საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ტვიროსი“
  • ტვიროსი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ტვიროსი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა დაამცირებს ამაყ ტვიროსს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • ტვიროსის წინააღმდეგ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულება იეჰოვას სიტყვისადმი ნდობას გვიმტკიცებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
  • ტვიროსელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ტვიროსი“

ტვიროსი

[კლდე]

ძველი ფინიკიის მთავარი საპორტო ქალაქი, თანამედროვე სური. იგი ქარმელის მთიდან ჩრდილოეთით 50 კმ-ით, ხოლო სიდონიდან სამხრ.-დას-ით 35 კმ-ით იყო დაშორებული (იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 531). ტვიროსი ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო (ეს. 23:1, 7), თუმცა ზუსტად ცნობილი არ არის, როდის დააარსეს სიდონელებმა ეს კოლონია. ბიბლიაში ტვიროსი პირველად აღთქმული მიწის დაპყრობის შემდეგ (დაახლ. ძვ. წ. 1467) მოიხსენიება, როგორც გამაგრებული ქალაქი, რომლის საზღვართან აშერის ტომის ტერიტორია მთავრდებოდა. ტვიროსი როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, ყოველთვის ისრაელის საზღვრებს მიღმა რჩებოდა (იეს. 19:24, 29; 2სმ. 24:7).

ტვიროსსა და ისრაელს დროდადრო კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ, განსაკუთრებით დავითისა და სოლომონის მეფობის დროს. დავითის სამეფო სასახლეს გამოცდილი ტვიროსელი მუშები აშენებდნენ იმ კედრის ხის მორებისგან, რომლებსაც ტვიროსის მეფე, ხირამი გზავნიდა (2სმ. 5:11; 1მტ. 14:1). ტვიროსელებმა დავითი იმ ხის მორებითაც მოამარაგეს, რომლებიც მოგვიანებით ტაძრის ასაშენებლად გამოიყენეს (1მტ. 22:1—4).

დავითის სიკვდილის შემდეგ ტვიროსის მეფე ხირამმა სოლომონს საშენი მასალა და მსახურები გაუგზავნა ტაძრისა და სამეფო ნაგებობების ასაგებად (1მფ. 5:1—10; 7:1—8; 2მტ. 2:3—14). ტაძრის შენებაში მონაწილეობას იღებდა ებრაელი დედისა და ტვიროსელი მამის, დახელოვნებული სპილენძის მჭედლის შვილი (1მფ. 7:13, 14; 2მტ. 2:13, 14). შესრულებული სამუშაოსთვის სოლომონი ტვიროსელებს ხორბალს, ქერს, ზეთსა და ღვინოს უგზავნიდა (1მფ. 5:11, 12; 2მტ. 2:15). გარდა ამისა, სოლომონმა ტვიროსის მეფეს 20 ქალაქი გადასცა, თუმცა ამ ძღვნით ხირამი დიდად არ მოხიბლულა (1მფ. 9:10—13).

დროთა განმავლობაში ტვიროსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტის მფლობელი გახდა ძველ მსოფლიოში. მისმა მეზღვაურებმა და „თარშიშის“ ცნობილმა სავაჭრო ხომალდებმა შორეულ მხარეებში მოგზაურობით გაითქვეს სახელი. სოლომონსა და ხირამს ერთობლივად ჩამოჰქონდათ ხომალდებით ძვირფასეულობა, მათ შორის ოფირის ოქრო (1მფ. 9:26—28; 10:11, 22; 2მტ. 9:21).

ტვიროსს ისრაელთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებდა. არსაიდან ჩანს, რომ ტვიროსელები იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობით იყვნენ დაინტერესებული. ისინი, ფაქტობრივად, ქანაანელები და ბაალის თაყვანისმცემლები იყვნენ. მათი მთავარი ღვთაებები მელკარტი და ასტარტე (აშთორეთი) იყო. სიდონელთა (მათ შორის ტვიროსელთა) მეფის, ეთბაალის ქალიშვილი იზებელი ისრაელის ჩრდილოეთის სამეფოს მეფეს, ახაზს ჰყავდა ცოლად. ეს ქალი იეჰოვას თაყვანისმცემლობის ამოძირკვას ცდილობდა (1მფ. 16:29, 31; 18:4, 13, 19).

ღვთისგან დაგმობილი. ღმერთმა მკაცრად დაგმო ტვიროსი, თუმცა არა იზებელისა და მისი ქალიშვილის, ათალიას, ბოროტი საქმეების გამო. ტვიროსი დიდებულ ქალაქად გადაიქცა სხვა ხალხების, მათ შორის ისრაელის ხარჯზე. იქ მზადდებოდა ლითონის ნაკეთობები, შუშის ჭურჭელი და მეწამული საღებავები. მექარავნე ვაჭრები იქ ეწეოდნენ აღებმიცემობას და საიმპორტო და საექსპორტო საქონელსაც იქ უყრიდნენ თავს. წარმოებითა და ვაჭრობით გამდიდრებული ტვიროსი თავდაჯერებული და ამაყი გახადა. მისი ვაჭრები და დიდვაჭრები იმით იკვეხნიდნენ, რომ მთავრები და პატივდებულები იყვნენ დედამიწაზე (ეს. 23:8). დროთა განმავლობაში ტვიროსი იეჰოვას დაუპირისპირდა და მეზობელ ერებთან ერთად ღვთის ხალხის წინააღმდეგ შეითქვა (ფს. 83:2—8). ასე რომ, იეჰოვას ურჩობის გამო ტვიროსმა მკაცრი განაჩენი, დაცემა და განადგურება დაიტეხა თავს.

ქედმაღალი ტვიროსისკენ იეჰოვამ ყურადღება ძვ. წ. IX ს-ის ბოლოსთვის მიმართა. მან გააფრთხილა ის, რომ სამაგიეროს გადაუხდიდა თავისი ხალხისთვის წართმეული ოქრო-ვერცხლისა და სხვა უამრავი ძვირფასი ნივთების გულისთვის, რომლებითაც ტვიროსელები თავიანთ ტაძრებს ამკობდნენ. ტვიროსს ღვთის ხალხის მონებად გაყიდვისთვისაც მიეზღვებოდა (იოლ. 3:4—8; ამ. 1:9, 10).

წინასწარმეტყველმა ესაიამ მოგვიანებით ტვიროსზე იწინასწარმეტყველა, რომ ის „სამოცდაათი წელი“ დავიწყებული იქნებოდა (ეს. 23:1—18). წლების შემდეგ წინასწარმეტყველმა იერემიამ ტვიროსი იმ ერთა სიაში შეიყვანა, რომლებიც იეჰოვას რისხვის ღვინოს შესვამდნენ (იერ. 25:8—17, 22, 27; 27:2—7; 47:2—4). იერემიას წინასწარმეტყველების მიხედვით ერებს სამოცდაათი წელი უნდა ემსახურათ ბაბილონის მეფისთვის (იერ. 25:8—11), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ესაიაცა და იერემიაც ნაბუქოდონოსორის ტვიროსზე გალაშქრებას გულისხმობდნენ.

იერემიას დროს მოღვაწე წინასწარმეტყველმა ეზეკიელმაც თქვა, რომ ტვიროსს უბედურება ნაბუქოდონოსორის ხელით დაატყდებოდა (ეზკ. 26:1—28:19). ტვიროსი, რომელიც ეზეკიელმა ლამაზ გემს — ფერადიალქნებიანი, ჭრელსაფრიანი გემბანისა და სპილოს ძვლის ცხვირის მქონეს — შეადარა, შუაგულ ზღვაში ჩაიძირებოდა (ეზკ. 27:3—36). ტვიროსის გადიდგულებული „მეფე“ (სავარაუდოდ ტვიროსელი მმართველების დინასტია) იკვეხნიდა: „ღმერთი ვარო, ღვთის ადგილზე ვზივარ“. ამიტომ ტვიროსი შეიბღალებოდა და ცეცხლს მიეცემოდა (ეზკ. 28:2—19).

ქალაქის განადგურება. ნაბუქოდონოსორის ხანგრძლივი ალყის დროს მის მეომრებს მუზარადის ტარებისაგან „თავები გაუმელოტდათ“ და საალყო ნაგებობების მასალის ზიდვისაგან „მხრები გადაეყვლიფათ“. ნაბუქოდონოსორს ტვიროსზე იეჰოვას განაჩენის აღსრულებისთვის „გასამრჯელო“ არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ იეჰოვა მას ეგვიპტის სიმდიდრეს დაჰპირდა (ეზკ. 29:17—20). ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის ცნობით ალყა 13 წელს გაგრძელდა და ბაბილონელებს ის ძვირად დაუჯდათ („აპიონის წინააღმდეგ“, I, 156 [21], ინგლ.). ისტორიულ წყაროებში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, ააოხრა თუ არა ნაბუქოდონოსორმა ტვიროსი, თუმცა, ფაქტია, ტვიროსელთა ზარალი და მსხვერპლი, უდავოდ, დიდი იქნებოდა (ეზკ. 26:7—12).

ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულ ისრაელებს ტვიროსელები მეორე ტაძრის ასაგებად ლიბანის კედრის მორებით ამარაგებდნენ და აღდგენილ იერუსალიმთან ვაჭრობას ეწეოდნენ (ეზრ. 3:7; ნემ. 13:16).

მართალია ნაბუქოდონოსორმა ტვიროსი ცუდ დღეში ჩააგდო, მაგრამ ეს არ იყო ტვიროსის აღსასრული. ტვიროსმა სიმაგრე აიშენა და ოქრო-ვერცხლი დაიგროვა, მაგრამ წინასწარმეტყველების თანახმად იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ მოსპობდა მას (ზქ. 9:3, 4).

ზაქარიას ზემოხსენებული წინასწარმეტყველება დაახლოებით 200 წლის შემდეგ ახდა. ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე დიდი თავისი ჯარით მცირე აზიისკენ დაიძრა. გეზი სამხრეთისკენ რომ აიღო, სხვა ქვეყნებთან ერთად ტვიროსის დაპყრობაც მოიწადინა. ტვიროსელებმა უარი თქვეს გალავნის კარიბჭეების გაღებაზე. განრისხებულმა ალექსანდრემ უბრძანა ჯარს, კონტინენტის ნაწილზე არსებული ქალაქის ნანგრევები ზღვაში ჩაეყარათ და ქვაყრილით გზა გაეყვანათ კუნძულამდე. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო (ეზკ. 26:4, 12; იხ. დიაგრამა, ტ. 2, გვ. 531). სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეშვეობით ალექსანდრემ ტვიროსის ხომალდები მისივე ნავსადგურში მოამწყვდია, შემდეგ კი შეუდგა ისეთი მაღალი საალყო კოშკების აღმართვას, რომლის მსგავსიც მანამდე ომში არავის ენახა. შვიდი თვის შემდეგ 46-მეტრიანი კედელი გაარღვიეს. ამ ბრძოლას 8000 მეომარი შეეწირა, 2000 გავლენიანი პირი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ქალაქის 30 000 მკვიდრი მონად გაყიდეს.

ნახსენებია ბერძნულ წერილებში. ქალაქის სრული განადგურების მიუხედავად, ტვიროსი სელევკიდების მმართველობის დროს აღადგინეს და ახ. წ. I ს-ისთვის ის ხმელთაშუა ზღვის ცნობილ პორტად იქცა. გალილეაში იესოს ფართომასშტაბიანი მსახურების დროს ზოგიერთები ტვიროსისა და სიდონის მხარეებიდანაც მოვიდნენ იესოს ქადაგების მოსასმენად და განსაკურნავად (მრ. 3:8—10; ლკ. 6:17—19). რამდენიმე თვის შემდეგ იესო თავად ეწვია ტვიროსის მხარეს და იქ სიროფინიკიელი ქალის დემონით შეპყრობილი შვილი განკურნა (მთ. 15:21—29; მრ. 7:24—31). ერთხელ იესომ თქვა, რომ ტვიროსსა და სიდონში რომ მოეხდინა ის სასწაულები, რომლებიც ქორაზინსა და ბეთსაიდაში მოახდინა, უცხოტომელი ტვიროსელები და სიდონელები ებრაელებზე მეტად მოიწადინებდნენ მისი ქადაგების მოსმენას (მთ. 11:20—22; ლკ. 10:13, 14).

ძველი მონეტა წარწერით „ტვიროსი“

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება