დანიელის წინასწარმეტყველური დღეები და ჩვენი რწმენა
„ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ [ათას სამას ოცდათხუთმეტ, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] დღეს!“ (დანიელი 12:12).
ყველას სურს, რომ იყოს ბედნიერი. მიუხედავად ამისა, დღეს ცოტა თუა ბედნიერი. რატომ? ნაწილობრივ იმიტომ, რომ უმრავლესობა მას არასწორი კუთხით უყურებს. ბედნიერებას ეძებენ ისეთ რამეებში, როგორიცაა: განათლება, სიმდიდრე ან ძალაუფლებისკენ სწრაფვა. მაგრამ იესომ მთაზე ქადაგებისას შესავალში ბედნიერად მოიხსენია ის პირები, რომლებსაც შეგნებული აქვთ სულიერი მოთხოვნილებები, გულმოწყალეობა, გულის სიწმინდე და სხვა მსგავსი თვისებები (მათე 5:3–10). ბედნიერება, რომლის შესახებაც იესო ლაპარაკობდა, არის ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება.
2 ამ ბოლო დროს ცხებულთა დარჩენილი ნაწილისთვის ბედნიერება კიდევ რაღაცასთანაა დაკავშირებული. დანიელის წიგნში ვკითხულობთ: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ [ათას სამას ოცდათხუთმეტ, ძვო] დღეს! (დანიელი 12:9, 12). დროის რა მონაკვეთს მოიცავს ეს 1 335 დღე? რატომ არიან იმ დროის ბოლოს მცხოვრები ადამიანები ბედნიერები? აქვს რამე მნიშვნელობა მას დღეს ჩვენი რწმენისთვის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება უკან, იმ დროში, გადახედვა, როცა დანიელი წერდა ამ სიტყვებს, ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ, სპარსეთში კიროსის მეფობის მესამე წელს (დანიელი 10:1).
აღდგენას მოაქვს ბედნიერება
3 იუდევლებისთვის ბაბილონიდან გათავისუფლება ნამდვილი ზეიმის მიზეზი იყო. მას შემდეგ, რაც იუდეველთა გადასახლებამ გასტანა დაახლოებით 70 წელი, კიროს დიდმა შესთავაზა მათ, დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის აღსადგენად (პირველი ეზრა 1:1, 2). ის პირები, რომლებიც გამოეხმაურნენ ამას, აღფრთოვანებულები გაუდგნენ გზას და ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს ჩავიდნენ სამშობლოში, მაგრამ კიროსს არ შეუთავაზებია მათთვის დავით მეფის შთამომავლის მმართველობით სამეფოს აღდგენა.
4 ეს მრავლისმეტყველი იყო. დაახლოებით ხუთი საუკუნის წინ იეჰოვა შეჰპირდა დავითს: „მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ“ (მეორე მეფეთა 7:16). სამწუხაროდ, დავითის სამეფო შთამომავლობიდან უმრავლესობა მოჯანყე აღმოჩნდა და ერი იმდენად გახდა დამნაშავე სისხლისღვრაში, რომ ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს იეჰოვამ დაუშვა დავითის მონარქიის დამხობა. იერუსალიმს უცხოელები მართავდნენ ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს მის მეორე განადგურებამდე, თუ არ ჩავთვლით მაკაბელთა ხანმოკლე მმართველობას. ამგვარად, ძველი წელთაღრიცხვით 537 წელი იყო „წარმართთა ჟამი“, რომლის განმავლობაშიც დავითის დინასტიიდან არავინ იყო მმართველი, როგორც მეფე (ლუკა 21:24).
