ქრისტიანული ოჯახი ერთობლივად საქმიანობს
„მე შეგაგონებთ, ძმანო. . . გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორინთელთა 1:10).
არის თუ არა გაერთიანებული შენი ოჯახი? თუ თითოეული საკუთარი გზით დადის? საქმიანობთ თუ არა ერთობლივად? თუ იშვიათად ხართ ერთად? თვითონ სიტყვა „ოჯახი“ ნიშნავს ოჯახის წევრების ერთიანობასa. მაგრამ ყველა ოჯახი როდია გაერთიანებული. აი, რა თქვა ერთმა ინგლისელმა ლექტორმა: „იმის ნაცვლად, რომ ოჯახი იყოს კარგი საზოგადოების საფუძველი. . . ის ყოველგვარი უკმაყოფილების წყაროა“. ასე ხომ არ არის ეს შენს ოჯახშიც? თუ დიახ, უნდა იყოს თუ არა ასე?
2 ოჯახში ერთიანობა ან განხეთქილება, ჩვეულებრივ, ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, იქნება ეს ორივე მშობლის, თუ ერთ-ერთის მხრიდან. ბიბლიურ დროში ოჯახები, რომლებიც გაერთიანებულად ემსახურებოდნენ იეჰოვას, სარგებლობდნენ ღმერთის კურთხევით. ასე იყო ძველ ისრაელში, სადაც იფთახის ქალიშვილმა, სამსონმა და სამუელმა, თითოეულმა თავისებურად ცხადყო, რომ ღვთისმოსავი ოჯახებიდან იყვნენ (მსაჯულნი 11:30–40; 13:2–25; პირველი მეფეთა 1:21–23; 2:18–21). ადრინდელ ქრისტიანულ პერიოდში მცხოვრები ტიმოთე, რამდენიმე მისიონერულ მოგზაურობაში პავლეს ერთგული თანამგზავრი, ებრაულ წერილებში განსწავლული იყო ბებია ლუდიასა და დედის, ევნიკის, მიერ. რამდენად ცნობილი მოწაფე და მისიონერი დადგა ის! (საქმე 16:1, 2; 2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15; აგრეთვე იხილე საქმე 21:8, 9).
რისთვისაა საჭირო ერთობლივი საქმიანობა?
3 რატომაა მნიშვნელოვანი ოჯახის ერთობლივი საქმიანობა? იმიტომ რომ, ამის მეშვეობით იქმნება ურთიერთგაგება და პატივისცემა. ახლახან ჟურნალში, „ოჯახური ურთიერთობები“ (Family Relations) ნათქვამი იყო: «„მტკიცე ოჯახების“ გარკვეული თვისებების აღწერისას შეიქმნა შედარებით ნათელი წარმოდგენა. ამ თვისებებში შედის ერთმანეთის წინაშე მოვალეობის გრძნობა და ურთიერთპატივისცემა, ერთიანობა, კარგი კომუნიკაცია, პრობლემების გადაწყვეტის უნარი და ძლიერი სულიერი მხარე».
4 როცა ოჯახში არის ეს თვისებები, სახლი მეტად აღარ წარმოადგენს ბენზინით გასამართავი ადგილის მსგავს ადგილს, სადაც ბენზინის ჩასასხმელად ჩერდებიან. ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახლი. ეს არის ადგილი, რომელიც იზიდავს ოჯახის ყველა წევრს. ეს არის თავშესაფარი, სადაც არის სითბო, სიყვარული, თანაგრძნობა და გაგება (იგავნი 4:3, 4). ეს არის ბუდე, სადაც ოჯახის წევრები პოულობენ ერთიანობას და არა მორიელის სორო, სადაც უთანხმოება და განხეთქილებაა. მაგრამ, როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
ერთობლივი ოჯახური შესწავლა
5 იეჰოვასადმი ჭეშმარიტ თაყვანისცემას ვსწავლობთ ჩვენი მსჯელობის უნარის, ანუ ‘გონივრული მსახურების’ გამოყენების საშუალებით (რომაელთა 12:1). სხვების მსგავსად, ჩვენს მოქმედებას არ უნდა მართავდეს წუთიერი გრძნობები, რომელიც გამოწვეულია სამღვდელოების ორატორული ქადაგებითა და გაქნილი სატელევიზიო გამოსვლებით. პირიქით, ჩვენი აღმძვრელია რეგულარული შესწავლა და ფიქრი ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურაზე, რომელსაც გვაწვდის „ერთგული და გონიერი მონა“ (მათე 24:45). ნებისმიერი მდგომარეობის ან ცდუნების დროს, რომელიც შეიძლება წამოიჭრას, ჩვენი ქრისტიანული მოქმედება არის ქრისტეს აზროვნების შეთვისების შედეგი. ამ მხრივ, ჩვენი უდიდესი მასწავლებელი არის იეჰოვა (ფსალმუნი 24:9; ესაია 54:13; 1 კორინთელთა 2:16).
