გაფართოებული მოღვაწეობა იესო ქრისტეს თანდასწრების დროს
„მაშინ ეტყვის მეფე მათ, თავის მარჯვნივ: მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების დაარსებიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“ (მათე 25:34).
ქრისტეს თანდასწრება — დიდი ხნის ნანატრი მოვლენა! დრო, მსგავსი ‘ნოეს დღეებისა’, რომელთა შესახებ იესო ლაპარაკობდა ‘წუთისოფლის აღსასრულთან [ამ სისტემის აღსასრულთან, აქ]’ დაკავშირებით, დადგა 1914 წელს (მათე 24:3, 37). მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ქრისტეს თანდასწრება, ანუ პა·როუ·სი·ა, ‘ერთგული და გონიერი მონის’ ცხებულთა დარჩენილი ნაწილისთვის? (მათე 24:45). იმას, რომ ისინი, როგორც სინათლის მატარებელნი, უნდა გახდნენ უფრო და უფრო აქტიურნი! მოსალოდნელი იყო საოცარი მოვლენები! უნდა დაწყებულიყო შეკრების არნახული საქმე.
2 მაგრამ ჯერ საჭირო იყო ამ ცხებული ქრისტიანების განწმენდა. როგორც მალაქიას 3:1–3-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვა ღმერთი და „აღთქმის ანგელოზი“, იესო ქრისტე, სულიერი ტაძრის შესამოწმებლად მოვიდნენ 1918 წლის გაზაფხულზე. სასამართლო „ღმერთის სახლიდან“ უნდა დაწყებულიყო (1 პეტრე 4:17). მალაქიას 3:3-ში ნაწინასწარმეტყველებია: „[იეჰოვა] დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს“. ეს იყო გამოდნობისა და განწმენდის პერიოდი.
3 მათ მიერ გამოვლილი სასამართლო დროის მეშვეობით, რომელმაც უმაღლეს წერტილს 1918 წელს მიაღწია, მონის კლასის დარჩენილი ნაწილი განწმენდილი იყო ქვეყნიური და რელიგიური გაბინძურებისგან. რატომ განწმინდა იეჰოვამ ისინი? იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა მის სულიერ ტაძარს. ეს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ტაძრის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც დაფუძნებულია იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლზე. იეჰოვას სურდა, რომ მისი ტაძარი სუფთა ყოფილიყო, რათა დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე თაყვანისმცემლები, როდესაც მათ დიდი რაოდენობით მიიყვანდნენ იქ, ჰპოვებდნენ ადგილს, სადაც პატივს სცემენ მისი უნივერსალური მმართველობის უფლებრიობას, სადაც წმიდად ჰყოფენ მის სახელს, და სადაც ემორჩილებიან მის სამართლიან კანონებს. ამგვარად, ისინი იეჰოვას მადლიერნი იქნებოდნენ და შეუერთდებოდნენ მისი დიდებული განზრახვების მქადაგებელთა რიცხვს.
დამატებითი პრივილეგიები
4 განწმენდილ მონის კლასს 1919 წელს შეეძლო ჰქონოდა მუდმივად მზარდი მოღვაწეობის მოლოდინი. ათას ცხრაას თოთხმეტ წელს იესო ქრისტემ, მისმა უფალმა, მიიღო ზეციური სამეფო. როცა დაბრუნდა, რომ შეემოწმებინა თავისი ‘სახლეულნი’, ის დაჯილდოებული იყო მეფური ღირსებით, რომელიც არ ჰქონია აქ, დედამიწაზე ყოფნის დროს. რა აღმოაჩინა მან? გულითადად ზრუნავდა თუ არა მონის კლასი თავისი ბატონის ინტერესებისთვის? მათეს 24:45–47-ის თანახმად, იესომ დასვა კითხვა, რომელიც თითოეული ცხებული მოწაფისგან მოითხოვდა იეჰოვას მესიისადმი პირადი ერთგულების შემოწმებას: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად მისცეს მათ საზრდო? ნეტარ არს მონა, რომლის ბატონი მოვა და ასეთნაირად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას“.
