ეს სინამდვილეში ქურდობაა?
აბიოდუნი ნიგერიის ერთ-ერთ დიდ სასტუმროში მთავარი ოფიციანტი იყო. ერთ საღამოს, როდესაც საბანკეტო დარბაზს კეტავდნენ, მან იპოვა ჩანთა, რომელშიც თანხის რაოდენობა 1 827 ამერიკულ დოლარს უდრიდა. მან უყოყმანოდ ჩააბარა ფული, რომელიც მოგვიანებით მოიკითხა პატრონმა, სასტუმროში დაბინავებულმა ქალმა. სასტუმროს ადმინისტრაციამ აბიოდუნს ორმაგი დაწინაურება და „წელიწადის საუკეთესო მუშაკის“ წოდება მიანიჭა. ფულის პატრონმაც დააჯილდოვა იგი.
ახალი ამბების ადგილობრივ ჟურნალში, „კვოლიტი“ (ინგლ.), გააშუქეს ეს შემთხვევა და აბიოდუნს „კეთილი სამარიტელი“ უწოდეს. როდესაც მას „კვოლიტი“-ს წარმომადგენელმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ცდუნება, რომ ფული თავისთვის დაეტოვებინა, აბიოდუნმა უპასუხა: „მე იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე ვარ. ამიტომ, თუ რამეს ვპოულობ, რაც მე არ მეკუთვნის, უკან ვუბრუნებ მის მფლობელს“.
აბიოდუნის მიერ გამოვლენილმა პატიოსნებამ მრავალი გააოცა. აბიოდუნის თანამორწმუნეებს კი ესიამოვნათ მომხდარი, მაგრამ არ გაჰკვირვებიათ. მთელ დედამიწაზე იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან თავიანთი მაღალზნეობრივი პრინციპებით. მათ შორის პატიოსნება გამონაკლისი არ არის; პატიოსნება წესი და ჭეშმარიტი ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ვითარება აბუნდოვანებს იმის გაგებას, თუ რა არის პატიოსანი და რა — უპატიოსნო. განვიხილოთ ასეთი სიტუაცია. ფესტუსს, რომელსაც იეჰოვას მოწმეთა კრებაში, დასავლეთ აფრიკაში, ჩაბარებული ჰქონდა კრების ნებაყოფლობითი შესაწირავები და ანგარიშები, ძალიან სჭირდებოდა ფულიa. მის ცოლს ესაჭიროებოდა სერიოზული ოპერაცია, რისი გადადებაც, ექიმის სიტყვების თანახმად, არ შეიძლებოდა. საავადმყოფოში მას წინასწარ მოსთხოვეს გადასახადის ნახევარი ღირებულება.
ფესტუსს ფული არ ყოფნიდა. როდესაც რამდენიმე პიროვნებას მიმართა ფულის სასესხებლად, მათ ხელცარიელი გამოისტუმრეს. შემდეგ გაახსენდა ფული, რომელიც ჩაბარებული ჰქონდა და ასე იმსჯელა: „ნუთუ ეს სწორია, რომ ჩემი ცოლი ხიფათში ჩავაგდო, როდესაც შემიძლია მისი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად რამე ვიღონო? რატომ არ უნდა ვისესხო კრების ნებაყოფლობითი შესაწირავის ფული? მე შევძლებ ვალის დაბრუნებას, როცა სხვები ჩემს ვალს დამიბრუნებენ“.
ფესტუსმა ის ფული, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, გამოიყენა იმისთვის, რომ საავადმყოფოში მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები გადაეხადა. სწორი იყო თუ არა მისი მსჯელობა? გამართლებული იყო თუ არა მისი მოქმედება, თუ გავითვალისწინებთ იმ უკიდურეს სიტუაციას, რომლის წინაშეც ფესტუსი იდგა?
ვისია ეს ფული?
