ბრძოლა დაცემულ სხეულზე ცოდვის ბატონობის წინააღმდეგ
„ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები — სიცოცხლე და მშვიდობა“ (რომაელთა 8:6).
1. რა განზრახვით შეიქმნა ადამიანი?
„შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27). ხატი არის რაიმე საგნის ან რაიმე თავდაპირველი წყაროს გამოხატულება. ასე რომ, ადამიანი იმისთვის, შეიქმნა, რომ აერეკლა ღმერთის დიდება. ადამიანი შემოქმედს პატივსა და დიდებას მიაგებდა იმით, რომ ნებისმიერი მისწრაფებების დროს გამოამჟღავნებდა ღვთიურ თვისებებს — სიყვარულს, სიკეთეს, სამართლიანობასა და სულიერობას — და ამასთანავე საკუთარ თავს მოუტანდა ბედნიერებასა და კმაყოფილებას (1 კორინთელთა 11:7; 1 პეტრე 2:12).
2. როგორ ასცდა პირველი ადამიანთა წყვილი მიზანს?
2 ადამიანთა პირველი წყვილი, რომელიც სრულყოფილი შექმნა შემოქმედმა, ამ როლისთვის კარგად იყო აღჭურვილი. სარკესავით, უაღრესად გაპრიალებულს შეეძლო ბრწყინვალებითა და სიზუსტით აერეკლა ღმერთის დიდება. მაგრამ, როდესაც პირველმა წყვილმა ნებით აირჩია არ დამორჩილებოდა შემოქმედ ღმერთს, დაუშვა, რომ ეს სიკაშკაშე დაბინდებულიყო (დაბადება 3:6). ამის შემდეგ, მათ აღარ შეეძლოთ, ღმერთის დიდების სრულყოფილად არეკვლა. ისინი მოაკლდნენ ღმერთის დიდებას, რადგან აღარ შეესაბამებოდნენ იმ განზრახვას, რომ ყოფილიყვნენ ღმერთის ხატება — რა მიზნითაც იყვნენ შექმნილნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შესცოდესa.
3. რა არის ცოდვის ჭეშმარიტი არსი?
3 ეს დაგვეხმარება, რომ გავიგოთ ცოდვის ჭეშმარიტი არსი, რომელიც ამახინჯებს ადამიანთა მიერ ღმერთის მსგავსებისა და დიდების არეკვლას. ცოდვა ადამიანს ხდის უწმინდურს, რაც სულიერი და მორალური თვალსაზრისით დალაქავებასა და დაბინდვას ნიშნავს. მთელი კაცობრიობა იმყოფება ბინდით მოცულ და უწმინდურ მდგომარეობაში, რადგან ყველა ადამიანი ადამისა და ევას შთამომავალია და, როგორც ღმერთის შვილები, ვერ ამართლებენ მის მოლოდინს. რა არის შედეგი? ბიბლია განმარტავს: „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა ამაში“ (რომაელთა 5:12; შეადარე ესაია 64:6).
დაცემულ სხეულზე ცოდვის ბატონობა
4-6. ა) რა თვალსაზრისი აქვს ადამიანების უმრავლესობას ცოდვის შესახებ? ბ) რა არის ცოდვის შესახებ თანამედროვე შეხედულებების შედეგი?
4 დღეს ადამიანთა უმრავლესობა არ მიიჩნევს, რომ არის უწმინდური, ბინდით მოცული და ცოდვილი. სინამდვილეში, სიტყვა „ცოდვა“ სავსებით ამოვარდა მრავალი ადამიანის ლექსიკიდან. ისინი, შესაძლოა საუბრობენ შეცდომების, წინდაუხედაობის შესახებ ან იმის შესახებ, რომ რაიმე საკითხში მოტყუვდნენ. მაგრამ ცოდვა? ამ სიტყვას თითქმის არასოდეს მოიხსენიებენ. თვით მათთვის, რომლებიც ღმერთის მორწმუნეებად იწოდებიან, «მისი [ღმერთის] სწავლება წარმოადგენს მორალურ მრწამსს და არა კოდექსს, მიიჩნევენ „ათ რჩევად“ და არა „ათ მცნებად“» — აღნიშნავს სოციოლოგიის სპეციალისტი ალენ უოლფი.