5 მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ დავიწყებია დავითისადმი თავისი აღთქმა. რიგი ხილვებითა და სიზმრებით, მან წინასწარმეტყველი დანიელის მეშვეობით დაწვრილებით გადმოსცა მომავალი მსოფლიო მოვლენები, რომლებიც მოხდებოდა საუკუნეების მანძილზე, ბაბილონის მსოფლიო ბატონობიდან დაწყებული, იეჰოვას ხალხის სამეფოს მმართველად კვლავ დავითის სამეფო ხაზიდან მეფის მოსვლამდე. ეს წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩაწერილია დანიელის მე-2, მე-7, მე-8 და მე-10—მე-12 თავებში, ერთგულ იუდეველებს არწმუნებდა, რომ საბოლოოდ, დავითის სამეფო ტახტი ნამდვილად ‘მყარი იქნებოდა სამარადისოდ’. რასაკვირველია, ამ გამოცხადების ჭეშმარიტებამ ბედნიერება მოუტანა ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს.
6 ბიბლიის კომენტატორთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ დანიელის წინასწარმეტყველებები თითქმის მთლიანად შესრულდა იესო ქრისტეს დაბადებამდე. მაგრამ ნათელია, რომ ეს ასე არ არის. დანიელის 12:4-ში ანგელოზი ეუბნება დანიელს: „საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა“. თუ დანიელის წიგნზე ბეჭედი უნდა მოხსნილიყო, ანუ მთლიანად უნდა გაცხადებულიყო მისი მნიშვნელობა მხოლოდ უკანასკნელ ჟამს, რასაკვირველია, სულ მცირე, ზოგიერთი მათგანი მაინც უნდა შესრულებულიყო ამ პერიოდისთვის (იხილე დანიელი 2:28; 8:17; 10:14).
7 ათას ცხრაას თოთხმეტ წელს დასრულდა წარმართთა დრო და ამქვეყნიერებისთვის დაიწყო ბოლო დრო. დავითის სამეფო აღდგენილი იყო არა მიწიერ იერუსალიმში, არამედ უხილავად ‘ცის ღრუბლებში’ (დანიელი 7:13, 14). იმ დროისთვის ჭეშმარიტი ქრისტიანების მდგომარეობა არ იყო ნათელი, სულ მცირე, ადამიანებისთვის მაინც, ვინაიდან ცრუ ქრისტიანების ‘ღვარძლი’ აყვავების ხანაში იყო. მიუხედავად ამისა, საჭირო იყო პასუხის გაცემა მნიშვნელოვან კითხვაზე: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა“ ? (მათე 13:24–30; 24:45). ვინ წარმოადგენდა დედამიწაზე აღდგენილ დავითის სამეფოს? ისინი არ იყვნენ დანიელის ხორციელი ძმები, იუდეველები. ისინი დაიწუნეს, ვინაიდან დაკარგეს რწმენა და შებრკოლდნენ მესიაზე (რომაელთა 9:31–33). არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ერთგული მონის პოვნა ქრისტიანული სამყაროს ორგანიზაციებს შორის! მათი ბოროტი საქმეები ადასტურებდა, რომ იესო არ იცნობდა მათ (მათე 7:21–23). მაშინ, ვინ იყო ის?
8 ეჭვგარეშეა, ეს იყო იესო ქრისტეს ცხებული ძმების მცირე ჯგუფი, რომელიც 1914 წელს ცნობილი იყო, როგორც ბიბლიის მკვლევარები, ხოლო 1931 წლიდან — როგორც იეჰოვას მოწმეები (ესაია 43:10). მხოლოდ ისინი აუწყებდნენ დავითის სამეფო ხაზიდან აღდგენილი სამეფოს შესახებ (მათე 24:14). მხოლოდ ისინი დარჩნენ ქვეყნიერებისგან გამოყოფილები და ღმერთის სახელის განმადიდებლები (იოანე 17:6, 14). და მხოლოდ მათზე შესრულდა უკანასკნელ დღეებში ღმერთის ხალხის შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ამ წინასწარმეტყველებათა რიცხვში შედის მთელი რიგი წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩამოთვლილია დანიელის მე-12 თავში და რომელშიც შედის 1 335 დღე, რომელიც ბედნიერებას მოიტანდა.
