ᲡᲘᲢᲧᲕᲐ
ბიბლიაში მოხსენიებული ებრაული სიტყვა დავარ და ბერძნული სიტყვა ლოგოს უმეტესწილად ითარგმნება, როგორც „სიტყვა“. ხშირ შემთხვევაში ამ სიტყვებში იგულისხმება დასრულებული აზრი, გამონათქვამი ან განაცხადი და არა ცალკეული სიტყვა ან დაუსრულებელი აზრი (ბერძნულ ენაში ცალკეული სიტყვა გამოიხატება სიტყვით რემა [მთ. 27:14], თუმცა რემაც კი შეიძლება გულისხმობდეს დასრულებულ აზრს). შემოქმედისგან მომდინარე ნებისმიერი ცნობა, რასაც მაგალითად აცხადებს წინასწარმეტყველი, არის „ღვთის სიტყვა“. ბიბლიაში ზოგ ადგილას ლოგოს (ნიშნავს „სიტყვას“) მიუთითებს წოდებაზე, რომელიც იესო ქრისტეს მისამართით გამოიყენება.
ღვთის სიტყვა. გამოთქმა „იეჰოვას სიტყვა“, „ღვთის სიტყვა“ ან მსგავსი ფრაზები ასობით ადგილას გვხვდება ბიბლიაში. „იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა“. ღმერთმა თქვა სიტყვა და შესრულდა. „ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს სინათლე“ და გამოჩნდა სინათლე“ (ფს. 33:6; დბ. 1:3). აქედან ისეთი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ თავად იეჰოვა არ შრომობს (ინ. 5:17). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იეჰოვას მილიარდობით ანგელოზი ჰყავს, რომლებიც ეხმაურებიან მის სიტყვას და მის ნებას ასრულებენ (ფს. 103:20).
ღვთის ნებისმიერი ქმნილება, ცოცხალი თუ არაცოცხალი, მის სიტყვას ემორჩილება; და ღმერთმა შეიძლება მათი მეშვეობით შეასრულოს თავისი განზრახვა (ფს. 103:20; 148:8). მისი სიტყვა სანდოა; თუ რაიმეს ამბობს, ყოველთვის ასრულებს (კნ. 9:5; ფს. 105:42–45). წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სიტყვა „მარადიულად რჩება“; რაც მან თქვა, ყველაფერი შესრულდება (ეს. 40:8; 55:10, 11; 1პტ. 1:25).
იეჰოვა ურთიერთობს თავის ქმნილებებთან. ის სხვადასხვა სახით უმხელს მათ თავის ნებას და ჩანაფიქრს. ღვთის სიტყვა ეუწყა მაგალითად, ადამს, ნოეს და აბრაამს. უდავოა, ღმერთმა ეს ანგელოზის მეშვეობით გააკეთა (დბ. 3:9–19; 6:13; 12:1). ზოგჯერ ღმერთი თავის არჩეულ ადამიანებს იყენებდა თავისი განზრახვების გასაცხადებლად. ასეთები იყვნენ მაგალითად, მოსე და აარონი (გმ. 5:1). ყველაფერი, რასაც მოსე გადასცემდა ისრაელ ერს, სინამდვილეში, ღვთის სიტყვა იყო (კნ. 12:32). ღმერთი მათ წინასწარმეტყველთა პირითაც ელაპარაკებოდა, მაგალითად ელისეს და იერემიას პირით; აგრეთვე წინასწარმეტყველი ქალების მეშვეობით, რომელთაგან ერთ-ერთი დებორა იყო (2მფ. 7:1; იერ. 2:1, 2; მსჯ. 4:4–7).
მოსეს დროიდან მოყოლებული ღვთის ბევრი მითითება წერილობითი სახით ჩაიწერა. ათი მცნება, იგივე დეკალოგი, რომელიც ებრაული წერილების დედნისეულ ტექსტში „ათ სიტყვად“ არის ცნობილი, თავდაპირველად სიტყვიერად იყო გადმოცემული, ხოლო შემდეგ „ღვთის თითით“ დაიწერა ქვის ფილებზე (გმ. 31:18; 34:28; კნ. 4:13). მეორე კანონის 5:22-ში ეს მცნებები მოხსენიებულია როგორც „სიტყვები“ (აქ, 2006; იხ. ᲐᲗᲘ ᲛᲪᲜᲔᲑᲐ).