5 ნათელია, რომ იესოს მიერ მოცემული ამ ერთგული მონის აღწერილობა არ შეესაბამება არცერთ ცალკეულ პიროვნებას. არა, მაგრამ აღწერილია ქრისტეს ერთგული, სულით ცხებული კრება, როგორც მთლიანი, როგორც ჯგუფი. სახლეულნი — ქრისტეს ცალკეული, ცხებული მიმდევრებია. იესომ იცოდა, რომ ამ სულით ცხებულებს საკუთარი სისხლით შეიძენდა და ამიტომ მართებულია, რომ მათ განზოგადებულად უწოდა თავისი მონა. 1 კორინთელთა 7:23-ში მათ შესახებ ნათქვამია: „ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები“. იესომ თავის მონის კლასს დაავალა, გამოენათებინათ თავიანთი სინათლე, რათა მოეზიდათ და მოემზადებინათ სხვა მოწაფეები და გამოეკვებათ მისი მსახურები სულიერი საზრდოს მუდმივად და დროულად მიწოდებით.
6 ქრისტეს თანდასწრების დაწყებიდან 1918 წლამდე, მიუხედავად არაპოპულარობის, დევნისა და დაბნეულობისაც კი, მონის კლასი ისწრაფოდა დროულად მიეცა სახლეულისთვის საზრდო. სწორედ ეს ჰპოვა ბატონმა როცა დაიწყო შემოწმება. უფალი იესო კმაყოფილი იყო, და 1919 წელს ეს მოწონებული, ერთგული მონის კლასი ნეტარად გამოაცხადა. რას მოიცავდა მონისთვის ის აღმაფრთოვანებელი ჯილდო, რომელიც ბატონის დავალების შესრულებისთვის მიიღო? დაწინაურებას! დიახ, ბატონის ინტერესების წინ წაწევაში მათ მიეცათ უფრო დიდი ვალდებულებები. რამდენადაც ბატონი უკვე ზეციური მეფე იყო, მისი მიწიერი ქონება კიდევ უფრო ძვირფასი გახდა.
7 რა იგულისხმება ‘მთელ თავის ქონებაში’? ის წარმოადგენს მთელ სულიერ სამფლობელოს, რომელიც დედამიწაზე ქრისტეს საკუთრება გახდა, ვინაიდან იესო გახდა ზეციური სამეფოს ხელისუფალი. ეს დავალება გარკვეულწილად შეიცავს ქრისტეს მოწაფეების მომზადებას, იმ დიდ უპირატესობასთან ერთად, რომ იმოქმედო მსოფლიოს ხალხთა შორის დამყარებული ღმერთის სამეფოს წარმომადგენლად.
8 ასეთი დაწინაურება — ბატონის მთელ ქონებაზე ზედამხედველობის გაწევა — მონის კლასისგან მოითხოვდა, რომ მეტი დრო და ყურადღება გამოეყო სამეფოს საქმეების შესრულებისა და ამ მიზნით ნაგებობების გაფართოებისათვის. ახლა მას ჰქონდა შედარებით მეტი მოქმედების ასპარეზი — მთელი დასახლებული დედამიწა.
ცხვრების შეკრება
9 ამგვარად, ქრისტეს ერთგულმა და გონიერმა მონამ მორჩილად გააფართოვა თავისი მოღვაწეობა. რა შედეგებით? შეკრებილი იყო ცხებული 144 000-ის უკანასკნელი წევრები. მაშინ იოანეს ხილვა, რომელიც ჩაწერილია გამოცხადების 7:9–17-ში, გახდა ამაღელვებელი, სასიხარულო რეალობა. მონის კლასი ხარობს ამ ხილვის შესრულების განუწყვეტელი გაფართოებით, განსაკუთრებით 1935 წლიდან. ახლა მთელი დედამიწიდან „უამრავი ხალხი“, როგორც მისი თაყვანისმცემლები, მილიონობით იყრის თავს იეჰოვას სულიერი ტაძრის საზღვრებში. იეჰოვას ანგელოზმა იოანეს უთხრა, რომ არავის შეეძლო ამ უამრავი ხალხის დათვლა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც მონის კლასს უნდა მოეყვანა იეჰოვას სულიერ ტაძართან, უსაზღვროა. სანამ გზა ხსნილია, შეკრება გაგრძელდება.
