თავდებობა, თავდები
თავდებობა სხვის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა; იგივე გირაო, გარანტია, საწინდარი. თავდები ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც სხვის მაგიერ კისრულობს პასუხისმგებლობას. ფსალმუნმომღერალი შესთხოვდა იეჰოვას, თავდებად დასდგომოდა და დაეცვა ის გამომძალველებისგან (ფს. 119:122).
საუკუნეების მანძილზე თავდებობის ჩვეულება უცვლელი რჩებოდა. პატრიარქი იობი ღმერთს ეუბნებოდა: „თავდებად დამიდექი. სხვა ვინ დამკრავს ხელს ხელზე პირობის ნიშნად?“ (იობ. 17:3). ამ ჩვეულების შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იგავების 17:18: „უგუნური კაცი მოძმეს ხელს ართმევს და თავდებად უდგება“. როგორც ჩანს, ძველად თავდებად დადგომა მოწმეების თანდასწრებით ხდებოდა. თავდები მევალეს ხელზე ხელს დაჰკრავდა ან ხელს ჩამოართმევდა და პირობას დებდა, რომ თუ მოვალე ვალს ვერ გადაიხდიდა, მოვალის ვალდებულებებს თავის თავზე აიღებდა. აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელის ხელზე დაკვრა ან შეხება გარიგებისა თუ შეთანხმების ძალაში შესვლის ნიშანი იყო (იგ. 11:21). შესაძლოა, სწორედ ამიტომ უთხრა იეჰუმ იეჰონადაბს, ხელი მიეცა მისთვის, მას შემდეგ, რაც იეჰონადაბმა დაუდასტურა, რომ მისი გულიც წრფელი იყო მისდამი (2მფ. 10:15).
იუდამ თამარს საბეჭდავი ბეჭედი, ზონარი და ჯოხი დაუტოვა იმის თავდებად, რომ მასთან სქესობრივი ურთიერთობის საფასურად თიკანს გაუგზავნიდა (დბ. 38:17—20). როცა რეუბენმა ბენიამინის ეგვიპტეში წაყვანა მოინდომა, იაკობს საწინდრად ასეთი რამ შესთავაზა: „ორივე ვაჟი მომიკალი, თუ არ დაგიბრუნო“. თუმცა იაკობი არ დასთანხმდა. მოგვიანებით იუდამ შემდეგი სიტყვებით დაითანხმა მამამისი, გაეშვა ბენიამინი: „მე დავუდგები თავდებად და მე დამაკისრე სასჯელი“. როცა იოსებმა ბენიამინის მონად დატოვება განიზრახა ეგვიპტეში, იუდამ, როგორც ყმაწვილის თავდებმა, მზადყოფნა გამოიჩინა, მის ნაცვლად გამხდარიყო მონა. მან ასეთი თხოვნით მიმართა იოსებს: „შენი მონა თავდებად დაუდგა ყმაწვილს, როცა მამამისისგან მოდიოდა ... ამიტომ, გთხოვ, ჩემო ბატონო, ამ ყმაწვილის მაგივრად მე ვიქნები შენი მონა“ (დბ. 42:37, 38; 43:8, 9; 44:32, 33).
მევალისთვის გირაოს მიცემას მოსეს კანონი არეგულირებდა. ისრაელში ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ძალაში შევიდა თავდებობის ჩვეულებაც. თუმცა, როგორც იგავების წიგნი გვაფრთხილებს, ეს სახიფათო და უგუნური ტრადიცია იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ადამიანს ამის გამო შეიძლება მთელი საბადებელი დაეკარგა (იგ. 6:1—5; 11:15; 22:26, 27; იხ. გირაო).