მხსნელი
ის, ვინც ვინმეს საფრთხეს აარიდებს და დაღუპვას გადაარჩენს. იეჰოვაა მთავარი მხსნელი, ხსნის ერთადერთი წყარო (ეს. 43:11; 45:21). ის არაერთხელ გამხდარა ისრაელის მხსნელი (ფს. 106:8, 10, 21; ეს. 43:3; 45:15; იერ. 14:8). ღმერთი მხსნელად ევლინებოდა არა მხოლოდ მთელ ერს, არამედ თავის ცალკეულ მსახურებსაც (2სმ. 22:1—3). ხშირად ღმერთი ისრაელს მისივე რიგებიდან უგზავნიდა მხსნელებს (ნემ. 9:27). მსაჯულების დროს ის მხსნელებს თვითონ ურჩევდა ისრაელს და მტრისგან დასაცავად განსაკუთრებული ძალით აღჭურავდა მათ (მსჯ. 2:16; 3:9, 15). მსაჯულები მთელი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე ისრაელს სწორი გზით სიარულში ეხმარებოდნენ, შედეგად ხალხი მტრის თავდასხმებისგან დასვენებული იყო (მსჯ. 2:18). დედამიწაზე მყოფი იესოსთვისაც იეჰოვა იყო მხსნელი. იეჰოვა მხარს უჭერდა და აძლიერებდა მას, რათა მძიმე განსაცდელების დროს ერთგული დარჩენილიყო (ებ. 5:7; ფს. 28:8).
მხსნელის გარდა იეჰოვას გამომსყიდველიც ეწოდება (ეს. 49:26; 60:16). თავის დროზე მან ისრაელი ტყვეობიდან დაიხსნა და გამოისყიდა. გარდა ამისა, ცოდვის მონობისგან დასახსნელად მან ქრისტიანები თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გამოისყიდა (1ინ. 4:14), რომელიც გამოგზავნა მათ სახსნელად და, შესაბამისად, მეთაურად და მხსნელად აამაღლა (სქ. 5:31). იესო ქრისტეს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „ჩვენი მხსნელი“, მიუხედავად იმისა, რომ ხსნის ძალა იეჰოვასგან აქვს მიღებული (ტიტ. 1:4; 2პტ. 1:11). ანგელოზის მითითებით ღვთის ძისთვის დარქმეული სახელი „იესო“ ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. ანგელოზის თქმით, იესო დაიხსნიდა თავის ხალხს ცოდვებისგან (მთ. 1:21; ლკ. 1:31). ეს სახელი იმას გვაუწყებს, რომ ხსნა იეჰოვასგან მომდინარეობს იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ არის, რომ იქ, სადაც ხსნის საკითხი განიხილება, მამაც მოიხსენიება და ძეც (ტიტ. 2:11—13; 3:4—6).
იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით „ყველანაირ ადამიანს“ იხსნის (1ტმ. 4:10). ღმერთი იხსნის მათ ცოდვისა და სიკვდილისგან (რმ. 8:2), დიდი ბაბილონისგან (გმც. 18:2, 4), სატანის ქვეყნიერებისგან (ინ. 17:16; კლ. 1:13), განადგურებისა და დაღუპვისგან (გმც. 7:14—17; 21:3, 4). გამოცხადების 7:9, 10-დან ვიგებთ, რომ „უამრავი ხალხი“ ხსნას ღმერთსა და კრავს უმადლის.
იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი ხსნის საფუძველია. იესო ქრისტეს, როგორც მეფესა და მარადიულ მღვდელმთავარს, აქვს იმის ძალა და უფლებამოსილება, რომ „სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს“ (ებ. 7:23—25; გმც. 19:16). ის არის „სხეულის“ ანუ თავისი ცხებული მიმდევრებისგან შემდგარი კრების მხსნელი და არა მარტო ცხებულების, არამედ ყველა თავისი მორწმუნის მხსნელი (ეფ. 5:23; 1ინ. 4:14; ინ. 3:16, 17).