10 ერთგული მონის კლასს აკისრია მუდმივად მზარდი რაოდენობის ‘სხვა ცხვრებზე’ ზრუნვის დიდი პასუხისმგებლობა, ვინაიდან იცის, რომ ეს ცხვრისმაგვარი ადამიანები ყველა ხალხებიდან ბატონისთვის, ანუ იესოსთვის ძვირფასია. ის სინამდვილეში მისი სამწყსოა (იოანე 10:16; საქმე 20:28; 1 პეტრე 5:2–4). ამიტომ მონის კლასი, ბატონისა და ცხვრების მიმართ სიყვარულის გამო, სიამოვნებით ზრუნავს უამრავი ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე.
11 დიახ, სინათლის მატარებლობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მონისთვისაა დაკისრებული, — არის ღმერთის სამეფოს ამ მიწიერ ქვეშევრდომთა შეკრება. ერთგული მონის მზარდი მოღვაწეობის განხილვისას, საგუშაგო კოშკის საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა, ფ. უ. ფრენცმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1992 წლის დეკემბერში, თქვა:
12 „ჩემი სიცოცხლის 99 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების თანახმად, იესო ქრისტე თავის ორგანიზაციას უფრო და უფრო შესანიშნავად იყენებს. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს არა უბრალოდ ადამიანი, არამედ ეს უნდა იყოს უფალი იესო ქრისტე. ვინაიდან ყველაფერი ბევრად უფრო გრანდიოზულად და შესანიშნავად გამოვიდა, ვიდრე ოდესმე ვფიქრობდით. დღეს ჩვენ გვაქვს ორგანიზაცია, რომელიც მთელი დედამიწის ზურგზეა განფენილი. ის მოქმედებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ამ ღირსშესანიშნავ გაფართოებაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პიროვნება — ძე ღმერთისა, რომელიც ხელმძღვანელობს ერთგული და გონიერი მონის კლასს. ის პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ეხება თავისი მოვალეობის შესრულებას, და სწორედ ამით აიხსნება ის დიდი გაფართოება, რომლის მოწმენიც ვართ.
13 საქმეს მხოლოდ ერთი ადამიანი არ განაგებს. ჩვენ გვაქვს თეოკრატიული ორგანიზაცია და ის მოქმედებს ღმერთის მიერ დადგენილი თეოკრატიული წესრიგის მიხედვით. არცერთ ადამიანს, „უოტჩ ტაუერ ბაიბლ ენდ ტრექტ სოსაიეტი“-ს დამფუძნებელსაც კი, არ შეუძლია საკუთარი თავი ჩათვალოს ან სხვების მიერ ჩაითვალოს პასუხისმგებლად იმაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით იქნა მიღწეული. ეს უბრალოდ ჩინებულია“. და ნუთუ ყველა, ვინც მიეკუთვნება უამრავ ხალხს, მთელი გულით არ იზიარებს აწ გარდაცვლილი ძმის, ფრენცის, აზრს? დიახ, ნამდვილად, ერთგული მონის მზარდი მოღვაწეობისთვის ისინი ძალზე მადლიერნი არიან.
სამეფოს ქვეშევრდომები
14 ღმერთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომების შეკრების ეს დიდებული საქმე აღწერილია მათეს სახარების 25-ე თავში, თხებისა და ცხვრების შესახებ იესოს მიერ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითში. წინა იგავში, კერძოდ კი ტალანტების შესახებ იგავში, იესომ თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ ცხებულმა მოწაფეებმა, რომლებიც იმედოვნებენ მასთან ერთად იყვნენ ზეციური მმართველები, უნდა იმუშაონ მისი მიწიერი ქონების გასადიდებლად. ამიტომ სავსებით დროულია, რომ იესო თავის მომდევნო იგავში აღწერს, თუ რა მოეთხოვებათ მისი ზეციური სამეფოს ქვეშევრდომობის მსურველებს.
