ᲛᲐᲢᲧᲚᲘ
ზოგიერთი ცხოველის, უპირატესად ცხვრის, ფაფუკი, ხვეული ბეწვის საფარი. ძველად ებრაელები თუ ზოგიერთი სხვა ერის წარმომადგენლები ცხოველებს პარსავდნენ და მიღებულ მატყლს ფართოდ იყენებდნენ სამოსის დასამზადებლად და საქარგავად (გმ. 35:4-6, 25; 36:8, 35, 37; 38:18; 39:1-8, 22-29; ლვ. 13:47; იგ. 31:13, 22; ეზკ. 34:3). შალის ტანსაცმელი ადამიანს იცავს სიცხისა და სიცივისგან; ის კომფორტული და თბილია, არ არის მძიმე და ტენს ისე კარგად იწოვს, რომ ადამიანი არ გრძნობს სისველეს.
კანონის თანახმად ისრაელებს მოეთხოვებოდათ, რომ მღვდლებისთვის მიეტანათ თავიანთი „ფარის პირველი მატყლი“ (კნ. 18:3-5). მათ, ვინც მღვდლად არ მსახურობდა, ეკრძალებოდათ ჩაეცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც შალიც ერია და სელიც (კნ. 22:11; ლვ. 19:19; იხ. ᲥᲡᲝᲕᲘᲚᲘ [სხვა გამოყენება]).
ის ფაქტი, რომ მატყლს ფართოდ იყენებდნენ ძველ დროში, ჩანს იქიდანაც, რომ მოაბის მეფე მეშა „ისრაელის მეფეს 100 000 ბატკანსა და 100 000 გაუპარსავ ვერძს უგზავნიდა ხარკად“ (2მფ. 3:4). მატყლისგან მიღებული შალი მნიშვნელოვან სავაჭრო საქონელსაც წარმოადგენდა (ეზკ. 27:1, 2, 7, 16, 18).
ვინაიდან მატყლი ჩვეულებრივ თეთრი ფერისაა, ის ზოგჯერ სითეთრესთან და სიწმინდესთან ასოცირდება. მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ვიგებთ, რომ იეჰოვა მიტევებულ ცოდვებს ადარებს თეთრ მატყლს: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება; შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება“ (ეს. 1:18–20).
იეჰოვა „მატყლივით ფარავს მიწას თოვლით“, თითქოსდა მას თბილ მატყლის საბანს აფარებს (ფსალმუნი 147:16).
„მარად არსებულის“, იეჰოვა ღმერთის, შესახებ ხილვაში სიმბოლური ენით ნათქვამია, რომ მისი თმა მატყლივით სუფთაა (დნ. 7:9). ეს აღწერილობა მიუთითებს ასაკსა და სიბრძნეზე, რასთანაც ჩვეულებრივ ასოცირდება ჭაღარა (შდრ. იობ. 15:9, 10). მსგავსადვე, მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა „ვიღაცა, კაცის ძის მსგავსი“, რომელსაც „თავი და თმა მატყლივითა და თოვლივით თეთრი ჰქონდა“ (გმც. 1:12-14). კაცის ძის თმის ასეთი აღწერილობა შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ მას თმა სიმართლის გზაზე სიარულისას გაუთეთრდა (იგ. 16:31).