6 ბიბლიის ოჯახური შესწავლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი ქრისტიანული ოჯახის სულიერობაში. როდის ატარებთ ბიბლიის ოჯახურ შესწავლას? თუ ის დამოკიდებულია შემთხვევითობაზე ან გადაწყვეტილებას უკანასკნელ მომენტში ღებულობთ, მაშინ სავარაუდოა, რომ უკეთეს შემთხვევაში, ის იშვიათად ჩატარდება. ერთობლივი ოჯახური შესწავლა მოითხოვს სისტემატურობასა და დაგეგმვას. მაშინ ყველამ იცის რომელ დღეს და რა დროს უნდა დაესწროს ოჯახურ წრეში შეხვედრას და დატკბეს სულიერად. ბეთელის მსოფლიო ოჯახის 12 000-ზე მეტმა წევრმა იცის, რომ მათი ოჯახური შესწავლა არის ორშაბათ საღამოს. რამდენად აღმაფრთოვანებელია ბეთელში მომსახურე მოხალისეებისთვის იმის ცოდნა, რომ ისინი მონაწილეობას ღებულობენ მსგავს შესწავლაში დღის დასასრულამდე: წყნარი ოკეანის კუნძულებსა და ახალ ზელანდიაში, შემდეგ ავსტრალიაში, იაპონიაში, ტაივანსა და ჰონგ-კონგში, ასევე აზიაში, აფრიკასა და ევროპაში და ბოლოს ამერიკის კონტინენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ აშორებთ ათასობით კილომეტრი და ენობრივი ბარიერი, ეს შესწავლა ბეთელის ოჯახის წევრებში იწვევს ერთიანობის გრძნობას. ოჯახური შესწავლის საშუალებით მცირე მასშტაბით შენც შეგიძლია განავითარო მსგავსი გრძნობა (1 პეტრე 2:17; 5:9).
7 მოციქული პეტრე გვირჩევს: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა მით გაიზარდოთ გადასარჩენად, თუ იგემეთ, რომ კეთილია უფალი“ (1 პეტრე 2:2, 3). რა შესანიშნავ წარმოდგენას აღძრავს პეტრე ამ სიტყვებით! მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა „ე·პი·პო·თე΄სა·ტე“, რომელიც წიგნის, „ბერძნული ახალი აღთქმის ლინგვისტური გასაღების“ (Linguistic Key to the Greek New Testament) თანახმად, წარმოიშვა სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „ძლიერ წყურვილს, წადილს, სურვილს“. ის ნიშნავს გაძლიერებულ სურვილს. არ შეგინიშნავს, როგორ მგზნებარედ ეძებს ცხოველის ნაშიერი დედის ძუძუს ან რამდენად კმაყოფილია ჩვილი, რომელიც დედის რძით იკვებება? ჭეშმარიტების სიტყვებისადმი ჩვენც მსგავსი სწრაფვა უნდა გვქონდეს. ბერძნული ენის მცოდნემ, უილიამ ბარკლეიმ, თქვა: „გულწრფელი ქრისტიანისთვის ღმერთის სიტყვის სწავლა მუშაობა კი არა, სიამოვნებაა, ვინაიდან მან იცის, რომ მისი გული ჰპოვებს საზრდოს, რომელიც მას სწყურია“.
