ტარტაროზი
შეზღუდული და დამცირებული მდგომარეობა, რომელშიც ნოეს დროს ღვთის ნებით ურჩი ანგელოზები აღმოჩნდნენ.
ბიბლიაში ეს სიტყვა მხოლოდ ერთხელ, კერძოდ, 2 პეტრეს 2:4-ში გვხვდება. მოციქული წერს: „ღმერთმა შემცოდველი ანგელოზები არ დაინდო, ჩაყარა ტარტაროზში, უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს გადასცა და სასამართლოსთვის შემოინახა“. აქ სიტყვა „ტარტაროზი“ გვხვდება ბერძნულ ზმნაში ტარტაროო, რომელიც გადმოტანილია ფრაზით „ჩაყარა ტარტაროზში“.
მსგავს აზრს იუდას 6-ში ვკითხულობთ: „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს იგი გასამართლების დიდი დღისათვის“. პეტრეს წერილიდან ვიგებთ, თუ როდის მიატოვეს ანგელოზებმა „მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“. იგი ამბობს, რომ საპყრობილეში მყოფი სულები „ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა“ (1პტ. 3:19, 20). ეს პირდაპირ უკავშირდება დაბადების 6:1—4-ში ჩაწერილ ცნობას „ჭეშმარიტი ღვთის ძეების“ შესახებ, რომლებმაც წარღვნამდელ პერიოდში მიატოვეს თავიანთი ზეციერი სამკვიდრო და ქალებთან სქესობრივი ურთიერთობისთვის ხორცი შეისხეს. მათ უჩნდებოდათ შვილები, რომლებსაც ბიბლია ნეფილიმებს უწოდებს (იხ. ნეფილიმები; ღვთის ძეები).
ამ მუხლებიდან ჩანს, რომ ტარტაროზში რომელიმე კონკრეტული ადგილი კი არა, მდგომარეობა იგულისხმება. ამაზე პეტრესა და პავლეს სიტყვებიც მოწმობს. პეტრე ამბობს, რომ ეს ურჩი სულები „უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებში“ არიან, ხოლო პავლე ამ „ზეციერ ბოროტ სულებს“ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელებს უწოდებს (2პტ. 2:4; ეფ. 6:10—12). აქედან გამომდინარე, „უკუნ სიბნელეში“ პირდაპირი გაგებით სიბნელე კი არ იგულისხმება, არამედ ის, რომ ეს განდგომილი და ღვთის ოჯახიდან გაძევებული ანგელოზები ღვთის სულიერ სინათლეს არიან მოწყვეტილნი და მათი მომავალი ბნელით არის მოცული.
ასე რომ, ტარტაროზს საერთო არაფერი აქვს შეოლთან (ებრ.), იგივე ჰადესთან (ბერძ.), რაშიც კაცობრიობის საერთო სამარე იგულისხმება. ეს პეტრეს იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომლებიც საპყრობილეში მყოფ სულებთან იესოს ქადაგებას ეხება. მან აღნიშნა, რომ იესომ ამ სულებს ჰადესიდან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უქადაგა და არა სამარეში ანუ ჰადესში (შეოლი) სამდღიანი ყოფნის დროს (1პტ. 3:18—20).
ტარტაროზი ანუ დამცირებული მდგომარეობა არც „უფსკრულში“ უნდა აგვერიოს, სადაც სატანა დემონებთან ერთად ათასი წლით იქნებიან ჩაყრილი ქრისტეს მმართველობის დროს (გმც. 20:1—3). როგორც ჩანს, ურჩი ანგელოზები ტარტაროზში ნოეს დროს აღმოჩნდნენ (1პტ. 3:20) და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მას შემდეგ დაახლოებით 2 000 წელი იყო გასული, როცა ისინი იესოს ეხვეწებოდნენ, მათთვის „უფსკრულში წასვლა“ არ ებრძანებინა (ლკ. 8:26—31; იხ. უფსკრული).
სიტყვა ტარტაროზი ქრისტიანობამდელ წარმართულ მითოლოგიაშიც გამოიყენება. ჰომეროსის „ილიადაში“ მითურ ტარტაროზში იგულისხმება მიწისქვეშა საპყრობილე, რომელიც ისევე შორსაა ჰადესისგან, როგორც მიწაა შორს ცისგან. მასში იყვნენ შეპყრობილი უმცროსი ღმერთები, კრონოსი და სხვა ტიტანები. როგორც დავინახეთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ტარტაროზში ადგილი კი არა, მდგომარეობა იგულისხმება, შესაბამისად, ის მითოლოგიური ტარტაროზის ანალოგი არ არის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მითური ტარტაროზის მსგავსად ბიბლიაში მოხსენიებულ ტარტაროზში ზეადამიანური ქმნილებები იმყოფებიან და არა ადამიანები. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ტარტაროზში ღვთის წინააღმდეგ აჯანყებული, ბოროტი ზეადამიანური სულები არიან ჩაყრილი და არა ადამიანთა სულები (შდრ. მთ. 11:23).
ვიდრე სატანა და მისი დემონები ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისში უფსკრულში ჩაიყრებიან, მათ ტარტაროზში ანუ უკიდურესად დამცირებულ მდგომარეობაში უწევთ ყოფნა. ათასი წლის ბოლოს კი მათ „მეორე სიკვდილი“ ანუ სამუდამო განადგურება ელით (მთ. 25:41; გმც. 20:1—3, 7—10, 14).