15 ყურადღება მიაქციე მის სიტყვებს მათეს 25:31–33-დან: „ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. და შეკრებილი იქნება მის წინაშე ყველა ერი, და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს მარცხნივ“.
16 იესო თავისი დიდებით მოვიდა 1914 წელს. იერიშზე გადასვლისას, მან თავის ანგელოზებთან ერთად შეუტია ყველა დემონურ მტრებს და ისინი ციდან განდევნა. იგავნის მომდევნო ნაწილი გვეხმარება გავიგოთ, რომ დიდების ტახტზე იესოს ასვლა ასიმბოლოებს მსაჯულის პოზიციას მისი თანდასწრების დროს. ის, რომ მის წინაშე შეკრებილია ყველა ხალხები, ნიშნავს, რომ იესო მათ მიმართავს, ხატოვნად რომ ვთქვათ, როგორც თავის მომავალ ფარას. ეს ფარა შედგება ცხვრებისა და თხებისაგან. მაშინ როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, თხებისა და ცხვრების დაყოფას ერთ დღეზე ნაკლები სჭირდება, ნების თავისუფლების მქონე ადამიანთა დაყოფის მსოფლიო საქმეს სჭირდება ბევრად უფრო მეტი დრო. ეს იმიტომ, რომ დაყოფა ეფუძნება მათ ინდივიდუალურ მოქმედებას.
17 იგავში მწყემსი-მეფე ცხვრისმაგვარ ადამიანებს აყენებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხისმაგვრებს — მარცხნივ. მარჯვენა მხარეს ყოფნა ნიშნავს სასამართლო განაჩენს სასიკეთო შედეგით. მარცხენა მხარეს ყოფნა არასასიკეთო სასამართლო განაჩენს — სამუდამო განადგურებას. მეფის დადგენილებას ამ საკითხში სერიოზული შედეგები აქვს.
18 არავის შეუძლია მოიბოდიშოს და თქვას, რომ თავისი თანდასწრების, ანუ პა·როუ·სი·ის, დროს მმართველი ძე კაცისა უხილავია. დღეს უფრო და უფრო მეტი ცხვრისმაგვარი პიროვნება უერთდება მთელ მსოფლიოში ღმერთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მქადაგებლი მონის კლასს და ანათებს თავის სინათლეს. ნამდვილად, მათმა დამოწმებამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწია (მათე 24:14).
19 რატომ აჯილდოებს მწყემსი-მეფე კურთხეული მომავლით მათ, ვინც მონის კლასს შეადგენს? სამეფოს საქმის თავდადებული მხარდაჭერისა და იმ სიკეთისთვის, რომელსაც ისინი ავლენენ მისი ცხებული ძმებისადმი, რასაც იესო თავისთვის გაკეთებულად მიიჩნევს. ამიტომ მეფე — ძე კაცისა ეუბნება მათ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების დაარსებიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“ (მათე 25:34; 28:19, 20).
მეფისადმი დახმარება
20 ყურადღება მიაქციე, რომ, როდესაც მეფე იწვევს ამ ცხვრებს ღმერთის სამეფოს მიწიერი სამფლობელოს დასამკვიდრებლად, ისინი გაოცებას გამოხატავენ. ისინი ეკითხებიან მას: ‘უფალო! როდის გავაკეთეთ შენთვის ყოველივე ეს?’ ის პასუხობს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:40). როდესაც იესო თავისი აღდგენის დღეს გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, ის თავისი სულიერი ძმების შესახებ ელაპარაკებოდა, როცა უთხრა: „წადი ჩემს ძმებთან“ (იოანე 20:17). თავისი უხილავი თანდასწრებისას იესოს ჰყავს 144 000 სულიერი ძმებიდან მხოლოდ მცირე დარჩენილი ნაწილი, რომლებიც ჯერ კიდევ ხორციელად არიან დედამიწაზე.
