ქრისტიანები და საზოგადოება დღეს
„შეგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9).
ადრინდელი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ისინი გამოყოფილები იყვნენ ქვეყნიერებისაგან. ზეციერი მამის, იეჰოვასადმი ლოცვაში ქრისტემ თავისი მოწაფეების შესახებ თქვა: „მე მათ მივეცი შენი სიტყვა და ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან ისინი არიან არაამქვეყნიურნი, როგორც მე ვარ არაამქვეყნიური“ (იოანე 17:14). როცა იესო დაიბარეს პილატე პონტოელთან, მან თქვა: „ჩემი სამეფო არა ამქვეყნიურია“ (იოანე 18:36). ადრინდელი ქრისტიანები რომ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი იყვნენ დასტურდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ამასვე ამტკიცებენ ისტორიკოსებიც.
2 თუ ამბობდა იესო მოგვიანებით, რომ მის მიმდევრებსა და ქვეყნიერებას შორის ურთიერთდამოკიდებულება შეიცვლებოდა და მისი სასუფეველი ქვეყნიერების გაქრისტიანებით მოვიდოდა? არა. ინსპირირებულ ჩანაწერებში, რომელიც გაკეთებულია იესოს მიმდევრების მიერ მისი სიკვდილის შემდეგ, ამის შესახებ გადაკვრითაც კი არაფერია ნახსენები (იაკობი 4:4 [დაწერილია ახალი წელთაღრიცხვით 62 წლამდე ცოტა ადრე]; 1 იოანე 2:15–17; 5:19 [დაწერილია დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვით 98 წელს]). პირიქით, ბიბლია ერთმანეთს უკავშირებს იესოს „თანდასწრებასა“ (აქ), და მის შემდგომ „მოსვლას“ მეფური ძალაუფლებით, „სისტემის აღსასრულს“ (აქ), რომლის კულმინაციური პუნქტი იქნება მისი „დასასრული“, ანუ განადგურება (მათე 24:3, 14, 29, 30; დანიელი 2:44; 7:13, 14). როცა იესო თავისი პა·როუ·სი-ის, ანუ თანდასწრების ნიშანზე ლაპარაკობდა, თავისი ჭეშმარიტი მიმდევრების შესახებ თქვა: „მაშინ გადაგცემენ თქვენ წამებაზე და დაგხოცავენ, და შეგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9).
ჭეშმარიტი ქრისტიანები დღეს
3 რომელმა რელიგიურმა ჯგუფმა მოიპოვა დღეს ამქვეყნიერებისგან გამოყოფილი, ქრისტიანული პრინციპების ერთგულად დამცველთა რეპუტაცია, რომლის მომხრეებიც მოძულებულები და დევნილები არიან? რომელი მსოფლიო ქრისტიანული ორგანიზაცია შეესაბამება ყოველმხრივ ადრინდელი ქრისტიანების შესახებ ისტორიულ აღწერილობებს? „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ (ინგლ.) მათზე ნათქვამია: „ადრინდელი ქრისტიანული საზოგადოება, თუმცა თავდაპირველად იუდეველთა საზოგადოებაში არსებულ კიდევ ერთ სექტად ითვლებოდა, უნიკალური აღმოჩნდა თავისი თეოლოგიური მოძღვრებისა და განსაკუთრებით, საზოგადოების წევრთა გულმოდგინების გამო, რომლებიც ამოწმებდნენ ქრისტეზე „მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე“ (საქმე 1:8) (ტომი 3, გვერდი 694).
