ძალ-ღონეს ნუ დაზოგავ შენი ოჯახის გადარჩენისთვის
„აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
1, 2. რა სიძნელეების წინაშე დგანან დღეს მშობლები?
ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა ზემოთ მოხსენიებულ სიტყვებს რევოლუცია უწოდა. ეს ნათქვამი იყო იმ სტატიაში, სადაც აღწერილია შემაძრწუნებელი ცვლილებები, რაც თანამედროვე წლებში ოჯახში ხდება. არსებობდა თვალსაზრისი, რომ ამ ცვლილებების შედეგი იყო „განქორწინების ეპიდემიები, მეორედ ქორწინება, კვლავ განქორწინება, უკანონო ბავშვების დაბადება და უწყვეტი პრობლემები ისეთ ოჯახებში, რომლებიც ჯერ არ დანგრეულა“. ასეთი სტრესი და დაძაბულობა არ არის გასაკვირი, რადგან ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ‘უკანასკნელი დღეების’ განმავლობაში ადამიანებისთვის იქნებოდა „საზარელი ჟამი“ (2 ტიმოთე 3:1–5).
2 ამიტომ, დღეს მშობლები დგანან ისეთი პრობლემების წინაშე, რომლებიც წინა თაობისთვის არ იყო ცნობილი. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ჩვენგანი შვილს „ბავშვობიდანვე“ ასწავლიდა ღმერთის გზებს, ბევრმა ოჯახმა მხოლოდ ახლახან დაიწყო ‘ჭეშმარიტებით სიარული’ (2 ტიმოთე 3:15; 3 იოანე 4). მათი შვილები, შესაძლოა, უკვე მოზრდილები იყვნენ, როდესაც მშობლებმა ღმერთის გზების სწავლება დაუწყეს. უფრო მეტიც, მარტოხელა მშობელთა და ისეთ ოჯახთა რიცხვი, სადაც გერი ბავშვები ჰყავთ, თანდათან იზრდება. როგორიც არ უნდა იყოს შენი მდგომარეობა, პავლეს სიტყვები იძლევა გაფრთხილებას: „აღზარდეთ ისინი [ბავშვები] უფლის მოძღვრებით და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
ქრისტიანი მშობლები და მათი როლი
3, 4. ა) რა ფაქტორების გამო გახდა მამების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი? ბ) რატომ არ უნდა იყვნენ მამები მხოლოდ ოჯახის მარჩენლები?
3 ყურადღება მიაქციე, რომ პავლემ თავისი სიტყვებით, რომელიც ჩაწერილია ეფესელთა 6:4-ში, ძირითადად მიმართა ‘მამებს’. ერთ-ერთი მწერალი განმარტავს, რომ გასული წლების თაობაში „მამებს ევალებოდათ თავიანთი შვილების მორალური და სულიერი აღზრდის პასუხისმგებლობა; მამები, ასევე, პასუხისმგებლები იყვნენ თავიანთი შვილების განათლებაზე. . . მაგრამ ინდუსტრიულმა რევოლუციამ ახლო ურთიერთკავშირი გაწყვიტა; მამებმა დატოვეს თავიანთი ფერმები, მაღაზიები და სახლები იმისთვის, რომ ემუშავათ ქარხნებში, შემდეგ ოფისებში. დედებს დაეკისრათ უამრავი ვალდებულება, რაზეც ადრე მამები იყვნენ პასუხისმგებლები. უფრო და უფრო მეტად, მამობა, საერთო წარმოდგენით არსებობს თეორიაში და არა — პრაქტიკაში“.
4 ქრისტიანო მამაკაცებო, ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რომ მხოლოდ ოჯახის მარჩენალები იყოთ, მეუღლეს ნუ შეატოვებთ ბავშვების დასწავლებისა და აღზრდის ვალდებულებას. იგავნის 24:27-ში ჩაწერილი სიტყვები ძველი დროის მამებს მოუწოდებდა: „შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი“. ასევეა დღესაც, როგორც მომუშავეებს, თქვენ, მამაკაცებო, გესაჭიროებათ მძიმე და დიდი ხნის მუშაობა, რომ უზრუნველყოთ ოჯახი (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ, სამუშაოს შემდეგ, გეთაყვა, დაუთმე დრო იმას, რომ ‘აიშენო სახლი’ — ემოციურად და სულიერად.