ღვთის შთაგონებით იესო ნავეს ძემაც ჩაწერა „სიტყვები ღვთის კანონის წიგნში“. ასე იქცეოდნენ ღვთის სხვა ერთგული მსახურებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბიბლიის დაწერაში (იეს. 24:26; იერ. 36:32). საბოლოო ჯამში, მთელი ეს წერილები ერთად შეიკრიბა და ცნობილი გახდა როგორც წმინდა წერილები ანუ ბიბლია. დღეს ღვთისგან შთაგონებული „მთელი წმინდა წერილი“ მოიცავს ბიბლიის ყველა კანონიკურ წიგნს (2ტმ. 3:16; 2პტ. 1:20, 21). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა ხშირად მოხსენიებულია როგორც „სიტყვა“ (იაკ. 1:22; 1პტ. 2:2).
ბიბლიაში ღვთის სიტყვის აღსანიშნავად არაერთი სინონიმი გამოიყენება. მაგალითად, 119-ე ფსალმუნში, სადაც იეჰოვას „სიტყვა“ დაახლოებით 20-ჯერ არის გამოყენებული, ვხვდებით აგრეთვე პოეტურ პარალელიზმს — აქ მოხსენიებულია ისეთი სინონიმები, როგორიცაა იეჰოვას კანონი, მითითებები, ბრძანებები, წესები, მცნებები, დაპირებები და სამართლიანი გადაწყვეტილებები. აქედანაც ჩანს, რომ „სიტყვაში“ დასრულებული აზრი ან ცნობა იგულისხმება.
ამასთანავე, „ღვთის სიტყვა“ სხვადასხვა სახით არის აღწერილი, რაც გვეხმარება, უფრო კარგად ჩავწვდეთ ამ ფრაზის მნიშვნელობას. ეს არის „რწმენის სიტყვა [ბერძ. რემა]“ (რმ. 10:8), „სიმართლის სიტყვა [ანუ ცნობა (ნაწარმოებია სიტყვიდან ლოგოს)]“ (ებრ. 5:13) და „შერიგების ცნობა“ (2კრ. 5:19). ღვთის სიტყვა ანუ ცნობა ჰგავს „თესლს“, რომელიც თუ კარგ მიწაზე ითესება, ნაყოფიც კარგი გამოაქვს (ლკ. 8:11–15). ღვთის სიტყვაზე აგრეთვე ნათქვამია, რომ ის „სწრაფად ვრცელდება“ (ფს. 147:15).
სიტყვის მქადაგებლები და მასწავლებლები. უფალი იესო ქრისტე ყოველთვის დიდი პატივისცემით ეკიდებოდა იეჰოვას შთაგონებულ სიტყვას, ჭეშმარიტების სიტყვას, და მისი ყველაზე გულმოდგინე დამცველი იყო. ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა იესო (მთ. 7:28, 29; ინ. 7:46), თუმცა მას არასოდეს უცდია საკუთარი თავის განდიდება; პირიქით, ის ამბობდა: „რასაც ჩემგან ისმენთ, ჩემი არ არის, არამედ მამისაა, რომელმაც გამომგზავნა“ (ინ. 14:24; 17:14; ლკ. 5:1). ქრისტეს ერთგული მოწაფეები იცავდნენ მის სიტყვას, რაც მათ ათავისუფლებდა უმეცრებისგან, ცრურწმენისა და შიშისგან, აგრეთვე ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (ინ. 8:31, 32). ხშირად იესოს უწევდა შეკამათება ფარისევლებთან, რომლებიც თავიანთი ადათ-წესებითა და სწავლებებით აუფასურებდნენ „ღვთის სიტყვას“, ანუ გარკვევით გამოხატულ მითითებებს (მთ. 15:6; მრ. 7:13).
ნაქადაგები ღვთის სიტყვის მხოლოდ მოსმენა არ კმარა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მოსმენილის თანახმად მოქმედება, ანუ მისი დაცვა (ლკ. 8:21; 11:28; იაკ. 1:22, 23). მოციქულები და მოწაფეები, რომლებმაც შესანიშნავი მომზადება გაიარეს მსახურებისთვის, დაემორჩილნენ სიტყვას და თავად დაიწყეს ქადაგება და სწავლება (სქ. 4:31; 8:4, 14; 13:7, 44; 15:36; 18:11; 19:10). შედეგად, „ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და ... მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა“ (სქ. 6:7; 11:1; 12:24; 13:5, 49; 19:20).