4 ყურადღება მიაქციე გამოთქმებს: „კიდევ ერთ სექტად ითვლებოდა“, „უნიკალური. . . მოძღვრებაში“, „გულმოდგინების გამო. . . ამოწმებდნენ“. და შეხედე, იგივე ენციკლოპედია როგორ აღწერს იეჰოვას მოწმეებს: „სექტა. . . მოწმეებისა ღრმად არის დარწმუნებული, რომ ქვეყნიერების აღსასრული უახლოესი წლების განმავლობაში მოხდება. ეს ძლიერი რწმენა უდიდესი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მათი დაუცხრომელი თავგამოდების უკან დგას. . . სექტის თითოეული წევრისთვის ძირითადი მოთხოვნაა დამოწმება იეჰოვას შესახებ, მისი მოახლოებული სასუფევლის გამოცხადებით. . . ისინი ბიბლიას თვლიან თავიანთი რწმენისა და ყოფაქცევის წესების ერთადერთ წყაროდ. . . ნამდვილი მოწმე რომ იყო, ეფექტურად უნდა იქადაგო ამა თუ იმ სახით“ (ტომი 7, გვერდები 864—865).
5 რა მხრივ არის უნიკალური იეჰოვას მოწმეთა მოძღვრება? „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ მოიხსენიებს რამდენიმე პუნქტს: „ისინი [იეჰოვას მოწმეები] გმობენ სამებას, როგორც წარმართულ კერპთაყვანისმცემლობას. . . ისინი იესოს მიიჩნევენ იეჰოვას ყველაზე დიდ მოწმედ, „ღვთაებრივად“ (ასე თარგმნიან ისინი იოანეს 1:1-ს), რომელიც მხოლოდ იეჰოვაზე დაბლა დგას. . . ის, როგორც ადამიანი, მოკვდა და აღდგენილ იქნა უკვდავ სულიერ ძედ. მისი საშინელი ტკივილები და სიკვდილი იყო ის საფასური, რომელიც გადახდილი იქნა იმისათვის, რომ კაცობრიობას კვლავ მოეპოვებინა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების უფლება. ნამდვილად, ჭეშმარიტ მოწმეთა ‘უამრავ ხალხს’ (გამოცხადება 7:9) მიწიერი სამოთხის იმედი აქვს; მხოლოდ 144 000 ერთგულს (გამოცხადება 7:4; 14:1, 4) შეუძლია ჰქონდეს ზეციერი დიდება ქრისტესთან ერთად. ბოროტები სრულიად მოისპობიან. . . მონათვლა, რომელსაც მოწმეები ახორციელებენ წყალში ჩაძირვით. . . — იეჰოვა ღმერთისადმი სამსახურისთვის თავის მიძღვნის გარეგნული სიმბოლოა. . . იეჰოვას მოწმეებმა საზოგადოებრიობის ყურადღება სისხლის გადასხმაზე უარის თქმით მიიპყრეს. . . მათი მორალი ქორწინებისა და სექსის მიმართ ძალიან მკაცრია“. შესაძლოა, ამ მხრივ, იეჰოვას მოწმეები უნიკალურები არიან, მაგრამ მათი პოზიცია ამ საკითხებში მტკიცედ არის დაფუძნებული ბიბლიაზე (ფსალმუნი 36:29; მათე 3:16; 6:10; საქმე 15:28, 29; რომაელთა 6:23; 1 კორინთელთა 6:9, 10; 8:6; გამოცხადება 1:5).
6 ეს კათოლიკური ნაშრომი დასძენს, რომ 1965 წელს (როგორც ჩანს, ამ წელს დაიწერა სტატია) „მოწმეებს ჯერ კიდევ არ მიაჩნდათ, რომ მიეკუთვნებიან საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობენ“. როგორც ჩანს, ავტორს ეგონა, რომ დროთა განმავლობაში, როცა იეჰოვას მოწმეთა რიცხვი უფრო გაიზრდებოდა და შეიძენდა „სექტის საპირისპირო, ეკლესიის სულ უფრო მეტ დამახასიათებელ თვისებას“, ამქვეყნიერების ნაწილი გახდებოდა. მაგრამ ეს არ მომხდარა. დღეს იეჰოვას მოწმეები, რომლებიც 1965 წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი არიან, აგრძელებენ თავიანთი პოზიციის შენარჩუნებას ამქვეყნიერების მიმართ. „ისინი არაამქვეყნიურნი არიან“, როგორც იესო იყო „არაამქვეყნიური“ (იოანე 17:16).