5 რა არის ასეთი აზროვნების შედეგი? — ცოდვის არსებობის უარყოფა, ანუ სრული უგულებელყოფა. ამან წარმოშვა ადამიანთა თაობა ძალიან დამახინჯებული წარმოდგენით იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, ისინი თავისუფლად ადგენენ მოქმედების საკუთარ ნორმებს და თავიანთი საქციელის გამო არავის წინაშე არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. ასეთი ადამიანებისთვის საკუთარი თავის უდანაშაულოდ მიჩნევა არის ერთადერთი კრიტერიუმი, როდესაც მსჯელობენ, ესა თუ ის მოქმედება მიზანშეწონილია თუ არა (იგავნი 30:12, 13; შეადარე მეორე რჯული 32:5, 20).
6 მაგალითად, სატელევიზიო დიალოგში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდები, რომ გამოეთქვათ თავიანთი თვალსაზრისი ეგრეთ წოდებული „შვიდი სასიკვდილო ცოდვის“b შესახებ. „სიამაყე არ არის ცოდვა, — განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, — მითუმეტეს თუ ადამიანები შენგან მოელიან, რომ კარგი წარმოდგენა გქონდეს საკუთარ თავზე“. ხოლო, რაც შეეხება სიზარმაცეს, მეორემ განაცხადა: „ხანდახან კარგია ეს. . . სასიამოვნოა მოეშვა და საკუთარ თავს დაუთმო დრო“. გადაცემის წამყვანმაც წარმოთქვა მოკლე კომენტარი: « „შვიდი სასიკვდილო ცოდვა“ ბოროტმოქმედება არ არის, პირიქით, მსოფლიო ადამიანთა გატაცებაა და შეიძლება ან გამაღიზიანებელი, ან ძალიან სასიამოვნო იყოს». დიახ, ცოდვის აღქმასთან ერთად გაქრა დანაშაულის შეგრძნებაც, რადგან დანაშაულის შეგრძნება საკუთარი თავის სპეტაკად მიჩნევის საპირისპიროა (ეფესელთა 4:17–19).
7. ბიბლიის თანახმად, როგორ იმოქმედა კაცობრიობაზე ცოდვამ?
7 ზემოთქმულთან სრულიად საპირისპიროდ, ბიბლია ნათლად აღნიშნავს: „ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღმერთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). პავლე მოციქულიც მიხვდა: „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის გაკეთება — არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მნებავს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მნებავს“ (რომაელთა 7:18, 19). ამ სიტყვებით, პავლე საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს არ გამოხატავდა. არამედ, რაც უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ კაცობრიობა მოაკლდა ღმერთის დიდებას, მით უფრო მწვავედ გრძნობდა ცოდვის ბატონობას დაცემულ სხეულზე. „უბადრუკი ადამიანი ვარ! — განაცხადა მან — ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ (რომაელთა 7:24).
8. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს? რატომ?
8 რა თვალსაზრისი გაქვს ამასთან დაკავშირებით? შენ შეიძლება აღიარებ, რომ, როგორც ადამის შთამომავალი, სხვების მსგავსად, არასრულყოფილი ხარ. მაგრამ, როგორ გავლენას ახდენს ეს შემეცნება შენს აზროვნებასა და ცხოვრებაზე? იქნებ ცხოვრებისეულ ფაქტად მიგაჩნია, რომ მიჰყვე დინებას და როგორც მოგიწევს ისე მოიქცე? ან იქნებ მთელი ძალებით ცდილობ ებრძოლო დაცემულ სხეულზე ცოდვის ბატონობას იმ მისწრაფებით, რომ, რაც შეიძლება ბრწყინვალედ აირეკლო ღმერთის დიდება ყველაფრით, რასაც აკეთებ? პავლე მოციქულის სიტყვები უნდა გვქონდეს გონებაში და თითოეული ჩვენთაგანისთვის სერიოზულად საყურადღებო უნდა იყოს, რომ: „ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რამეთუ ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები — სიცოცხლე და მშვიდობა“ (რომაელთა 8:5, 6).
