ქურდი
ის, ვისაც სხვისი კუთვნილი ნივთი ნებართვის გარეშე მიაქვს, თაღლითურად ან მალულად ითვისებს სხვის რამეს. ქურდები რისამე მოსაპარად წინათაც თითქმის ისეთივე ხერხებს მიმართავდნენ, როგორსაც დღეს. საქურდავად, როგორც წესი, ღამღამობით მიდიოდნენ (იობ. 24:14; იერ. 49:9; მთ. 24:43; ლკ. 12:39; ინ. 10:10; 1თს. 5:2—5; 2პტ. 3:10; გმც. 3:3; 16:15) და სახლში ფანჯრიდან შედიოდნენ (იოლ. 2:9). ყაჩაღები კი მსხვერპლს იქ უსაფრდებოდნენ, სადაც მშველელი არ გამოჩნდებოდა. ხშირად ისინი არც მუქარას ერიდებოდნენ და არც ძალის გამოყენებას; ის, ვისაც ძარცვავდნენ, შეიძლებოდა მოეკლათ კიდეც (მსჯ. 9:25; ლკ. 10:30, 36; 2კრ. 11:26).
დედნისეული სიტყვები, რომლებიც ითარგმნება როგორ მოპარვა, ძარცვა, იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დაუკავო სხვას ის, რაც მას კანონიერად ეკუთვნის, მოტყუებით გამოართვა ვინმეს რამე ან პირადი მიზნებისთვის გამოიყენო ის, რაც სხვისთვის უნდა მიგეცა. მაგალითად, მალაქიას დროს მცხოვრებ იუდეველებზე ნათქვამია, რომ ღმერთს ჰპარავდნენ, რადგან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად მეათედს არ იხდიდნენ (მლ. 3:8, 9). იგავების 28:24-ში საუბარია დედ-მამის ძარცვაზე, რაშიც, როგორც ჩანს, ამა თუ იმ სახით იმის მითვისება იგულისხმება, რაც მშობლებს კანონიერად ეკუთვნით. იესო ქრისტემ გაკიცხა ფულის გადამცვლელები იმის გამო, რომ ფულს უზომოდ დიდი სარგებლით ახურდავებდნენ (მთ. 21:12, 13).
პავლე მოციქული კორინთელებისთვის მიწერილ მეორე წერილში წერს: „სხვა კრებებს ვართმევდი — მათგან დახმარებას ვიღებდი, რომ თქვენ მოგმსახურებოდით“ (2კრ. 11:8). რა თქმა უნდა, პავლე მოტყუებით არ ცდილობდა მათგან დახმარების მიღებას. იგი იმ გაგებით „ართმევდა“ მათ, რომ რასაც ისინი თავის შესანახად აძლევდნენ, იყენებდა არა მათ კრებებთან, არამედ კორინთის კრებასთან თანამშრომლობის დროს.
ზოგ შემთხვევაში მოპარვა შეიძლება გულისხმობდეს ვინმეს მიერ იმის წაღებას, რისი წაღების უფლებაც აქვს, მაგრამ ეს სიტყვა იმიტომ იყოს გამოყენებული, რომ მან ფარულად იმოქმედა. მაგალითად, ისრაელებმა მოიპარეს საულის ცხედარი ბეთ-შანის მოედნიდან (2სმ. 21:12). პატარა იეჰოაში მამიდამისმა „მოიპარა დასახოცად განწირულ უფლისწულთა შორის“, რომლებიც ბოროტმა ათალიამ დახოცა (2მფ. 11:1, 2, ბსგ).
ღმერთი განსჯის. ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა მოპარვა უმეტესწილად გულისხმობს იმის მითვისებას, რაც სხვას ეკუთვნის. იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის მიცემულ კანონში გარკვევით იყო ნათქვამი: „არ მოიპარო“ (გმ. 20:15; ლვ. 19:11, 13; კნ. 5:19; მთ. 19:18). ქურდს ზარალი ორმაგად, ოთხმაგად და ხუთმაგადაც კი უნდა აენაზღაურებინა, გააჩნია, კონკრეტულ შემთხვევაში რას ითვალისწინებდა კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვისიმე მონა გახდებოდა და ზარალის სრულად ანაზღაურებამდე ვერ გათავისუფლდებოდა (გმ. 22:1—12). გარდა ზარალის ანაზღაურებისა, სირცხვილნაჭამ ქურდს (იერ. 2:26) დანაშაულის შესაწირავი უნდა მიეტანა მღვდელთან, რომელიც მისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებდა (იერ. 2:26; ლვ. 6:2—7).
საბოლოოდ, ისრაელმა ერმა უგულებელყო ზემოხსენებული კანონები, რის გამოც იეჰოვამ მთელი ერი ქურდებსა და მძარცველებს ჩაუგდო ხელში (კნ. 28:29, 31; ეზკ. 7:22). შედეგად, ქურდობა, ძარცვა, გამოძალვა, განსაკუთრებით კი ღარიბებისა და საწყლების ჩაგვრა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა (ეს. 1:23; 3:14; იერ. 7:9—11; 21:12; 22:3; ეზკ. 22:29; მქ. 2:2).
იმ ადამიანის ქმედება, რომელიც ლუკმა-პურის გამო ქურდობს, შეიძლება არ იყოს იმდენად საძრახისი, რამდენადაც მისი, ვინც აქანისა და იუდა ისკარიოტელის მსგავსად იმიტომ ქურდობს, რომ ხარბია და ბოროტი გული აქვს (იეს. 7:11, 20, 21; იგ. 6:30; მთ. 15:19; ინ. 12:4—6). თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვერავინ მოიპოვებს ღვთის კეთილგანწყობას, ვინც ქურდობს (ეს. 61:8; რმ. 2:21). ქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვა არ მოეთხოვებათ, თუმცა მათ მცნებად აქვთ მოყვასის სიყვარული. ვინაიდან „სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს“, ქრისტიანებს შორის ქურდების ადგილი არ არის (რმ. 13:9, 10; მთ. 22:39; იაკ. 2:8). ქურდმა, რომელსაც სურს, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი იყოს, უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, მოინანიოს და თავისი შრომით შეინახოს თავი (1კრ. 6:10; ეფ. 4:28; 1პტ. 4:15). ის, ვინც ქურდობას მოიშლის და გულწრფელად მოინანიებს, ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ იეჰოვა აპატიებს (ეზკ. 33:14—16).
ებრაული იდიომი „გულის მოპარვა“ ჭკუით ჯობნას ნიშნავს (დბ. 31:20, ბსგ).