8 ოჯახურ შესწავლაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოჯახის თავს. მან უნდა იზრუნოს, რომ შესწავლა ყველასთვის საინტერესო იყოს და ყველას შეეძლოს მონაწილეობის მიღება. ბავშვები არ უნდა გრძნობდნენ, რომ შესწავლა, სინამდვილეში, მხოლოდ უფროსებისთვისაა. შესწავლის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გავლილი მასალის რაოდენობა. თვალნათლივი გახადე ბიბლია. როცა საჭიროა, დაეხმარე შენს შვილებს წარმოიდგინონ პალესტინის ადგილები და თავისებურებები, სადაც ხდებოდა განხილული მოვლენები. ყველა უნდა იყოს აღძრული, ჩაატაროს პირადი გამოკვლევა და მიღებული ცოდნა გაუზიაროს ოჯახს. ასეთნაირად ბავშვებიც ‘გაიზრდებიან უფალთან’ (პირველი მეფეთა 2:20, 21).
ერთობლივად ქადაგება
9 იესომ თქვა: „პირველად სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარკოზი 13:10). ეს სიტყვები თითოეულ კეთილსინდისიერ ქრისტიანს ავალდებულებს — იქადაგოს — გაუზიაროს სხვებს კეთილი ცნობა ღმერთის სამეფოს მმართველობის შესახებ. ამის ერთად გაკეთება ოჯახისთვის გამამხნევებელი და სიხარულის მომტანი იქნება. დედ-მამა ამაყობს იმით, რომ მათი შვილები ქადაგებენ კეთილ ცნობას. ერთ წყვილს, რომელსაც ჰყავდა სამი ვაჟი, 15-დან 21 წლამდე, ჩვევად ჰქონდა სამქადაგებლო მსახურებაში ყოველთვის თან წაჰყოლოდა თავიანთ შვილებს ყოველ ოთხშაბათს სკოლის შემდეგ და შაბათ დილით. მამა ამბობდა: „ჩვენ მათ ყოველთვის რაღაცას ვასწავლით. და ვცდილობთ, რომ ეს იყოს სიხარულის მომგვრელი და გამამხნევებელი“.
10 ოჯახის ერთობლივი მონაწილეობა ქადაგებასა და სწავლებაში, შეიძლება ძალიან ნაყოფიერი იყოს. ადამიანები ზოგჯერ უკეთესად ეხმაურებიან ბავშვის უბრალო და გულწრფელ ქადაგებას. შემდეგ, თუ საჭიროა, ეხმარება დედა ან მამა. მშობლებს შეუძლიათ შეეცადონ, რომ მათმა შვილებმა მიიღონ პროგრესული სწავლება და ასეთნაირად გახდნენ ‘შეურცხვენელნი და ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემნი’. ასეთი ერთობლივი ქადაგება მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდნენ შვილების აზროვნებას, ეფექტურობასა და კარგ მანერებს მსახურებაში. როცა ამას რეგულარულად აკეთებენ, ისინი ხედავენ თავიანთი შვილების პროგრესს და რწმენის განმტკიცების მიზნით, თანმიმდევრულად წვრთნიან და ამხნევებენ მათ. ამავე დროს ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები მსახურების კარგ მაგალითს იძლევიან. ამ კრიტიკულ და ძალმომრეობით აღსავსე დროს გაერთიანებულ და ერთმანეთზე მზრუნველ ოჯახს შეუძლია ხელი შეუწყოს საშიშროების არიდებას იმ რაიონებშიც კი, სადაც მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა (2 ტიმოთე 2:15; ფილიპელთა 3:16).
11 ბავშვები ადვილად ამჩნევენ უფროსების გაორებულ ნორმებს. თუ მშობლები არ ავლენენ სიყვარულს ჭეშმარიტებისა და კარდაკარ მსახურებისადმი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათი შვილები გულმოდგინეები იყვნენ. ამგვარად, მშობლებს, რომლებიც ჯანმრთელები არიან, მაგრამ სამქადაგებლო მსახურებაში მათი მონაწილეობა მხოლოდ კვირაში ერთხელ შვილებთან ბიბლიის შესწავლით ამოიწურება, როცა ბავშვები წამოიზრდებიან, ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეთ (იგავნი 22:6; ეფესელთა 6:4).
12 უპირატესობა, ‘ვიყოთ გონებით გაერთიანებული’, არის ის, რომ ოჯახმა ითანამშრომლოს ისე, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ოჯახის ერთმა წევრმა მაინც შეძლოს კრებაში საერთო პიონერად მსახურება. მთელ მსოფლიოში ბევრი ოჯახი აკეთებს ამას და ამ პიონერის გამოცდილებიდან და მისი ეფექტურობის ზრდიდან ყველა ღებულობს კურთხევას (2 კორინთელთა 13:11; ფილიპელთა 2:1–4).
