძვ. წ. 468 წელს, ტაძრის საგანძურის აღწერაში მონაწილეობდა (ეზრ. 8:33, 34).