ორმო
ბუნებრივად გაჩენილი ან ხელოვნურად ჩაღრმავებული ადგილი; ფისით სავსე ორმოები, რომლებშიც სოდომისა და გომორას მეფეები ჩაცვივდნენ, როგორც ჩანს, ბუნებრივად გაჩენილი ჩაღრმავებული ადგილები იყო (დბ. 14:10); ხოლო ჭა, რომელშიც იოსები ძმებმა ჩააგდეს, ხელოვნურად ამოთხრილი ორმო იყო (დბ. 37:20—29). ძირითადად, ორმოდ ნათარგმნია ებრაული სიტყვები ბორ (აგრეთვე ნიშნავს ჭას) და შახათ.
ზოგ თარგმანში (მაგ., KJ) ებრაული სიტყვა შეʼოლ ზოგჯერ ნათარგმნია ორმოდ (რც. 16:30, 33; იობ. 17:16). თუმცა შეოლში კაცობრიობის საერთო სამარე იგულისხმება და არა ცალკეული საფლავი. იობის 17:13—16-ში იობი სამარეს (შეʼოლ) და ორმოს (შახათ) ერთად იყენებს და მათ სიბნელესა და მიწის მტვერს უკავშირებს. მსგავსად, ფსალმუნის 30:3-ში დავითი ღმერთს ლოცვაში სთხოვდა: „იეჰოვა, შენ ამოიყვანე ჩემი სული სამარიდან, შენ შემინარჩუნე სიცოცხლე, რომ საფლავში [სიტყვასიტყვით, ორმოში] არ ჩავსულიყავი“. ფსალმუნის 88:3—5-ში მოხსენიებულია სამარე, ორმო (იხ. მე-4 მუხლის სქ.) და საფლავი (იობ. 33:18—30; ფს. 30:3; 49:7—10, 15; 88:6; 143:7; იგ. 1:12; ეს. 14:9—15; 38:17, 18; 51:14, იხ. აგრეთვე ამ მუხლებში ორმოს შესახებ დართული სქ-ები; იხ. სამარხი; შეოლი).
იონამაც გამოიყენა ორმოს აღმნიშვნელი სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით, როცა თევზის შიგნეულობა „სამარის მუცელსა“ და ორმოს შეადარა (იონ. 2:2, 6). სავსებით ბუნებრივია, რომ ორმო სიკვდილსა და სამარესთან ასოცირდებოდა, რადგან ძველ დროში მიცვალებულს ბუნებრივ ან ამოთხრილ ორმოში მარხავდნენ.
ვინაიდან ორმოებს მტრების ან ცხოველების დასაჭერად იყენებდნენ, გადატანითი მნიშვნელობით ორმოები ღვთის მსახურების წინააღმდეგ შექმნილ საშიშ სიტუაციებსა და მოწყობილ ხრიკებზე მიანიშნებდა (ფს. 7:15; 40:2; 57:6; იგ. 26:27; 28:10; იერ. 18:20, 22). ზოგჯერ ორმოებს ბადეს აფარებდნენ, რომ მსხვერპლი მასში გაბმულიყო (ფს. 35:7, 8). კანონის თანახმად, თუ შინაური ცხოველი ამოთხრილ ორმოში ჩავარდებოდა და მოკვდებოდა, ორმოს პატრონს ზარალი უნდა აენაზღაურებინა (გმ. 21:33, 34).
მეძავსა და „უზნეო ქალის პირზე“ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი „ღრმა ორმოა“, რადგან მეძავი ხშირად მაცდური სიტყვებით უზნეობის მახეში აბამს მამაკაცებს (იგ. 22:14; 23:27).
ჭები, რომლებსაც ებრაელები და აღმოსავლეთის სხვა მკვიდრები წყლის შესანახად იყენებდნენ, ძირითადად, ხელოვნური ორმოები იყო. ხშირად მათ მსხლის ფორმა ჰქონდათ. ორმოს ყელი ჩვეულებრივ ვიწრო იყო, სულ რაღაც 30 სმ სიგანის და დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის. ჭის ქვედა ნაწილი საკმაოდ განიერი იყო (იხ. ჭა).
ორმოს აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა ფრეარ გამოცხადების 9:1, 2-ში გვხვდება გამოთქმაში „უფსკრულის ნაპრალი“. ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა იოანემ თავის სახარებაში იაკობის ჭის აღსანიშნავად, სადაც იესო სამარიელ ქალს შეხვდა (ინ. 4:11, 12). ფრეარ ძირითადად ნიშნავს ჭას ან ამოთხრილ ორმოს. თუმცა ის შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი ამოღრმავებული ადგილის ან უფსკრულის აღსანიშნავად, მათ შორის წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული უფსკრულისა, საიდანაც კალიები ამოვიდნენ (გმც. 9:3; იხ. უფსკრული). ორმოდ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ბოთინოს თხრილსაც ნიშნავს (მთ. 12:11; 15:14; ლკ. 6:39). 2 პეტრეს 2:4-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა დემონები „უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს [ბერძ. სირეს] გადასცა“ (იხ. ტარტაროზი).
(იხ. აგრეთვე ლომების ხარო).