ხორციელი ფიქრები
9. რატომ არის ‘ხორციელი ფიქრები სიკვდილი’?
9 რას გულისხმობდა პავლე, როდესაც თქვა: „ხორციელი ფიქრები სიკვდილია“? სიტყვა „ხორციელი“, ბიბლიაში ხშირად გამოიყენება არასრულყოფილ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც მეამბოხე ადამის შთამომავალია და ‘ცოდვით ჩასახული’ (ფსალმუნი 50:7; იობი 14:4). ამგვარად, პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ არ ეკვებათ თავიანთი ფიქრები არასრულყოფილი, დაცემული სხეულის მიდრეკილებებით, მისწრაფებებითა და სურვილებით. მაგრამ, რატომ არ უნდა მოქცეულიყვნენ ასე? სხვა ადგილას პავლე განმარტავს, თუ რა არის ხორცის საქმეები და შემდეგ უმატებს გაფრთხილებას: „ასე მოქმედნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელთა 5:19–21).
10. რა იგულისხმება სიტყვაში „ფიქრები“?
10 ნუთუ დიდი სხვაობა არ არის რაიმეზე ფიქრსა და შესრულებას შორის? ნამდვილად, რაიმე საკითხზე ფიქრი ყოველთვის წინ არ უძღვის მის განხორციელებას. როგორც არ უნდა იყოს, ფიქრი მხოლოდ ფიქრების გაელვება არ არის. სიტყვა, რომელიც პავლემ გამოიყენა, ბერძნულად არის ფრო’ნე·მა, რომლის მნიშვნელობაა: „აზროვნება, სულისკვეთება. . . მიზანი, მისწრაფება, ძლიერი სურვილი“. მაშასადამე, „ხორციელი ფიქრები“ ნიშნავს, რომ პიროვნებას მართავს, ფლობს, ბატონობს და ხელმძღვანელობს დაცემული სხეულის სურვილები (1 იოანე 2:16).
11. როგორი ხორციელი ფიქრები ჰქონდა კაენს და რა იყო შედეგი?
11 ეს კარგად ჩანს კაენის მოქმედების მაგალითიდან. როდესაც კაენს შური და ბოროტება ჩაესახა გულში, იეჰოვამ გააფრთხილა: „რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (დაბადება 4:6, 7). კაენი არჩევნის წინაშე იდგა. იქნებ მას ‘სიკეთე უნდა ექმნა’, რაც ფიქრების, მიზნებისა და მისწრაფებების სიკეთით განწყობას ნიშნავს? თუ ისევ ხორციელი ფიქრები უნდა ჰქონოდა და თავისი აზრების კონცენტრირება ბოროტ ტენდენციებზე მოეხდინა, რომელიც გულში ჰქონდა? როგორც იეჰოვამ აუხსნა კაენს ‘ცოდვა ჩასაფრებული იყო კართან’, თავს დაესხმოდა და ჩაყლაპავდა კაენს, თუ კაენი დაუშვებდა. იმის მაგივრად, რომ ‘ებატონა’ თავის ხორციელ სურვილებზე და შებრძოლებოდა, კაენმა დაუშვა, რომ ცოდვას ებატონა მასზე — დასასრული იყო დაღუპვა.
12. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიაროთ „კაენის გზით“?
