მწყემსი
ადამიანი, რომელიც უვლის, კვებავს და იცავს ცხვრის ან ცხვრისა და თხის ფარას (დბ. 30:35, 36; მთ. 25:32; იხ. ცხვარი), აგრეთვე საქონლის, ვირებისა და აქლემების ჯოგს და ღორების კოლტს (დბ. 12:16; 13:7, 8; მთ. 8:32, 33). მწყემსის საქმიანობა ადამის ვაჟ აბელის დროიდან იღებს სათავეს (დბ. 4:2). თუმცა ეს საქმიანობა ყველგან პატივსაცემი იყო, მიწათმოქმედებით ცნობილ ეგვიპტეში მწყემსებს ზიზღით უყურებდნენ (დბ. 46:34).
ხშირად ფარაზე პატრონის გარდა ზრუნავდნენ მისი შვილები (ვაჟები და ასულები) ან ნათესავები (დბ. 29:9; 30:31; 1სმ. 16:11). მდიდრებს მწემსებად მსახურები ჰყავდათ დაყენებული, როგორც ეს ნაბალის შემთხვევაში იყო, და ზოგჯერ მათ უფროსი მწყემსი უწევდა ზედამხედველობას (1სმ. 21:7; 25:7, 14—17). როცა ცხვარს პატრონი ან მისი ოჯახის წევრი მწყემსავდა, ფარა ჩვეულებრივ კარგად იყო მოვლილი. დაქირავებულ მწყემსს კი ხშირად არ აღელვებდა ის, რის გამოც ფარა ზოგჯერ ზარალდებოდა (ინ. 10:12, 13).
მწყემსს ჰქონდა კარავი (ეს. 38:12), ტანსაცმელი, რომელშიც შეეძლო გახვეულიყო (იერ. 43:12), ჯოხი და შურდული დასაცავად, აბგა საკვებისთვის (1სმ. 17:40; ფს. 23:4), სახრე და კაუჭიანი კვერთხი ფარის სამწყემსად (ლვ. 27:32; მქ. 7:14).
აბრაამის მსგავსად, მომთაბარე მწყემსები კარვებში ცხოვრობდნენ და თავიანთი ფარებისთვის საძოვრების ძიებაში ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ (დბ. 13:2, 3, 18). მაგრამ ზოგჯერ პატრონი რომელიმე ადგილას, თავის სახლში ან სადგომში ჩერდებოდა, მაშინ როცა მისი მსახურები ან ოჯახის წევრები ცხვართან ერთად გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე (დბ. 37:12—17; 1სმ. 25:2, 3, 7, 15, 16).
მართლა ცნობს ცხვარი თავისი მწყემსის ხმას?
ზოგჯერ რამდენიმე მწყემსს ერთ ფარეხში შეჰყავდა ფარები, რომლებსაც ღამით გუშაგი სდარაჯობდა. დილით ცხვრის გამოსაყვანად მისული მწყემსები თავიანთ ცხვარს უხმობდნენ, და ისინიც მხოლოდ თავიანთი მწყემსის ხმაზე რეაგირებდნენ. მწყემსი წინ უძღოდა ცხვარს და საძოვარზე მიჰყავდა (ინ. 10:1—5). უილიამ ტომსონი სირიასა და პალესტინაში მე-19 საუკუნეში გაკეთებულ პირად დაკვირვებებზე წერდა: „[ცხვარი] იმდენად მოშინაურებული და მიჩვეული ჰყავთ, რომ მწყემსს მორჩილად მიჰყვება ყველგან. მას გამოჰყავს ისინი ფარეხიდან თუ სოფლის სადგომებიდან და სადაც უნდა, იქ მიჰყავს. ასეთ ადგილებში უამრავი ფარაა, ამიტომ ყველა სხვადასხვა გზას ადგება. სწორედ მწყემსს ევალება ცხვრისთვის საძოვრის პოვნა. შესაბამისად, საჭიროა, ცხვარი მიაჩვიონ, მიჰყვეს მწყემსს და არ გადავიდეს ბილიკის ორივე მხარეს მდებარე შეუღობავ ყანებში. ვერც ერთი გზააბნეული ცხვარი ვერ გადაურჩება ხიფათს. დროდადრო მწყემსი ხმამაღალი შეძახილით აცნობებს ცხვარს თავის ადგილსამყოფელს. ცხვარი ცნობს მის ხმას და მიჰყვება, უცხოს ხმაზე კი მყისვე ჩერდება, შეშინებული თავს სწევს, ბრუნდება და გარბის, რადგან ხმა ეუცხოება. ეს ფაქტია და არა მოგონილი ამბავი იგავიდან. მსგავსი რამ არაერთხელ მიცდია. მწყემსი წინ უძღვის ფარას არა მხოლოდ გზის საჩვენებლად, არამედ იმაში დასარწმუნებლადაც, რომ გზა ადვილად გასავლელი და უსაფრთხოა“ (The Land and the Book, გადამუშავებულია ჯ. გრანდეს მიერ, 1910, გვ. 179).