1 260 დღე
9 დანიელის 12:7-ში ვკითხულობთ პირველი წინასწარმეტყველური პერიოდის შესახებ: „წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო“a. იგივე პერიოდი მოხსენიებულია გამოცხადების 11:3–6-ში, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთის მოწმეები ძაძებით შემოსილნი იქადაგებდნენ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში და შემდეგ მათ მოკლავდნენ. ისევ, დანიელის 7:25-ში ვკითხულობთ: „უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის [ის, აქ] და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო, — ორი დრო და ნახევარი დრო [დრო, დროები და ნახევარი დრო, აქ] “.
10 ამ უკანასკნელ წინასწარმეტყველებაში „ის“ არის მეხუთე მსოფლიო მპყრობელი, თუ ავითვლით ბაბილონიდან. ეს არის „ერთი მომცრო რქა“, რომლის მეფობის დროსაც კაცის ძე ღებულობს ‘ხელმწიფობას, დიდებასა და მეფობას’ (დანიელი 7:8, 14). ეს სიმბოლური რქა, თავიდან ბრიტანეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის დროს გადაიქცა ორი ქვეყნისგან შემდგარ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელად, რომელშიც ახლა შეერთებული შტატები დომინირებს. სამ-ნახევარი დროისთვის, ანუ წლისთვის, ეს მპყრობელი დატანჯავდა წმიდებს და ეცდებოდა დროისა და კანონის შეცვლას. საბოლოოდ, წმიდები მათ ხელში უნდა ჩავარდნილიყვნენ (იხილე გამოცხადება 13:5, 7).
11 როდის შესრულდა ყველა ეს პარალელური წინასწარმეტყველებები? პირველ მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე, ქრისტეს ცხებულმა ძმებმა საჯაროდ გამოაცხადეს, რომ 1914 წელი უნდა ყოფილიყო წარმართთა დროის დასასრული. როცა ომი დაიწყო, აშკარა გახდა, რომ გაფრთხილება იგნორირებული იყო. სატანამ გამოიყენა თავისი „მხეცი“, მსოფლიო პოლიტიკური ორგანიზაცია, იმ დროს გაბატონებული ბრიტანეთის იმპერია, რომელიც ცდილობდა „დროთა და რჯულის შეცვლას“, იმისათვის რომ გადაეწია დრო, როცა ღმერთის სამეფო იქნებოდა მმართველი (გამოცხადება 13:1, 2). მაგრამ მან მარცხი განიცადა. ღმერთის სამეფო დამყარდა ზეცაში, ადამიანისთვის მიუწვდენელ არეში (გამოცხადება 12:1–3).
12 ბიბლიის მკვლევარებისთვის ომი ნიშნავდა გამოცდის პერიოდს. 1914 წლის იანვრიდან მათ დაიწყეს „შემოქმედების ფოტო-დრამის“, ბიბლიური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც ყურადღებას მიაპყრობდა დანიელის წინასწარმეტყველებებს. ამ წლის ზაფხულში ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაჩაღდა ომი. ოქტომბერში დანიშნული დრო დასრულდა. წლის დასასრულისთვის ცხებულთა დარჩენილი ნაწილი მოელოდა დევნას, რაც ჩანს იქიდან, რომ 1915 წლის წლიური მუხლი იყო იესოს კითხვა თავისი მოწაფეებისადმი „შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ? “ რომელიც დაფუძნებული იყო მათეს 20:22-ზე.