გამოყოფილნი, მაგრამ არა მტრულნი
7 რობერტ მ. გრანტმა, რომელიც მეორე საუკუნეში მცხოვრები აპოლოგეტის, იუსტინე წამებულის, მიერ ადრინდელი ქრისტიანების დასაცავად ნათქვამი სიტყვების ციტირებას ახდენს, თავის წიგნში „ადრინდელი ქრისტიანები და საზოგადოება“ (ინგლ.) დაწერა: „ქრისტიანები რომ რევოლუციონერები ყოფილიყვნენ, ისინი დაიმალებოდნენ, რათა თავიანთი მიზნისთვის მიეღწიათ. . . ისინი იმპერატორის საუკეთესო თანაშემწეები არიან სიმშვიდისა და წესრიგის საქმეში“. დღეს იეჰოვას მოწმეებიც, ასევე, ცნობილები არიან მთელ მსოფლიოში, როგორც მშვიდობისმოყვარე და დისციპლინებული მოქალაქეები. ნებისმიერი ტიპის მთავრობამ იცის, რომ იეჰოვას მოწმეთა მხრიდან არ იქნება არავითარი საშიშროება.
8 მოწინავე სტატიების ერთმა ჩრდილოეთ ამერიკელმა ავტორმა დაწერა: „ფანატიკოსისა და პარანოიკის წარმოდგენა უნდა გქონდეს, რათა დაიჯერო, რომ იეჰოვას მოწმეები რაიმე საშიშროებას წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისთვის; ისინი იმდენად შორს არიან ძირგამომთხრელი საქმიანობისაგან და იმდენად მშვიდობისმოყვარენი არიან, როგორიც კი შეუძლია რელიგიურ ორგანიზაციას“. თავის წიგნში „სამხედრო სამსახურზე უარის თქმა რწმენის გამო“ (ფრანგ.) ჟან-პიერ კატლენი წერს: „მოწმეები სრულიად ემორჩილებიან ხელისუფლებას და, როგორც წესი, კანონთა მორჩილნი არიან, ისინი იხდიან გადასახადებს და არ ცდილობენ მთავრობის საქმიანობის ეჭვის ქვეშ დაყენებას, მათ შეცვლას ან ჩამოგდებას, რადგან ისინი არ ერევიან ამა ქვეყნის საქმეებში“. კატლენი დასძენს, რომ მხოლოდ, თუ სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებს მათ სიცოცხლეზე, რომელიც მათ მთლიანად ღმერთს მიუძღვნეს, მაშინ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ მორჩილებაზე. ამით ისინი ძალიან ჰგვანან ადრინდელ ქრისტიანებს (მარკოზი 12:17; საქმე 5:29).
მმართველი კლასები სწორად ვერ უგებენ მათ
9 რომის იმპერატორთა უმეტესობას მცდარი აზრი ჰქონდა ადრინდელ ქრისტიანებზე და დევნიდა მათ. „დიოგნეს მიმართ წერილში“ (ინგლ.), რომლის შესახებაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ იგი დაიწერა ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში, ნათქვამია: „ქრისტიანები ცხოვრობენ წუთისოფელში, მაგრამ არ არიან წუთისოფლის ნაწილი“. მეორეს მხრივ, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებაზე „ეკლესიის შესახებ დოგმატურ დადგენილებაში“ ნათქვამია, რომ კათოლიკებმა „ღმერთის სასუფეველი ამქვეყნიურ საქმეებში ჩაბმით უნდა ეძიონ“ და „იშრომონ ქვეყნიერების შინაგანი განწმედისთვის“.
