რატომ აგრძელებენ მოსვლას მოწმეები?
„ისევ ისინი არიან! ისინი ხომ რამდენიმე კვირის წინ იყვნენ!“ იბადება თუ არა შენს გონებაში ასეთი ფიქრები, როცა იეჰოვას მოწმეებიდან ერთ-ერთი მოდის შენთან? დღეს იეჰოვას მოწმეები აკითხავენ მილიონობით ადამიანს. შენ, შესაძლოა, იკითხო: „რატომ იჩენენ შეუპოვრობას, როცა იციან, რომ ადამიანების უმეტესობას აქვს საკუთარი რელიგია ან საერთოდ არ აინტერესებს რელიგია?“ ეს კითხვა პასუხის ღირსია.
პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე
წმინდა წერილებიდან იეჰოვას მოწმეებმა გაიგეს, რომ დაწყებული 1914 წლიდან, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მსოფლიო მოვლენებით შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები დღევანდელი ამქვეყნიური სისტემის დასასრულსა და დედამიწაზე ღმერთის სამეფოს მმართველობის მოსვლასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ძალადობამ, სისხლის ღვრამ და სიძულვილმა, რომელიც თითქმის საუკუნეა გრძელდება, ადრინდელზე უფრო მეტად დააშორა კაცობრიობა თავისი პრობლემების პოლიტიკური გადაჭრისგან. ომები და ტერორიზმი, რომლებიც ჯერ კიდევ ანაღვლიანებენ ადამიანთა ოჯახს, ამტკიცებენ, რომ ადამიანთა მმართველობამ მარცხი განიცადა ადამიანთა გულის, გონებისა და პოზიციის შეცვლაში. ისტორიის განმავლობაში მომხდარი შემთხვევების გამო, ღრმად გამჯდარი გულისწყრომა ჯერ კიდევ შხამავს დამოკიდებულებას ეთნიკურ, რასობრივ და რელიგიურ ჯგუფებს შორის. ეს ნამდვილად ასეა ისეთ რაიონებში, როგორიცაა ავღანეთი, ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი, ყოფილი იუგოსლავია, სამხრეთი აფრიკა და ჩრდილოეთი ირლანდია. მაგრამ რაში შედგება ამ პრობლემების ერთადერთი ხანგრძლივი გადაწყვეტა?
რა აღძრავს მოწმეებს?
იეჰოვას მოწმეები აღიარებენ, რომ პრობლემების ერთადერთი განსახორციელებლად შესაძლებელი, ღვთისმიერი გადაჭრა არის აღთქმული სამეფო ქრისტე იესოს მმართველობით. ამ სამეფოს მმართველობის შესახებ ვედრება, იესომ თავის ცნობილ სანიმუშო ლოცვაშიც ჩართო: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; და მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. მოწმეებს სწამთ, რომ ამ ლოცვაში ნამდვილად ჩადებულია ვედრება კაცობრიობის საქმეებში ღმერთის ჩარევის შესახებ (მათე 6:9, 10).
მაშინ, რატომ გრძნობენ იეჰოვას მოწმეები აუცილებლობას, განუწყვეტლივ იარონ კარდაკარ, და რატომ ცდილობენ გადასცენ ეს ცნობა ადამიანებს? იესოს მიერ მოცემული ორი ბრძანების გამო, რომლებსაც მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე ამის მსგავსია: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:37–39).
მოწმეებს სურთ, მიიღონ ღმერთისგან კურთხევა და, რადგან უყვართ თავიანთი მოყვასი, სურთ, რომ მათაც ჰქონდეთ ეს კურთხევა. ამრიგად, რადგან მიჰყვებიან იესოს მაგალითს, უანგარო სიყვარულით არიან აღძრული, როცა მიდიან თავიანთ მოყვასთან. ყოველ შემთხვევაში, მათ სურთ შესთავაზონ თავიანთ მოყვასს შესაძლებლობა, შეიცნოს, თუ რა აღუთქვა ‘ნეტარმა [ბედნიერმა, აქ] ღმერთმა’ მორჩილ კაცობრიობას, რომელიც იცხოვრებს გაწმენდილ დედამიწაზე (1 ტიმოთე 1:11; 2 პეტრე 3:13).
ქრისტიან მისიონერს, პავლეს, სწამდა ღმერთის აღთქმები და ამიტომ დაწერა: „პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღმერთის რჩეულთა რწმენით და ჭეშმარიტების შეცნობით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნო დროთა უწინ“. დიახ, „უტყუარმა“ ღმერთმა „აღუთქვა“ მარადიული სიცოცხლე მათ, ვინც თავმდაბლურად ეძებს, რომ შეიცნოს ღმერთი და ემსახუროს მას (ტიტე 1:1, 2; სოფონია 2:3).
უხდიან კი მოწმეებს გასამრჯელოს?
ზოგიერთი ადამიანი ზოგჯერ ამტკიცებს, რომ მოწმეებს გასამრჯელოს უხდიან მათი მსახურებისთვის. ეს საერთოდ არ შეესაბამება ჭეშმარიტებას! მოწმეები მთელი სერიოზულობით უყურებენ პავლეს სიტყვებს, რომელმაც კორინთის კრებას მისწერა: „ჩვენ არ ვვაჭრობთ, როგორც მრავალნი, ღმერთის სიტყვას არამედ წრფელად, როგორც ღმერთისაგან, ღმერთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში“ (2 კორინთელთა 2:17).
ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლი ქადაგებს ფულის გამო, რომელსაც იღებს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და თავის სატელევიზიო გადაცემებში კომერციული სარეკლამო ინფორმაციის ჩართვისთვის. მრავალ რელიგიას ჰყავს სამღვდელოება, რომელსაც ფულს უხდიან.
ამის საპირისპიროდ, იეჰოვას მოწმეებს არ ჰყავთ სამღვდელოება, რომელსაც ფულს უხდიან, და ხშირად ისინი სთავაზობენ ბიბლიურ ლიტერატურას ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს უფასოდ, თუმცა ამათგან მრავალი აღძრულია, გააკეთოს ნებაყოფლობითი შესაწირავი. ის კი გამოიყენება მსოფლიოში მიმდინარე სამქადაგებლო მოღვაწეობის დანახარჯების ასანაზღაურებლად. იესოს რჩევის თანახმად: „უსასყიდლოდ მიიღეთ — უსასყიდლოდ გაეცით“, ყოველწლიურად ღმერთისადმი მსახურებისთვის მილიონობით საათის შეწირვით, მოწმეები გულუხვად ხარჯავენ თავიანთ საშუალებებს, რომელთა შორის არის დრო და ენერგია. ამრიგად, ისინი დაინტერესებულ პირებს ასწავლიან კარდაკარ და ბიბლიის საშინაო შესწავლის საშუალებით (მათე 10:8; 28:19, 20; საქმე 20:19, 20).
ფაქტები ამტკიცებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, მათ ადგილობრივ კრებებს ან „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოებას არ ამოძრავებს ფული. არც ერთი არ იღებს გასამრჯელოს კარდაკარ მსახურებისთვის. მაგრამ, როგორ ხდება ამ მსახურების დაფინანსება? მთელ მსოფლიოში მცხოვრები მადლიერი ადამიანების ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ფულის აკრეფა არასდროს არ ხდება.
მათი დამოწმების შედეგი
მოქმედებს თუ არა კარდაკარ მსახურება და მოწმეების არაფორმალური ქადაგება, ხალხის ცნობიერებაზე? ამ კითხვაზე საინფორმაციო საშუალებები გვაძლევს მტკიცე „დიახს“. იეჰოვას მოწმეებს ხშირად მოიხსენიებენ სატელევიზიო პროგრამებსა და ფილმებში, როცა ნაჩვენებია ვინმე, ვინც აკაკუნებს კარებზე. მოწმეებს, აგრეთვე, იუმორისტულ ნახატებში მოიხსენიებენ. მათი გულმოდგინე მოღვაწეობა იმდენად კარგად არის ცნობილი, რომ მთელ მსოფლიოში მხატვრები აკეთებენ იუმორისტულ ნახატებს იეჰოვას მოწმეების შესახებ. ეს, შეიძლება, სატირული ჩანდეს, მაგრამ, ჩვეულებრივ, დაფუძნებულია მნიშვნელოვან დადებით ფაქტზე — იეჰოვას მოწმეები აღიარებული არიან შეუპოვარი ქადაგებით კარდაკარ (საქმე 20:20).
არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ იუმორისტულ ნახატზე იყო ნაჩვენები კაცი, რომელიც რჩევის მისაღებად ადის მთაზე „გურუსთან“. კაცმა უთხრა: „მითხარი რამე არაჩვეულებრივი, რაც მომავალში მოხდება!“ როგორ უპასუხა „გურუმ“? „მოდი, ვნახოთ. . . იქნება შიმშილი, ეპიდემიები და მრავალი მიწისძვრა. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად“. კაცმა ისევ ჰკითხა: „კარგი არაფერია?“ ამაზე „გურუმ“ მიუგო: „ღმერთი მოსწმენდს ყოველგვარ ცრემლს. . . და აღარ იქნება სიკვდილი, არც დარდი, არც ტკივილი!“ სტუმარმა ჰკითხა: „როგორ გაიგე ამ ამბების შესახებ?“ რა უპასუხა „გურუმ“? „არავინ გაექცევა იეჰოვას მოწმეებს!“ ეს, ასევე, თვით კარიკატურისტსაც უნდა ეხებოდეს!
მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს და სხვა ამის მსგავსი კომიქსები გამოხატავენ მოწმეების მიერ არა მხოლოდ მონახულებების, არამედ, ასევე, მათი ცნობის სიმტკიცეს. მხატვარმა სულ რამდენიმე სიტყვით გამოხატა მათი კარდაკარ დამოწმების არსი და მოიყვანა ციტატები ბიბლიური მუხლებიდან (შეადარე მათე 24:7, 29; გამოცხადება 21:3, 4).
ის ფაქტი, რომ მრავალი ადამიანი უარყოფს მათ ცნობას, არ აბნევს მოწმეებს და არ ასუსტებს მათ გულმოდგინებას. მოციქულმა პეტრემ მოგვცა გაფრთხილება: „უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავები, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. და ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რამეთუ მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე ისევე რჩება, როგორც დასაბამიდან“. მიუხედავად ამისა, სიყვარულით ამოქმედებული მოწმეები აგრძელებენ თავიანთი მოყვასის მონახულებას და გააკეთებენ ამას, სანამ ღმერთი თავს დაატეხს აღსასრულს დღევანდელ გახრწნილ სისტემას (2 პეტრე 3:3, 4).
იესომ თქვა, რომ უკანასკნელ დღეებში, პირველად კეთილი ცნობა უნდა ექადაგოს. დამატებითი გამოკვლევისთვის, თუ რატომ და როგორ მიმდინარეობს კეთილი ცნობის ქადაგება, იხილე მომდევნო ორი სტატია (მარკოზი 13:10).