მსგავს რამეს აღწერს ჯ. ლ. პორტერიც: „მწყემსებს თავიანთი ფარები ქალაქის კარიბჭეებიდან გამოჰყავდათ. კარგად ვხედავდით მათ და დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალყურს. იქ უწესრიგოდ თავმოყრილი, მჭიდროდ მდგარი ათასობით ცხვარი და თხა იყო. მწყემსები ერთად იდგნენ, ვიდრე ყველა არ გამოვიდა ქალაქიდან. შემდეგ თავ-თავის გზას დაადგნენ და სვლისას ცხვრის გასაგონად თავისებურ შეძახილს იმეორებდნენ. თავიდან ერთად შეგროვებული ფარები თითქოსდა კრუნჩხვებში ჩაცვივდნენ და რხევა დაიწყეს. შემდეგ კი შეიქმნა ნაკადები, რომლებიც ისრებივით მიემართებოდა მწყემსებისკენ და თანდათან გრძელდებოდა. საბოლოოდ უწესრიგოდ თავმოყრილი ფარები დაიშალნენ და გრძელი, ცოცხალი ნაკადულებივით გაემართნენ თავ-თავიანთი წინამძღოლებისკენ“ (The Giant Cities of Bashan and Syria’s Holy Places, 1868, გვ. 45).
საღამოს მწყემსს ფარა კვლავ ფარეხში შეჰყავდა. თვითონ კართან დგებოდა და ცხვარს ითვლიდა, როცა ისინი მისი სახრის ან ხელის ქვეშ გადიოდნენ (ლვ. 27:32; იერ. 33:13; იხ. ფარეხი).
მძიმე საქმე და მკაცრი პირობები. მწყემსის ცხოვრება ადვილი არ იყო. მას სიცხისა თუ სიცივის ატანა და არაერთი უძილო ღამის გათევა უწევდა (დბ. 31:40; ლკ. 2:8). ის საკუთარ სიცოცხლეს იგდებდა საფრთხეში, რათა მოეგერიებინა ისეთი მტაცებლები, როგორიცაა ლომი, მგელი თუ დათვი და ქურდებისგანაც დაეცვა ფარა (დბ. 31:39; 1სმ. 17:34—36; ეს. 31:4; ამ. 3:12; ინ. 10:10—12). მწყემსს თვალყური უნდა ედევნებინა ცხვრისთვის, რომ არ გაფანტულიყვნენ (1მფ. 22:17), დაკარგულები მოეძებნა (ლკ. 15:4), დაქანცული თუ სუსტი ბატკნები უბით ეტარებინა (ეს. 40:11) და ავადმყოფ თუ დაშავებულ ცხვარზე ეზრუნა — მოტეხილი კიდურები შეეხვია და დაზიანებულ ადგილებზე ზეითუნის ზეთი წაესვა (ფს. 23:5; ეზკ. 34:3, 4; ზქ. 11:16). ის დიდი სიფრთხილით უნდა მოჰკიდებოდა ფარაში მაწოვარ ცხვარს (დბ. 33:13). ყოველდღე, დაახლოებით შუადღისთვის, ის ფარას არწყულებდა (დბ. 29:3, 7, 8). თუ მწყემსს ფარა ჭასთან მიჰყავდა დასარწყულებლად, მიწაში გაკეთებული თხრილები ან გეჯები წყლით უნდა აევსო (გმ. 2:16—19; შდრ. დბ. 24:20). ჭებთან ზოგჯერ სხვადასხვა მწყემსს შორის უთანხმოებებიც ხდებოდა (დბ. 26:20, 21).