10 ისტორიკოსი ე. გ. ჰარდი ამბობს, რომ რომის იმპერატორები ადრინდელ ქრისტიანებს „საზიზღარ ფანატიკოსებად“ თვლიდნენ. ფრანგი ისტორიკოსი ეტიენ ტროკმე ლაპარაკობს „სიძულვილის შესახებ, რომლითაც ეკიდებოდნენ განათლებული ბერძენი და რომაელი თანამდებობის პირები მათ [ქრისტიანებს], რომლებსაც მეტად უცნაურ აღმოსავლურ სექტად მიიჩნევდნენ“. ბითვინიის რომაელ მმართველ პლინიუს მცირესა და იმპერატორ ტრაიანეს შორის მიმოწერა ნათელყოფს, რომ მმართველმა კლასებმა, ძირითადად, არაფერი იცოდნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტი არსის შესახებ. ასევე, დღეს, მსოფლიოს მმართველი კლასები ხშირად არასწორად უგებენ იეჰოვას მოწმეებს და სძულთ კიდეც ისინი. მაგრამ ეს არც აკვირვებს და არც აშინებს მოწმეებს (საქმე 4:13; 1 პეტრე 4:12, 13).
„ყველგან მათ საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ“
11 ადრინდელი ქრისტიანების შესახებ ნათქვამი იყო: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველგან მათ საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ“ (საქმე 28:22, „კეთილი ცნობა“). ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში წარმართი ცელსუსი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ საზოგადოების ნაძირალებს იზიდავდა. ზუსტად ასევე იყო ნათქვამი იეჰოვას მოწმეებზეც, რომ „მათი უმრავლესობა ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანები არიანო“. საეკლესიო ისტორიკოსი ავგუსტუს ნეანდერი იტყობინებოდა, რომ „ქრისტიანები ქვეყნიერებისთვის მკვდარ, ცხოვრების ყოველ საქმეში გამოუსადეგარ ადამიანებად ჰყავდათ წარმოდგენილი. . . და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, თუ რას დაემსგავსებოდა ცხოვრება, ყველა რომ მათნაირი ყოფილიყო?“ რადგან იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ პოლიტიკაში, მათაც ხშირად ადანაშაულებენ, რომ საზოგადოებისთვის უსარგებლონი არიან. მაგრამ, როგორ შეიძლება ისინი იყვნენ პოლიტიკური აქტივისტები და ამავე დროს — კაცობრიობის ერთადერთი იმედის, ღმერთის სასუფევლის მომხრეები? იეჰოვას მოწმეებს გულთან მიაქვთ პავლე მოციქულის სიტყვები: „იტანჯე. . . როგორც კარგმა მეომარმა იესო ქრისტესი. არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრების საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართუფროსს“ (2 ტიმოთე 2:3, 4).
12 თავის წიგნში, „ქრისტიანობის ისტორია“ (ინგლ.), პროფესორი კ. ს. ლატურეტი წერს: „ერთ-ერთი საკითხთაგანი, რის გამოც ქრისტიანები არ ეთანხმებოდნენ ბერძნულ-რომაულ სამყაროს, იყო ომში მონაწილეობა. ქრისტიანთა არცერთი ჩანაწერი, რაც კი პირველი სამი საუკუნის განმავლობაში გაკეთებულა და ჩვენამდეა შემორჩენილი, ქრისტიანების ომში მონაწილეობას არ ამართლებდა“. ედუარდ გიბონის ნაშრომში „რომის იმპერიის დაკნინებისა და დაშლის ისტორია“ (ინგლ.) ნათქვამია: „შეუძლებელი იყო, რომ ქრისტიანს ჯარისკაცის, მსაჯულის ან თავადის მდგომარეობა მიეღო, უფრო წმიდათაწმიდა მოვალეობაზე უარის თქმის გარეშე“. იეჰოვას მოწმეებიც იკავებენ მკაცრი ნეიტრალიტეტის მდგომარეობას და მისდევენ ესაიას 2:2–4-სა და მათეს 26:52-ში გადმოცემულ პრინციპებს.