12 რა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენს შესახებ? ცხადია, ჩვენ არ გვინდა ვიაროთ „კაენის გზით“, პირველი საუკუნის ზოგიერთი ქრისტიანის მსგავსად, რომლებიც იუდამ მოიხსენია (იუდა 11). ჩვენ არასოდეს არ უნდა გავიმართლოთ თავი და მივიჩნიოთ, რომ მცირე შეღავათი ან თავისუფლება ამა თუ იმ შემთხვევაში უვნებელია. პირიქით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გამოვიცნოთ ნებისმიერი უღმრთო და გამხრწნელი ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ჩვენს გულსა და გონებაში და სწრაფად მოვიცილოთ, ვიდრე ღრმად გაიდგამს ფესვებს. ბრძოლა, დაცემულ სხეულზე ცოდვის ბატონობის წინააღმდეგ, შინაგანი ბრძოლით იწყება (მარკოზი 7:21).
13. როგორ შეიძლება, რომ ‘ყოველი გამოიცადოს თავისი გულისთქმით’?
13 მაგალითად, შენ შეიძლება თვალი მოჰკრა აღმაშფოთებელ ან საშინელ სცენას, ან კიდევ განსაკუთრებით საზარელ და აღმგზნებ გამოსახულებას. ეს შეიძლება იყოს წიგნში ან ჟურნალში მოთავსებული სურათი, სცენა კინოთეატრში ან ტელევიზიის ეკრანზე, ან რეკლამა სააფიშო დაფაზე, ან კიდევ ცხოვრებისეული სიტუაცია. თვით ეს, არ უნდა იყოს საგანგაშო, რადგან სავარაუდოა, რომ ეს მოხდება და ხდება კიდეც. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება ან სცენა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდეს, მაინც მოსალოდნელია, დარჩეს გონებაში და დროდადრო ამოტივტივდეს. რას აკეთებ ასეთ შემთხვევაში? ცდილობ თუ არა მაშინვე მიიღო ზომები, რომ შეეწინააღმდეგო ასეთ ფიქრს და გონებიდან განდევნო? იქნებ ნებას რთავ, რომ დაიბუდოს შენს გონებაში, ან იქნებ ყოველთვის ცოცხლად წარმოისახავ განცდილს, როდესაც შენს გონებაში ასეთი ფიქრი ამოტივტივდება? ეს უკანასკნელი ძალიან სახიფათოა, რადგანაც იწვევს ჯაჭვურ მოვლენებს, რომლებიც აღწერა იაკობმა: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც იტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ ჩაისახება გულისთქმა და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი წარმოქმნის სიკვდილს“. აი, რატომ თქვა პავლემ: „ხორციელი ფიქრები სიკვდილია“ (იაკობი 1:14, 15; რომაელთა 8:6).
14. რის წინაშე ვდგავართ ყოველდღიურად, და როგორ უნდა ვრეაგირებდეთ?
14 მცდარი იდეებითა და აზრებით ჩვენი დაბომბვა, პირდაპირი გაგებით, ყოველდღიურად ხდება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც სექსუალური უზნეობა, ძალადობა და მატერიალიზმი განდიდებულია, დაუფარავად და უხვად არის წარმოდგენილი წიგნებში, ჟურნალებში, კინოფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა და პოპულარულ მუსიკებში. როგორია შენი რეაქცია? გსიამოვნებს და გიზიდავს ყოველივე ზემომოყვანილი? ან იქნებ შენც თავს სამართლიანი ლოტის მსგავსად გრძნობ, რომელიც იყო „უსჯულოთა თავაშვებული ქცევით დაჩაგრული. . . ხედავდა და ისმენდა უკანონო საქმეებს. . . იტანჯებოდა მართალი სულით“? (2 პეტრე 2:7, 8). დაცემულ სხეულზე ცოდვის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას რომ მივაღწიოთ, ჩვენთვის საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, როგორც ფსალმუნმომღერალმა გადაწყვიტა: „არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება“ (ფსალმუნი 100:3).
სულიერი ფიქრები
15. რა დაგვეხმარება ცოდვის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში?