ცრუმასწავლებლებისგან განსხვავებით მოციქულები და სხვა მოწაფეები არ ვაჭრობდნენ ღვთის სიტყვით. ისინი არ აყალბებდნენ ღვთის სიტყვას და ჭეშმარიტებას აცხადებდნენ (2კრ. 2:17; 4:2). პავლე მოციქულმა უთხრა ტიმოთეს: „ყველანაირად ეცადე, რომ ღვთისთვის მოსაწონი მსახური იყო, რომელიც სამარცხვინოს არაფერს აკეთებს და სწორად ასწავლის ღვთის სიტყვას“. პავლემ ტიმოთეს აგრეთვე მოუწოდა: „იქადაგე ღვთის სიტყვა გადაუდებლად, კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ (2ტმ. 2:15; 4:2). ამასთანავე, ქრისტიან ცოლებს პავლემ ურჩია, რომ დაკვირვებოდნენ თავიანთ საქციელს, რათა არავის დაეგმო „ღვთის სიტყვა“ (ტიტ. 2:5).
მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ედემის ბაღში ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო აზრები გამოთქმა, ღვთის სიტყვას გამოუჩნდა ბევრი მოწინააღმდეგე, რომლებიც ფაქტობრივად, სატანის მხარდამჭერები გახდნენ. მრავალმა, ვინც მხარი დაუჭირა ღვთის სიტყვას, სიცოცხლე დაკარგა, რის შესახებ ბიბლიაც წინასწარმეტყველებდა და რაზეც ისტორიაც მოწმობს (გმც. 6:9). ისტორიიდან ისიც ჩანს, რომ დევნებმა ვერ შეაჩერა ღვთის სიტყვის გაცხადება (ფლ. 1:12–14, 18; 2ტმ. 2:9).
ღვთის სიტყვისა და სულის ძალა. ღვთის სიტყვა ძალიან დიდ გავლენას ახდენს მსმენელზე. ღვთის სიტყვა სიცოცხლეს ნიშნავს. ღმერთმა ისრაელ ერს უდაბნოში უჩვენა, რომ „კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (კნ. 8:3; მთ. 4:4). ის არის „სიცოცხლის სიტყვა“ (ფლ. 2:16). იესო საუბრობდა ღვთის სიტყვაზე. მან თქვა: „ჩემი ნათქვამი სიტყვები [რემატა] სული და სიცოცხლეა“ (ინ. 6:63).
პავლე მოციქულმა დაწერა: „ღვთის სიტყვა [ანუ ცნობა (ლოგოს)] არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებ. 4:12). ის აღწევს ადამიანის გულამდე და აგებინებს მას, ნამდვილად ცხოვრობს თუ არა სწორი პრინციპების თანახმად (1კრ. 14:23–25).
ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა. მას ძალუძს, განწმინდოს ადამიანი, რათა ის გამოსადეგი გახდეს ღვთის ნების შესასრულებლად (ინ. 17:17). ღვთის სიტყვას შეუძლია დააბრძენოს და გააბედნიეროს ადამიანი. ღვთის სიტყვას შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი საქმე, რასაც ღმერთი განიზრახავს (ფს. 19:7–9; ეს. 55:10, 11). მას შეუძლია ყოველმხრივ აღჭურვოს ადამიანი „ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ და მისცეს ძალა, „სძლიოს ბოროტს“ (2ტმ. 3:16, 17; შდრ. 1ინ. 2:14).
იესოს ქადაგების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ „სცხო მას ღმერთმა წმინდა სული“ და მისცა ძალა; და რომ იესო დადიოდა ყველგან, აკეთებდა სიკეთეს და „კურნავდა ეშმაკისგან გატანჯულთ; ის ამ ყოველივეს იმის წყალობით აკეთებდა, რომ ღმერთი იყო მასთან“ (სქ. 10:38). მოციქული პავლე ადამიანისთვის დამახასიათებელი დამაჯერებელი ბრძნული სიტყვებით კი არ საუბრობდა, არამედ ღვთის სულის ძალით აქცევდა მსმენელებს ქრისტიანობაზე, მათ შორის წარმართებსაც კი (1კრ. 2:4). სიტყვები, რომლებსაც პავლე ღვთის სულის ძალით გადასცემდა, წმინდა წერილებზე, ღვთის სიტყვაზე, იყო დაფუძნებული. ამ სიტყვებს იმდენად დიდი ძალა ჰქონდა, რომ აღძრავდა მსმენელს, მიეღო ქრისტიანობა. მოციქულმა თესალონიკეს კრებას მისწერა: „სასიხარულო ცნობა, რომელიც გიქადაგეთ, უბრალო სიტყვები კი არ იყო, არამედ წმინდა სულითა და სრული დამაჯერებლობით გადმოცემული ძლიერი ცნობა!“ (1თს. 1:5).
იოანე ნათლისმცემელი მოვიდა „ელიას სულითა და ძალით“. მას ჰქონდა „ელიას სული“ ანუ მისი მოშურნეობა და ძალა. იოანეს იეჰოვას სულიც ხელმძღვანელობდა, რათა მას ისე გადაეცა ღვთის სიტყვები, რომ ხალხზე დიდი გავლენა მოეხდინა. მან შეძლო მამების გული შვილებისკენ მოებრუნებინა და „ურჩები მართალთა სიბრძნის გზაზე“ დაეყენებინა, რომ მომზადებული ხალხი წარედგინა იეჰოვასთვის (ლკ. 1:17).
აქედან გამომდინარე, ღვთის სიტყვიდან მომდინარე სასიხარულო ცნობის ძალა არ უნდა გავაუბრალოოთ. ადამიანის მიერ მოფიქრებულ და წარმოთქმულ არანაირ სიტყვებს არა აქვს ისეთი ძალა, როგორიც ღვთის სიტყვას. ძველ დროში მცხოვრებმა ბერეელებმა ქება დაიმსახურეს, რადგან „გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“, რათა დარწმუნებულიყვნენ, სწორი იყო თუ არა ის, რასაც პავლე ასწავლიდა (სქ. 17:11). ღვთის მსახურებს, რომლებიც ღვთის სიტყვას ქადაგებენ, მხარს უჭერს და განამტკიცებს ღვთის წმინდა სულის ძალა (რმ. 15:13, 19).
„სიტყვა“ როგორც წოდება. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „სიტყვა“ (ბერძ. ჰო ლოგოს) წოდების მნიშვნელობითაც გამოიყენება (ინ. 1:1, 14; გმც. 19:13). მოციქული იოანე გვანახვებს, რომ ეს იესოს წოდებაა. მას ეწოდებოდა „სიტყვა“ არა მხოლოდ დედამიწაზე მსახურების დროს, როდესაც ის სრულყოფილი ადამიანი იყო, არამედ დედამიწაზე მოვლინებამდეც, როდესაც ის სულიერი ქმნილება იყო ზეცაში. იესო ზეცად ამაღლების შემდეგაც ფლობს ამ წოდებას.
„სიტყვა იყო ღმერთი“. ღვთის ძის განკაცებამდე არსებობის შესახებ იოანე ამბობს: „დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ (ინ. 1:1). ამ მუხლის წაკითხვისას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ „სიტყვაში“ იგულისხმება ყოვლისშემძლე ღმერთი, თუმცა დედნისეული ტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ „სიტყვა“ ნამდვილად არის ღმერთი, ძლიერი ღმერთი, თუმცა არა ყოვლისშემძლე ღმერთი (ძველ ისრაელში დიდი გავლენის მქონე მსაჯულებსაც კი ეწოდებოდათ ღმერთები [ფს. 82:6; ინ. 10:34, 35]). ფაქტობრივად, ბერძნულ ტექსტში იმ ადგილას, სადაც იოანეს 1:1-ში პირველად ვხვდებით სიტყვა ღმერთს, მის წინ წერია განსაზღვრული არტიკლი ჰო, ხოლო ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი“, ღმერთის წინ არანაირი არტიკლი არ გვხვდება.
ამ მუხლის სწორად გაგებაში სხვა თარგმანებიც გვეხმარება. ბერძნული წერილების სტრიქონობრივ თარგმან „ემფატიკ დიაგლოტში“ იოანეს 1:1 შემდეგნაირად ჟღერს: „დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“. „ემფატიკ დიაგლოტის“ თანდართული ტექსტი იყენებს დიდ და პატარა ასოებს. აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევაში სიტყვა ღმერთი მთლიანად დიდი ასოებით წერია, მეორე შემთხვევაში კი — მხოლოდ პირველი ასოა დიდი. შედეგად, ეს მუხლი ასე გამოიყურება: „დასაწყისში იყო ლოგოსი და ლოგოსი იყო ღმერთთან და ლოგოსი იყო ღმერთი“.