13 ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან მოწმეთა ეს მცირე ჯგუფი ‘ძაძებით შემოსილი წინასწარმეტყველებდა’ და თავმდაბლურად იტანდა იმ სიძნელეებს, რომელსაც აწყდებოდა იეჰოვას განაჩენის გამოცხადებისას. ბევრისთვის ძლიერი დარტყმა იყო 1916 წელს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების პირველი პრეზიდენტის, ჩ. ტ. რასელის სიკვდილი. რადგან ომის ციებ-ცხელება ფართოდ გავრცელდა, მოწმეები მზარდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს. გარკვეული პიროვნებები, მაგალითად, ინგლისელი ფრანკ პლატი და კანადელი რობერტ კლეგი სასტიკმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აწამეს. ბოლოს, 1918 წლის 21 ივნისს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ახალი პრეზიდენტი ჯ. ფ. რუტერფორდი და ამ საზოგადოების ხელმძღვანელობა ცრუ ბრალდების საფუძველზე ხანგრძლივი დროით ჩასვეს ციხეში. ამგვარად, წინასწარმეტყველური პერიოდის დასასრულს ‘მომცრო რქამ’ მოკლა დაფუძნებული საჯარო ქადაგების საქმე (დანიელი 7:8).
14 გამოცხადების წიგნი წინასწარმეტყველებს, თუ რა მოხდა შემდეგ. უმოქმედობის მოკლე პერიოდის შემდეგ — რომლის დროსაც ქუჩაში ეყარა გვამები ნაწინასწარმეტყველები სამ დღე-ნახევარი — ცხებულების დარჩენილი ნაწილი კვლავ გაცოცხლდა და ამოქმედდა (გამოცხადება 11:11–13). საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა 1919 წლის 26 მარტს გაათავისუფლეს და მოგვიანებით მთლიანად მოიხსნა მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდება. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა დაუყოვნებლივ დაიწყო რეორგანიზება გაფართოებული მოქმედებისთვის. ამგვარად, რომ შესრულებულიყო გამოცხადებიდან პირველი უბედურება, ისინი გამოვიდნენ უმოქმედობის უფსკრულიდან სულიერი კალიების მსგავსად, რომლებსაც თან ახლავს სქელი ღრუბელი და ცრუ რელიგიებისთვის უიმედო მომავალს წინასწარმეტყველებდნენ (გამოცხადება 9:1–11). მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი სულიერად იკვებებოდნენ და მომავლისთვის ემზადებოდნენ. 1921 წელს გამოაქვეყნეს ახალი წიგნი „ღმერთის არფა“, რომელიც განკუთვნილი იყო ახალი პიროვნებებისა და ბავშვებისთვის, რომ ესწავლათ ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტებები (გამოცხადება 12:6, 14). ყოველივე ეს მოხდა სხვა გარდამტეხი დროის განმავლობაში.
1 290 დღე
15 ანგელოზმა უთხრა დანიელს: „მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი [ათას ორას ოთხმოცდაათი, ძვო] დღე გავა“ (დანიელი 12:11). მოსეს კანონის მიხედვით ‘მუდმივი შესაწირავი’ იწვებოდა იერუსალიმში ტაძრის სამსხვერპლოზე. ქრისტიანებს მსხვერპლად არ უნდა გაეღოთ დასაწვავი შესაწირავი, არამედ მუდმივი სულიერი მსხვერპლი. პავლემ აღნიშნა ეს, როცა ამბობდა: „მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15; შეადარე ოსია 14:2). ეს მუდმივი შესაწირავი შეწყდა 1918 წლის ივნისში. შემდგომ, რა იყო ‘გატიალების სიბილწე’ — მეორე თავისებურება, რომლის მოლოდინიც უნდა ჰქონოდათ? ეს იყო ერთა ლიგა, რომელიც გამარჯვებული სახელმწიფოების ინიციატივით, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს დაარსდაb. ეს სიბილწე იყო, რადგანაც ქრისტიანული სამყაროს ლიდერებმა ის ღმერთის სამეფოს ადგილზე დააყენეს და მას წარმოადგენდნენ, როგორც კაცობრიობისთვის მშვიდობის მომტან ერთადერთ საშუალებად. ერთა ლიგა დაფუძნდა 1919 წლის იანვარში. თუ 1290 დღეს (სამ წელს და შვიდ თვეს) ავითვლით ამ დროიდან, მივალთ 1922 წლის სექტემბრამდე.