15 დაცემულ სხეულზე ცოდვის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე არის პავლეს მიერ დაწერილი სიტყვები: ‘სულიერი ფიქრები სიცოცხლე და მშვიდობაა’ (რომაელთა 8:6). მაშასადამე, იმის მაგივრად, რომ ხორცმა იბატონოს ჩვენზე, ნება უნდა მივცეთ საკუთარ გონებას, სულმა იქონიოს ზეგავლენა ჩვენზე და სულის საქმეებში გავიზარდოთ. რა არის სულის საქმეები? ფილიპელთა 4:8-ში პავლემ ჩამოთვალა: „მაშ ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“. მოდით, განვიხილოთ უფრო დაწვრილებით, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რის შესახებ უნდა ვიფიქროთ.
16. რომელი თვისებების შესახებ გვირჩია ‘ფიქრი’ პავლემ და რას მოიცავს თითოეული მათგანი?
16 უპირველესად, ყურადღება მივაქციოთ, რომ რვა მორალურ თვისებას, რომელიც პავლემ ჩამოთვალა, წინ უძღვის სიტყვა „რაც“. ეს გამოთქმა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანები არ არიან შეზღუდულები, მხოლოდ საღვთო წერილებიდან გამომდინარე საკითხებზე ან თეოლოგიაზე იფიქრონ. არსებობს უამრავი საკითხი ან საუბრის თემა, რომლის შესახებ შეგვიძლია ვიფიქროთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ეს შეესაბამებოდეს პავლეს მიერ ნაჩვენებ მორალურ თვისებებს. ყოველი თვისება იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. რიგრიგობით განვიხილოთ თითოეული მათგანი.
◻ „ჭეშმარიტია“ — შეიცავს უფრო მეტს და არა მხოლოდ ჭეშმარიტებას ან სიცრუეს. ეს ნიშნავს იმას, რაც არა მხოლოდ მოჩვენებითია, არამედ სინამდვილეში ჭეშმარიტი, სამართლიანი და ნდობის ღირსია (1 ტიმოთე 6:20).
◻ „პატიოსანია“ — შეგვახსენებს იმას, რაც ღირსეულია და პატივსაცემია. ეს იწვევს ღრმა მოკრძალებას იმის მიმართ, რაც არის ამაღლებული, კეთილშობილური, პატივსაცემი, და არა — ვულგარული და დაცემული.
◻ „მართალია“ — ნიშნავს იმას, რაც შეესაბამება ღმერთის ნორმებს და არა ადამიანებისას. ამ ქვეყნიერების ადამიანებმა თავიანთი გონება გაჟღინთეს უსამართლო ზრახვებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ და უნდა გვსიამოვნებდეს ის, რაც ღმერთის თვალში სამართლიანია (შეადარე ფსალმუნი 25:4; ამოსი 8:4–6).
◻ „წმინდაა“ — არა მარტო ურთიერთობის დროს (სქესობრივ ან სხვა საკითხებში), არამედ ფიქრებსა და მოტივებშიც ითვალისწინებს სისპეტაკესა და სიწმინდეს. იაკობი წერდა: „მაღლიდან სიბრძნე პირველყოვლისა წმინდაა“. იესო, რომელიც არის „წმინდა“, სრულყოფილი მაგალითია, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს (იაკობი 3:17; 1 იოანე 3:3).
◻ „საყვარელია“ — ეს აღძრავს და უნერგავს სხვებს სიყვარულს. ჩვენ „ყურადღებით [უნდა] მოვეპყროთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის“, იმის ნაცვლად, რომ გულში გვქონდეს ისეთი ფიქრები, რაც იწვევს სიძულვილს, სიმწარესა და უთანხმოებას (ებრაელთა 10:24).
◻ „საქებარია“ — ეს არ ნიშნავს, რომ იყო მხოლოდ „პატივდებული“ ან „კარგი სახელით“ სარგებლობდე, არამედ იყო საქმით დამმოძღვრავი და საქებარი. ჩვენ, ჩვენი გონება ისეთი საკითხებისკენ უნდა წარვმართოთ, რაც სასარგებლო და დამრიგებლურია, არა სხვების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი (ეფესელთა 4:29).
◻ „სათნო“ — ძირითადად ნიშნავს „სიკეთეს“ ან „მორალურ აღმატებულობას“ და ამასთანავე, შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერ ღირსებას. ამგვარად ჩვენ შევძლებთ სხვა ადამიანებში დავაფასოთ ღმერთის ნორმების შესაბამისი თვისებები, ღირსებები და მიღწევები.
◻ „ქებულია“ — საქმეები ნამდვილად ასეთია, თუ ქება მოდის ღმერთისგან, ან ღმერთის მიერ აღიარებული მმართველისგან (1 კორინთელთა 4:5, 1 პეტრე 2:14).
სიცოცხლისა და მშვიდობის აღთქმა
17. რა კურთხევები მოჰყვება ‘სულიერად ფიქრს’?
17 თუ ჩვენ ვითვალისწინებთ პავლეს რჩევას და ‘ვფიქრობთ’ ამ რჩევის შესახებ, ‘სულიერ ფიქრებში’ წარმატებებს მივაღწევთ. შედეგი მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით კურთხევა კი არ არის, არამედ მშვიდობაც (რომაელთა 8:6). რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი გონება დაცულია ხორციელი საქმეების ბოროტი ზეგავლენისგან და მთელი სიძლიერით მეტად ვეღარ მოახდენს ჩვენზე დიდ გავლენას სულსა და სხეულს შორის მიმდინარე მტანჯველი ბრძოლა, რომელიც აღწერა პავლე მოციქულმა. თუ შევეწინააღმდეგებით ხორცის ზეგავლენას, ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ღმერთთან, „იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღმერთის მტრობაა“ (რომაელთა 7:21–24; 8:7).
18. რა ბრძოლას ეწევა სატანა და როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ?
18 სატანა და მისი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს მიერ ღმერთის დიდების არეკვლა დაალაქაონ. ისინი ცდილობენ, მიაღწიონ ჩვენი აზროვნების კონტროლს, იმით, რომ გვბომბავენ ხორციელი სურვილებით, რადგან იციან, ხორციელი სურვილები წინ უძღვის ღმერთთან მტრობასა და სიკვდილს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ, პავლეს მსგავსად, შეგვიძლია წარმოვთქვათ: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“, რადგან გვთავაზობს დახმარებას, რომ გავიმარჯვოთ დაცემულ სხეულზე ცოდვის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში (რომაელთა 7:25).
[სქოლიოები]
a ბიბლია, სიტყვა „ცოდვის“ გამოსახატავად, იყენებს ძველებრაულ ზმნას ხა·ტაʼʹ და ბერძნულ ზმნას ჰა·მარ·ტაʹნო. ეს ორი სიტყვა ნიშნავს „ასცდე“ იმ მნიშვნელობით, რომ ასცდე ან ვერ მიაღწიო მიზანს, ანუ სამიზნეს.
b ტრადიციულად, „შვიდ სასიკვდილო ცოდვად“ მიიჩნევენ: სიამაყეს, სიხარბეს, ვნებას, შურს, გაუმაძღრობას, მრისხანებასა და სიზარმაცეს.
შეგიძლია განმარტო?
□ რა არის ცოდვა და როგორ შეუძლია მიაღწიოს დაცემულ სხეულზე ბატონობას?
□ როგორ შეგვიძლია შევებრძოლოთ ‘ხორციელ ფიქრებს’?
□ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ‘სულიერ ფიქრებს’?
□ როგორ მოაქვს ‘სულიერ ფიქრებს’ სიცოცხლე და მშვიდობა?
[სურათი 23-ე გვერდზე]
კაენმა დაუშვა, რომ მასზე ებატონა ხორციელ ფიქრებს თავისდა საზიანოდ.
[სურათები 24-ე გვერდზე]
სულიერი ფიქრები სიცოცხლე და მშვიდობაა.