ეს და სხვა თარგმანები მხარს უჭერს იმ ფაქტს, რომ იესო არის ღვთის ძე, რომელმაც ღმერთთან ერთად მიიღო მონაწილეობა შემოქმედებაში (კლ. 1:15–20), და რომ ის ნამდვილად არის ძლიერი ღმერთი, თუმცა არა ყოვლისშემძლე ღმერთი. ეს აზრი სხვა თარგმანებიდანაც მკაფიოდ იკვეთება. „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ ვკითხულობთ: „როგორიც იყო ღმერთი, ისეთივე იყო სიტყვაც“. ბერძნული სიტყვა ლოგოს ითარგმნა როგორც „სიტყვა“. ამიტომ მოფატის (Moffatt) თარგმანში ვკითხულობთ: „ლოგოსი იყო ღვთაებრივი“. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში წერია: „სიტყვა იყო ღვთაებრივი“ (The American Translation). გერმანულ ენაზე შესრულებულ ბიბლიის რამდენიმე თარგმანშიც მსგავსი აზრია გამოხატული. მაგალითად, ბემერის (Böhmer) თარგმანში ვკითხულობთ: „ის ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ღმერთთან, დიახ, თავად ის ღვთაებრივი არსება იყო“; შტაგეს (Stage) თარგმანში წერია: „თავად სიტყვა ღვთაებრივი არსება იყო“; მენგეს (Menge) თარგმანში ვკითხულობთ: „და ღმერთი (= ღვთაებრივი არსება) იყო სიტყვა“; თიმეს (Thimme) თარგმანში ეს მუხლი შემდეგნაირად იკითხება: „და ღვთაებრივი ბუნების იყო სიტყვა“. ყველა ამ თარგმანში ხაზი ესმება „სიტყვის“ ბუნებას და არა იმ აზრს, რომ ის მამასთან, ყოვლისშემძლე ღმერთთან შეიძლება იყოს გაიგივებული. „სიტყვას“, როგორც იეჰოვა ღმერთის ძეს, ნამდვილად აქვს ღვთაებრივი ბუნება („ღვთიური თვისებები“), რადგან სიტყვა „ღვთაებრივი“ ნიშნავს ღვთის მსგავსს (კლ. 2:9; შდრ. 2პტ. 1:4-ს, სადაც ვკითხულობთ დაპირებას იმის შესახებ, რომ ქრისტეს თანამემკვიდრეებსაც ექნებათ ღვთაებრივი ბუნება).
პროფესორ ჩარლზ კატლერ ტორის მიერ მომზადებულ სახარებების თარგმანში ვკითხულობთ: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. როცა ის დასაწყისში ღმერთთან იყო, ყველაფერი მისი მეშვეობით შეიქმნა; მის გარეშე არაფერი შექმნილა“ (ინ. 1:1–3; The Four Gospels—A New Translation, მე-2 გამოცემა, 1947). საყურადღებოა, რომ ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი“, სიტყვა ღმერთი პატარა ასოთი იწყება.
„სიტყვა“ ანუ ლოგოსი იყო ერთადერთი ქმნილება, რომელიც უშუალოდ ღმერთმა შექმნა. ის იყო ღვთის მხოლოდშობილი ძე, რომელთანაც ღმერთს ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მას მიმართა ღმერთმა შემდეგი სიტყვებით: „შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად, ჩვენ მსგავსებად“ (დბ. 1:26). სწორედ ამიტომ ამბობს იოანე, რომ „ის დასაწყისში ღმერთთან იყო. ყველაფერი მისი მონაწილეობით შეიქმნა; მის გარეშე არაფერი შექმნილა“ (ინ. 1:2, 3).
სხვა ბიბლიური მუხლებიდანაც აშკარად ჩანს, რომ „სიტყვა“ თანამშრომლობდა ღმერთთან და რომ ღმერთმა მასთან ერთად შექმნა ყველა და ყველაფერი. არსებობს „ერთი ღმერთი, მამა, რომლისგანაცაა ყოველივე … და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მეშვეობითაც არის ყოველივე“ (1კრ. 8:6). „სიტყვა“ ანუ ღვთის ძე „ღვთის ქმნილებათაგან პირველი“ იყო, რომელსაც სხვა ადგილას ეწოდება „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი. მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე“ (გმც. 3:14; კლ. 1:15, 16).