5. როგორ შეუძლიათ ქრისტიან ქალებს თავიანთი ოჯახის გადარჩენა?
5 ქრისტიანო მანდილოსნებო, თქვენც მთელი ძალებით უნდა შეეცადოთ, რომ გადაარჩინოთ ოჯახი. იგავნის 14:1 ამბობს: „ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს“. როგორც დაქორწინებული წყვილი, შენ და შენი მეუღლე პასუხისმგებლები ხართ ბავშვების გაწვრთნაში (იგავნი 22:6; მალაქია 2:14). ეს ნიშნავს ბავშვების აღზრდას, ქრისტიანული კრებებისა და საველე მსახურებისთვის მომზადებას, ბავშვებთან ოჯახური შესწავლების ჩატარებას იმ დროს, როდესაც ქმარს ეს არ ძალუძს. ასევე, ბევრი შეგიძლია გააკეთო იმით, რომ ასწავლო ბავშვებს საოჯახო საქმიანობა, კარგი მანერები, პირადი ჰიგიენა და სხვა მრავალი, რაც ცხოვრებაში გამოადგება (ტიტე 2:5). როდესაც ცოლ-ქმარი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებს, უკეთესად შეძლებს შვილების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მაგრამ, როგორია ზოგიერთი ამ მოთხოვნილებათაგანი?
ზრუნვა მათი ემოციური მოთხოვნილებებისთვის
6. რა როლს თამაშობენ დედები და მამები თავიანთი ბავშვების გონებრივ განვითარებაში?
6 როდესაც ‘მეძუძური შეფოფინებს თავის შვილებს’, ბავშვები სიმშვიდესა და სიყვარულს გრძნობენ (1 თესალონიკელთა 2:7; ფსალმუნი 21:10). დედებიდან ძალიან ცოტას თუ შეუძლია თავი შეიკავოს, რომ დიდი ყურადღება არ გამოამჟღავნოს პატარის მიმართ. ესაია წინასწარმეტყველი იძლეოდა შეკითხვას: „განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?“ (ესაია 49:15). ამიტომაც, დედა დიდ როლს თამაშობს ბავშვების გონებრივ განვითარებაში. რაც არ უნდა იყოს, ამ საკითხში მამების როლიც მნიშვნელოვანია. ოჯახური საკითხების კონსულტანტი, პოლ ლუისი ამბობს: „მე ჯერ არ შევხვედრივარ არასრულწლოვანი ბავშვების საკითხებში ისეთ მომუშავეს, რომელსაც სამართალდამრღვევ ბავშვთან საუბრისას მოესმინოს, რომ ბავშვს თავის მამასთან კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონოდა. ასობით ბავშვიდან — არცერთს“.
7, 8. ა) რა მტკიცებები არსებობს იმისა, რომ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვთ? ბ) როგორ შეუძლიათ მამებს სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა განავითარონ შვილებთან?
7 ამიტომ აუცილებელია, რომ ქრისტიანმა მამებმა მზრუნველობით განავითარონ სიყვარულით აღსავსე კავშირი შვილებთან. განვიხილოთ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მაგალითი. იესოს ნათლობის დროს იეჰოვამ განაცხადა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, შენშია ჩემი სათნოება“ (ლუკა 3:22). რაოდენ ბევრია ჩაქსოვილი ამ სიტყვებში! იეჰოვამ 1) აღიარა თავისი ძე, 2) ცხადად გამოხატა იესოსადმი სიყვარული და 3) განაცხადა თავისი მოწონება იესოს მიმართ. მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც იეჰოვამ თავისი ძის მიმართ სიყვარული გამოამჟღავნა. მოგვიანებით, იესომ უთხრა თავის მამას: „[შენ] შემიყვარე ქვეყნიერების დაარსების წინ“ (იოანე 17:24). ნუთუ მორჩილი შვილები მამების მხრიდან არ საჭიროებენ ნამდვილ აღიარებას, სიყვარულსა და მოწონებას?