პრობლემების ერთობლივად გადაჭრა
13 თითოეული ჩვენგანი განვიცდით ამ ‘სტრესებითა’ და ‘საშიშროებებით’ აღსავსე ძნელბედობის ჟამის ზემოქმედებას (2 ტიმოთე 3:1, „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი; ფილიპსი“ (Revised Standart Version; Phillips). პრობლემებს ვაწყდებით სამუშაოზე, სკოლაში, ქუჩაში და თვით სახლშიც კი. ზოგიერთს ტანჯავს ცუდი ჯანმრთელობა ან ხანგრძლივი ემოციური პრობლემა, რის გამოც ზოგჯერ ოჯახში იქმნება დაძაბული მდგომარეობა და ადგილი აქვს გაუგებრობას. როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობასთან გამკლავება? იმით, რომ თითოეული ჩაიკეტოს თავის თავში? განმარტოვდეს მაშინაც კი, თუ ერთ სახლში ცხოვრობენ? არა. პირიქით, საჭიროა ერთმანეთს გავუზიაროთ მწუხარება და ვთხოვოთ დახმარება. და სად არის ამისთვის უკეთესი ადგილი, თუ არა მოსიყვარულე ოჯახურ წრეში? (1 კორინთელთა 16:14; 1 პეტრე 4:8).
14 როგორც ყველა ექიმისთვის ცნობილია, პროფილაქტიკა სჯობია მკურნალობას. იგივე შეიძლება ითქვას ოჯახურ პრობლემებზეც. ხშირად, გულწრფელ და გულღია საუბარს შეუძლია პრობლემის გართულების თავიდან აცილება. მაშინაც კი, როცა წამოიჭრება სერიოზული პრობლემა, მისი გადაჭრა შეიძლება, თუ ოჯახი ერთობლივად განიხილავს ამ საკითხთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპებს. ხშირად, უთანხმოება შეიძლება შეიცვალოს მშვიდობიანი ურთიერთობით, თუ გამოვიყენებთ პავლეს სიტყვებს კოლასელთა 3:12-დან 14-ის ჩათვლით: „შეიმოსეთ მოწყალებით, სახიერებით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობით. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვისმეს. . . [შეიმოსეთ] სიყვარულით, რომელიც სრულქმნილობის ერთობლიობაა“.
ერთობლივად დასვენება
15 იეჰოვა არის ბედნიერი ღმერთი და ჭეშმარიტება კი ბედნიერების მომტანი ცნობა — კაცობრიობისთვის ერთადერთი იმედი. უფრო მეტიც, სულის ერთ-ერთი ნაყოფი არის სიხარული. ეს სიხარული ბევრად განსხვავდება ათლეტის წუთიერი ზეიმისგან, რომელმაც სპორტის გარკვეულ სახეობაში გამარჯვება მოიპოვა. ეს არის ღრმა, უწყვეტი კმაყოფილების გრძნობა, რომელიც გულიდან მომდინარეობს, როგორც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შედეგი. ეს არის სიხარული, რომელიც დაფუძნებულია სულიერ ფასეულობებსა და აღმშენებელ ურთიერთობებზე (გალატელთა 5:22; 1 ტიმოთე 1:11).
16 ამიტომ, როგორც იეჰოვას ქრისტიან მოწმეებს, არა გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დაღვრემილები ან უკმაყოფილოები. ზოგიერთი რელიგიის მიმდევრები ასეთები არიან, ვინაიდან მათი რელიგია უარყოფით ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას. მათი სწავლება დაფუძნებულია პირქუშ, სიხარულს მოკლებულ თაყვანისმცემლობაზე, რომელიც ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული და რომელიც არ არის გაწონასწორებული. ამ რელიგიებში ღმერთისადმი მსახურება არ ხდის ოჯახებს ბედნიერს. იესო ხედავდა დასვენებისა და გართობის საჭიროებას. მაგალითად, ერთხელ მან თავის მოწაფეებს შესთავაზა ‘მარტო წასულიყვნენ უდაბურ ადგილას და ცოტაოდენი დაესვენათ’ (მარკოზი 6:30–32; ფსალმუნი 125:1–3; იერემია 30:18, 19).