16 რა მოხდა შემდეგ? ბიბლიის მკვლევარები გამოცოცხლდნენ, გათავისუფლდნენ დიდი ბაბილონიდან და მზად იყვნენ იერიშზე გადასასვლელად (გამოცხადება 18:4). აშშ-ის შტატ ოჰაიოში, სიდარ-პოინტში 1922 წლის სექტემბერში ჩატარდა კონგრესი და მათ უშიშრად დაიწყეს ქრისტიანულ სამყაროზე ღმერთის განაჩენის გამოცხადება (გამოცხადება 8:7–12). კალიების ნესტარმა ნამდვილად დაიწყო ტკივილის მიყენება! ამას დაემატა მეორე უბედურების დაწყება, რომელიც აღწერილია გამოცხადებაში. ქრისტიანთა ცხენოსანი ჯარის მასები — რომელიც თავიდან ცხებულთა დარჩენილი ნაწილისაგან, ხოლო შემდეგ მზარდი უამრავი ხალხისგან შედგებოდა — აზვირთდა მთელ დედამიწაზე (გამოცხადება 7:9; 9:13–19). დიახ, 1 290 დღის დასასრულმა დიდი სიხარული მოუტანა ღმერთის ხალხსc. მაგრამ მათ წინ უფრო მეტი მოელოდათ.
1 335 დღე
17 დანიელის 12:12 ამბობს: „ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ [ათას სამას ოცდათხუთმეტ, ძვო] დღეს!“ ეს 1 335 დღე, ანუ სამი წელი და რვა თვე-ნახევარი, როგორც ჩანს, დაიწყო წინა პერიოდის დასასრულს. ამ დროს თუ ავითვლით 1922 წლის სექტემბრიდან, ის მიგვიყვანს 1926 წლის გვიან გაზაფხულამდე (ჩრდილოეთი ნახევარსფერო). რა მოხდა ამ 1 335 დღის განმავლობაში?
18 მიუხედავად იმისა, რომ 1922 წელი შემობრუნების ეტაპი იყო, როგორც ჩანს, ზოგიერთები ჯერაც სინანულით იხედებოდნენ წარსულისკენ. „საღვთო წერილის გამოკვლევები“ (ინგლ.), რომლის ავტორი იყო ჩ. ტ. რასელი, იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ ძირითადი სასწავლო მასალ იყო. გარდა ამისა, ფართოდ გავრცელებულ ბუკლეტში „მილიონობით დღეს მცხოვრებნი არასდროს მოკვდებიან“ (ინგლ.), მოცემული იყო თვალსაზრისი, რომ 1925 წელს უნდა დაწყებულიყო ღმერთის განზრახვის შესრულება დედამიწაზე სამოთხის აღდგენისა და ადრე მცხოვრები ერთგული ადამიანების აღდგომის შესახებ. ისე ჩანდა, რომ ცხებულებისთვის მძიმე დრო, თითქოს, ეს-ეს არის უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ ზოგიერთებს, ვინც დაკავშირებული იყო ბიბლიის მკვლევარებთან, არ სურდა სხვებისთვის კეთილი ცნობის გაზიარება.
