ფურიმი
დღესასწაული, რომელიც ებრაული კალენდრის ბოლო თვის, ადარის მე-14 და მე-15 დღეს აღინიშნება (თებერვალ-მარტი). მას წილისყრის დღესასწაულსაც უწოდებენ (ესთ. 9:21). ფურიმი წარმოდგება სიტყვიდან ფურ, რაც წილს ნიშნავს. როდესაც წარმართმა აგაგელმა ჰამანმა (სავარაუდოდ ამალეკელთა სამეფო გვარის წარმომადგენელმა) იუდეველთა ამოწყვეტა განიზრახა, წილი ყარა, თუ რომელ დღეს განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს (ესთ. 3:7; იხ. მკითხაობა; წილისყრა; ფური). ახაშვეროშმა (ქსერქსე I) თავისი მეფობის მე-12 წელს, 13 ნისანს (სავარაუდოდ ძვ. წ. 484 წლის გაზაფხულზე) ჰამანის წაქეზებით გამოსცა ოფიციალური ბრძანება იუდეველთა განადგურების შესახებ, რომელიც სპარსეთის ყველა სამთავროში უნდა დაეგზავნათ.
გადარჩენის აღსანიშნავად. ფურიმი არის დღე, როცა იუდეველები ჰამანის ჩანაფიქრის ჩაფუშვასა და თავიანთ გადარჩენას ზეიმობენ. ებრაელებმა მას ფურიმი, როგორც ჩანს, ირონიულად შეარქვეს (ესთ. 9:24—26). არაკანონიკურ წიგნ „მაკაბელებში“ მას „მორდეხაის დღე“ ეწოდება, რადგან მორდოქაიმ დიდი როლი ითამაშა ამ დღესასწაულთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებაში (2 მაკაბელები 15:36, სსგ). დედოფალმა ესთერმა, რომელიც უფროსი ბიძაშვილის, მორდოქაის მითითებებით ხელმძღვანელობდა, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და თავისი მოძმე იუდეველები განადგურებას გადაარჩინა. სამდღიანი მარხვის შემდეგ ესთერი მეფეს ეახლა და ნადიმზე დაპატიჟა. ესთერმა ნადიმი მეორედაც გამართა, რათა მეფისთვის თავისი სათხოვარი ეცნობებინა (ესთ. 4:6—5:8). მეფე კეთილგანწყობით შეხვდა ესთერის თხოვნას, მაგრამ ვინაიდან პირველი დადგენილების შეცვლა მიდიელებისა და სპარსელების კანონით შეუძლებელი იყო (დნ. 6:8), მეფემ სივანის 23-ე დღეს სხვა დადგენილება გამოსცა, რომელიც ებრაელებს თავდასაცავად მომზადების უფლებას აძლევდა. ეს დადგენილება, რომელიც მორდოქაიმ შეადგინა, ყველა იმ ენაზე ითარგმნა, რომლებზეც სპარსეთის იმპერიაში ლაპარაკობდნენ. საქმე ებრაელების სასარგებლოდ შეტრიალდა, რადგან მათ თავად შეუტიეს მტერს მთავრების, სატრაპებისა და გამგებლების დახმარებით. ადარის მე-13 დღეს იუდეველთა მტრების დიდი ხოცვა-ჟლეტა გაიმართა. იგი მე-14 დღემდე გაგრძელდა სამეფო ქალაქ შუშანში. იმპერიის სამთავროებში მცხოვრებმა იუდეველებმა ადარის მე-14 დღეს დაისვენეს, შუშანის მცხოვრებლებმა კი — მე-15 დღეს. გაიმართა დიდი ნადიმი და ლხინი (ესთ. 8:3—9:19).
ამ ღირსსახსოვარი მოვლენის უკვდავსაყოფად მორდოქაიმ ებრაელებს ყოველ წელს ადარის მე-14 და მე-15 დღის აღნიშვნა დაუწესა, რათა „ეს დღეები მათთვის ნადიმობის, მხიარულების, ერთმანეთისთვის მოსაკითხისა და ღარიბებისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეები ყოფილიყო“ (ესთ. 9:20—22). მოგვიანებით დედოფალმა ესთერმა ფურიმის აღნიშვნა მეორე წერილით დაადასტურა. იგი ყოველ წელს, დადგენილ დროს უნდა ეზეიმათ ყველა თაობაში, ოჯახში, სამთავროსა თუ ქალაქში (ესთ. 9:28—31; იხ. ესთერი (ბიბლიის წიგნი)).