8 თუ შენ მამა ხარ, მსგავსადვე შეგიძლია ძალიან ბევრი გააკეთო და შვილებთან სიყვარულის კავშირი განამტკიცო იმით, რომ ფიზიკურად ან სიტყვიერად რეგულარულად გამოხატო ნამდვილი სიყვარული. გასაგებია, რომ ზოგიერთ მამაკაცს უძნელდება სიყვარულის გამოხატვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას არასოდეს უგრძნია მამისგან სიყვარული. მაგრამ შვილებისადმი სიყვარულის თვით მოუქნელ გამოხატვასაც კი ძლიერი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. რაც არ უნდა იყოს, ‘სიყვარული — აშენებს’ (1 კორინთელთა 8:1). თუ შენი შვილები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ შენი მამობრივი სიყვარულის გამო, მათ უფრო მეტი მიდრეკილება ექნებათ, რომ ‘ნამდვილი ძეები და ასულები’ იყვნენ და თავისუფლება იგრძნონ, რომ მოგენდონ (იგავნი 4:3, აქ).
ზრუნვა მათი სულიერი მოთხოვნილებებისთვის
9. ა) როგორ ზრუნავდნენ ღვთისმოშიში ისრაელი მშობლები თავიანთი ოჯახის სულიერ უზრუნველყოფაზე? ბ) რა შესაძლებლობა აქვთ ქრისტიანებს, რომ საუბრებით დარიგება მისცენ თავიანთ ბავშვებს?
9 ბავშვებს, ასევე, აქვთ სულიერი მოთხოვნილებები (მათე 5:3). მოსე შეაგონებდა ისრაელ მშობლებს: „გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:6, 7). თუ შენ ქრისტიანი მშობელი ხარ, ბევრი შეგიძლია ასწავლო შვილებს საუბრის დროს, „გზაზე სიარულისას“. ბავშვებთან ერთად მაღაზიებში სიარულისას, კარდაკარ ქადაგებისას ან ქრისტიანული სამსახურის დროს მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევა, რომ განმუხტულ სიტუაციებში დარიგება მისცე ბავშვებს. საუბრისთვის განსაკუთრებით კარგია საუზმის, სადილის და ვახშმის დრო. „ჩვენ ასეთ შემთხვევებში ვსაუბრობთ იმის შესახებ, რაც დღის განმავლობაში მოხდა“ — განმარტავს ერთ-ერთი მშობელი.
10. რატომ არის ხანდახან ძნელი ოჯახური შესწავლის ჩატარება და როგორი განწყობა უნდა გამოავლინონ მშობლებმა?
10 დამოძღვრა ბიბლიის რეგულარული შესწავლით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვების „გულში სიბრიყვე ბუდობს“ (იგავნი 22:15). ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ მათ ბავშვებს ადვილად შეუძლიათ ოჯახური შეხვედრების ჩაშლა. როგორ? მოუსვენარი და მომაბეზრებელი მოქმედებებით, გამაღიზიანებელი გართობებით (მაგალითად, პატარა და-ძმებთან ჩხუბით), ან შეუძლიათ თავის მოჩვენება, რომ არ იციან ბიბლიის ძირითადი ჭეშმარიტებები. თუ სიტუაცია იქამდე მიდის, რომ იმართება ბრძოლა, ვის უფრო მეტი უფლება აქვს ოჯახში, მშობლების პოზიცია უნდა იყოს მტკიცე. ქრისტიანი მშობლები არ უნდა დანებდნენ და ნება არ უნდა დართონ ბავშვებს, იბატონონ ოჯახში (შეადარე გალატელთა 6:9).
11. როგორ შეიძლება ოჯახური შესწავლა სასიამოვნო იყოს?
