საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მეათედი“
  • მეათედი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მეათედი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რას ამბობს ბიბლია მეათედის გაღებაზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • სწირავენ იეჰოვას მოწმეები მეათედს?
    ხშირად დასმული კითხვები
  • გაცემა, რომელსაც მოაქვს სიხარული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • უკანასკნელი გროშის გაღება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მეათედი“

მეათედი

გადასახადის სახით გადახდილი ან გაღებული მეათედი ანუ 10 პროცენტი, განსაკუთრებით რელიგიური მიზნებისთვის.

ბიბლიაში მოთხრობილია კანონის შეთანხმების დადებამდე ღვთისთვის ან მისი წარმომადგენლისთვის ქონების მეათედის გადახდის ორი შემთხვევა. პირველ შემთხვევაში აბრაამმა ქედარლაომერსა და მის მოკავშირეებზე გამარჯვების შემდეგ ნადავლის მეათედი მელქისედეკს მისცა (დბ. 14:18—20). მოციქულმა პავლემ ეს შემთხვევა იმის დასამტკიცებლად მოიყვანა, რომ მელქისედეკის წესით ქრისტეს მღვდელმსახურება ლევის მღვდელმსახურებას აღემატებოდა, ვინაიდან ლევიმ, აბრაამის საზარდულში მყოფმა, ფაქტობრივად, მეათედი გადაუხადა მელქისედეკს (ებ. 7:4—10). მეორე შემთხვევაში იაკობმა აღუთქვა ღმერთს, რომ თავისი ქონებიდან მეათედს მისცემდა (დბ. 28:20—22).

ორივე შემთხვევაში მეათედის გაღება ნებაყოფლობით მოხდა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აბრაამს ან იაკობს მეათედის გაღება შთამომავლებისთვის რელიგიურ წეს-ჩვეულებად ან კანონად დაედგინათ. იაკობის მხრიდან აღთქმის დადებას აზრი არ ექნებოდა, თუ ისედაც ვალდებული იყო, მეათედი გადაეხადა. აშკარაა, რომ ებრაელებში მეათედის გადახდის ჩვეულება კანონის შეთანხმების დადებამდე არ არსებობდა.

მეათედი მოსეს კანონის თანახმად. მეათედის შესახებ იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონები კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. როგორც ჩანს, თავიანთი წლიური შემოსავლიდან ორი მეათედის გაღება მოეთხოვებოდათ. გამონაკლისს შაბათის წლები წარმოადგენდა, რადგან ამ წლებში შემოსავალს არ იღებდნენ (ლვ. 25:1—12). თუმცა ზოგი ბიბლეისტის აზრით, ხდებოდა მხოლოდ ერთი მეათედის გადახდა, რომელსაც იეჰოვასთვის განკუთვნილი პირველი ნაყოფის გარდა იხდიდნენ (გმ. 23:19; 34:26).

პირველი შედგებოდა მიწიდან აღებული მოსავლისა და ხის ნაყოფის მეათედისგან და ფარის ან საქონლის, როგორც ჩანს, ნამატის მეათედისგან. ისრაელებს ეს მეათედი საწმინდარში მიჰქონდათ ლევიანებისთვის, რადგან მათ სამკვიდრო არ ჰქონდათ და საწმინდარში მსახურებისთვის იყვნენ მიძღვნილნი (ლვ. 27:30—32; რც. 18:21, 24). მიღებული მეათედიდან ლევიანები მეათედს აარონის საგვარეულო მღვდლებს უხდიდნენ (რც. 18:25—29).

როგორც ჩანს, მეათედის მიტანამდე მარცვლეულს ლეწავდნენ, ყურძენსა და ზეთს კი წურავდნენ (რც. 18:27, 30; ნემ. 10:37). თუ ისრაელს მოსავლის ნაცვლად ფულის მიტანა უნდოდა, მეხუთედი უნდა დაემატებინა (ლვ. 27:31). მაგრამ საქონლისა და ფარის შემთხვევაში საქმე სხვანაირად იდგა. როცა ცხოველები ფარეხიდან გამოდიოდნენ, პატრონი ჭიშკართან იდგა და მისი სახრის ქვეშ გავლილი ყოველი მეათე ცხოველი, ყოველგვარი შემოწმებისა თუ გადარჩევის გარეშე, მეათედად უნდა გაღებულიყო (ლვ. 27:32, 33).

როგორც ჩანს, ისრაელებს ყოველწლიურად მეორე მეათედის გაღებაც მოეთხოვებოდათ, რომელიც უშუალოდ ლევიანების მსახურების მხარდაჭერას არ ემსახურებოდა, თუმცა ისინი ნაწილობრივ მაინც სარგებლობდნენ იქიდან. ჩვეულებრივ, ამ მეათედს ისრაელი ოჯახები მნიშვნელოვანწილად თვითონ იყენებდნენ ყოველწლიური დღესასწაულების დროს. თუ ოჯახი იერუსალიმიდან შორს ცხოვრობდა და ამ მეათედის მიტანა უჭირდათ, მაშინ მათ შეეძლოთ ის ფულზე გადაეცვალათ და იერუსალიმში ყოფნისა და წმინდა შეკრებაზე დასწრების დროს თავიანთი საჭიროებებისა თუ სურვილისამებრ დაეხარჯათ (კნ. 12:4—7, 11, 17, 18; 14:22—27). შვიდწლიანი ციკლის მესამე და მეექვსე წელს ამ მეათედს, ყოველწლიური დღესასწაულების ხარჯების დაფარვის ნაცვლად, ადგილობრივ ლევიანებს, ხიზნებსა და ქვრივ-ობლებს აძლევდნენ (კნ. 14:28, 29; 26:12).