დედამიწაზე მსახურება და ზეციური დიდება. ღვთის განზრახვის თანახმად დადგა ცვლილების დრო. იოანე გვიხსნის: „გახდა სიტყვა ხორცი და ჩვენ შორის დამკვიდრდა [როგორც უფალი იესო ქრისტე]. ჩვენ ვიხილეთ დიდება, რომელიც მხოლოდშობილ ძეს მამისგან ჰქონდა“ (ინ. 1:14). მას შემდეგ, რაც „სიტყვა“ განკაცდა, მისი დანახვა, მოსმენა და შეხება გახდა შესაძლებელი. ამის წყალობით ხორციელ ადამიანებს შეეძლოთ უშუალო ურთიერთობა და შეხება ჰქონოდათ „სიცოცხლის სიტყვასთან“, რომლის შესახებაც იოანემ თქვა, რომ „დასაბამიდან იყო, ვის შესახებაც მოგვისმენია, ვინც საკუთარი თვალით გვინახავს, ვისაც დავკვირვებივართ და ვისაც შევხებივართ“ (1ინ. 1:1–3).
როგორც გამოცხადების 19:11–16-დან ჩანს, განდიდებულ უფალ იესო ქრისტეს კვლავაც ეწოდება „სიტყვა“. ხილვაში იოანე ხედავს ზეცაში თეთრ ცხენს და მხედარს, რომელსაც ეწოდება „ერთგული და ჭეშმარიტი“, აგრეთვე „ღვთის სიტყვა“, და რომ „მას მოსასხამზე, ბარძაყთან, აწერია სახელი — მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“.
რატომ ეწოდება ღვთის ძეს „სიტყვა“. წოდება ხშირ შემთხვევაში აღწერს იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევა ამ წოდების მატარებელი, ან მოვალეობას, რომელიც მას აქვს დაკისრებული. ამის მაგალითია წოდება „კალ-ხათზე“, რაც ნიშნავს მეფის ხმას ან სიტყვას“; ეს წოდება მინიჭებული ჰქონდა ერთ-ერთ აბისინიელ სახელმწიფო მოხელეს. „კალ-ხათზეს“ მოვალეობებს აღწერს ჯეიმზ ბრუსი, რომელმაც 1768—1773 წლებში იმ ადგილებში იმოგზაურა: კალ-ხათზე იდგა ფარდით ჩამოფარებულ ფანჯარასთან, რომლის მიღმაც იმყოფებოდა მეფე. მეფე, რომელიც არ ჩანდა, ელაპარაკებოდა კალ-ხათზეს, ხოლო ეს უკანასკნელი მეფის სიტყვებს სხვებს გადასცემდა. ამგვარად, კალ-ხათზე აბისინიის მეფის სიტყვა ანუ მისი გამხმოვანებელი იყო (Travels to Discover the Source of the Nile, ლონდონი, 1790, ტ. III, გვ. 265; ტ. IV, გვ. 76).
გავიხსენოთ ისიც, რომ ღმერთმა აარონი მოსეს სიტყვად დანიშნა და უთხრა: „შენ მაგივრად ის დაელაპარაკება ხალხს. შენს სათქმელს ის იტყვის, შენ კი ღმერთი იქნები მისთვის“ (გმ. 4:16).
მსგავსი სახით, ღვთის მხოლოდშობილი ძე, უდავოდ, მსახურობდა თავისი მამის, მარადიულობის დიდებული მეფის წარმომადგენლად. ის იყო ღვთის სიტყვა, რომელიც ინფორმაციასა და მითითებებს გადასცემდა შემოქმედის სხვა ქმნილებებს, სულიერსა თუ მიწიერს. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იესოს დედამიწაზე მოსვლამდე ღმერთი ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ესაუბრებოდა სიტყვის, ანუ ანგელოზის მეშვეობით, რომელიც მისი წარმომადგენელი იყო (დბ. 16:7–11; 22:11; 31:11; გმ. 3:2–5; მსჯ. 2:1–4; 6:11, 12; 13:3). შესაძლოა, რომ ანგელოზი, რომელიც ისრაელებს უდაბნოში მიუძღოდა, ღვთის ძე, სიტყვა ყოფილიყო, ვინაიდან იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მასზე, რომ ის მისი სახელით მოქმედებდა (გმ. 23:20–23; იხ. ᲘᲔᲡᲝ ᲥᲠᲘᲡᲢᲔ [განკაცებამდე]).
იმის საჩვენებლად, რომ იესო დედამიწაზე მსახურების დროსაც მამის წარმომადგენელი ანუ მისი სიტყვა იყო, მან უთხრა თავის მსმენელებს: „ჩემით კი არ ვლაპარაკობ, არამედ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო ... ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ“ (ინ. 12:49, 50; 14:10; 7:16, 17).