შერიგების საფარი
შეთანხმების კიდობნის სახურავი, რომლის წინაშეც მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს ცოდვის შესაწირავის სისხლს ასხურებდა.
ბიბლიის თარგმანებში ებრაული სიტყვა ქაფფორეთ სხვადასხვანაირად არის ნათარგმნი. ის მომდინარეობს ზმნის ფუძიდან, რომელიც „დაფარვას“, „გადაფარვას (ცოდვის)“ ნიშნავს.
მოსესთვის მიცემული იეჰოვას მითითებისამებრ ბეცალელმა წმინდა კიდობნისთვის სუფთა ოქროს 2,5 წყრთა (111 სმ) სიგრძისა და 1,5 წყრთა (67 სმ) სიგანის სახურავი დაამზადა. მასზე დაამაგრა ორი ოქროს ქერუბიმი, ერთი — ერთ ბოლოზე, მეორე — მეორე ბოლოზე. ქერუბიმები ფრთებით ფარავდნენ და დაჰყურებდნენ სახურავს. კიდობანი კარვის წმინდათაწმინდაში იდგა (გმ. 25:17—21; 37:1, 6—9).
გამოსყიდვის დღეს (ჲომ ჰაქქიფფურიმ, ნიშნავს „გადაფარვის დღეს“ [ლვ. 23:27, 28]) მღვდელმთავარი წმინდათაწმინდაში შედიოდა და სახურავის წინ (აღმოსავლეთით) ხარის სისხლს ასხურებდა. იმავეს აკეთებდა თხის სისხლითაც (ლვ. 16:14, 15). ამგვარად, კიდობნის ოქროს სახურავს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ცოდვების მიტევებას (გადაფარვას) მოასწავებდა.
ღმერთი მოსესა და მღვდელმთავარს ორ ქერუბიმს შორის, სახურავის ზემოდან ელაპარაკებოდა ხოლმე (გმ. 25:22; რც. 7:89; შდრ. ლვ. 10:8—10; რც. 27:18—21). იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ ის კიდობნის სახურავის ზემოდან ღრუბელში გამოცხადდებოდა. ეს ღრუბელი, როგორც ჩანს, კაშკაშებდა და წმინდათაწმინდას ანათებდა (ლვ. 16:2; შდრ. ფს. 80:1).
ტაძრის წმინდათაწმინდა 1 მატიანეს 28:11-ში მოიხსენიება ოთახად, რომელშიც შერიგების საფარი (ქაფფორეთ) ინახებოდა. ამ შემთხვევაში ეს ებრაული სიტყვა გამოიყენება არა იმდენად კიდობნის სახურავის მნიშვნელობით, რამდენადაც ცოდვების მიტევების მნიშვნელობით. შესაბამისად, ქაფფორეთ ზოგ ბიბლიაში ითარგმნა „გამოსყიდვად“ (Yg), „შერიგებად“ (AT) და „შერიგების საფრად“ (აქ).
სიმბოლური მნიშვნელობით. ებრაელების 9:5-ში კიდობნის სახურავის აღსანიშნავად გამოყენებულია ბერძნული სიტყვა ჰილასტერიონ. ღმერთი სიმბოლურად შერიგების საფარზე მდგარ ორ ქერუბიმს შორის იმყოფებოდა (ლვ. 16:2; გმ. 25:22). ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნ „ებრაელებიდან“ ვიგებთ, რომ ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მღვდელმთავრის მსგავსად, რომელიც გამოსყიდვის დღეს წმინდათაწმინდაში შედიოდა და შეწირული ცხოველის სისხლი შეჰქონდა, ქრისტემ თავისი მსხვერპლის საფასური მიიტანა, ოღონდ არა ფიზიკურ კიდობანთან, არამედ ზეცაში, უშუალოდ იეჰოვა ღმერთის წინაშე (ლვ. 16:15; ებ. 9:11—14, 24—28).