მეათედის შესახებ კანონები ისრაელისთვის მძიმე ტვირთი არ იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ კანონების დაცვის შემთხვევაში ღმერთი დაპირებისამებრ აკურთხებდა ისრაელს და „ცის კარიბჭეებს“ გაუხსნიდა (მლ. 3:10; კნ. 28:1, 2, 11—14). მაგრამ, როცა ხალხი მეათედს არ იხდიდა, მღვდელმსახურება სათანადოდ არ სრულდებოდა, რადგან მღვდლები და ლევიანები იძულებულები იყვნენ, თავის სარჩენად ემუშავათ (ნემ. 13:10). ამ კანონისადმი ზერელე დამოკიდებულება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე უარყოფითად აისახებოდა. სამწუხაროდ, ხბოს თაყვანისცემაში ჩაბმული განდგომილი ათი ტომი ცრუთაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად მეათედებს იხდიდა (ამ. 4:4, 5). მაგრამ, როცა ისრაელი იეჰოვას ერთგულობდა და მათი წინამძღოლები სიმართლით მმართველობდნენ, ლევიანები ისევ იღებდნენ მეათედებს და იეჰოვას დაპირებისამებრ ერს არაფერი აკლდა (2მტ. 31:4—12; ნემ. 10:37, 38; 12:44; 13:11—13).

მეათედის გადაუხდელობის შემთხვევაში კანონით არავინ ისჯებოდა. იეჰოვამ ყველას მისი გადახდის მორალური პასუხისმგებლობა დააკისრა. სამწლიანი ციკლის ბოლოს ისრაელებს ღვთის წინაშე უნდა განეცხადებინათ, რომ ის სრულად ჰქონდათ გადახდილი (კნ. 26:12—15). მეათედის გადაუხდელობა ნიშნავდა, რომ ადამიანი მას ღმერთს ჰპარავდა (მლ. 3:7—9).

ახ. წ. პირველ საუკუნეში იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა, განსაკუთრებით მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, ღვთისმოსაობის წარმოსაჩენად მეათედების გადახდა თუ სხვა საქმეები სანახაობრივ რიტუალად აქციეს, თუმცა გული შორს ჰქონდათ ღვთისგან (მთ. 15:1—9). იესომ გაკიცხა ისინი ეგოიზმისა და თვალთმაქცობისთვის და შეახსენა, როგორ იხდიდნენ ზედმიწევნით „პიტნის, კამისა და ზირის მეათედს“, რაც უნდა გაეკეთებინათ კიდეც, თუმცა ავიწყდებოდათ ის, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო კანონში: „სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მთ. 23:23; ლკ. 11:42). ერთ მაგალითში იესომ ერთმანეთს შეადარა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ფარისეველი და გადასახადების ამკრეფი. ფარისეველი მარხვის დაცვითა და მეათედის გადახდით იკვეხნიდა, გადასახადების ამკრეფი კი, რომელსაც ფარისეველი არაფრად აგდებდა, თავმდაბლად აღიარებდა ცოდვებს ღვთის წინაშე და წყალობას ითხოვდა (ლკ. 18:9—14).

ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მეათედის გადახდა. პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის არავის მოუთხოვია მეათედის გადახდა. კანონის თანახმად, მეათედები, ძირითადად, ტაძრისა და სამღვდელოების მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, მეათედების გადახდის ვალდებულება მას შემდეგ შეწყდა, რაც იესომ წამების ბოძზე სიკვდილით მოსეს კანონი შეასრულა (ეფ. 2:15; კლ. 2:13, 14). მიუხედავად იმისა, რომ ლევიანი მღვდლები იერუსალიმის ტაძარში ახ. წ. 70 წელს მის განადგურებამდე მსახურობდნენ, ახ. წ. 33 წლიდან ქრისტიანები ახალი, სულიერი სამღვდელოების ნაწილი გახდნენ, რომლის მხარდასაჭერადაც მეათედები საჭირო არ იყო (რმ. 6:14; ებ. 7:12; 1პტ. 2:9).

ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, თავიანთი მსახურებითა თუ შესაწირავებით მხარი დაეჭირათ სამქადაგებლო საქმიანობისთვის. კრების ხარჯების დასაფარავად დადგენილი თანხის ნაცვლად, მათ უნდა შეეწირათ იმდენი, რის საშუალებაც ჰქონდათ, როგორც გულში გადაწყვეტდნენ, „ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2კრ. 8:12; 9:7). მათ უნდა გაეთვალისწინებინათ პრინციპი: «ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან, რადგან დაწერილია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“ და „მუშა თავისი გასამრჯელოს ღირსია“» (1ტმ. 5:17, 18). თუმცა მოციქულმა პავლემ მათ კარგი მაგალითი მისცა, რომ კრება ზედმეტი ხარჯებით არ დაემძიმებინათ (სქ. 18:3; 1თს. 2:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება