კვირა
კვირის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა შავუაʽ სიტყვასიტყვით მიანიშნებს შვიდი ნაწილისგან შემდგარ ერთეულზე ან პერიოდზე. ბერძნული სიტყვა საბბატონ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან შაბბათ.
დღეების შვიდდღიან ციკლებად დაჯგუფება უხსოვარი დროიდან მოდის. ამის პირველი მაგალითია იეჰოვა ღმერთის მიერ შემოქმედებითი პერიოდის ექვს დღედ ან ექვს პერიოდად დაყოფა, რომელიც დასრულდა მეშვიდე, დასვენების დღით (დბ. 2:2, 3). შემდეგ შვიდდღიანი პერიოდი მოიხსენიება ნოესდროინდელ წარღვნასთან, თუმცა ამ შემთხვევაში მეშვიდე დღის დასვენებაზე არაფერია ნათქვამი (დბ. 7:4, 10; 8:10, 12). ფადან-არამსა და ფილისტიმში ქორწილს შვიდ დღეს ზეიმობდნენ (დბ. 29:27, 28; მსჯ. 14:12, 17). იაკობის დაკრძალვაც შვიდი დღე გრძელდებოდა (დბ. 50:10). თუმცა ბიბლიიდან არ ჩანს, ემთხვეოდა თუ არა ეს შვიდდღიანი პერიოდები კვირას, რომლის დასაწყისი განსაზღვრული იყო და რომელსაც სხვა შვიდდღიანი პერიოდი მოსდევდა. ზოგ ძველ ხალხში შვიდდღიანი პერიოდები განისაზღვრებოდა მთვარის ოთხი ფაზის მიხედვით და თავიდან იწყებოდა ყოველი ახალმთვარობისას. ვინაიდან მთვარისმიერი თვის ხანგრძლივობა 29 ან 30 დღე იყო, ის მხოლოდ შვიდდღიანი მონაკვეთებისგან არ შედგებოდა.
დაბადების 24:55-ში მოხსენიებულია 10-დღიანი პერიოდი. ძველ ეგვიპტეში დროს 10-დღიან პერიოდებად ყოფდნენ (თითო თვე სამი ასეთი მონაკვეთისგან შედგებოდა). როგორც ჩანს, ამ სისტემას ისრაელები ეგვიპტეში გატარებული მრავალი წლის მანძილზე გაეცნენ.
კანონის ძალაში ყოფნის დროს. პირველად პასექთან დაკავშირებულ მითითებებთან ვხვდებით ღვთის ბრძანებას, რომ ხალხს შვიდდღიანი პერიოდი აღენიშნა. ეს ეხებოდა უფუარობის ყოველწლიურ დღესასწაულს, რომელსაც ისრაელები იქიდან მოყოლებული პასექის შემდეგ აღნიშნავდნენ. როგორც პირველი, ისე მეშვიდე ანუ ბოლო დღე დასვენების დღე უნდა ყოფილიყო (გმ. 12:14—20; 13:6—10).
შაბათის დღის დაწესება. ამ განსაკუთრებული კვირის დაწესების შემდეგ გავიდა დაახლოებით ერთი თვე, როცა ისრაელებმა დატოვეს ეგვიპტე, თუმცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ისინი ამ დროს შვიდდღიან პერიოდებს იცავდნენ, რომლებიც მეშვიდე, დასვენების დღით მთავრდებოდა. ეგვიპტის დატოვებიდან მეორე თვის მე-15 დღის შემდეგ იეჰოვამ მათ მანანა მისცა და სწორედ მაშინ დაადგინა პირველად ყოველ მეშვიდე დღეს შაბათის აღნიშვნა (გმ. 16:1, 4, 5, 22—30). შაბათის აღნიშვნამ განაპირობა დროის თანმიმდევრულ 7-დღიან პერიოდებად დაჯგუფება, რომლებიც არ იყო დამოკიდებული მთვარისმიერ თვეებზე. მოსეს მეშვეობით მიცემულ კანონის შეთანხმებაში ღმერთმა ეს წესად დაუდგინა ისრაელ ერს (გმ. 20:8—11; კნ. 5:12—15).
დღესასწაულები. კანონის თანახმად ისრაელებს ევალებოდათ ზოგი 7-დღიანი დღესასწაულის აღნიშვნა, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვეოდა შაბათით დამთავრებულ ჩვეულებრივ კვირას. ეს დღესასწაულები თვის კონკრეტულ რიცხვში იწყებოდა, რომელიც ყოველ წელს კვირის სხვადასხვა დღეზე მოდიოდა. ამის მაგალითია უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ისინი პასექის შემდეგ 15—21 ნისანს ზეიმობდნენ, აგრეთვე კარვობის დღესასწაული, რომელსაც 15–21 ეთანს აღნიშნავდნენ. კვირების დღესასწაული ანუ ორმოცდამეათე დღის დღესასწაული 16 ნისანიდან 7 კვირისა და ერთი დღის შემდეგ იწყებოდა, რის გამოც ეს კვირები ყოველთვის არ ემთხვეოდა შაბათით დამთავრებულ ჩვეულებრივ კვირებს (გმ. 12:2, 6, 14—20; ლვ. 23:5—7, 15, 16; კნ. 16:9, 10, 13).
მეშვიდე დღის, შაბათის გარდა, კვირის დღეებს სახელები არ ჰქონდა. მათ უბრალოდ რიგის მიხედვით მოიხსენიებდნენ (გმ. 20:8). ეს ასე იყო იესოსა და მისი მოციქულების დროსაც, თუმცა შაბათის წინა დღე ცნობილი გახდა როგორც „სამზადისის დღე“ (მთ. 28:1; სქ. 20:7; მრ. 15:42; ინ. 19:31).
შვიდდღიანი და შვიდწლიანი პერიოდები. ვინაიდან კანონის შეთანხმება შაბათს ანუ მეშვიდე დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, სიტყვა „შაბათი“ ჩვეულებრივ მთელი შვიდდღიანი კვირის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა (ლვ. 23:15, 16). მას აგრეთვე მეშვიდე წელთან, შაბათის წელთან იყენებდნენ, რომლის განმავლობაშიც მთელი მიწა ისვენებდა. ამ სიტყვით აღნიშნავდნენ იმ შვიდწლიან პერიოდსაც ანუ წლებისგან შემდგარ კვირას, რომელიც შაბათის წლით მთავრდებოდა (ლვ. 25:2—8). მიშნაში ხშირად მეორდება გამოთქმა „წლებისგან შემდგარი კვირა“ (შებიითი 4:7—9; სანჰედრინი 5:1; იხ. სამოცდაათი კვირა [წინასწარმეტყველება მესიის შესახებ]).