საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მასწავლებელი, მოძღვარი“
  • მასწავლებელი, მოძღვარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მასწავლებელი, მოძღვარი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიური თემები საუბრებისთვის
    ბიბლიური თემები საუბრებისთვის
  • მესია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ფარისევლები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მასწავლებელი, მოძღვარი“

მასწავლებელი, მოძღვარი

ვინც სხვას სიტყვითა თუ საქმით ცოდნას უზიარებს. კარგი მასწავლებელი განმარტავს განსახილველ საკითხს, მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები და ცდილობს, მსმენელს სხვადასხვა მეთოდით გააგებინოს და დაამახსოვროს ნასწავლი.

იეჰოვა ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, თავის მსახურთა დიდებული მოძღვარი და მასწავლებელია (1მფ. 8:36; ფს. 27:11; 86:11; 119:102; ეს. 30:20; 54:13). ქმნილებები ყოვლადბრძენი ღვთის არსებობაზე მოწმობს. ისინი ადამიანთა კვლევა-ძიებისა და დაკვირვების ობიექტს წარმოადგენენ და დღემდე მხოლოდ ნაწილობრივ არიან გამოკვლეული (იობ. 12:7—9). ამასთანავე ღმერთმა სხვადასხვა საშუალება გამოიყენა, რათა ხალხისთვის თავისი სახელი, განზრახვები და კანონები ეუწყებინა (შდრ. გმ. 4:12, 15; 24:12; 34:5—7). ეს ინფორმაცია ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაიწერა, რათა ადამიანებს ღვთის ნების სწორად გაგების საშუალება ჰქონოდათ (რმ. 15:4; 2ტმ. 3:14—17). მასწავლებლად ზოგჯერ ღვთის სულიც გვევლინება (ინ. 14:26).

ისრაელი ერის დამოძღვრა. ისრაელში მშობლები ღვთისგან იყვნენ უფლებამოსილი, თავიანთი შვილებისთვის ესწავლებინათ (კნ. 4:9; 6:7, 20, 21; 11:19—21; ფს. 78:1—4). ერის დამოძღვრა კი წინასწარმეტყველებს, ბრძენკაცებს, ლევიანებს, განსაკუთრებით მღვდლებს ევალებოდათ (შდრ. 2მტ. 35:3; იერ. 18:18; იხ. სწავლა).

წინასწარმეტყველები. წინასწარმეტყველები ხალხს იეჰოვას თვისებებისა და განზრახვების შესახებ ასწავლიდნენ, ისრაელებს დანაშაულში ამხელდნენ და სწორ გეზს აძლევდნენ. ხშირად ისინი ხალხს სიტყვიერად არიგებდნენ, შემდეგ კი ამ დარიგებებს წერილობითი ფორმით ინახავდნენ (შდრ. 1სმ. 12:23—25; ეს. 7:3, 4; 22:15, 16; იერ. 2:2). მათი სწავლების მეთოდები მოიცავდა კითხვების დასმას (იერ. 18:13, 14; ამ. 3:3—8; ანგ. 2:11—14), მაგალითებისა (2სმ. 12:1—7; ეს. 10:15; იერ. 18:3—10) და გამოცანების მოყვანას (ეზკ. 17:2) და სიმბოლური მნიშვნელობის ქმედებებს (1მფ. 11:30—32; იერ. 13:4—11; 19:1—12; 27:2; 28:10—14; ეზკ. 4:1—5:4).

მღვდლები და ლევიანები. ისრაელისთვის ღვთის კანონის სწავლება მღვდლებსა და ლევიანებს ევალებოდათ (ლვ. 10:11; 14:57; 2მტ. 15:3; 35:3). ამას ისინი სხვადასხვა საშუალებით აკეთებდნენ. ყოველ შაბათის წელს კარვობის დღესასწაულზე კანონი თავიდან ბოლომდე უნდა წაეკითხათ მთელი ერისთვის — კაცებისთვის, ქალებისთვის, ბავშვებისა და ხიზნებისთვის (კნ. 31:9—13). კანონის კითხვისას ხალხს დროდადრო ლევიანებისთვის დასტური უნდა მიეცა, რაც იმას ემსახურებოდა, რომ წაკითხული უკეთ ჩაჰბეჭდოდათ გონებაში (შდრ. კნ. 27:14—26). მღვდლები და ლევიანები არა მარტო კითხულობდნენ კანონს, განმარტავდნენ კიდეც (შდრ. ნემ. 8:8). მათ მიერ მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები ხალხს ღვთის სამართლიანი პრინციპების დანახვაში ეხმარებოდა (კნ. 17:8—13; 1მტ. 26:29; 2მტ. 19:8—11).

მწიგნობრები. იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მწიგნობრები ხალხისთვის ღვთის კანონის სწავლებაში წამყვან როლს ასრულებდნენ. მაგრამ მათ არ ანაღვლებდათ ხალხის პრობლემები და მოთხოვნილებები. ფარისევლების მსგავსად ისინი კანონის ფორმალური მხარეების დაცვასა და ტრადიციებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე გულმოწყალებას, სამართლიანობასა და ერთგულებას. მათ კანონი ტვირთად უქციეს ხალხს (მთ. 23:2—4, 23, 24; ლკ. 11:45, 46). ისინი კარგი მასწავლებლები არ იყვნენ, რადგან უბრალო ხალხს ზემოდან დაჰყურებდნენ და კარგ მაგალითს არ იძლეოდნენ (შდრ. მთ. 23:3, 6, 7; ინ. 7:48, 49; იხ. მწიგნობარი).

რატომ იყო იესო შეუდარებელი მასწავლებელი?

რელიგიური წინამძღოლები, როგორც ჩანს, გულწრფელები არ იყვნენ, როცა იესოს მოძღვარს [ბერძ. დიდასკალოს] უწოდებდნენ, მაგრამ როგორც მისი მიმდევრები, ისე სხვები აღიარებდნენ, რომ ის მოძღვარი იყო (მთ. 8:19; 9:11; 12:38; 19:16; 22:16, 24, 36; ინ. 3:2). იესოს შესაპყრობად წასული მცველები იმდენად მოიხიბლნენ მისი სწავლებით, რომ უკან ხელცარიელი დაბრუნდნენ და ამის მიზეზი ასე ახსნეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“ (ინ. 7:46). იესო ასწავლიდა „როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც ... მწიგნობრები“ (მთ. 7:29). მისი სწავლება ღვთისგან მომდინარეობდა (ინ. 7:16; 8:28). სწავლებისას იესო მარტივ ენას, ძლიერ ლოგიკას, დამაფიქრებელ კითხვებს, შთამბეჭდავ ხატოვან გამოთქმებსა და მსმენელისთვის ნაცნობი სიტუაციებიდან მოყვანილ შესაფერის მაგალითებს იყენებდა (მთ. 6:25—30; 7:3—5, 24—27; იხ. მაგალითები). სწავლების პროცესში იესო პირადი მაგალითის ძალასაც იყენებდა. ერთხელ მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, რითაც დაანახვა, რომ ერთმანეთს უნდა მომსახურებოდნენ (ინ. 13:2—16).

იესოს დიდ ცოდნას განკაცებამდე ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა განაპირობებდა. მის მსგავსად არც ერთი ადამიანი არ იცნობდა ღმერთს. ამიტომ თავისი მამის შესახებ ყველაზე სარწმუნო ინფორმაციას ის ფლობდა. იესომ თქვა: „ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს“ (მთ. 11:27; ინ. 1:18).