13 იეჰოვას მოწმეებს მტრები ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი ოჯახებს ანგრევენ. მართლაც, არის შემთხვევები, როცა ოჯახები ინგრევა, თუ ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი იეჰოვას მოწმე ხდება. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს მოხდებოდა (ლუკა 12:51–53). მაგრამ სტატისტიკა ნათელყოფს, რომ ამ მიზეზის გამო დარღვეული ქორწინებები გამონაკლისს წარმოადგენს. მაგალითად, საფრანგეთში, იეჰოვას მოწმეთა შორის ყოველი მესამე ცოლ-ქმრიდან ერთი საქორწინო თანამგზავრი არ არის მოწმე. მაგრამ ამ შერეულ ქორწინებათა შორის გაყრის დონე არ აღემატება ქვეყანაში არსებული გაყრის დონეს. რატომ? პავლე და პეტრე მოციქულები ღმერთის მიერ შთაგონებულ ბრძნულ რჩევას იძლევიან იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ურწმუნოებთან იმყოფებიან ქორწინებაში, და იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მიჰყვნენ ამ სიტყვებს (1 კორინთელთა 7:12–16; 1 პეტრე 3:1–4). თუ შერეული ქორწინება ირღვევა, ჩვეულებრივად, ინიციატივა მომდინარეობს იმ საქორწინო თანამგზავრის მხრიდან, რომელიც არ არის მოწმე. მეორეს მხრივ, ათასობით ქორწინება იყო გადარჩენილი, იმიტომ რომ საქორწინო თანამგზავრები იეჰოვას მოწმეები გახდნენ და თავიანთ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაიწყეს.
ქრისტიანები, და არა სამების დოგმატის მომხრეები
14 თუმცა ეს უცნაურიც კია, მაგრამ ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ადრინდელი ქრისტიანების წინააღმდეგ მოჰყავდათ რომის იმპერიაში, იყო ის, რომ ისინი ათეისტები არიან. დოქტორი ავგუსტუს ნეანდერი წერს: „ღმერთების უარმყოფელები, ათეისტები. . . იყო ქრისტიანთა ჩვეულებრივი სახელი, რომელიც გავრცელებული იყო ხალხებში“. საოცარია, რომ არა უამრავი ღმერთების, არამედ ცოცხალი შემოქმედის თაყვანისმცემელ ქრისტიანებს ათეისტებს უწოდებდნენ წარმართები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ ‘არა ღმერთებს, არამედ ადამიანის ხელით ნაკეთებ, ხესა და ქვას’ (ესაია 37:19).
15 ზუსტად ასევე უცნაურია, რომ დღეს ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი ავტორიტეტული პირი უარყოფს იეჰოვას მოწმეების ქრისტიანობას. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეები უარყოფენ სამებას. ქრისტიანული სამყაროს წინასწარაკვიატებული აზრის თანახმად, „ქრისტიანები არიან ისინი, რომლებიც ქრისტეს ღმერთად აღიარებენ“. ამის საპირისპიროდ, ერთ თანამედროვე ლექსიკონში არსებითი სახელი „ქრისტიანი“ ასე განისაზღვრება: „ადამიანი, რომელსაც სწამს იესო ქრისტე და მისდვეს მის მოძღვრებას“, და „ქრისტიანობა“ — როგორც: „რელიგია, რომელიც დაფუძნებულია იესო ქრისტეს მოძღვრებაზე და იმ რწმენაზე, რომ ის იყო ძე ღვთისა“. რომელი ორგანიზაცია შეესაბამება უფრო მეტად ამ განსაზღვრას?
16 იეჰოვას მოწმეები აღიარებენ თვით იესოს დამოწმებას იმის შესახებ, თუ ვინ არის ის. მან თქვა: „ძე ღმერთისა ვარ“, და არ უთქვამს: „ძე ღმერთი ვარო“ (იოანე 10:36; შეადარე იოანე 20:31). ისინი აღიარებენ პავლე მოციქულის ინსპირირებულ გამონათქვამს ქრისტეს შესახებ: „ის, თუმცა ღმერთის ხატება იყო, მტაცებლობად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას“ (ფილიპელთა 2:6). წიგნში „წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში“ (ინგლ.) ნათქვამია: „იესო ქრისტე არასოდეს ახსენებდა ასეთ ფენომენს [თანასწორობა სამებაში], და სიტყვა „სამება“ არსად ჩანს ახალ აღთქმაში. ეს წარმოდგენა ეკლესიამ მიიღო ჩვენი უფლის სიკვდილიდან მხოლოდ სამასი წლის შემდეგ; ამ შეხედულების წარმოშობა მთლიანად წარმართულია“. იეჰოვას მოწმეები აღიარებენ ბიბლიურ მოძღვრებას ქრისტეზე. ისინი ქრისტიანები არიან, და არა სამების დოგმატის მომხრეები.
არავითარი ეკუმენიზმი
17 სხვა ორი საჩივარი იეჰოვას მოწმეების მიმართ ის არის, რომ ისინი უარს ამბობენ ეკუმენიკურ მოძრაობაში მონაწილეობის მიღებაზე და აკეთებენ იმას, რასაც „აგრესიულად რწმენაზე გადაყვანა“ ეწოდება. ასეთივე ბრალდებები ატყდებოდათ თავს ადრინდელ ქრისტიანებსაც. ქრისტიანული სამყარო, თავისი კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული შედგენილობით, უდავოდ წარმოადგენს ამ ქვეყნიერების ნაწილს. იესოს მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ‘არაამქვეყნიურნი არიან’ (იოანე 17:14). როგორ უნდა გაერთიანებულიყვნენ ისინი ინტერკონფესიონალურ მოძრაობათა მეშვეობით რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც არაქრისტიანულ ყოფაქცევასა და მრწამსს უჭერენ მხარს?
18 ვის შეუძლია სამართლიანად გააკრიტიკოს იეჰოვას მოწმეები რწმენის გამო, რომელიც ისეთივეა, როგორიც ადრინდელ ქრისტიანებს ჰქონდათ, რომ მხოლოდ ისინი იყენებენ პრაქტიკაში ჭეშმარიტ რელიგიას? კათოლიკური ეკლესიაც კი, პირმოთნე მტკიცებით, რომ თანამშრომლობს ეკუმენიკურ მოძრაობებთან, აცხადებს: «ჩვენ გვწამს, რომ ეს ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არსებობას აგრძელებს კათოლიკურ და სამოციქულო ეკლესიებში, რომელსაც უფალმა ქრისტემ მიანდო მისი სარწმუნოებრივი მოძღვრების გავრცელება ყველა ხალხს შორის, როცა მოციქულებს უთხრა: „წადით და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი“» (ვატიკანის საეკლესიო კრება II, „დეკლარაცია რელიგიური თავისუფლების შესახებ“). მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი მრწამსი არასაკმარისია, რათა შთაენერგოთ კათოლიკებს მოწაფეთა მოსამზადებლად სიარულისადმი დაუცხრომელი გულმოდგინება.
19 იეჰოვას მოწმეებს აქვთ ასეთი გულმოდგინება. ისინი აღვსილები არიან გადაწყვეტილებით, გააგრძელონ დამოწმება იმ დრომდე, სანამ ღმერთს სურს, რომ ასე გააკეთონ (მათე 24:14). მათი დამოწმება თავდადებულია და არა — აგრესიული. ისინი იმედოვნებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნება გადარჩენილი (1 ტიმოთე 4:16). ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, ისინი ცდილობენ, რომ ‘ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყვნენ’ (რომაელთა 12:18). თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას, შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.
გამეორება
◻ რა იყო ადრინდელი ქრისტიანების დამახასიათებელი ნიშანი და რა მსგავსებაა მათსა და იეჰოვას მოწმეებს შორის?
◻ რა მხრივ აჩვენებენ იეჰოვას მოწმეები, რომ კარგი მოქალაქეები არიან?
