გამოცხადება
გამოცხადებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა (აპოკალიპსის) ნიშნავს გამოაშკარავებას ან გაცხადებას და ხშირად გამოიყენება სულიერი საკითხების ან ღვთის ნებისა და განზრახვების გამოცხადებასთან (ლკ. 2:32; 1კრ. 14:6, 26; 2კრ. 12:1, 7; გლ. 1:12; 2:2; ეფ. 1:17; გმც. 1:1). ასეთი გამოცხადება ღვთის სულის მოქმედების შედეგია. „წმინდა საიდუმლოს“ გამოცხადების შესახებ პავლე მოციქული წერს: „სხვა თაობებში ადამიანთა ძეებისთვის არ გამხდარა ცხადი ეს საიდუმლო, როგორც ახლა გაუმჟღავნდათ სულით მის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, რომ უცხოტომელები თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები და დანაპირების მოზიარეები უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (ეფ. 3:1—6; რმ. 16:25).
წიგნი „საქმეები“ დამაჯერებლად მოწმობს, რომ წმინდა საიდუმლოს გამოცხადება ღვთის სულის მოქმედების შედეგი იყო. ამ სულის ხელმძღვანელობით პეტრემ, პავლემ და ბარნაბამ არაიუდეველებს უქადაგეს. მორწმუნე არაიუდეველებმა ანუ უცხოტომელებმა მიიღეს წმინდა სული, როცა ჯერ კიდევ წინადაუცვეთელები იყვნენ და ღვთის სახელით წოდებული ხალხი გახდნენ (სქ. 10:9—48; 13:2—4). წინასწარმეტყველმა ამოსმა ეს ღვთივშთაგონებით იწინასწარმეტყველა, ახ. წ. პირველ საუკუნეში ღვთის სულის მოქმედებით კი ცხადი გახდა ამ წინასწარმეტყველების შესრულება (სქ. 15:7—20; შდრ. ამ. 9:11, 12, LXX).
ბიბლია აგრეთვე საუბრობს „ღვთის სამართლიანი განაჩენის გამოცხადებაზე“ (რმ. 2:5), „ღვთის ძეების გამოცხადებაზე“ (რმ. 8:19) და „იესო ქრისტესა“ და „მისი დიდების გამოცხადებაზე“ (1პტ. 1:13; 4:13). კონტექსტისა და მასთან დაკავშირებული მუხლების გამოკვლევა გვეხმარება ამა თუ იმ გამოცხადების დროის დადგენაში. თითოეულ შემთხვევაში გამოცხადება ნიშნავს მართლების კურთხევას ან ბოროტების განადგურებას.
ღვთის ძეების გამოცხადება. რომაელების მიმართ წერილში პავლე მოციქული წერს, რომ ღვთის ძეები არიან ისინი, ვინც შვილების სული მიიღეს. ღვთის ეს ძეები, როგორც ქრისტეს თანამემკვიდრეები, განდიდდებიან (რმ. 8:14—18). უფალი იესო ქრისტე მათ დამცირებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის (ფლ. 3:20, 21) და ისინი მასთან ერთად იმეფებენ (2ტმ. 2:12). ამგვარად, „ღვთის ძეების გამოცხადების“ დროს აშკარა გახდება, რომ ისინი განდიდდნენ და ქრისტე იესოსთან ერთად მეფობენ. მათში გამოცხადებული დიდება იმდენად შთამბეჭდავი იქნება, რომ დედამიწაზე განცდილი ტანჯვა არაფრად მოეჩვენებათ (რმ. 8:18, 19). პავლე მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ გამოცხადებას თან უდიდესი კურთხევები ახლავს. ის წერს: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რმ. 8:21).
ღვთის სამართლიანი განაჩენის გამოცხადება. რომაელების 2:5-ში „ღვთის სამართლიანი განაჩენის გამოცხადება“ დაკავშირებულია ღვთის რისხვის დღესთან. შესაბამისად, გამოცხადდება ღვთის სამართლიანი განაჩენი, როცა „თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს“ ანუ მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს მათ, ვინც მოთმინებით აკეთებს სიკეთეს, და გაანადგურებს მათ, ვინც უმართლობას ემორჩილება (რმ. 2:6—8).
იესო ქრისტეს გამოცხადება. იესო ქრისტესა და „მისი დიდების გამოცხადებისას“ ქრისტეს ერთგული მიმდევრები დაჯილდოვდებიან, უღვთოები კი დაისჯებიან. ამგვარად, ის გამოცხადდება როგორც დიდებული მეფე, რომელსაც დაჯილდოებისა და დასჯის ძალაუფლება აქვს. ბიბლიიდან ჩანს, რომ სულით ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ერთგულად იტანდნენ ტანჯვას, სიხარულით აივსებიან ქრისტეს დიდების გამოცხადებისას (1პტ. 4:13). მათი გამონაცადი რწმენა ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი იქნება იესო ქრისტეს გამოცხადებისას და მათდამი წყალობა გამოვლინდება (1პტ. 1:7, 13). ისინი კი, ვინც არ იცნობენ ღმერთს და არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას უფალ იესოს შესახებ, სამუდამოდ განადგურდებიან, რაც შვებას მოუტანს მათგან დატანჯულებს (2თს. 1:6—10).