ᲛᲬᲔᲠᲐᲚᲘ, ᲛᲬᲘᲒᲜᲝᲑᲐᲠᲘ
ებრაულ წერილებში გამოყენებული სიტყვა სოფერ წარმოდგება ფუძიდან, რომელიც ნიშნავს დათვლას და ნათარგმნია როგორც „მწერალი“, „აღმრიცხველი“ და „გადამწერი“; ხოლო ბერძნულ წერილებში გამოყენებული სიტყვა გრამმატევს ნათარგმნია როგორც „მწიგნობარი“ და „ხალხის მოძღვარი“. ეს დედნისეული სიტყვები ნასწავლი ადამიანის, მოგვიანებით კი კანონის მცოდნის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ზოგიერთ ზებულონელს ჯარისკაცების აღრიცხვა ევალებოდა (მსჯ. 5:14; შდრ. 2მფ. 25:19; 2მტ. 26:11). ტაძარში მსახურობდნენ მწერლები, იგივე მდივნები (2მტ. 34:9, 13). მღვდელმთავარი და მეფე იეჰოაშის მწერალი შემოწირულ ფულს ითვლიდნენ, დათვლილ ფულს კი იმ ზედამხედველებს გადასცემდნენ, რომლებიც ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შემსრულებლებს გასამრჯელოს აძლევდნენ (2მფ. 12:10—12). ბარუქი წინასწარმეტყველ იერემიას მწერალი იყო (იერ. 36:32). სპარსეთის მეფე ახაშვეროშის მწერლებმა ჰამანის კარნახით ებრაელების განადგურების ბრძანება დაწერეს, მოგვიანებით კი მორდოქაის კარნახით მათ საპირისპირო ბრძანების დაწერა მოუწიათ (ესთ. 3:12; 8:9).
ეგვიპტელი გადამწერები საზოგადოების მაღალ ფენას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა საკმაოდ ნასწავლი და გონებაგახსნილი ადამიანები იყვნენ. გადამწერები ყოველთვის თან ატარებდნენ სხვადასხვა ფერის მელნიან პალიტრას, წყლის დოქსა და საკალმეს. მათ კარგად იცოდნენ, როგორ უნდა გაეფორმებინათ იურიდიული საბუთები თუ სავაჭრო ხელშეკრულებები. ისინი გასამრჯელოს იღებდნენ ამგვარი საბუთების შევსებისთვის, კარნახით ტექსტის შედგენისთვის და ა. შ.
ბაბილონში გადამწერობა პროფესიულ საქმიანობად ითვლებოდა. ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კანონის თანახმად, ყველა საქმიანი გარიგება წერილობით უნდა გაფორმებულიყო, მხარეების მიერ სათანადოდ ხელმოწერილიყო და დამოწმებულიყო. კალმითა და თიხის გუნდით აღჭურვილი მწერალი ქალაქის კარიბჭესთან ჯდებოდა, სადაც ხალხი საქმიან გარიგებებს აწარმოებდა. მწერალი მათ გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ თავის სამსახურს სთავაზობდა. მწერლები აფორმებდნენ საქმიან ხელშეკრულებებს, წერდნენ წერილებს, ამზადებდნენ საბუთებს, აწარმოებდნენ ტაძრის ჩანაწერებსა და სხვა საკანცელარიო საქმეებს.
ებრაელი გადამწერები ნოტარიუსის საქმეს ასრულებდნენ, გასცემდნენ გაყრის მოწმობებს და ადგენდნენ საბუთებს სხვადასხვა გარიგებისთვის. ცნობილია, რომ გვიანდელ პერიოდში მათ დადგენილი ტარიფი არ ჰქონიათ, ასე რომ კლიენტს შეეძლო, წინდაწინვე შევაჭრებოდა მათ. ჩვეულებრივ, გადამწერს გასამრჯელოს გარიგების ერთი მხარე უხდიდა, მაგრამ ზოგჯერ ხარჯებს ორივე მხარე იყოფდა. ეზეკიელმა ხილვაში ნახა კაცი, რომელსაც თეძოსთან გადამწერის სამელნე ჰქონდა და ხალხს ნიშანს ადებდა (ეზკ. 9:3, 4).
წმინდა წერილების გადამწერები. მღვდელ ეზრას პერიოდში გადამწერები (ებრ. სოფერიმ) პირველად გამოჩნდნენ როგორც გამოყოფილი ჯგუფი. ისინი ებრაული წერილების ასლებს აკეთებდნენ და ამ საქმეს უდიდესი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, რათა შეცდომები მინიმუმამდე დაეყვანათ. დროთა განმავლობაში იმდენად კირკიტები გახდნენ, რომ გადაწერისას სიტყვებთან ერთად ასოებსაც ითვლიდნენ. ქრისტეს შემდეგაც საუკუნეების განმავლობაში ებრაული დამწერლობა მხოლოდ თანხმოვნებისგან შედგებოდა და, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ასოს გამოტოვება ან დამატება სიტყვის მნიშვნელობას ცვლიდა. ყველაზე უმნიშვნელო შეცდომის, მაგალითად, ერთი ასოს არასწორად დაწერის შემთხვევაში, გრაგნილის მთელ იმ მონაკვეთს სინაგოგისთვის გამოუსადეგრად მიიჩნევდნენ. ამიტომ გრაგნილიდან იმ ნაწილს ჭრიდნენ და უშეცდომო ასლით ანაცვლებდნენ. გადამწერები დაწერამდე თითოეულ სიტყვას ხმამაღლა წარმოთქვამდნენ. შეუმოწმებლად ერთი სიტყვის დაწერაც კი მძიმე ცოდვად ითვლებოდა. თანდათან ისინი უკიდურესობამდე მივიდნენ. როგორც ამბობენ, რელიგიური ტექსტების გადამწერები ʼელოჰიმის (ღმერთი) ან ʼადონაის (უზენაესი უფალი) დაწერამდე ღვთისადმი მოკრძალებით უნდა გამსჭვალულიყვნენ და გულდასმით გაეწმინდათ კალამი.
მიუხედავად იმისა, რომ სოფერიმები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, რათა შეცდომა არ გაპარულიყო, დროთა განმავლობაში მათ თავს უფლება მისცეს, ტექსტში ცვლილებები შეეტანათ. 134 ადგილას მათ ჲჰვჰ შეცვალეს ʼადონაით (უფალი), ხოლო სხვა ადგილებზე ʼელოჰიმით (ღმერთი). სოფერიმებმა მრავალი ცვლილება ღვთის სახელთან დაკავშირებული ცრურწმენის საფუძველზე და ანთროპომორფიზმისთვის (ღვთაების წარმოდგენა ადამიანის სახის მქონედ) თავის არიდების მიზნით მოახდინეს (იხ. ᲘᲔᲰᲝᲕᲐ [ცრურწმენის გამო მიჩქმალული ღვთის სახელი]). იესოს დედამიწაზე ცხოვრებიდან საუკუნეების შემდეგ წმინდა წერილების გადამწერები მასორეტების სახელით გახდნენ ცნობილი. ისინი უყურადღებოდ არ ტოვებდნენ სოფერიმების მიერ გაკეთებულ ცვლილებებს და ამას არშიაზე ან ებრაული ტექსტის ბოლოში აღნიშნავდნენ. ასეთი შენიშვნების ერთობლიობას მასორა ეწოდა. ებრაულ ტექსტში 15 ადგილას სოფერიმებს ზოგი ასო და სიტყვა სპეციალური წერტილებით (puncta extraordinaria) ჰქონდათ აღნიშნული. ამ წერტილების მნიშვნელობა დღემდე დაუდგენელია.
სტანდარტულ ებრაულ ხელნაწერთა მასორაში (ებრაული ტექსტის არშიაზე ან ბოლოში წვრილი ასოებით გაკეთებული შენიშვნები) რამდენიმე ადგილას დაახლოებით ასეთი რამ წერია: „ეს არის სოფერიმების მიერ გაკეთებული თვრამეტი შესწორებიდან ერთ-ერთი“. შესაძლოა სოფერიმებს შესწორებები იმიტომ შეჰქონდათ, რომ მათი აზრით, ებრაული ტექსტის კონკრეტული მონაკვეთები იეჰოვა ღმერთს ან მის მიწიერ წარმომადგენლებს შეურაცხყოფდა. როგორი მოტივებიც უნდა ჰქონოდათ, ეს ღვთის სიტყვის დამახინჯება იყო. სოფერიმების მიერ გაკეთებული შესწორებების სია იხილეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში, გვ. 1569 (ინგლ.).
კანონის მასწავლებლები. ღვთის კანონის გადამწერებისა და მასწავლებლების როლს თავდაპირველად მღვდლები ასრულებდნენ (ეზრ. 7:1—6). თუმცა ისრაელში ღვთის კანონის ცოდნა ყველა ებრაელისგან მოითხოვებოდა. ამიტომ კანონის კარგად მცოდნეს დიდ პატივს სცემდნენ. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კანონის მცოდნეთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელთაგან მხოლოდ ერთეულები მსახურობდნენ მღვდლებად. იესოს დროს სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ეწოდებოდათ „მწიგნობრები“ ანუ კანონის მცოდნეები. კანონის სისტემატური სწავლა და განმარტება მათ თავიანთ ძირითად საქმიანობად აქციეს. როგორც ჩანს, ბიბლიაში მოხსენიებულ კანონის მასწავლებლებში, იგივე კანონის მცოდნეებში, სწორედ ეს ხალხი იგულისხმება (ლკ. 5:17; 11:45). ეს ჯგუფი ძირითადად ფარისეველთა სექტასთან ასოცირდებოდა, რადგან ეს უკანასკნელნი მწიგნობართა განმარტებებსა და ადათ-წესებს აღიარებდნენ, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩახლართულ, ფორმალურ და დეტალებით სავსე წესებად იქცა. ბიბლიაში რამდენიმე ადგილას ეს ადამიანები მოხსენიებული არიან როგორც ფარისეველთა მწიგნობრები (ლკ. 5:30; სქ. 23:9). ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ზოგიერთი მწიგნობარი სადუკეველი იყო; მათ მხოლოდ დაწერილი კანონის სწამდათ. ფარისეველთა მწიგნობრები კი გულმოდგინედ იცავდნენ არა მარტო კანონს, არამედ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციებსაც. ისინი ხალხის აზროვნებაზე უფრო დიდ გავლენას ახდენდნენ, ვიდრე მღვდლები. მწიგნობრების ძირითადი ნაწილი იერუსალიმში იმყოფებოდა, თუმცა ისინი მთელ პალესტინასა თუ სხვა ქვეყნებში გაფანტულ ებრაელთა შორისაც მოღვაწეობდნენ (მთ. 15:1; მრ. 3:22; შდრ. ლკ. 5:17).
ხალხი მწიგნობრებს პატივს სცემდა და რაბის ეძახდა (ბერძ. რაბბე, ნიშნავს „ჩემო დიდებულო“; „ჩემო აღმატებულო“; მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან რავ, ნიშნავს ბევრს, დიდებულს; ამ საპატიო წოდებით მიმართავდნენ მასწავლებლებს). წმინდა წერილებში ეს სიტყვა რამდენიმე ადგილას იესო ქრისტეს მიმართ გამოიყენება. იოანეს 1:38-ის თანახმად, რაბი ნიშნავს მოძღვარს. იესო მართლაც იყო თავისი მოწაფეების მოძღვარი. როგორც მათეს 23:8-ში ვკითხულობთ, მან მოწაფეებს უთხრა, რომ მწიგნობრებისგან განსხვავებით მათ არც საკუთარი თავისთვის უნდა ეწოდებინათ ეს სახელი და არც სხვებისგან უნდა მოეთხოვათ ასე მიმართვა (მთ. 23:8, 2, 6, 7). იესომ მკაცრად გაკიცხა მწიგნობრები და ფარისევლები, რადგან კანონს თავიანთი წესები დაუმატეს და ისეთი ფორმულირება მისცეს, რომ კანონისთვის გვერდის ავლა შესძლებოდათ. იესომ უთხრა მათ: „თქვენ ძალას უკარგავთ ღვთის სიტყვას თქვენ მიერ გადაცემული ადათ-წესებით“. მან ამის ერთ-ერთი მაგალითიც მოუყვანა: ფარისევლები და მწიგნობრები ამართლებდნენ მათ, ვინც მშობელს იმ მიზეზით არ ეხმარებოდა, თითქოს ქონება ღვთისთვის ჰქონდათ მიძღვნილი (მთ. 15:1—9; მრ. 7:10—13; იხ. ᲙᲝᲠᲑᲐᲜᲘ).
იესო ამბობდა, რომ ფარისევლების მსგავსად მწიგნობრებსაც ბევრი რამ ჰქონდათ დამატებული კანონისთვის, რის გამოც ხალხს ტვირთად ექცა მისი დაცვა. მთლიანობაში მათ არც ხალხი უყვარდათ და არც მათი დახმარების სურვილი ჰქონდათ. ხალხისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად ისინი თითსაც არ ატოკებდნენ. მათ მოსწონდათ, როცა ხალხი ხოტბას ასხამდა და საპატიო წოდებებით მიმართავდა. ამ თვალთმაქცი ადამიანებისთვის რელიგია შენიღბვის საშუალება იყო და მას მხოლოდ რიტუალურ დატვირთვას ანიჭებდნენ. იესომ აჩვენა, რომ ასეთი აზროვნებითა და საქციელით ისინი ღვთის კეთილგანწყობილებას ვერ დაიმსახურებდნენ: „გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მთ. 23:1—33). მწიგნობრები, როგორც კანონის მცოდნეები, ანგარიშვალდებულნი იყვნენ ღვთის წინაშე. მათ წაიღეს ცოდნის გასაღები და არ მოინდომეს იესოს აღიარება, რომელზეც მათივე ხელით გადაწერილი წმინდა წერილები მოწმობდა. უფრო მეტიც, ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ იმისათვის, რომ სხვებსაც არ ეღიარებინათ იესო და არ მოესმინათ მისთვის, რითაც კიდევ უფრო ამძიმებდნენ თავიანთ დანაშაულს (ლკ. 11:52; მთ. 23:13; ინ. 5:39; 1თს. 2:14—16).
მათ, როგორც რაბინებს, არა მხოლოდ კანონის სწავლება და თეორიული დამუშავება ევალებოდათ, არამედ სასამართლოებში სამართლის აღსრულებაც. მწიგნობრები ებრაელთა უზენაესი სასამართლოს, სინედრიონის, წევრებიც იყვნენ (მთ. 26:57; მრ. 15:1). კანონი კრძალავდა საჩუქრის ან ქრთამის აღებას, ამიტომ მოსამართლეობისთვის მათ გასამრჯელო არ უნდა აეღოთ. შესაძლოა, ზოგ რაბინს მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული სიმდიდრე. თითქმის ყველა მწიგნობარი რაიმე ხელობას ფლობდა და ეს მათთვის საამაყო იყო, რადგან ამის წყალობით მათ რაბინის მოვალეობის შესრულებაც შეეძლოთ და თავის რჩენაც. მართალია, მათ მოსამართლეობისთვის გასამრჯელოს აღების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ კანონის სწავლების სანაცვლოდ ისინი ალბათ ელოდნენ და იღებდნენ კიდეც ანაზღაურებას. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იესოს სიტყვები გვაძლევს. ერთხელ მან გააფრთხილა ხალხი, რომ მწიგნობრები ხარბები იყვნენ, სხვა შემთხვევაში კი მაგალითი მოიყვანა დაქირავებული მუშაზე, რომელიც არ ზრუნავდა მისთვის მიბარებულ ცხვარზე (მრ. 12:37—40; ინ. 10:12, 13). პეტრემ ქრისტიანული კრების მწყემსები გააფრთხილა, რომ თავიანთი მდგომარეობა გამორჩენის მიზნით არ გამოეყენებინათ (1პტ. 5:2, 3).
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების გადამწერები. კოლოსელებს პავლემ მისწერა, რომ მისი წერილი ლაოდიკეელებისთვისაც მიეცათ წასაკითხად, ლაოდიკეაში გაგზავნილი წერილი კი მათ წაეკითხათ (კლ. 4:16). უდავოა, ყველა კრება მოისურვებდა მოციქულებისა და ხელმძღვანელი საბჭოს სხვა წევრების მიერ სხვადასხვა კრებისთვის გაგზავნილი წერილების წაკითხვას. ამიტომ ქრისტიანები წერილების ასლებს აკეთებდნენ, რათა მოგვიანებითაც წაეკითხათ და სხვებისთვისაც გაეგზავნათ. პავლეს წერილების (ასლების) ძველი კრებულები იმაზე მოწმობს, რომ ადრინდელი ქრისტიანები ბევრ ასლს აკეთებდნენ და აქვეყნებდნენ.
ახ. წ. IV საუკუნეში მოღვაწე ბიბლიის მთარგმნელი იერონიმე და III საუკუნეში მოღვაწე თეოლოგი ორიგენე წერდნენ, რომ მათეს თავისი სახარება ებრაულ ენაზე ჰქონდა დაწერილი. ეს სახარება, ძირითადად, ებრაელი მკითხველისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ებრაულის არმცოდნე ბევრი იუდეველი ცხოვრობდა, რის გამოც მოგვიანებით, შესაძლოა, თავად მათემ გადათარგმნა თავისი სახარება ბერძნულ ენაზე. რაც შეეხება მარკოზის სახარებას, ის, ძირითადად, არაებრაელ მკითხველზე იყო გათვლილი, რაზეც მასში მოცემული ებრაელთა ადათ-წესებისა და სწავლებების განმარტებები, რომაელი მკითხველისთვის გაუგებარი სიტყვების თარგმანები და სხვა ახსნა-განმარტებები მოწმობს. ორივე სახარება ფართო მკითხველისთვის იყო გამიზნული, ამიტომ ქრისტიანებს ბევრი ასლი უნდა გაეკეთებინათ და გაევრცელებინათ.
ქრისტიან გადამწერთა უმეტესობისთვის ეს საქმიანობა მათი პროფესია არ ყოფილა, მაგრამ ისინი ძალიან აფასებდნენ ღვთივშთაგონებულ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს და დიდი გულისყურით ეკიდებოდნენ ამ საქმეს. დღემდე შემორჩენილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ფრაგმენტი, რაილენდსის პაპირუსი №457, ამ ადრინდელი ქრისტიანი გადამწერების ტიპური ნამუშევარია. პაპირუსის ეს ფრაგმენტი, რომელზეც ტექსტი ორივე მხრიდან არის დაწერილი, სულ რაღაც 100 ბერძნულ ასოს შეიცავს და ახ. წ. მეორე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება (სურათი, ტ. 1, გვ. 323). მართალია, ის არაოფიციალური სტილითა და დაუხვეწელი კალიგრაფიით არის დაწერილი, მაგრამ აშკარაა, რომ გულდასმით შესრულებული ნამუშევარია. საინტერესოა, რომ ეს იმ კოდექსის ფრაგმენტია, რომელიც, როგორც ჩანს, იოანეს მთელ სახარებას შეიცავდა და დაახლოებით 66 ფურცლისგან ანუ 132 გვერდისგან შედგებოდა.
ქრისტიან გადამწერთა საქმიანობაზე მეტს ვიგებთ უფრო გვიანდელი პერიოდით დათარიღებული ჩესტერ ბიტის ბიბლიური პაპირუსებიდან. მათში შესულია II— IV საუკუნეებში ბერძნულ ენაზე შესრულებული 11 კოდექსის ფრაგმენტები ებრაული წერილების 9 წიგნიდან და ბერძნული წერილების 15 წიგნიდან. ისინი სხვადასხვა სტილით არის შესრულებული და ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელ გადამწერთა ნამუშევრებზე. ერთ-ერთი კოდექსი შეფასდა როგორც „კარგი, პროფესიონალი გადამწერის ნაშრომი“. სხვა კოდექსზე ნათქვამია: „სიზუსტე წვრილმანებში არის დაცული და თუმცა კალიგრაფიის სილამაზით არ გამოირჩევა, მცოდნე გადამწერის ნამუშევარია“. კიდევ ერთზე ასეთი კომენტარი გაკეთდა: „სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მთლიანობაში შეცდომები არ არის“ (The Chester Beatty Biblical Papyri: Descriptions and Texts of Twelve Manuscripts on Papyrus of the Greek Bible ფრედერიკ კენიონი, ლონდონი 1933, Fasciculus I, General Introduction, გვ. 14; 1933, Fasciculus II, The Gospels and Acts, Text, გვ. ix; 1936, Fasciculus III, Revelation, Preface).