◻ რას ფიქრობდნენ მმართველი კლასები ადრინდელ ქრისტიანებზე და რამით თუ განსხვავდება სიტუაცია დღეს?
◻ რისკენ აღძრავს იეჰოვას მოწმეებს მათი რწმენა, რომ ჭეშმარიტება აქვთ?
[სასწავლო კითხვები]
1. რა უნდა იყოს ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი?
2. ა) დროთა განმავლობაში უნდა შეცვლილიყო თუ არა ურთიერთობა ქრისტეს მიმდევრებსა და ქვეყნიერებას შორის? ბ) უნდა მოსულიყო თუ არა იესოს სასუფეველი ერების რწმენისკენ შემობრუნებით?
3, 4. ა) როგორ აღწერს „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ ადრინდელ ქრისტიანებს? ბ) რომელი ერთნაირი გამოთქმები გამოიყენება იეჰოვას მოწმეებისა და ადრინდელი ქრისტიანების დახასიათების დროს?
5. ა) რა მხრივ არის უნიკალური იეჰოვას მოწმეთა მოძღვრება? ბ) მოიყვანე მაგალითები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ იეჰოვას მოწმეთა რწმენა წმინდა წერილებთანაა შეთანხმებული.
6. რა პოზიცია შეინარჩუნეს იეჰოვას მოწმეებმა? რატომ?
7, 8. ისევე, როგორც ეს იყო ადრინდელი ქრისტიანების შემთხვევაში, რა შეიძლება ითქვას იეჰოვას მოწმეებზე დღეს?
9. რაში მდგომარეობს უდიდესი სხვაობა ადრინდელ ქრისტიანებსა და თანამედროვე კათოლიკებს შორის, ქვეყნიერებისაგან განცალკევებით ყოფნის აუცილებლობასთან დაკავშირებით?
10. ა) რას ფიქრობდნენ ადრინდელ ქრისტიანებზე მმართველი კლასები? ბ) ხშირად, რას ფიქრობენ იეჰოვას მოწმეებზე და როგორია ამაზე მათი რეაქცია?
11. ა) რა იყო ნათქვამი ადრინდელ ქრისტიანებზე და რას ამბობენ იეჰოვას მოწმეებზე? ბ) რატომ არ მონაწილეობენ იეჰოვას მოწმეები პოლიტიკაში?
12. ქვეყნიერებისგან გამოყოფილ იეჰოვას მოწმეებს ამ მხრივ, რომელ მნიშვნელოვან ასპექტში აქვთ მსგავსება ადრინდელ ქრისტიანებთან?
13. რომელი ბრალდება მოჰყავთ იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ, მაგრამ რას აჩვენებს ფაქტები?
14. რომელი ბრალდება მოჰყავდათ ადრინდელი ქრისტიანების წინააღმდეგ და რატომ არის ეს უცნაური?
15, 16. ა) რა თქვა ზოგიერთმა რელიგიურმა მოღვაწემ იეჰოვას მოწმეების შესახებ, მაგრამ რომელი საკითხი წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით? ბ) რა ნათელყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები, უდავოდ, ქრისტიანები არიან?
17. რატომ არ თანამშრომლობენ იეჰოვას მოწმეები ეკუმენიკურ, ანუ ინტერკონფესიონალისტურ მოძრაობებთან?
18. ა) რატომ არ შეიძლება იეჰოვას მოწმეთა გაკრიტიკება მათი მტკიცების გამო, რომ მხოლოდ ისინი იყენებენ პრაქტიკაში ჭეშმარიტ რელიგიას? ბ) რა არ გააჩნიათ რომაელ კათოლიკებს, თუმცა სწამთ, რომ მათ აქვთ ჭეშმარიტი რელიგია?
19. ა) რისი გაკეთების გადაწყვეტილებით არიან აღვსილები იეჰოვას მოწმეები და რა მოტივით? ბ) რა იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?