11 თუ თქვენს ბავშვებს არ მოსწონთ ოჯახური შესწავლა, შესაძლოა ზოგიერთი ცვლილება მოახდინო. მაგალითად, იმისთვის ხომ არ იყენებ ოჯახურ შესწავლას, რომ ბავშვებს წარსული ნაკლოვანებები გაუხსენო? ალბათ უკეთესი იქნებოდა, ასეთი საუბრები ცალკე გამართულიყო. რეგულარულად აწყობთ თუ არა ოჯახურ შესწავლას? თუ შესწავლა სხვა დროისთვის გადაგაქვთ საყვარელი ტელე-შოუს ან სპორტული მიმოხილვის გამო, მაშინ ბავშვები ოჯახურ შესწავლას მთელი სერიოზულობით არ მოეპყრობიან. ხარ თუ არა სერიოზულად განწყობილი და ენთუზიაზმით აღსავსე ოჯახური შესწავლის მიმართ? (რომაელთა 12:8). დიახ, შესწავლა უნდა იყოს სასიამოვნო. შეეცადე, თითოეულ ბავშვს მიაღებინო მონაწილეობა. იყავი პოზიტიური და დამრიგებლური, გულთბილად შეაქე ბავშვები მონაწილეობის მიღებისთვის. მასალას მოვალეობის მიზნით ნუ განიხილავ, შეეცადე, რომ შესწავლილი გულებს შეეხოს (იგავნი 23:15).
აღვზარდოთ სამართლიანობაში
12. აღზრდა ყოველთვის რატომ არ ნიშნავს ფიზიკურ დასჯას?
12 ბავშვებს ასევე ესაჭიროებათ მკაცრი დისციპლინა. როგორც მშობელმა, უნდა დაუდგინო მათ საზღვრები. იგავნის 13:24-ში ნათქვამია: „ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის“. აქ ბიბლია არ გულისხმობს, რომ დისციპლინა ყოველთვის ფიზიკური დასჯით შემოიფარგლება. იგავნის 8:33-ში ვკითხულობთ: „მოისმინეთ შეგონება“ და ასევე ნათქვამია, რომ „გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა“ (იგავნი 17:10).
13. როგორ შეიძლება ბავშვს ასწავლო დისციპლინა?
13 შესაძლოა, ხანდახან, ფიზიკური დასჯა დროულია. თუ ბავშვს დავსჯით იმ დროს, როდესაც განრისხებულნი ვართ, დასჯა ზღვარს გადასული და უშედეგო იქნება. ბიბლია გვაფრთხილებს: „მამებო, ნუ გააბრაზებთ თქვენს შვილებს, რათა არ მოსწყინდეთ“ (კოლასელთა 3:21). ნამდვილად, „შესაძლოა გაჭირვებამ ბრძენს სისულელე ჩაადენინოს“ (ეკლესიასტე 7:7, აქ). გაღიზიანებული ბავშვი, შესაძლოა, სამართლიანი ნორმების წინააღმდეგაც აღდგეს. ამგვარად, მშობლებმა საღვთო წერილი უნდა გამოიყენონ, რომ თავიანთ ბავშვებს სამართლიანობა მტკიცედ და ამავე დროს, გაწონასწორებულად ჩააგონონ (2 ტიმოთე 3:16). ღვთისმოსაწონი აღზრდა წარიმართება სიყვარულითა და სიმშვიდითa (შეადარე 2 ტიმოთე 2:24, 25).
14. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა თუ ადვილად ბრაზდებიან?