იესომ ღვთის სიტყვაც კარგად იცოდა. როცა ჰკითხეს, რომელი იყო კანონში უდიდესი მცნება, მან მაშინვე მთელი კანონის არსი ორ მცნებაში შეაჯამა და მეორე კანონიდან (6:5) და ლევიანებიდან (19:18) მოიყვანა ციტატა (მთ. 22:36—40). იესო ხშირად ციტირებდა და იმოწმებდა ებრაულ წერილებს. ცნობილია, რომ თავისი მსახურების განმავლობაში ის ებრაულ წერილებში შემავალი წიგნების თითქმის ნახევარს დაესესხა, კერძოდ, დაბადებას (2:24; მთ. 19:5; მრ. 10:7, 8), გამოსვლას (3:6; მთ. 22:32; ლკ. 20:37), ლევიანებს (14:2—32; მთ. 8:4), რიცხვებს (30:2; მთ. 5:33), მეორე კანონს (5:16; მთ. 15:4; მრ. 7:10), პირველ სამუელს (21:4—6; მთ. 12:3, 4), პირველ მეფეებს (17:9; ლკ. 4:26), იობს (42:2; მთ. 19:26), ფსალმუნებს (8:2; 110:1; მთ. 21:16; 22:44), იგავებს (24:12; მთ. 16:27), ესაიას (6:9, 10; მთ. 13:14, 15; ინ. 12:40), იერემიას (7:11; მთ. 21:13; მრ. 11:17; ლკ. 19:45, 46), გოდებას (2:1; მთ. 5:35), დანიელს (9:27; მთ. 24:15), ოსიას (6:6; მთ. 9:13), იონას (1:17; მთ. 12:40), მიქას (7:6; მთ. 10:21, 35, 36), ზაქარიასა (13:7; მთ. 26:31) და მალაქიას (3:1; მთ. 11:10).

იესოს სწავლებას მისი სრულყოფილი მაგალითიც მატებდა ძალას (ინ. 13:15). იესო არ ჰგავდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებზეც თავად ჰქონდა ნათქვამი: „რასაც ისინი გეტყვიან, ყველაფერი გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ იმ საქმეებს ნუ გააკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ, რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ“ (მთ. 23:3).

იესოს სწავლება ავტორიტეტული და ეფექტური იმის გამოც იყო, რომ მას კარგად ესმოდა ადამიანების და სიყვარულით ზრუნავდა მათზე. იესოს წვდომის უნარი იმით იყო განპირობებული, რომ მას სასწაულებრივად შეეძლო ადამიანის წარსულისა და ფიქრების გაგება (მთ. 12:25; ლკ. 6:8; ინ. 1:48; 4:18; 6:61, 64; 13:11). მან „იცოდა ადამიანის ბუნება“ (ინ. 2:25). ის იმდენად თანაუგრძნობდა ხალხს, რომ დასვენებაზეც კი ამბობდა უარს, ოღონდ მათთვის ესწავლებინა. ერთხელ იესომ მოწაფეებთან ერთად ნავით გაცურა მოშორებული ადგილისკენ, რადგან დასვენება სჭირდებოდათ. „ხალხმა დაინახა, რომ მიდიოდნენ, ბევრმაც შეიტყო ეს, ერთად გაიქცნენ ყველა ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. ნავიდან გადმოსვლისას იესომ უამრავი ხალხი დაინახა და გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მრ. 6:31—34).

იესო გაგებით ეკიდებოდა მსმენელებს. როცა მოწაფეებს არ ესმოდათ მისი მაგალითების მნიშვნელობა, ის მოთმინებით უხსნიდა (მთ. 13:10—23). ის არ ტვირთავდა მათ ინფორმაციით, რადგან ესმოდა, რომ ბევრს ვერ აითვისებდნენ (ინ. 16:4, 12). საჭიროებისამებრ იესო მათ ერთსა და იმავეს უმეორებდა (მრ. 9:35; 10:43, 44). პასუხის გაცემისას ის ხშირად იყენებდა მაგალითებსა და თვალსაჩინოებებს, რითაც აფიქრებდა მსმენელს და ნათქვამს გონებაში უბეჭდავდა (მთ. 18:1—5, 21—35; ლკ. 10:29—37).

ღვთის სული როგორც მასწავლებელი. იესო სამწელიწად-ნახევარი ასწავლიდა მოციქულებს, რათა თავისი დაწყებული საქმე მათ გაეგრძელებინათ. მოციქულები არასრულყოფილები იყვნენ და ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებდნენ. ამიტომ იესო დაჰპირდა მათ: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“ (ინ. 14:26). ასე რომ, ღვთის სული ასწავლიდა მათ ყველაფერს, რაც მსახურების შესასრულებლად დასჭირდებოდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სულის დახმარებით ისინი ჩასწვდებოდნენ იმ საკითხების მნიშვნელობას, რაც მანამდე მოსმენილი ჰქონდათ, მაგრამ არ ესმოდათ. წმინდა სული როგორც შემხსენებელი მათ იესოს სიტყვებს გაახსენებდა, ხოლო როგორც მასწავლებელი, მისი სიტყვების მნიშვნელობას დაანახვებდა (შდრ. ინ. 2:19—22; იხ. ჭეშმარიტება [„ჭეშმარიტების სული“]).