21 რამდენადაც იესო ზეცაშია და უხილავია, ცხვრისმაგვარი ადამიანები სიყვარულით აღსავსე საქმეებს უშუალოდ მის მიმართ არ აკეთებენ. ისინი მის ტახტს რწმენის თვალებით ხედავენ. იესო აფასებს ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც ისინი ავლენენ, რათა დაეხმარონ მის სულიერ ძმებს, რომლებიც მისი ზეციური თანამემკვიდრენი გახდებიან. მისი ძმებისთვის გაკეთებულს, ის თავისთვის გაკეთებულად მიიჩნევს. ცხვრისმაგვარი პირები შეგნებულად უკეთებენ სიკეთეს ქრისტეს ძმებს, ვინაიდან ისინი მათ ასეთნაირებად აღიარებენ. მათ ესმით, რომ იესოს სულიერი ძმები ღმერთის სამეფოს დესპანები არიან და მათ სურთ კონკრეტულად დაამტკიცონ, რომ მათთან ერთად ამ სამეფოს მხარე უჭირავთ.
22 იეჰოვამ გაითვალისწინა, რომ ცხვრისმაგვარი ადამიანების ეს კლასი გამოჩნდებოდა მისი ძის თანდასწრების დროს და მათთვის მოამზადა საუცხოო ჯილდო! უამრავი ხალხი დაიმკვიდრებს აქ, დედამიწაზე, მშვიდობიანი ცხოვრების კურთხევას იეჰოვასგან დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს, ათასწლიანი მმართველობის დროს.
23 როდესაც მხედველობაში ვიღებთ იმ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ეხება ქრისტეს თანდასწრების დროს, მათ შორის იესოს იგავს ცხვრებისა და თხების შესახებ, რას ვხედავთ? შემდეგს: საქმე იმაში კი არ არის, რომ ადამიანი, უცოდინრად, შემთხვევით უკეთებს სიკეთეს მეფის სულიერ ძმათაგან ვინმეს და ასეთნაირად ხდება სამართლიანი მდგომარეობის მქონე ცხვარი ღმერთისა და მის მიერ დანიშნული მეფის წინაშე. ცხვრის კლასის წევრებმა იციან, თუ რას აკეთებენ, თუმცა ისინი პირდაპირი მნიშვნელობით, თვალებით ვერ ხედავენ მმართველ მეფეს. ისინი ისწრაფიან დაეხმარონ მეფის ძმებს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერადაც. როგორ? ღმერთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების მხარდაჭერითა და ბიბლიის შესწავლის ჩატარებით, რითაც ქრისტესთვის ამზადებენ მოწაფეებს. ამგვარად, დღეს ღმერთის სამეფოს სინათლის მატარებელ მქადაგებელთა რიცხვი ოთხ მილიონზე მეტს ითვლის.
გაფართოებული მოღვაწეობა
24 მოდით, იმ კეთილი საქმეების მრავალი მაგალითიდან, რომელსაც ასრულებს ერთგული მონის კლასი მოვიყვანოთ ზოგიერთი. პირველი, მონის კლასი ბატონის მთელ ქონებაზე — დედამიწაზე მისი სამეფოს ინტერესებზე — იქნა დაყენებული, და ეს ქონება მატულობს. მეორე, ეს კლასი სულიერი საკვებით ამარაგებს არა მარტო ცხებულ მსახურებს, არამედ მუდმივად მზარდ უამრავ სხვა ცხვრებსაც. მესამე, მონის კლასი საკუთარ თავზე იღებს სამეფოს სინათლის გავრცელებაზე ხელმძღვანელობას. მეოთხე, მისი მოღვაწეობის უდიდესი გაფართოება შეინიშნება უამრავი სხვა ცხვრების შეკრებითა და იეჰოვას სულიერ ტაძარში მათი მოყვანით. მეხუთე, მონის კლასი ცხვრისმაგვარი პირების თავგამოდებული მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში აფართოებს ნაგებობეს ფილიალებისთვის, და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავარი ბიუროსთვის. ასეთი სიყვარულით აღსავსე სამუშაოს წყალობით დღეს მონის კლასი არის ყველაზე ბედნიერი დედამიწაზე და ასევე ბედნიერს ხდის სხვა მილიონობით ადამიანებსაც. ისინი, ყველანი, მადლიერებას გამოხატავენ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მიმართ, რომლებიც ხელმძღვანელობენ გონიერი მონის გაფართოებულ მოღვაწეობას!