19 როცა გავიდა 1 335 დღე, ყველაფერი შეიცვალა. ძმების განსამტკიცებლად ორგანიზებული იყო „საგუშაგო კოშკის“ ჯგუფური, რეგულარული შესწავლა. ყურადღება გამახვილებული იყო სამქადაგებლო მსახურებაზე. 1923 წლის მაისიდან დაწყებული, ყოველი თვის პირველ სამშაბათს ყველას იწვევდნენ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად და შუა კვირაში სპეციალურად იყო გამოყოფილი დრო კრების შეხვედრისთვის, სადაც მათ წაახალისებდნენ ამ საქმიანობისკენ. 1923 წლის აგვისტოში ლოს-ანჟელესის (კალიფორნია, აშშ) კონგრესზე ნაჩვენები იყო, რომ იესოს იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ უნდა შესრულებულიყო ათასწლიანი სამეფოს დადგომამდე (მათე 25:31–40). ათას ცხრაას ოცდაოთხ წელს საზეიმოდ გაიხსნა რადიოსადგური WBBR, რომელსაც იყენებდნენ კეთილი ცნობის ეთერში გადასაცემად. 1925 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკის“, (ინგლ.) სტატიაში „ერის დაბადება“ მოცემული იყო გამოცხადების მე-12 თავის დაზუსტებული გაგება. საბოლოოდ, ერთგულ ქრისტიანებს შეეძლოთ სწორად გაეგოთ 1914—1919 წლების ამაღელვებელი მოვლენები.
20 იწურებოდა 1925 წელი, მაგრამ აღსასრული ჯერ კიდევ არ ჩანდა! 1870 წლიდან მოყოლებული ბიბლიის მკვლევარები მსახურობდნენ ისე, რომ გონებაში ჰქონდათ გარკვეული თარიღი — პირველად 1914, ხოლო შემდეგ 1925 წელი. ახლა მათ გაიგეს, რომ ისინი უნდა ემსახურონ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იეჰოვა მოისურვებს. 1926 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) გამოქვეყნდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტატია „ვინ სცემს თაყვანს იეჰოვას? “, რომელშიც ისე ნათლად იყო გაშუქებული ღმერთის სახელის მნიშვნელობა, როგორც არასდროს ადრე. და ბოლოს, 1926 წლის მაისში ლონდონის (ინგლისი) კონგრესზე მიღებული იყო რეზოლუცია სათაურით: „დამოწმება ქვეყნიერების მმართველებს“. ის პირდაპირ აცხადებდა ჭეშმარიტებას ღმერთის სამეფოს შესახებ და სატანის ქვეყნიერების მომავალი განადგურების შესახებ. ამავე კონგრესზე გამოიცა ძალიან ეფექტური წიგნი „გათავისუფლება“, რომელიც პირველი გახდა იმ წიგნთა სერიალიდან, რომელმაც „საღვთო წერილის გამოკვლევების“ მაგივრობა გასწია. ღმერთის ხალხი უკვე წინ იყურებოდა და არა უკან. დასრულდა 1 335 დღე.
21 ზოგიერთები ძნელად შეეგუენ ამ ვითარებას, მაგრამ ისინი, ვინც გადაიტანა ეს, ნამდვილად ბედნიერები იყვნენ. უფრო მეტიც, როცა ვიხედებით უკან, ამ ნაწინასწარმეტყველები დროის შესრულების პერიოდში, ჩვენც გვიხარია, ვინაიდან ძლიერდება ჩვენი ნდობა, რომ ცხებულ ქრისტიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ცხოვრობდა ამ პერიოდში, არის ერთგული და გონიერი მონა. იმ დროიდან მოყოლებული იეჰოვას ორგანიზაცია ძალიან გაფართოვდა, მაგრამ ერთგული და გონიერი მონა დღემდე არის მისი ბირთვი, მისი ხელმძღვანელი. რამდენად აღმაფრთოვანებელია იმის ცოდნა, რომ ცხებულებსა და სხვა ცხვრებს მოელით უფრო დიდი სიხარული! ეს გამოჩნდება როცა განვიხილავთ დანიელის სხვა წინასწარმეტყველებას.
[სქოლიოები]
a იმის განსახილველად, თუ როგორ გამოითვლება ეს ნაწინასწარმეტყველები პერიოდი, იხილე „მსოფლიოს მომავალი მთავრობა — ღმერთის სამეფო“ (ინგლ.), თავი მე-8, რომელიც გამოცემულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
b იხილე 1985 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 8–18 (ინგლ.).
c იხილე 1991 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 12 (ინგლ.), და 1975 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, გვერდი 132 (ინგლ.).