მწყემსს უფლება ჰქონდა დაელია ცხვრის რძე და გამოეყენებინა მატყლი (1კრ. 9:7). ხშირად გასამრჯელოდ მას ცხოველებს აძლევდნენ (დბ. 30:28, 31—33; 31:41), ზოგჯერ კი — ფულს (ზქ. 11:7, 12). დანაკარგი შეიძლებოდა მას აენაზღაურებინა (დბ. 31:39), თუმცა ნადირით დაგლეჯილის ანაზღაურება კანონით არ მოეთხოვებოდა (გმ. 22:13).
გადატანითი მნიშვნელობით. იეჰოვა მოსიყვარულე მწყემსია, რომელიც ზრუნავს თავის ცხვარზე, ანუ თავის ხალხზე (ფს. 23:1—6; 80:1; იერ. 31:10; ეზკ. 34:11—16; 1პტ. 2:25). მის ძეს, იესო ქრისტეს, ეწოდება „დიდებული მწყემსი“ (ებ. 13:20) და „უფროსი მწყემსი“, რომლის მეთვალყურეობითაც ქრისტიანული კრების ზედამხედველები ხალისით, უანგაროდ და გულმოდგინედ მწყემსავენ ღვთის ფარას (1პტ. 5:2—4). იესომ საკუთარ თავს „კარგი მწყემსი“ უწოდა, რომელსაც გული ეწვის ცხვრის გამო და ეს იმით დაამტკიცა, რომ საკუთარი სული გასწირა მათთვის (ინ. 10:11; იხ. მთ. 9:36). მაგრამ როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, როცა „კარგ მწყემსს“ დაჰკრეს, ფარა გაიფანტა (ზქ. 13:7; მთ. 26:31).
ბიბლიაში სიტყვა „მწყემსი“ აგრეთვე მიუთითებს ისრაელის როგორც ერთგულ, ისე ორგულ მმართველებსა თუ წინამძღოლებზე (ეს. 63:11; იერ. 23:1—4; 50:6; ეზკ. 34:2—10; შდრ. რც. 27:16—18; ფს. 78:70—72). ის სხვა ხალხების წინამძღოლებთანაც გამოიყენება (იერ. 25:34—36; 49:19; ნამ. 3:18; შდრ. ეს. 44:28). როგორც ჩანს, იერემიას 6:3-ში სიტყვა „მწყემსებში“ იგულისხმება ქვეყანაში შეჭრილი მტრის ჯარი. თავიანთ ფარებთან მყოფი მწყემსები ქვეყნის აღორძინების სიმბოლოდ გამოიყენება (იერ. 33:12). წინასწარმეტყველების თანახმად, ბაბილონის განადგურება იმდენად სრული იქნებოდა, რომ იქ მწყემსებიც არ დაასვენებდნენ თავიანთ ფარებს (ეს. 13:20).
გამოცხადების 12:5-ში რკინის კვერთხით ხალხთა დამწყემსვა მათ განადგურებას ნიშნავს (შდრ. ფს. 2:9).