გაუპატიურება
გაუპატიურება განიმარტება, როგორც მამაკაცის მიერ ქალთან დამყარებული უკანონო სქესობრივი კავშირი ქალის თანხმობის გარეშე ძალის გამოყენებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით.
იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელი იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც მისი კანონის დარღვევისთვის მოიმკიდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ დაავადებებსა და სხვადასხვა უბედურებასთან ერთად მათ მტრის ხელში ჩაყრიდა. იეჰოვამ თქვა: „გააუპატიურებენ [შაგალის ერთ-ერთი ფორმა] იმ ქალს, ვისზეც დაინიშნები“ (კნ. 28:30). ეს ასეც მოხდა, როცა ისრაელის ურჩობის გამო იეჰოვა აღარ მფარველობდა მათ და მტრებმა მათ ქალაქებს მუსრი გაავლეს (შდრ. ზქ. 14:2). წინასწარმეტყველების თანახმად, მსგავსად მოეპყრობოდნენ ბაბილონსაც. მიდიელებისა და სპარსელების მიერ ბაბილონის აღების დროს ეს ასეც მოხდა (ეს. 13:1, 16). ისრაელის მიერ დამორჩილებულ ერებს ასეთი რამ არ ემუქრებოდა, რადგან ისრაელ მეომრებს კანონით ეკრძალებოდათ ლაშქრობის დროს სქესობრივი ურთიერთობა (1სმ. 21:5; 2სმ. 11:6—11).
მსაჯულების დროს ბენიამინის ქალაქ გიბაში ადგილი ჰქონდა ჯგუფურ გაუპატიურებას, რის გამოც აგორებულ შურისძიების ტალღას კინაღამ ბენიამინის ტომი შეეწირა. ქალაქის უვარგისი და უკუღმართი კაცები მცდელობას არ აკლებდნენ, რომ ლევიან სტუმართან სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ. ლევიანმა თავისი ხარჭა გამოუყვანა, რომელმაც ადრე უღალატა მას. კაცები მთელი ღამე ძალადობდნენ მასზე. ბოლოს ხარჭა მოკვდა. ამ მონაკვეთში გაუპატიურებად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ‛ანაჰ დაჩაგვრასა და დამცირებასაც ნიშნავს (მსჯ. თ-ები 19, 20).
მეფე დავითის ვაჟმა, ამნონმა გააუპატიურა თავისი ნახევარდა თამარი, რისთვისაც თამარის ძმამ, აბესალომმა მოაკვლევინა ამნონი (2სმ. 13:1—18). სპარსეთის მეფე ახაშვეროში ძალიან განრისხდა, როცა შეიტყო აგაგელი ჰამანის მიერ იუდეველების, განსაკუთრებით კი დედოფალი ესთერის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შესახებ. ჰამანმა იცოდა, რომ მეფის გულმოწყალების იმედი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ ესთერისთვის წყალობის სათხოვნელად სასოწარკვეთილი მის ტახტზე დაემხო. როცა ბაღიდან სასახლეში დაბრუნებულმა მეფემ დედოფლის ტახტზე დამხობილი ჰამანი დაინახა, უთხრა: „დედოფალზეც ძალადობ ჩემი აქ ყოფნის დროს?!“. მან მაშინვე ბრძანა ჰამანის სიკვდილით დასჯა. როგორც ჩანს, განაჩენის აღსრულების შემდეგ ჰამანის გვამი ჩამოკიდეს იმ ძელზე, რომელიც მას ესთერის ბიძაშვილ მორდოქაისთვის ჰქონდა გამზადებული (ესთ. 7:1—10). მონაკვეთში, სადაც მოყვანილია მეფის სიტყვები (ესთ. 7:8), გამოყენებულია ებრაული სიტყვა ქავაშ, რომელიც დამორჩილების გარდა (რც. 32:22; იერ. 34:16) შეიძლება გაუპატიურებასაც ნიშნავდეს.
კანონის თანახმად, თუ დანიშნული ქალი სიძვას ჩაიდენდა და სხვა კაცთან დაწვებოდა, ორივე უნდა მოეკლათ. მაგრამ, თუ ქალი იყვირებდა, ეს მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა. კაცი უნდა დაესაჯათ სიკვდილით თავისი ცოდვისთვის — გაუპატიურებისთვის, ქალი კი პასუხისგებისგან გაეთავისუფლებინათ (კნ. 22:23—27).