17 ამის მსგავსად, ოჯახებს დასვენებისთვის სჭირდებათ დრო. ერთმა მშობელმა თავისი შვილების შესახებ თქვა: «ჩვენ მრავალ თავშესაქცევ რამეს ვაკეთებთ ერთად — მივდივართ პლაჟზე, პარკში ვთამაშობთ ბურთს, ვაწყობთ მთებში პიკნიკს. დროგამოშვებით მსახურებაში ერთად ვატარებთ „პიონერულ დღეს“; შემდეგ, დღეს ვაგვირგვინებთ გემრიელი სადილით, და ზოგჯერ საჩუქრებსაც ვჩუქნით ერთმანეთს».
18 სხვა რჩევები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, არის: ოჯახური ექსკურსია ზოოპარკში, კულტურისა და დასვენების პარკში, მუზეუმსა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში. ასევე სიამოვნების მოტანა შეუძლია ტყეში სეირნობას, ჩიტებზე დაკვირვებას და ბაღში მუშაობას. მშობლებს, ასევე, შეუძლიათ, წაახალისონ შვილები, ისწავლონ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ან დაკავებული იყვნენ რაიმე სასარგებლო ჰობით. რასაკვირველია, მშობლები, რომლებიც ზომიერებას ავლენენ, ეთამაშებიან თავიანთ შვილებს. თუ ოჯახის წევრები ერთად თამაშობენ, მაშინ ისინი უფრო ცდილობენ, ერთად დარჩნენ.
19 ახალგაზრდების თანამედროვე ტენდენციაა ოჯახისგან განცალკევებისა და საკუთარი შეხედულებისამებრ დასვენების სურვილი. თუმცა ზიანის მომტანი არ არის, რომ ახალგაზრდას აქვს ჰობი ან რამე საყვარელი გასართობი, მაგრამ არაგონივრული იქნებოდა ასეთი ინტერესები ოჯახური გართობებისგან განცალკევების მიზეზი გამხდარიყო. პირიქით, ჩვენ გვსურს მივყვეთ პრინციპს, რომელიც პავლემ გადმოგვცა: „თითოეულმა მარტო თავის თავზე კი არ იზრუნოს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4).
20 რამდენად სასიხარულოა თითოეული ჩვენგანისთვის იმის დანახვა, რომ კონგრესებზე ოჯახები ერთად სხედან! ასეთნაირად უფროს ბავშვებს შეუძლიათ დაეხმარონ უმცროსებს. ასეთი გადაწყვეტილება, ასევე, ხელს უშლის ზოგიერთი ახალგაზრდის უკანა რიგებში ჯგუფებად დასხდომისა და კონგრესის პროგრამის უყურადღებოდ მოსმენის ტენდენციას. შეიძლება სიხარულის მომტანი იყოს კონგრესებზე გამგზავრებაც, როცა ოჯახი მოითათბირებს, თუ რა მარშრუტით წავიდნენ, გზად რომელ ღირსშესანიშნავ ადგილებში გაიარონ და სად დარჩნენ. წარმოიდგინე, იესოს დღეებში, ალბათ, რა ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო იერუსალიმისკენ ოჯახების ერთობლივად გამგზავრება! (ლუკა 2:41, 42).
ერთიანობის კურთხევა
21 წარმატებული ქორწინებისა და ოჯახის ერთიანობის მიღწევა ადვილი არასდროს ყოფილა და ის შემთხვევით არ ჩნდება. ზოგიერთს ეჩვენება, რომ უფრო ადვილია „სანაგვეზე მოისროლოს“, დაანგრიოს ოჯახი და ყველაფერი ხელახლა დაიწყოს. მაგრამ იგივე პრობლემები, ხშირად, თავს იჩენს მეორე ან მესამე ქორწინებაშიც. რამდენად უკეთესია ქრისტიანული ნორმა: სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ ბიბლიური პრინციპების გამოყენებით, ისწრაფე წარმატებისკენ. ოჯახის ერთიანობა დამოკიდებულია ურთიერთდათმობასა და უანგარობაზე. ქორწინების საკითხში ერთმა კონსულტანტმა ჩამოაყალიბა ქორწინების გახანგრძლივების მარტივი ფორმულა. ის წერდა: „ოთხი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც, თითქმის, ყველა კარგ ქორწინებაში შეიმჩნევა, არის: მოსმენისთვის მზადყოფნა, მობოდიშების უნარი, ემოციური მხარდაჭერის გაწევის უნარი და ნაზად შეხების სურვილი“. ამ ფაქტორებმა ნამდვილად შეიძლება ხელი შეუწყოს ქორწინების გახანგრძლივებას, ვინაიდან ისინიც ბიბლიის ჯანსაღ პრინციპებზეა დაფუძნებული (1 კორინთელთა 13:1–8; ეფესელთა 5:33; იაკობი 1:19).
22 თუ მივყვებით ბიბლიის რჩევას, ოჯახის ერთიანობისთვის მტკიცე საფუძველი გვექნება, ხოლო გაერთიანებული ოჯახი კი კრების ერთიანობისა და ძლიერი სულიერების საძირკველია. ამგვარად, ჩვენ უხვად მივიღებთ იეჰოვას კურთხევას, თუ მას გაერთიანებულად შევასხამთ უფრო მეტ ქება-დიდებას.
[სქოლიოები]
a ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (VI ტომი; 1960 წლის გამოცემა) თანახმად სიტყვა „ოჯახ-ი“ წარმოიშვა თურქული სიტყვიდან „ოჯაკ“, რაც ნიშნავს „კერას“, „სახლს“, „სახლეულს“.
გახსოვს თუ არა?
◻ რატომ არის სასარგებლო ოჯახისთვის ერთობლივი საქმიანობა?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის რეგულარული ოჯახური შესწავლა?
◻ რატომ არის მშობლებისთვის კარგი, შვილებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში?
◻ რატომ არის სასარგებლო პრობლემის განხილვა ოჯახურ წრეში?
◻ რატომ არ უნდა იყვნენ ქრისტიანული ოჯახები დანაღვლიანებული და უკმაყოფილოები?
[სასწავლო კითხვები]
1. რა შეიძლება ითქვას მრავალი ოჯახის ერთიანობის შესახებ?
2. რომელმა ბიბლიურმა პიროვნებებმა ცხადყვეს, რომ კარგი ოჯახებიდან იყვნენ?
3, 4. ა) რა თვისებები უნდა ვლინდებოდეს გაერთიანებულ ოჯახში? ბ) როგორ შეიძლება სახლი უფრო მეტი რამ იყოს, ვიდრე მხოლოდ ბინა?
5. რას ვიყენებთ იმისათვის, რომ თანდათანობით ვისწავლოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?
6. მსოფლიო ოჯახური შესწავლის რომელი მაგალითი გვაქვს?
7. პეტრეს რჩევის თანახმად, როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ჭეშმარიტების სიტყვების მიმართ?
8. რა გამოწვევის პირისპირ დგას ოჯახის უფროსი ოჯახური შესწავლის დროს?
9. როგორ შეიძლება სამქადაგებლო საქმიანობის გადაქცევა ბედნიერ ოჯახურ მოვლენად?
10. როგორ შეიძლება მშობლები დაეხმარონ შვილებს მსახურებაში?
11. რას შეუძლია ადვილად შეამციროს ჭეშმარიტებისადმი ბავშვების სწრაფვა?
12. როგორ შეუძლია ზოგიერთ ოჯახს მიიღოს იეჰოვასგან განსაკუთრებული კურთხევა?
13, 14. ა) რა სიტუაციებს შეუძლია გავლენის მოხდენა ოჯახის ჰარმონიაზე? ბ) როგორ შეიძლება მრავალი ოჯახური პრობლემის აცილება?
15, 16. ა) რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ქრისტიანულ ოჯახს? ბ) რა ტიპის ადამიანები არიან ზოგიერთი რელიგიის მიმდევრები და რატომ?
17, 18. რომელი სათანადო გზით შეუძლიათ ქრისტიანულ ოჯახებს დასვენება?
19. ახალგაზრდების რომელ თანამედროვე მიდრეკილებას შეუძლია ავნოს ოჯახს?
20. როგორ შეიძლება კონგრესები იყოს სიხარულის მომტანი?
21. ა) როგორ შეგვიძლია ვისწრაფოთ ქორწინებაში წარმატებისკენ? ბ) რა არის ოთხი კარგი რჩევა ქორწინების გასახანგრძლივებლად?
22. რა არის გარკვეული სარგებელი, რომელიც მოაქვს ოჯახის ერთიანობას?