კარგი სახელი ღვთის წინაშე
ღვთის წინაშე ერთ დროს კარგი სახელის ქონა ნამდვილად არ არის იმის გარანტი, რომ მის თვალში ყოველთვის კარგი რეპუტაციით ვისარგებლებთ. მაგალითად, როგორც გვახსოვს, ისრაელები იეჰოვამ ეგვიპტელთა მონობიდან დაიხსნა და ქანაანის მიწაზე დაასახლა. თუმცა ის ფაქტი, რომ ისრაელი ერთ დროს ღვთის რჩეული ერი იყო, ბევრს არაფერს ნიშნავდა — მათ ვერ შეინარჩუნეს უზენაესთან კარგი ურთიერთობა. როცა ისრაელებმა ჭეშმარიტ ღმერთს ზურგი აქციეს, კერპთაყვანისმცემლები გახდნენ და მრავალმხრივ შეურაცხყვეს ღვთის კანონი, მათ დაკარგეს მისი კეთილგანწყობა და რჩეულ ერად ყოფნის პატივი; იეჰოვას თავისი ერის ორგულობაზე არ დაუხუჭავს თვალი იმის გამო, რომ მათი წინაპრები ერთგულნი იყვნენ. წინასწარმეტყველი ამოსის პირით ყოვლადძლიერმა განაცხადა: „განა ქუშელთა ძეებივით არ ხართ ჩემთვის, ისრაელის ძეებო?! — ამბობს იეჰოვა. — განა მე არ გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, ფილისტიმელები — კრეტიდან და სირია — კირიდან?!“ (ამოს. 9:7).
ისრაელები, ალბათ, ამაყობდნენ იმით, რომ ღმერთმა ისინი თავის ერად ამოირჩია. თუმცა თავიანთი ორგულობის გამო, ისინი იეჰოვას თვალში ქუშელებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. მათ წინადაცვეთას არანაირი ფასი აღარ ჰქონდა. საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ სწორედ ამ აზრს გაუსვა ხაზი: „წინადაცვეთას მაშინ მოაქვს სარგებლობა, როცა კანონს ასრულებ, მაგრამ, თუ კანონს არღვევ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობა ხდება“ (რომ. 2:25).
მსგავსადვე, ისრაელების ეგვიპტიდან გამოყვანა ნამდვილად არ მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი ყოველთვის იეჰოვას კეთილგანწყობით ისარგებლებდნენ. ორგული ისრაელებისთვის ის ფაქტი, რომ მათი წინაპრები იეჰოვამ თავის დროზე ეგვიპტიდან სასწაულებრივად დაიხსნა, თავისთავად კურთხევებს არ მოასწავებდა. ეს მოვლენა, თავისი მნიშვნელობით, ფილისტიმელებისა და სირიელების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასახლებას არაფრით აღემატებოდა.
აქედან გამომდინარე, ღვთის თვალში კეთილგანწყობის მოპოვება დამოკიდებული არაა ჩვენს წინაპრებსა თუ ეროვნულ კუთვნილებაზე. მხოლოდ იმის თქმა, რომ იეჰოვას მსახურები ვართ, ბევრს არაფერს ნიშნავს. იეჰოვას მსახური ისაა, ვინც ასრულებს მის ნებას.