შეგიძლია განმარტო?
◻ საიდან ვიცით, რომ დანიელის ზოგიერთი წინასწარმეტყველება უნდა შესრულებულიყო ჩვენს დროში?
◻ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ არის ცხებულთა დარჩენილი ნაწილი?
◻ როდის დაიწყო და დამთავრდა 1 260 დღე?
◻ როგორი გამოცოცხლება და აღდგენა მოიტანა 1 290 დღემ ცხებულთა დარჩენილი ნაწილისთვის?
◻ რატომ უნდა ყოფილიყვნენ ბედნიერები ისინი, რომლებმაც მიაღწიეს 1 335 დღეს?
[სასწავლო კითხვები]
1. რატომ ვერ პოულობს მრავალი ჭეშმარიტ ბედნიერებას და რასთანაა ის დაკავშირებული?
2. წინასწარმეტყველების თანახმად, რა განაპირობებს ჭეშმარიტ ბედნიერებას ამ ბოლო დროს და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
3. მეფე კიროსის რომელმა მოქმედებამ მოუტანა დიდი სიხარული ერთგულ იუდეველებს ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს, მაგრამ რა პრივილეგია არ მისცა კიროსმა მათ?
4, 5. ა) როდის დაემხო დავითის მონარქია? რატომ? ბ) რა გარანტია მისცა იეჰოვამ დავითის სამეფოს აღდგენის შესახებ?
6. საიდან ვიცით, რომ დანიელის ზოგიერთი წინასწარმეტყველება უნდა შესრულებულიყო ჩვენს დროში?
7. ა) როდის დასრულდა წარმართთა დრო და რა კითხვები მოითხოვდნენ პასუხს? ბ) ვინ არ იყო „ერთგული და გონიერი მონა“ ?
8. ვინ აღმოჩნდა „ერთგული და გონიერი მონა“ უკანასკნელი დროის განმავლობაში? საიდან ვიცით ეს?
9, 10. რა მოვლენები ახასიათებდა ‘დროს, ორ დროსა და ნახევარ დროს’ დანიელის 7:25-დან და წერილების რომელ სხვა ადგილებშია იგივე პერიოდი მოხსენიებული?
11, 12. რა მოვლენები უსწრებდა წინ ნაწინასწარმეტყველებ 1 260 დღეს?
13. როგორ ქადაგებდნენ ბიბლიის მკვლევარები ძაძებით შემოსილი 1 260 დღის განმავლობაში, და რა მოხდა ამ პერიოდის დასასრულს?
14. როგორ შეიცვალა მდგომარეობა ცხებულთა დარჩენილი ნაწილისთვის 1919 წლიდან?
15. როგორ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაიწყო 1 290 დღე? როდის დამთავრდა ეს პერიოდი?
16. როგორ გახდა ცხადი, რომ 1 290 დღის დასასრულს ცხებულთა დარჩენილი ნაწილი მზად იყო სამოქმედოდ?
17. როდის დაიწყო და დასრულდა 1 335 დღე?
18. რა ფაქტები მიუთითებს, რომ 1922 წელს საჭირო იყო შემდგომი ცვლილებები?
19, 20. ა) როგორ შეიცვალა ბევრი რამ ღმერთის ხალხისთვის 1 335 დღის განმავლობაში? ბ) რა მოვლენები იყო 1 335 დღიანი პერიოდის დასრულების ნიშანი და რისი აღმნიშვნელი იყო ის იეჰოვას ხალხისთვის?
21. რას ნიშნავდა 1 335 დღიან პერიოდში გამოვლენილი სიმტკიცე ღმერთის ხალხისთვის ადრე და რას ნიშნავს ამ დროსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების შესრულება ჩვენთვის?