ებრაელები ფურიმს დღემდე ზედმიწევნით იცავენ, თუმცაღა დროთა განმავლობაში მას მრავალი დეტალი დაუმატეს, მაგალითად, ადარის მე-13 დღე მარხვის დღედ აქციეს და მას „ესთერის მარხვა“ უწოდეს. ზეიმის დროს მუშაობა და ვაჭრობა არ იკრძალება.
განსხვავებული შეხედულებები იოანეს 5:1-ის შესახებ. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ფურიმი პირდაპირ არ მოიხსენიება. არსებობს მოსაზრება, რომ იოანეს 5:1-ში, რომელშიც ვკითხულობთ: „ამის შემდეგ იესო იერუსალიმში იუდეველთა დღესასწაულზე ავიდა“, ფურიმის დღესასწაულია ნაგულისხმევი, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ზოგიერთ ხელნაწერში „იუდეველთა დღესასწაულის“ წინ განსაზღვრული არტიკლი დგას. სავარაუდოდ, ეს მეორე კანონის 16:16-ში ნახსენები სამი სეზონური დღესასწაულიდან ერთ-ერთი იყო. ეს ფურიმის დღესასწაული რომ ყოფილიყო, მის აღსანიშნავად იესოს იერუსალიმში ასვლა არ დასჭირდებოდა. ებრაელები ფურიმს თავ-თავიანთ ქალაქებში, ადგილობრივ სინაგოგებში აღნიშნავდნენ და არა ტაძარში. ნაკლებმოსალოდნელია ისიც, რომ იესოს იერუსალიმამდე ფეხით ევლო და შემდეგ ისევ გალილეაში დაბრუნებულიყო, მაშინ როცა ერთ თვეში პასექისთვის ისევ იერუსალიმში უნდა ასულიყო. გარდა ამისა, იოანეს 5:1-ში ფურიმი რომ ყოფილიყო ნაგულისხმევი, წესით ერთ თვეში იოანეს 6:4-ში მოხსენიებული პასექი უნდა აღენიშნათ. მაგრამ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში იესო ვერ მოასწრებდა მსახურებას კაპერნაუმში და მთელ გალილეაში, შემდეგ კი ისევ კაპერნაუმში დაბრუნებას და იქიდან იუდეასა და იერუსალიმში გამგზავრებას (იხ. იესო ქრისტე [დედამიწაზე იესოს ცხოვრების მთავარი მოვლენების ცხრილი]). ზემოთქმულიდან გამომდინარე, იოანეს 5:1-ში მოხსენიებული „იუდეველთა დღესასწაული“ ახ. წ. 31 წლის პასექი იყო (იხ. იესო ქრისტე [საიდან ვიცით, რომ იესომ სამწელიწად-ნახევარი იმსახურა]).
მიზანი. დღეს ფურიმს უფრო საერო დღესასწაულის სახე აქვს, ვიდრე რელიგიურის. მას ზოგჯერ თან ახლავს ღრეობა, თუმცა თავდაპირველად ასე არ ყოფილა. მორდოქაიც და ესთერიც ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას მსახურები იყვნენ და ეს დღესასწაულიც მის პატივსაცემად დაწესდა. ებრაელებს საფრთხე იეჰოვასადმი მორდოქაის ერთგულებამ შეუქმნა, ამიტომ მათი გადარჩენა იეჰოვა ღმერთის წყალობით მოხდა. ჰამანი, სავარაუდოდ, ამალეკელი, იეჰოვას მიერ დაწყევლილი და გასანადგურებლად განწირული ერის შვილი იყო. მორდოქაი იცავდა ღვთის კანონს და თაყვანს არ სცემდა ჰამანს (ესთ. 3:2, 5; გმ. 17:14—16). გარდა ამისა, ესთერისთვის ნათქვამი სიტყვებიდან (ესთ. 4:14) კარგად ჩანს, რომ მორდოქაი ებრაელთა ხსნას ზეციდან მოელოდა, ესთერი კი, ვიდრე მეფეს ეახლებოდა და ნადიმზე მოიწვევდა, მარხულობდა ანუ ღმერთს შესთხოვდა შველას (ესთ. 4:16).