იესოს მოწაფეებს იმის იმედი უნდა ჰქონოდათ, რომ ღვთის სული მათთვის შემხსენებლისა და მასწავლებლის როლს შეასრულებდა, როცა ხალხის, მეფეებისა და მთავრობის მოხელეთა წინაშე წარდგომა მოუწევდათ. სული მათ გაახსენებდა სათქმელს და ნასწავლის სწორად გამოყენებაში დაეხმარებოდა. ამის შედეგად ისინი საფუძვლიანად დაამოწმებდნენ და მოწინააღმდეგეებს დაადუმებდნენ (მთ. 10:18—20; მრ. 13:11; ლკ. 12:11, 12; 21:13—15). ამიტომაც დაიცვეს თავი გაბედულად პეტრემ და იოანემ ებრაელთა უზენაესი სასამართლოს, სინედრიონის წინაშე, როცა დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცის განკურნების გამო დაკითხეს. სინედრიონის წევრები გაკვირვებულნი დარჩნენ, რადგან ამ „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანებისგან ასეთ პირდაპირობას არ ელოდნენ. პეტრეს სიტყვების მოსმენისა და განკურნებული კაცის დანახვის შემდეგ მათ „საწინააღმდეგო ვეღარაფერი“ თქვეს (სქ. 4:5—14).

ღვთის სიტყვა წმინდა სულის შთაგონებით დაიწერა (2ტმ. 3:16), ამიტომ მხოლოდ მასშია მოცემული სულით ნაკარნახევი სწავლებები. აქედან გამომდინარე, ქრისტიანები ყურს არ უგდებენ ისეთ სწავლებებს, რომლებიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება. მოციქულმა იოანემ დაწერა: „სწავლება არავისგან გჭირდებათ. როგორც მისგან მიღებული ცხება გასწავლით ყოველივეს (ის ჭეშმარიტია და არა ცრუ) და როგორც მან გასწავლათ, მასთან ერთობაში დარჩით“ (1ინ. 2:27). იოანემ ეს სიტყვები სულითშობილ ქრისტიანებს მისწერა. ისინი იცნობდნენ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს. მათ კარგად იცოდნენ ჭეშმარიტება. ასე რომ, ისინი არ საჭიროებდნენ მამისა და ძის უარმყოფელ მასწავლებლებს. ასეთი მასწავლებლები ღვთის სულით ნასწავლი და წმინდა წერილებში ნათლად გადმოცემული ჭეშმარიტებისაგან ააცდენდნენ (1ინ. 2:18—26). ამიტომ ქრისტიანებს არც სახლში უნდა მიეღოთ და არც მისალმებოდნენ განდგომილ მასწავლებლებს (2ინ. 9—11).

მოწაფეების მომზადება და სწავლება. ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება, მონათვლა და მათთვის იმ ყველაფრის სწავლა დაავალა, რაც მას მცნებად ჰქონდა დადებული (მთ. 28:19, 20). ეს მასშტაბური საგანმანათლებლო საქმიანობა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო, როცა პეტრეს საჯარო გამოსვლის შემდეგ დაახლოებით 3 000-მა იუდეველმა და პროზელიტმა იესო ქრისტე აღთქმულ მესიად აღიარა და მოინათლა. მაგრამ მათი სწავლის პროცესი ამის შემდეგაც უნდა გაგრძელებულიყო. მათ კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ სასწავლი. ამიტომ შორეული მხარეებიდან ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასულები იერუსალიმში დარჩნენ, რათა მოციქულთაგან მეტი ესწავლათ. მოციქულების მოსასმენად ისინი ყოველდღიურად ტაძართან იკრიბებოდნენ. სხვა იუდეველებმა და პროზელიტებმაც მოისმინეს სასიხარულო ცნობა და მორწმუნეთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა (სქ. 2:14—4:4). ტაძარში სახალხოდ სწავლების გარდა, მოციქულები იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას კარდაკარაც აუწყებდნენ (სქ. 5:42; იხ. ქადაგება, მქადაგებელი [კარდაკარ]).