ამ თავისებურებებზე უფრო მნიშვნელოვანი კი ფრაგმენტების შინაარსია. ისინი, ძირითადად, ეთანხმება მეოთხე საუკუნით დათარიღებულ პერგამენტზე შესრულებულ ხელნაწერებს, ე. წ. ნეიტრალებს (Neutrals), რომლებსაც ტექსტოლოგებმა, უესტკოტმა და ჰორტმა, უმაღლესი შეფასება მისცეს. ამ ხელნაწერებს შორისაა ვატიკანის კოდექსი №1209 და სინური კოდექსი. უფრო მეტიც, ისინი არ შეიცავს თვალში საცემ ჩამატებებს, როგორც პერგამენტზე შესრულებული ზოგი ხელნაწერი, კერძოდ, „დასავლურის“ (შესაძლოა შეცდომით დაარქვეს ეს სახელი) სახელით ცნობილი ხელნაწერები.
დღეს, ძირითადად, IV საუკუნით ან უფრო გვიანდელი პერიოდით დათარიღებული ათასობით ხელნაწერი არსებობს. ამ ხელნაწერთა გამოკვლევისა და ერთმანეთთან შედარების შედეგად მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ გადამწერები უდიდესი სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს. ზოგმა მეცნიერმა ამ შედარებების საფუძველზე ტექსტი შეასწორა და გადაამუშავა. მათ მიერ გადამუშავებული ტექსტები თანამედროვე თარგმანებს დაედო საფუძვლად. უესტკოტი და ჰორტი აღნიშნავენ, რომ ტექსტში შესულ „ცვლილებებს შორის ძალიან ცოტაა ისეთი ცვლილებები, რომლებსაც შეიძლება, ასე თუ ისე, არსებითი ვუწოდოთ. ისინი მთლიანი ტექსტის მეათასედ ნაწილსაც არ წარმოადგენს“ (The New Testament in the Original Greek, გრაცი, 1974, ტ. II, გვ. 2). ჩესტერ ბიტის პაპირუსების შესახებ სერ ფრედერიკ კენიონი წერდა: „მათი შესწავლის შედეგად გაკეთებული პირველი და უმნიშვნელოვანესი დასკვნა ის არის, რომ ისინი ამტკიცებს ჩვენს ხელთ არსებული ტექსტების სიზუსტეს. არც ძველ და არც ახალ აღთქმაში არ გვხვდება არსებითი განსხვავებები. არ არის დამატებული ან ამოღებული მნიშვნელოვანი მონაკვეთები; არც ისეთი ცვლილებებია, რომლებიც გავლენას მოახდენდა მნიშვნელოვან ფაქტებსა თუ მოძღვრებებზე. განსხვავებები გვხვდება მხოლოდ ისეთ უმნიშვნელო საკითხებში, როგორიცაა სიტყვების წყობა ან სინონიმური სიტყვების გამოყენება“ (Fasciculus I, General Introduction, გვ. 15).
სხვადასხვა მიზეზით დღემდე ძალიან ცოტაა შემორჩენილი ადრინდელ გადამწერთა ხელნაწერები. წმინდა წერილების მრავალი ასლი განადგურდა რომაელების მიერ ქრისტიანების დევნის დროს; ბევრი ხელნაწერი კი ხშირი გამოყენების გამო გაცვდა; ზოგან ცხელი და ნოტიო კლიმატი გახდა ხელნაწერთა სწრაფი გაფუჭების მიზეზი. გარდა ამისა, როცა მეოთხე საუკუნეში მოღვაწე პროფესიონალმა გადამწერებმა პაპირუსის ხელნაწერები პერგამენტის ხელნაწერებით ჩაანაცვლეს, როგორც ჩანს, მათ საჭიროდ აღარ ჩათვალეს პაპირუსზე შესრულებული ხელნაწერების შენახვა.
გადამწერები მელანს ამზადებდნენ მურისა და კვერის ფორმის გუმფისის მასისგან, რომელიც წყალში ზავდებოდა. კალმის მაგივრობას ლერწამი სწევდა. ლერწმის წვერი წყალში ჩაწობის შედეგად ფუნჯივით ხდებოდა. გადამწერები პერგამენტის ან პაპირუსის გრაგნილებზე წერდნენ, მოგვიანებით კი ცალკეული ფურცლებისგან კოდექსებს კინძავდნენ, რომლებსაც ხშირად ხის ყდებს უკეთებდნენ.