25 დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მონის კლასი მუშაობს ღმერთის მიერ მოცემულ დავალებებზე. „დიდი ჭირის“ დაწყებამდე დარჩენილი დრო, თითქმის ამოიწურა! (მათე 24:21). რამდენად მნიშნელოვანია სასიცოცხლოდ, რომ ის პირები, რომლებიც ღმერთის ცხვრები არიან, დარჩნენ მწყემსი-მეფის კეთილგანწყობის მარჯვენა მხარეს! ამგვარად, დაე, ყველამ გულმოდგინედ გააგრძელოს ერგული და გონიერი მონის კლასის მხარდაჭერა. მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ამას აკეთებენ ძალიან მალე გაიგონებენ სიყვარულით აღსავსე სიტყვებს: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების დაარსებიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“.
შეგიძლია თუ არა უპასუხო?
◻ რა პირველდაწყებითი სასამართლო მოხდა მეფის ტახტზე ასვლის შემდეგ?
◻ ჩვენს დროს, როგორ სრულდება სიტყვები მათეს 24:45–47-დან?
◻ გაფართოებულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაზე გამოხატავენ დიდ მადლიერებას მონის კლასი და უამრავი ხალხი?
◻ როგორ შესრულდა სიტყვები მათეს 25:34–40-დან პა·როუ·სი·ის დროს?
[სასწავლო კითხვები]
1. რა მნიშვნელობით არის ქრისტეს პა·როუ·სი·ა ‘ნოეს დღეების’ მსგავსი?
2. რა განწმენდა მოხდა მალაქიას 3:1–5-ის წინასწარმეტყველების შესრულებით?
3. რატომ იყო აუცილებელი, რომ მომხდარიყო სულიერი განწმენდა?
4, 5. ა) რას მოითხოვს დღეს, მონის კლასის თითოეული წევრისგან, იესოს მიერ დასმული კითხვა? ბ) როგორ უნდა გავიგოთ გამოთქმა „ერთგული და გონიერი მონა“ და გამოთქმა ‘მისი სახლეულნი’? გ) რა დავალება მისცა ქრისტემ მონას?
6. როგორ დაჯილდოვდა მონა იესოს მიერ შემოწმების შედეგად?
7, 8. ა) რა არის ბატონის ‘მთელი ქონება’? ბ) რა მოითხოვება მონისგან, რომ განახორციელოს ამ ქონებაზე ზედამხედველობა?
9. რა იყო მონის მოღვაწეობის გაფართოების შედეგი?
10. სიყვარულით აღსავსე რა მოღვაწეობას ეწევა მონა დღეს?
11-13. რა მართებული აზრი გამოთქვა საგუშაგო კოშკის საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა მონის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
14, 15. ა) რა აჩვენა ნათლად იესომ ტალანტების შესახებ იგავში? (მათე 25:14–30). ბ) რა მოჰყვება ამას, დროულად მათეს 25-ე თავში?
16. რა მნიშვნელობით არიან ხალხები შეკრებილი და როგორ მიმდინარეობს ადამიანების დაყოფა?
17. რატომ არის დღეს, ყველა ადამიანისთვის, სერიოზული სიტუაცია?
18. რატომ არ არის არავისთვის გამამართლებელი მობოდიშება ის, რომ მეფე უხილავია?
19. ცხვრების კლასის რომელი თვისებებია თვალსაჩინოდ ნაჩვენები ცხვრებისა და თხების შესახებ იგავში?
20, 21. როგორ ამტკიცებენ ცხვრები, რომ ისინი სამეფოს მხარეს იჭერენ?
22. როგორ ჯილდოვდება ცხვრების კლასი? (შეადარე გამოცხადება 7:14–17).
23. რა მხრივ ეხმაურებიან შეგნებულად ცხვრები მეფის ძმებს?
24. რომელი სიყვარულით აღსავსე სამუშაოს მეშვეობით გახდა დღეს მონის კლასი დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი?
25. როგორ შეუძლიათ ცხვრებს გააგრძელონ მონის კლასის მხარდაჭერა და რა პერსპექტივით?