ᲢᲐᲜᲡᲐᲪᲛᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲮᲔᲕᲐ
დარდისა და ვარამის გამომხატველი ჟესტი, რომელიც ებრაელებსა და სხვა აღმოსავლეთის ხალხებში იყო გავრცელებული. ასე განსაკუთრებით ახლობლის სიკვდილის გაგებისას იქცეოდნენ. ძირითადად, ტანსაცმელს გულმკერდის არეში ხევდნენ და არა მთელ სიგრძეზე, რაც გამოუსადეგარს გახდიდა მას.
ბიბლიაში მოხსენიებულთაგან პირველი, ვინც ტანსაცმელი შემოიხია, იაკობის უფროსი ვაჟი, რეუბენი იყო. როცა ჭასთან მისულს იოსები იქ აღარ დახვდა, რეუბენმა ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „ბავშვი აღარ არის! ახლა რაღა ვქნა?!“. როგორც პირმშოს, მას თავისი უმცროსი ძმისთვის უნდა ეპატრონა. როცა იაკობს შვილის დაღუპვა ამცნეს, მან ტანსაცმელი შემოიხია და გლოვის ნიშნად წელზე ჯვალო შემოიხვია (დბ. 37:29, 30, 34). მოგვიანებით ეგვიპტეში ყოფნისას იოსების ნახევარძმებმაც შემოიხიეს ტანსაცმელი, როცა ბენიამინს ქურდობა დაჰბრალდა (დბ. 44:13).
ზემოთქმულისგან განსხვავებით, როცა იეჰოვამ აარონის ორი უფროსი ვაჟი, ნადაბი და აბიჰუ, უკეთურობის გამო სიკვდილით დასაჯა, მოსემ აარონსა და მის ორ ცოცხლად დარჩენილ ვაჟს უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით, ნუ შემოიხევთ სამოსელს, რომ არ დაიხოცოთ“ (ლვ. 10:6). მღვდელმთავარს არ ჰქონდა უფლება, გლოვის ნიშნად მოუვლელი თმით ევლო და ტანსაცმელი შემოეხია. რაც შეეხება აარონის შტოს სხვა მღვდლებს, მათთვის ნებადართული იყო, დაღუპული ახლო ნათესავის გამო გლოვა ასე გამოეხატათ (ლვ. 21:1—4, 10, 11).
ბიბლიაში გლოვის ნიშნად ტანსაცმლის შემოხევის სხვა შემთხვევებიც არის მოხსენიებული. მაგალითად, იობმა სამოსელი შემოიხია, როცა შვილების სიკვდილი ამცნეს (იობ. 1:20); იობის სამმა ვაიმეგობარმა მისი ავადმყოფობის დანახვაზე ტირილი დაიწყო, სამოსელი შემოიხია და თავზე მტვერი დაიყარა (იობ. 2:12); ტანსაცმელი იესო ნავეს ძემაც შემოიხია აისთან დამარცხების შემდეგ (იეს. 7:6); ტანსაცმელშემოხეულმა კაცმა მიიტანა მეფე საულის სიკვდილის ამბავი (2სმ. 1:2); დავითმა ტანსაცმელი შემოიხია, როცა არასწორი ამბავი მიუტანეს, აბესალომმა ყველა უფლისწული დახოცაო (2სმ. 13:30, 31); მეფე ხიზკიამ და მისმა მსახურებმა ტანსაცმელი შემოიხიეს, როცა ასურელი რაბშაკეს მიერ იეჰოვასა და იერუსალიმის წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვები მოისმინეს (ეს. 37:1; 36:22). როცა დედოფალი ათალია მიხვდა, რომ უკანონოდ მითვისებული ტახტი ხელიდან ეცლებოდა, სამოსი შემოიხია და დაიყვირა: „შეთქმულებაა, შეთქმულება!“ (2მფ. 11:14).
იუდას სამეფოს არსებობის მიწურულს მეფე იეჰოიაკიმსა და მის მთავრებს ისე ჰქონდათ გული გაქვავებული, რომ იეჰოვას განაჩენის შესახებ იერემიას წინასწარმეტყველების მოსმენის შემდეგ, „არ შეშინებიათ და ტანსაცმელი არ შემოუხევიათ“ (იერ. 36:24).
იმის საჩვენებლად, რომ ასეთი ჟესტი შეიძლებოდა თვალთმაქცური ან, სულ მცირე, არაგულწრფელი ყოფილიყო და გულწრფელი მონანიების გარეშე ის ყოველგვარ აზრს კარგავდა, იეჰოვამ იუდას მკვიდრთ იოელ წინასწარმეტყველის პირით მოუწოდა: „გულები დაიგლიჯეთ და არა ტანსაცმელი, დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას“ (იოლ. 2:13).
მოგვიანებით, როცა იესომ დაადასტურა, რომ ღვთის ძე იყო, მღვდელმთავარმა კაიაფამ, ვითომდა დიდი აღშფოთებისა და სიბრაზის ნიშნად, მოსასხამი შემოიხია (მთ. 26:65). მისგან განსხვავებით, იესოს მიმდევრებმა, პავლემ და ბარნაბამ, გულწრფელი შეცბუნებისა და შეწუხებისგან ტანსაცმელი შემოიხიეს, როცა დაინახეს, რომ ლისტრელებმა ისინი ღმერთებად ჩათვალეს და მათ თაყვანისცემას აპირებდნენ (სქ. 14:8—18).
კანონის თანახმად, კეთროვანს დახეული ტანსაცმელი უნდა ეტარებინა (ლვ. 13:45), როგორც ჩანს, იმიტომ რომ ებრაელებისთვის კეთრი სიკვდილთან ასოცირდებოდა. მაგალითად, კეთრით დაავადებული მირიამის შესახებ ნათქვამია, რომ ის „მკვდრადშობილს დაემსგავსა“ (რც. 12:12). ამგვარად, განსხვავებული ჩაცმულობით კეთროვანი თითქოსდა საკუთარ თავს დასტიროდა, რადგან ცოცხალი ლეშივით იყო.
სიმბოლური მნიშვნელობა. ზოგჯერ ტანსაცმლის შემოხევას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ახიამ თავისი მოსასხამი თორმეტ ნაწილად დახია და ათი ნაგლეჯი იერობოამს მისცა, რაც სოლომონის სამეფოს გაყოფას მოასწავებდა (1მფ. 11:29—39). მსგავსად, როცა საულმა ხელი სტაცა სამუელის მოსასხამს და გაგლიჯა ის, სამუელმა ამ მოსასხამის მაგალითით დაანახვა საულს, რომ იეჰოვამ უარყო მისი სახლი (1სმ. 15:26—28).