14 რასაკვირველია, რომ „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკობი 3:2). არის მომენტი, რომ თვით მოსიყვარულე მშობლებსაც კი არ შეუძლიათ შეჩერდნენ და შესაძლოა, რაღაც არასასიამოვნო თქვან ან გამოავლინონ სიბრაზე (კოლასელთა 3:8). თუ ამას ადგილი ექნება, ნუ დაუშვებ, მზე ისე ჩავიდეს, რომ ბავშვი დიდ მწუხარებას განიცდიდეს, შენ კი — გაბრაზებას (ეფესელთა 4:26, 27). მოაგვარე საქმე ბავშვთან და თუ მიზანშეწონილია, ბოდიში მოუხადე (შეადარე მათე 5:23, 24). თავმდაბლობის ასეთმა გამომჟღავნებამ, შესაძლოა, დაგაახლოვოს ბავშვთან. თუ ხედავ, რომ კონტროლს ვერ უწევ შენს გრძნობებს და ადვილად ეძლევი მრისხანებას, დახმარება ეძებე კრებაში დანიშნულ უხუცესებთან.
მარტოხელა მშობლები, დედინაცვალები და მამინაცვალები
15. როგორ შეიძლება მარტოხელა მშობლის ოჯახში დაეხმარო ბავშვებს?
15 მაგრამ ყველა ბავშვს არა აქვს ორივე მშობლისგან მხარდაჭერა. შეერთებულ შტატებში ოთხიდან ერთი ბავშვი იზრდება მარტოხელა მშობელთან. უმამო ბავშვები უცხო არ იყო ბიბლიურ დროშიც, და მათზე მზრუნველობა არაერთხელ მოიხსენიება საღვთო წერილში (გამოსვლა 22:21). დღეს ქრისტიანთა შორის მარტოხელა მშობლები, ასევე, გაჭირვებისა და სიძნელეების წინაშე დგანან, მაგრამ ისინი შვებას პოულობენ, რადგანაც იციან, რომ იეჰოვა არის „მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა“ (ფსალმუნი 67:6). ქრისტიანს ეძლევა რჩევა, რომ ‘გაჭირვებაში მიხედოს ქვრივ-ობლებს’ (იაკობი 1:27, სსგ). თანამორწმუნეებს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ მარტოხელა მშობლების დასახმარებლად.
16. ა) რა უნდა გააკეთოს მარტოხელა მშობელმა თავისი ოჯახისთვის? ბ) რატომ არის შესაძლებელი, რომ ბავშვის აღზრდა იყოს ძნელი, მაგრამ რატომ არის აუცილებელი?
16 თუ შენ მარტოხელა მშობელი ხარ, როგორ შეგიძლია დაეხმარო ოჯახს? აუცილებელია გამოავლინო გულმოდგინება ბიბლიის ოჯახურ შესწავლაზე, კრებებზე დასწრებასა და სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე. მაგრამ შენთვის, შესაძლოა, განსაკუთრებით ძნელია ბავშვის აღზრდა. ალბათ, ჯერ კიდევ განიცდი გულით საყვარელი მეუღლის დაკარგვას. ან, შესაძლოა, ებრძვი დანაშაულისა და სიბრაზის გრძნობას, რომ ოჯახი დაინგრა. თუ მეუღლესთან განქორწინებული ხარ, ან მისგან განცალკევებით ცხოვრობ და ბავშვზე მეურვეობის უფლება ორივე მშობელზეა, ალბათ შიშობ, რომ ბავშვი უპირატესობას მიანიჭებს შენს მეუღლესთან ცხოვრებას. ასეთმა სიტუაციამ, შესაძლოა, იმოქმედოს და ემოციურად გააძნელოს ბავშვის გაწონასწორებული დისციპლინით აღზრდა. ბიბლია გვეუბნება რომ ‘მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია’ (იგავნი 29:15). ნებას ნუ დართავ საკუთარ თავს, რომ ყოფილი მეუღლის გამო დაიტანჯო დანაშაულის გრძნობით, სინდისის ქენჯნით ან ემოციური სტრესით. დაადგინე გონივრული და მყარი ნორმები. ნუ დათმობ ბიბლიურ პრინციპებს (იგავნი 13:24).
17. როგორ შეიძლება, რომ მარტოხელა მშობლის ოჯახის წევრების როლი იყოს ბუნდოვანი და რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?
17 მაგრამ, წამოიჭრება პრობლემები, თუ მარტოხელა დედა თავის ვაჟს მეუღლის შემცვლელად მიიჩნევს, რადგან ოჯახში ის არის მამაკაცი, ხოლო ქალიშვილს — როგორც ნდობით აღჭურვილ პირს — პირადი პრობლემებით დატვირთავს. ასეთი მოქმედება უადგილოა და ბავშვისთვის შემაცბუნებელი. როდესაც მშობლისა და შვილის როლი ბუნდოვანია, ოჯახში დისციპლინა ირღვევა. დაე, ცხადი იყოს, რომ შენ ხარ მშობელი. თუ დედა ხარ და საჭიროებ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას, მიმართე უხუცესს ან მოწიფულ ქრისტიან დას (შეადარე ტიტე 2:3–5).
18, 19. ა) რა სიძნელეებს ხვდებიან ისეთ ოჯახში, სადაც არის მამინაცვალი ან დედინაცვალი? ბ) როგორ შეუძლიათ ასეთ ოჯახებში მშობლებსა და ბავშვებს, გამოამჟღავნონ სიბრძნე და გამჭრიახობა?
18 მსგავსი პრობლემები წამოიჭრება ოჯახებში, სადაც გერი ბავშვები ჰყავთ. უმეტეს შემთხვევაში იშვიათია, რომ დედინაცვალმა ან მამინაცვალმა გერისგან „მყისვე იგრძნოს სიყვარული“. მაგალითად, გერი, შესაძლოა, ძალიან მგრძნობიარეა იმ დროს, როდესაც ხედავს, რომ დედინაცვალი ან მამინაცვალი საკუთარი შვილის მიმართ უფრო მეტ სიყვარულს ავლენს (შეადარე დაბადება 37:3, 4). სინამდვილეში, გერი ბავშვები, შესაძლოა, განიცდიან ნამდვილ მშობელთან განშორებით გამოწვეულ გულისტკივილს; ამავე დროს, აქვთ შიში იმის გამო, რომ თუ დედინაცვალსა და მამინაცვალს შეიყვარებენ, ორგულობას გამოიჩენენ ნამდვილი დედის ან მამის მიმართ. როდესაც ცდილობ დარიგება მისცე, შესაძლოა, მწარე სიტყვებით შეგეპასუხონ: „შენ ჩემი ნამდვილი მშობელი არა ხარ!“
19 იგავნის 24:3-ში ნათქვამია: „სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული“. დიახ, იმ ოჯახის თითოეული წევრის მხრიდან, სადაც გერი ბავშვია, სიბრძნე და გამჭრიახობაა საჭირო იმისათვის, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ. დროთა განმავლობაში, ბავშვები უნდა შეეგუონ მტკივნეულ ფაქტს, რომ მდგომარეობა შეიცვალა. დედინაცვალსაც და მამინაცვალსაც ესაჭიროებათ ისწავლონ, რომ იყვნენ მომთმენნი და თანამგრძნობელნი, მაშინვე არ განაწყენდნენ, როდესაც მოჩვენებითი უარყოფის პირისპირ აღმოჩნდებიან (იგავნი 19:11; ეკლესიასტე 7:9). ვიდრე დაიწყებდე ბავშვის დისციპლინებულად აღზრდას, შეეცადე, მეგობრული ურთიერთობა დაამყარო მასთან. სანამ ასეთ ურთიერთობას მიაღწევდეს, ზოგიერთს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა ნამდვილ მშობელს ეზრუნა ბავშვის აღზრდაზე. როდესაც წარმოიქმნება დაძაბული მდგომარეობა, მთელი ძალებით შეეცადე, რომ კომუნიკაცია დაამყარო. ‘მოთათბირეებთან სიბრძნეა’ — ნათქვამია იგავნის 13:10-ში.
ნუ შეწყვეტ, რომ მთელი ძალისხმევა მოახმარო შენი ოჯახის გადარჩენას!
20. რისი კეთება არ უნდა შეწყვიტოს ოჯახის მეთაურმა?
20 მტკიცე ქრისტიანული ოჯახები თავისთავად არ წარმოიშობა. შენ, ოჯახის მეთაური, არ უნდა შეჩერდე, რომ მთელი ძალები მოახმარო ოჯახის გადარჩენას. იყავი ფხიზლად, რომ არაჯანსაღი ან ამქვეყნიური ტენდენციები არ განვითარდეს ოჯახში. სამაგალითო იყავი საუბრით, მოქმედებით, სიყვარულით, რწმენითა და უბრალოებით (1 ტიმოთე 4:12). გამოავლინე ღმერთის სულის ნაყოფები (გალატელთა 5:22, 23). მოთმინება, ყურადღება, მიმტევებლობა და სინაზე განამტკიცებს შენს ძალისხმევას, რომ ასწავლო ბავშვებს ღმერთის გზები (კოლასელთა 3:12–14).
21. როგორ შეიძლება ოჯახში შენარჩუნდეს თბილი, ბედნიერი ატმოსფერო?
21 ღმერთის დახმარებით შეეცადე, რომ ოჯახში შეინარჩუნო ბედნიერი, თბილი სულიერი განწყობილება. ერთად გაატარეთ დრო, შეეცადე ყოველი დღე, თუნდაც ერთხელ მაინც, შეხვდეთ ერთმანეთს სუფრასთან. პირველ ადგილზე დააყენე ქრისტიანული კრებები, საველე მსახურება და ოჯახური შესწავლა. მაგრამ არის „ჟამი სიცილისა. . . და ჟამი ლხინისა“ (ეკლესიასტე 3:1, 4). დიახ, დაგეგმეთ დრო სასარგებლო დასვენებისთვის. დაათვალიერეთ მუზეუმები, ზოოპარკები და სხვა ისეთი ადგილები, რაც სასიამოვნო იქნება მთელი ოჯახისთვის. ან შეგიძლია გამორთო ტელევიზორი, რომ ერთად იმღეროთ, უსმინოთ მუსიკებს, ითამაშოთ ან ისაუბროთ. ეს დაეხმარება ოჯახს, რომ შეკავშირდეს.
22. რატომ არ უნდა დაზოგო ძალ-ღონე ოჯახის გადასარჩენად?
22 ქრისტიანო მშობლებო, კვლავ გააგრძელეთ, ასიამოვნოთ იეჰოვას „ნაყოფის მოტანით და ღმერთის შემეცნებაში ზრდით“ (კოლასელთა 1:10). ღმერთის სიტყვისადმი მორჩილებით მტკიცე საფუძველზე ააშენეთ თქვენი ოჯახი (მათე 7:24–27). იყავით დარწმუნებულნი, რომ თქვენი ძალისხმევა — აღზარდოთ ბავშვები „უფლის მოძღვრებით და დარიგებით“ — იეჰოვას მოწონებას დაიმსახურებს (ეფესელთა 6:4).
[სქოლიოები]
a იხილე სტატია «ბიბლიის თვალსაზრისი: „როზგი აღზრდისთვის — მოძველდა თუ არა?“» ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ 1992 წლის 8 ოქტომბრის გამოცემა (რუს.).
როგორ უპასუხებდი?
□ როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ითანამშრომლოს ოჯახის აშენებისთვის?
□ რომელია ბავშვების ზოგიერთი ემოციური მოთხოვნილება და როგორ შეიძლება მათი დაკმაყოფილება?
□ როგორ შეუძლია ოჯახის მეთაურს, ასწავლოს ბავშვებს როგორც სისტემატიურად, ასევე, საუბრის დროს?
□ როგორ შეუძლიათ მშობლებს, აღზარდონ ბავშვები სამართლიანობაში?
□ რა შეიძლება გაკეთდეს იმ ოჯახების სასარგებლოდ, სადაც არის მარტოხელა მშობელი ან დედინაცვალი, ან მამინაცვალი?
[სურათი 31-ე გვერდზე]
მამის მიერ გამომჟღავნებული სიყვარული და მოწონება მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.