მოწაფეების მომზადების საქმიანობამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც დევნის გამო მორწმუნეები მიმოიფანტნენ და არაიუდეველთა შორის დაიწყეს ქადაგება (სქ. 8:4—12; 11:1—26). როგორც იერუსალიმში, ისე სხვაგან ქრისტიანები ხალხს, ძირითადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებითა და სწავლებით აინტერესებდნენ და ასეთებს ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგაც ასწავლიდნენ. მაგალითად, ეფესოში მოციქული პავლე საჯაროდ ქადაგებდა და ასწავლიდა სინაგოგაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ზოგიერთებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პავლემ მოწაფეები ურწმუნო იუდეველებისგან გამოაცალკევა და ტირანეს სკოლაში გააგრძელა მათი დამოძღვრა (სქ. 19:8—10). ის მოწაფეებს სახლებშიც ასწავლიდა, ახლებს კი კარდაკარ ეძებდა. ამიტომაც უთხრა პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ“ (სქ. 20:20, 21; შდრ., რა წერია კორინთში პავლეს საქმიანობაზე სქ. 18:6, 7-ში; იხ. მოწაფე).

ქრისტიანული კრების მასწავლებლები. მოციქული პავლესა თუ სხვათა მსახურების შედეგად ქრისტიანული კრებები მრავალ ადგილზე ჩამოყალიბდა და მორწმუნეთა რიცხვი გაიზარდა. კრების წევრების დასამოძღვრად საჭირო იყვნენ კარგი მასწავლებლები, რათა ყველას მიეღწია ერთიანობისთვის „რწმენასა და ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში“, სანამ არ გახდებოდნენ ზრდადასრულებულნი და არ მიაღწევდნენ „ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“ (ეფ. 4:11—13). ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა მასწავლებლებს, ვინაიდან მათ დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოთ თანამორწმუნეებზე. კრების პასუხისმგებელ პირთა ჩამონათვალში მასწავლებლები მესამე ადგილზე არიან მოხსენიებული, რაც მათი დავალების სერიოზულობაზე მეტყველებს (1კრ. 12:28). ქრისტიანულ კრებაში ყველა ვერ იქნებოდა მასწავლებელი (1კრ. 12:29), ხოლო რაც შეეხება ქალებს, ისინი კრებაში ვერასოდეს გახდებოდნენ მასწავლებლები. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლებას“ (1ტმ. 2:12). მასწავლებლობა წმინდა სულით დანიშნულ ზედამხედველებს, იგივე უხუცესებს ევალებოდათ (სქ. 20:17, 25—30; 1ტმ. 3:1, 2; 5:17).

უხუცესები მისაბაძნი უნდა ყოფილიყვნენ, მათი სწავლება კი ზუსტი და ღვთის შთაგონებულ სიტყვაზე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო. მათ, როგორც კარგ მასწავლებლებს, კრება უნდა დაეცვათ განდგომილებისგან და მუდამ მზად ყოფილიყვნენ ცრუ სწავლებებს აყოლილთა გამოსასწორებლად და სექტანტობის ხელშემწყობთა წინააღმდეგ სამოქმედოდ (1ტმ. 4:6, 7, 16; 6:2ბ—6; 2ტმ. 2:2, 14—26; 3:14—17; ტიტ. 1:10, 11; 2:1, 6, 7; 3:9—11; შდრ. გმც. 2:14, 15, 20—24).

მძიმედ მშრომელი უხუცესები (ბერძ. პრესბიტერე), რომლებიც თანაქრისტიანებს ასწავლიდნენ, პატივისცემას, ყურადღებასა (შდრ. ებ. 13:17) და ნებაყოფლობით გაღებულ მატერიალურ დახმარებასაც იმსახურებდნენ. სწორედ ამას გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა წერდა: „გარდა ამისა, ყველამ, ვისაც სიტყვიერად ასწავლიან, ყველაფერი კარგი გაუზიაროს თავის მასწავლებელს“ (გლ. 6:6). «ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან, რადგან დაწერილია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“ და „მუშა თავისი გასამრჯელოს ღირსია“» (1ტმ. 5:17, 18).