ამ საკითხების გაანალიზებისას, მოდით, მოკლედ განვიხილოდ რამდენიმე საკითხი, რაც ეხება ფესტუსის მიერ აღებული ფულის წყაროსა და დანიშნულებას. ეს თანხა გროვდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით, რომელსაც სწირავენ კრების წევრები იმ სურვილით, რომ წინ წაიწიოს იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობამ (2 კორინთელთა 9:7). ეს ფული იმისთვის არ გამოიყენება, რომ ხელფასი გადაუხადონ ვინმეს, რადგან არავის უნაზღაურებენ იმას, რასაც კრებისთვის აკეთებს. პირიქით, შემოწირული ფული ძირითადად შეხვედრების ადგილის, ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზის შეძენისა და მოვლისთვის იხარჯება. ამ თანხით ხდება ვარგისიანი და კეთილმოწყობილი ადგილის უზრუნველყოფა, სადაც ყველას — ახალგაზრდებსა თუ მოხუცებს, მდიდრებსა თუ ღარიბებს — შეუძლიათ შეიკრიბონ ბიბლიური დარიგების მისაღებად.
ვისია ეს ფული? — ის მთლიან კრებას ეკუთვნის. არც ერთი პიროვნება არ წყვეტს ცალკეულად, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ფული. კრების მიმდინარე დანახარჯებს კონტროლს უწევს უხუცესთა ჯგუფი, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯების შემთხვევაში, საკითხი გამოაქვთ კრების წინაშე განსახილველად, რათა მიიღონ მისგან თანხმობა.
სესხება თუ ქურდობა?
რადგანაც ფესტუსმა დააპირა, რომ როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, მაშინვე დაებრუნებინა ფული, მან თავისი მოქმედება ფულის სესხებად მიიჩნია. მაგრამ „ვებსტერის სინონიმთა ახალ ლექსიკონში“ (ინგლ.) განმარტება, „სხვისი საკუთრების აღება და წაღება, ჩვეულებრივ, უჩუმრად ან პატრონისგან დაუკითხავად და ყოველთვის მისი ნებართვის გარეშე“, დაკავშირებულია სხვა სიტყვებთან. ეს სიტყვებია „ქურდობა“ და „ქურდი“. ფესტუსმა ნებართვის გარეშე აიღო ფული, რომელიც მიეკუთვნებოდა კრებას. ასე რომ, მან ქურდობა ჩაიდინა. ის ქურდი გახდა.
რა თქმა უნდა, ქურდობის მოტივის გათვალისწინებით, დაძრახის ხასიათი სხვადასხვაა. ჩვენ ამის დანახვა შეგვიძლია იუდა ისკარიოტელის მაგალითიდან, რომელსაც მიანდეს მეთვალყურეობა ფულზე, რომლის მფლობელები იყვნენ იესო და მისი ერთგული მოციქულები. ბიბლია ამბობს: „[იუდა] ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა — რასაც ჩადებდნენ, ის იღებდა“ (იოანე 12:6). ბოროტმა გულმა და გამოუსწორებელმა სიხარბემ იუდა უფრო უარესობისკენ აღძრა. საბოლოოდ, ის იქამდე დავიდა, რომ ღმერთის ძე 30 ვერცხლად გასცა (მათე 26:14–16).
მაგრამ ფესტუსს თავის ავადმყოფ ცოლზე მზრუნველობა ამოძრავებდა. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ მიუძღვოდა დანაშაული? — არავითარ შემთხვევაში. ყურადღება მიაქციე, თუ რას ამბობს ბიბლია ქურდობის შესახებ სხვა, ერთი შეხედვით, უკიდურეს შემთხვევაში: „არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია; წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის“ (იგავნი 6:30, 31). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც გამოიჭერენ, ქურდმა კანონის მიერ გათვალისწინებული ჯარიმა სრულად უნდა ზღოს. მოსეს რჯულის თანახმად, ქურდს უნდა ეზღო თავისი დანაშაულისთვის. მაშასადამე, იმის მაგიერ, რომ გაამართლოს ან წააქეზოს ქურდობისაკენ, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ უკიდურეს შემთხვევაშიც კი, ქურდობის შედეგი შეიძლება იყოს მატერიალური ზარალი, სირცხვილი და ღმერთის კეთილგანწყობილების დაკარგვა.
ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი, იეჰოვას მოწმე, განსაკუთრებით ისინი, რომლებზეც დაკისრებულია პასუხისმგებლობები კრებაში, უნდა იყვნენ სამაგალითონი, „ბრალდებისგან თავისუფალნი“ (1 ტიმოთე 3:10, აქ). ფესტუსს არ დაუბრუნეს ვალი, რომლის იმედიც ჰქონდა, და ამიტომ, მან ვერ შეძლო აღებული ფულის დაბრუნება. რაც მან გააკეთა ცნობილი გახდა. მას კი რა დაემართა? მოუნანიებელი ქურდი რომ ყოფილიყო, მას გარიცხავდნენ ქრისტიანთა უმწიკვლო კრებიდან (1 პეტრე 4:15). მაგრამ ის ძალიან განიცდიდა ჩადენილის გამო და მოინანია. მას შეეძლო კრებაში დარჩენა, თუმცა დაკარგა თავისი უპირატესობები მსახურებაში.
ღმერთზე მინდობა
პავლე მოციქული იძლეოდა გაფრთხილებას, რომ პიროვნების მიერ ჩადენილ ქურდობას, რომელიც ირწმუნება, რომ არის იეჰოვას მსახური, შეუძლია მოუტანოს შერცხვენა ღმერთის სახელსა და მისი სახელით წოდებულ ხალხსაც. პავლე წერდა: „შენ სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი! ჰქადაგებ — არ მოიპარო, და იპარავ! . . . რამეთუ თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღმერთის სახელი იგმობა“ (რომაელთა 2:21, 22, 24).
ბრძენკაცმა, სახელად აგურმა, ძველ დროს იგივე თვალსაზრისი გამოთქვა. თავის ლოცვაში ის ევედრებოდა, რომ არ ‘გაღატაკებულიყო, რათა არ ექურდა და თავისი ღვთის სახელისთვის არ შეეცოდა’ (იგავნი 30:9). შენიშნე: ამ ბრძენ ადამიანს შეგნებული ჰქონდა, რომ სიღატაკეს შეუძლია ისეთი პირობები შექმნას, რომლებსაც შეუძლია მართალი კაციც კი აცდუნოს ქურდობისკენ. დიახ, მძიმე დრო-ჟამს შეუძლია გამოსცადოს ქრისტიანის რწმენა იეჰოვას უნარისადმი, იზრუნოს თავისი ხალხის საჭიროებებისთვის.
მიუხედავად ამისა, იეჰოვას ერთგულ მოწმეებს, იმათაც კი, რომლებიც ღარიბები არიან, აქვთ რწმენა, რომ ღმერთი „მის მაძიებელს უზღავს“ (ებრაელთა 11:6). მათ იციან, იეჰოვა დააჯილდოვებს თავის ერთგულ ადამიანებს იმით, რომ დაეხმარება მათ იზრუნონ თავიანთი საჭიროებებისთვის. იესომ მთაზე ქადაგებისას ამას ნათელი მოჰფინა: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ“ (მათე 6:31–33).
როგორ უწევს დახმარებას ღმერთი გაჭირვებულ ადამიანებს ქრისტიანულ კრებაში? სხვადასხვა საშუალებით. მაგალითად, თანამორწმუნეების მეშვეობით. ღმერთის ხალხი ერთმანეთის მიმართ ნამდვილ სიყვარულს ავლენს. ისინი სერიოზულად ეპყრობიან ბიბლიურ შეგონებას: „ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული? შვილნო! გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:17, 18).
მთელ მსოფლიოში, 73 000-ზე მეტ კრებაში, იეჰოვას ოთხ მილიონ ნახევარზე მეტი მოწმე გულმოდგინედ ცდილობს, ემსახუროს ღმერთს მისი სამართლიანი პრინციპების თანახმად. მათ იციან, რომ ღმერთი არასდროს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს. ისინი, რომლებიც იეჰოვას უკვე მრავალი წელია ემსახურებიან, ეთანხმებიან მეფე დავითს, რომელიც წერდა: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი“ (ფსალმუნი 36:25, აფ).
რამდენად უკეთესია გწამდეს ღმერთი, რომლის მიერაც შთაგონებული იყო ეს სიტყვები, ვიდრე ნება დართო საკუთარ თავს, ჩავარდე ცდუნებაში, იქურდო და, შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგო ღმერთის მოწონება (1 კორინთელთა 6:9, 10).
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.