ვინც უანგაროდ ისწრაფოდა ზედამხედველობისკენ, მაშასადამე კრებაში მასწავლებლობისკენ, „კარგ საქმეს“ ინდომებდა (1ტმ. 3:1). მოწაფე იაკობს ასეთები არ ჰყოლია მხედველობაში, როცა წერდა: „ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები, რადგან ვიცით, რომ უფრო მკაცრად გავსამართლდებით“ (იაკ. 3:1). მან ამ სიტყვებით ხაზი გაუსვა, რამდენად სერიოზულია კრების მასწავლებელთა პასუხისმგებლობა. როგორც ჩანს, ზოგს თავი მასწავლებლად მოჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის არავის დაუვალებია, ისინი არც საამისო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. იაკობს, შესაძლოა, ისეთები ჰყავდა მხედველობაში, ვისზეც პავლე სწერდა ტიმოთეს: „ზოგიერთები განუდგნენ ამ ყველაფერს და უაზრო ლაპარაკს მოჰყვნენ. უნდათ კანონის მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ“ (1ტმ. 1:6, 7). აშკარაა, რომ ამ მამაკაცებს ის გამორჩეული მდგომარეობა ხიბლავდათ, რაც თანამორწმუნეთა მასწავლებლობას ახლდა თან. იაკობმა სწორი კუთხით დაანახვა ეს პასუხისმგებლობა ქრისტიანებს და აჩვენა, რომ კრების მასწავლებლებს უფრო მეტი მოეთხოვებოდათ. სხვებთან შედარებით ისინი ღვთის წინაშე უფრო მეტად აგებდნენ პასუხს (შდრ. რმ. 14:12). თუმცა სხვების მსგავსად სიტყვაში არც ისინი იქნებოდნენ შეუცდომელი (იაკ. 3:2).

რა გაგებით უნდა იყოს ყველა ქრისტიანი მასწავლებელი. მართალია, კრებაში ბევრი ვერ იქნებოდა მასწავლებელი, მაგრამ ყველა ქრისტიანის მიზანი უნდა ყოფილიყო, თავისი მრწამსის სხვებისთვის გაზიარება, განსაკუთრებით ვინმესთან ერთი ერთზე საუბრისას. ეს აზრი კარგად ჩანს პავლეს მიერ ებრაელი ქრისტიანებისთვის ნათქვამი სიტყვებიდან: „დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ, მაგრამ თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლები“. ვინაიდან პირველად სწორედ ებრაელებმა მოისმინეს სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ, ისინი სულიერი ჩვილები კი არა, ქრისტიანული მოწიფულობისა და კარგი მასწავლებლობის მაგალითი უნდა ყოფილიყვნენ (ებ. 5:12—6:2). აქ პავლე ღვთის შთაგონებით საუბრობდა ზოგადად სწავლებაზე და არა კრებაში დანიშნულ მასწავლებლად მსახურებაზე. ის იმავე გაგებით მოიხსენიებს იუდეველს, რომელიც თავისი ცოდნის საფუძველზე „უგუნურთა გამომასწორებელი და ჩვილთა მასწავლებელია“ (რმ. 2:17—20). მაგრამ პავლე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ქრისტიანის სწავლება მხოლოდ მაშინ განადიდებს ღმერთს, თუ ის ცხოვრობს იმის თანახმად, რასაც სხვებს ასწავლის (რმ. 2:21—24).

ქრისტიანები ერთმანეთისგანაც სწავლობენ ბევრ რამეს. მაგალითად, ხანშესულ ქალებს შეუძლიათ ახალგაზრდებს ასწავლონ, „უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ საღად მოაზროვნეები, ზნეობრივად სუფთები, მეოჯახეები, კარგები, ქმრების მორჩილები, რომ არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“. ამას ისინი უკეთესად შეძლებენ, თუ სიტყვებს საკუთარი მაგალითით განამტკიცებენ (ტიტ. 2:3—5; შდრ. 2ტმ. 1:5; 3:14, 15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება