პირველად ეს კეთილი ცნობა უნდა ექადაგოს
„პირველად სახარება [კეთილი ცნობა, აქ] უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარკოზი 13:10).
1, 2. რა არის მოწმეების განმასხვავებელი ნიშანი და რატომ?
რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები ასე დაჟინებით? ეჭვგარეშეა, მთელ მსოფლიოში ჩვენ გვიცნობენ საჯაროდ მსახურების შედეგად, იქნება ეს კარდაკარ, ქუჩებში თუ არაფორმალური დამოწმების დროს. ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში, ჩვენ ვაგებინებთ ადამიანებს, რომ მოწმეები ვართ და ვცდილობთ ტაქტიანად გადავცეთ კეთილი ცნობა, რომელსაც დიდად ვაფასებთ. ნამდვილად, შეიძლება ითქვას, რომ ეს მსახურება ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია! (კოლასელთა 4:6).
2 მხოლოდ დაფიქრდი, რას ფიქრობენ ადამიანები მაშინ, როცა თავის მეზობლად ხედავენ კოხტად ჩაცმულ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს პორტფელებით ხელში? ფიქრობენ კი: „ისევ კათოლიკეები (ან მართლმადიდებლები) მოდიან!“ ან „ისევ ორმოცდაათიანელები (ან ბაპტისტები) მობრძანდნენ!“ არა. ხალხმა იცის, რომ ამ რელიგიების მიმდევრები არ ქადაგებენ კარდაკარ მთელი ოჯახებით. შესაძლოა, რომელიღაცა რელიგიური ჯგუფები აგზავნიან კიდეც რამდენიმე „მისიონერს“ ორწლიანი ვადით გარკვეულ რაიონებში, მაგრამ ამ ჯგუფების რიგითი წევრები არ მონაწილეობენ ასეთ მსახურებაში. მთელ მსოფლიოში, მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არიან აღიარებული იმ გულმოდგინების გამო, რომელსაც ისინი ავლენენ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში, როცა სხვა ადამიანებს გადასცემენ თავიანთ ცნობას. ისინი, ასევე, ცნობილი არიან თავიანთი ჟურნალებით: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ (ესაია 43:10–12; საქმე 1:8).
განსხვავდებიან ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისგან
3, 4. როგორ წარმოადგენენ საინფორმაციო საშუალებები ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას?
3 ამ დროს, სრულიად საპირისპიროდ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები კვლავ და კვლავ ამხელენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის სამღვდელოების მრავალი წარმომადგენელი არის პედოფილი, უზნეო თაღლითი და მატყუარა. ყველა ხედავს მათ ხორცის საქმეებს და მფლანგველურ ცხოვრებას, რომელსაც ატარებენ. სიმღერების ერთ-ერთმა პოპულარულმა ავტორმა კარგად გამოთქვა ყოველივე ეს თავის სიმღერაში, სათაურით: „გაიკეთებდა კი იესო „როლექსს“ თავისი სატელევიზიო შოუს დროს?“ ის სვამს კითხვას: „იქნებოდა კი იესო პოლიტიკური მოღვაწე, თუ დაბრუნდებოდა დედამიწაზე? ექნებოდა კი მას მეორე სახლი პალმ-სპრინსგში [კალიფორნიის მდიდარი დასახლება] და შეეცდებოდა კი თავისი სიმდიდრის დაფარვას?“ რაოდენ შესაბამისია იაკობის სიტყვები: „თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ“ (იაკობი 5:5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები; კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი“; გალატელთა 5:19–21).
4 სამღვდელოების ურთიერთობა პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ის, რომ არჩევნებში მონაწილეობის დროს პოლიტიკურ კანდიდატად საკუთარ თავსაც კი წარადგენენ, ამხელს მათ, როგორც დღევანდელ მწიგნობრებსა და ფარისევლებს. ამავე დროს, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები და კანადა, საეკლესიო სკივრები ცარიელდება, რადგან სამღვდელოების წინააღმდეგ, ბავშვებთან და მოზარდებთან მათი გარყვნილი ქცევის გამო აღძრულ სასამართლო პროცესებსა და განხილვებზე დიდი თანხები იხარჯება (მათე 23:1–3).
5. რატომ აღმოჩნდა, რომ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება არ წარმოადგენს ‘ერთგულ და გონიერ მონას’?
5 იესოს შეეძლო მართებულად ეთქვა თავისი დროის სამღვდელოებისათვის: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ჰგავხართ შეთეთრებულ სამარხებს, რომლებიც გარედან ლამაზები მოჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანების წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და უსჯულოებით ხართ აღვსილნი“. ამიტომ, ღმერთმა არ მისცა კეთილი ცნობის ქადაგების უფლება ქრისტიანული სამყაროს არცერთი რელიგიური ორგანიზაციის სამღვდელოებას — არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტებს, არც მართლმადიდებლებს არც რომელიმე სხვა რელიგიურ ორგანიზაციას. აღმოჩნდა, რომ ისინი არ წარმოადგენენ ‘ერთგულ და გონიერ მონას’, რომლის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო (მათე 23:27, 28; 24:45–47).
რატომ ქადაგებენ კეთილ ცნობას პირველად?
6. რომელი მოვლენები მოხდება მალე?
6 იესოს დავალების ჩაწერისას, ექადაგათ კეთილი ცნობა ყველა ხალხისთვის, მხოლოდ მარკოზმა გამოიყენა სიტყვა „პირველად“ (მარკოზი 13:10; შეადარე მათე 24:14). ფილიპსის თარგმანში ვკითხულობთ: „ვინაიდან, სანამ მოვა აღსასრული, სახარება უნდა გამოცხადდეს ყველა ხალხში“. ზმნიზედის „პირველად“ გამოყენება ნიშნავს, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას სხვა მოვლენები მოჰყვება. ამ მოვლენებს შორის იქნება აღთქმული დიდი ჭირი და ქრისტეს სამართლიანი მმართველობა ახალ ქვეყნიერებაზე (მათე 24:21–31; გამოცხადება 16:14–16; 21:1–4).
7. რატომ სურს ღმერთს, რომ პირველად კეთილი ცნობა ექადაგოს?
7 მაგრამ, რატომ სურს ღმერთს, რომ პირველად კეთილი ცნობა ექადაგოს? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ის სიყვარულის, სამართლიანობის, სიბრძნისა და ძალის ღმერთია. იესოს სიტყვების შესრულებაში, რომლებიც ჩაწერილია მათეს 24:14-სა და მარკოზის 13:10-ში, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ იეჰოვას ამ თვისებების შთამბეჭდავი დამტკიცება. მოდით, თანმიმდევრობით მოკლედ განვიხილოთ ეს თვისებები და ვნახოთ, რა კავშირი აქვს კეთილი ცნობის ქადაგებასთან.
კეთილი ცნობა და იეჰოვას სიყვარული
8. როგორ გამოხატავს კეთილი ცნობის ქადაგება ღმერთის სიყვარულს? (1 იოანე 4:7–16).
8 როგორ ირეკლავს კეთილი ცნობის ქადაგება ღმერთის სიყვარულს? უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ის არ წარმოადგენს ცნობას, რომელიც განსაკუთრებით განკუთვნილია ერთი რასის ან ჯგუფისთვის. ეს არის კეთილი ცნობა ‘ყველა ერისთვის’. ღმერთს იმდენად უყვარს კაცობრიობა, რომ წარმოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე დედამიწაზე არა მხოლოდ ერთი რასის, არამედ მთელი კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რამეთუ არ წარმოგზავნა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ გაასამართლოს ქვეყნიერება; არამედ რომ ქვეყნიერება გადარჩეს მის მიერ“ (იოანე 3:16, 17). რასაკვირველია, კეთილი ცნობა — ცნობა, რომელიც მშვიდობის, თანხმობისა და სამართლიანობის ახალ ქვეყნიერებას ჰპირდება — ღმერთის სიყვარულის მტკიცებაა (2 პეტრე 3:13).
კეთილი ცნობა და იეჰოვას ძალა
9. რატომ არ იყენებს იეჰოვა ქრისტიანული სამყაროს ძლევამოსილ რელიგიებს, რომ იქადაგონ კეთილი ცნობა?
9 როგორ მჟღავნდება კეთილი ცნობის ქადაგებით იეჰოვას ძალა? დაფიქრდი, ვინ გამოიყენა ღმერთმა, რომ შეესრულებინა ეს დავალება? დაავალა კი ქრისტიანული სამყაროს ყველაზე უფრო ძლევამოსილ რელიგიურ ორგანიზაციებს, როგორიცაა, მაგალითად, რომაული კათოლიკური ეკლესია ან გამოჩენილი პროტესტანტული სარწმუნოებები? არა, რადგან პოლიტიკაში ჩარევის გამო, ისინი უვარგისები არიან ამ დანიშნულებისთვის (იოანე 15:19; 17:14; იაკობი 4:4). იეჰოვა ღმერთზე არ ახდენს შთაბეჭდილებას მათი ფარდობითი სიმდიდრე, მმართველი კლასის ელიტარულ ფენასთან კავშირი და გავლენა, რომელსაც მასზე ახდენენ; ასევე, ღმერთზე არ მოქმედებს ტრადიციებთან დაკავშირებული თეოლოგია. თავისი ნების შესასრულებლად ღმერთს არ სჭირდება ადამიანური ძალა (ზაქარია 4:6).
10. ვინ ამოარჩია ღმერთმა ქადაგებისთვის?
10 ეს ეთანხმება იმას, რაც მოციქულმა პავლემ თქვა თავის წერილში კორინთის კრების მიმართ: „ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული; არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენები, და ქვეყნიერების სუსტნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. და მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა, და დამცირებულნი, და არარაობა, რათა გააუქმოს არსებული, — იმისათვის, რომ არავითარმა ხორციელმა არ იკვეხნოს ღმერთის წინაშე“ (1 კორინთელთა 1:26–29).
11. მოწმეების შესახებ რომელი ფაქტები გვიჩვენებენ, რომ ისინი განუმეორებელ ხალხს წარმოადგენენ?
11 იეჰოვას მოწმეთა რიგებში ძალიან ცოტაა მდიდარი ადამიანები და რასაკვირველია, არ არიან პოლიტიკურად ძლევამოსილი პირები. პოლიტიკურ საქმეებში მოწმეების მკაცრი ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. პირიქით, ΧΧ საუკუნის განმავლობაში ისინი ხშირად ხდებოდნენ რელიგიური და პოლიტიკური ლიდერების მიერ პროვოცირებული, საზიზღარი დევნის მსხვერპლი. მაგრამ, სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც ნაციზმის, ფაშიზმის, კომუნიზმის, ნაციონალიზმისა და ცრუ რელიგიის მოწაფეების მხრიდან იყო აღძრული, მოწმეების არა მხოლოდ კეთილი ცნობის ქადაგება გაფართოვდა მთელ მსოფლიოში, არამედ ისინი, ასევე, საოცრად გაიზარდნენ რიცხობრივად (ესაია 60:22).
12. რატომ არიან მოწმეები წარმატებულნი?
12 რას მიაწერენ მოწმეები თავიანთ წარმატებას? იესომ აღუთქვა თავის მოწაფეებს: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც მოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში და მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე“. ამიტომ, რა იქნებოდა მათი წარმატების წყარო? იესომ თქვა: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც მოვა სულიწმიდა თქვენზე“. მსგავსად ამისა, დღესაც, მსოფლიო მსახურებაში მოწმეების წარმატების ძირითადი ფაქტორი ღმერთისგან გამომდინარე ძალაა და არა ადამიანების უნარი. როგორც ჩანს, ქვეყნიერების სუსტების გამოყენებით, ღმერთი ასრულებს ყველაზე დიდებულ საგანმანათლებლო სამუშაოს ისტორიაში (საქმე 1:8; ესაია 54:13).
კეთილი ცნობა და იეჰოვას სიბრძნე
13. ა) რატომ მსახურობენ მოწმეები მოხალისეებად და ხელფასის გარეშე? ბ) როგორ უპასუხა იეჰოვამ სატანის გესლიან ბრალდებას?
13 კეთილ ცნობას ქადაგებენ მოხალისეები. იესომ თქვა: „უსასყიდლოდ მიიღეთ — უსასყიდლოდ გაეცით“ (მათე 10:8). ამიტომ, იეჰოვას მოწმეებისგან არავინ იღებს ხელფასს ღმერთისადმი მსახურებისთვის და არც ცდილობს მის აღებას. არც მათ შეხვედრებზე ხდება ფულის შეგროვება. ისინი მოხარულნი არიან, რომ ერთგული, უანგარო მსახურებით აძლევენ ღმერთს საშუალებას, რომ გასცეს პასუხი თავის მაგინებელს, სატანა ეშმაკს. ღმერთის ამ სულიერმა მოწინააღმდეგემ არსებითად თქვა, რომ ადამიანები არ მოემსახურებოდნენ ღმერთს უანგაროდ. თავისი სიბრძნით, იეჰოვამ ამომწურავი პასუხი გასცა სატანის გესლიან ბრალდებას — მილიონობით ერთგული ქრისტიანი მოწმე ქადაგებს კეთილ ცნობას კარდაკარ, ქუჩებში და არაფორმალურად (იობი 1:8–11; 2:3–5; იგავნი 27:11).
14. რას წარმოადგენს ‘დაფარული სიბრძნე’, რომელიც მოიხსენია პავლემ?
14 კეთილი ცნობის ქადაგებაში ღმერთის სიბრძნის სხვაგვარად გამოვლინება ისაა, რომ თვით სამეფოს დაპირება ღმერთის სიბრძნის მტკიცებაა. მოციქული პავლე წერდა: „ოღონდ სიბრძნეს ვლაპარაკობთ სრულთა შორის, არა წუთისოფლის სიბრძნეს, არც წუთისოფლის მთავართა, რომელნიც წარმავალნი არიან, არამედ ვლაპარაკობთ ღმერთის სიბრძნეს [წმინდა, აქ] საიდუმლოებაში, დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინ ჩვენს სადიდებლად“. ‘დაფარულ სიბრძნეში’ იგულისხმება ღმერთის ბრძნული საშუალება, რომლითაც ედემში წამოწყებულ აჯანყებას ჩაახშობს. წმინდა საიდუმლოების სიბრძნე გამოჩნდა იესო ქრისტეში, მთავარ პიროვნებაში, რომელზეც აგებულია ღმერთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობაa (1 კორინთელთა 2:6, 7; კოლასელთა 1:26–28).
კეთილი ცნობა და იეჰოვას სამართლიანობა
15. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა სამართლიანობის ღმერთია? (მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 32:5).
15 მარკოზის 13:10-ში მოხსენიებული სიტყვის, „პირველად“-ის, მნიშვნელობა განსაკუთრებით ჩანს სამართლიანობასთან დაკავშირებით. იეჰოვა სამართლიანობის ღმერთია, სამართლიანობის, რომელიც გაწონასწორებულია სიყვარულით აღსავსე სიკეთით. ღმერთი თავისი წინასწარმეტყველის, იერემიას, მეშვეობით ამბობს: „თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის [სიყვარულით აღსავსე სიკეთის, აქ], სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი“ (იერემია 9:23).
16. როგორ შეიძლება აიხსნას, რომ სამართლიანობა უპირველესად გაფრთხილების მიცემას მოითხოვს?
16 როგორ გამოიხატება იეჰოვას სამართლიანობა კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით? მოდით, ავხსნათ ეს ასეთი მაგალითით: დედამ გამოაცხო გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი, რომელიც უნდა შეიჭამოს მოგვიანებით, როცა მოვლენ სტუმრები. თუ ის დატოვებს ნამცხვარს მაგიდაზე სამზარეულოში და არ ეტყვის თავის ბავშვებს, თუ როდის უნდა შეჭამონ, როგორი იქნება ბავშვების ბუნებრივი მიდრეკილება? ერთ დროს ყველა ვიყავით ბავშვები! ბავშვს მოუნდება, გაიწოდოს ნამცხვრისკენ თავისი პაწაწინა თითი, რომ იგემოს ის! ამ დროს, თუ დედას გამორჩა ყურადღებიდან სათანადო გაფრთხილება, მას აღარ ექნება მყარი საფუძველი დასჯისთვის. სხვა მხრივ, თუ გასაგებად იტყვის, რომ ნამცხვარს მოგვიანებით შეჭამენ, როცა მოვლენ სტუმრები და ამიტომ ხელი არ უნდა ახლონ, მაშინ მან გასაგებად გააფრთხილა ისინი. თუ თავი იჩინა დაუმორჩილებლობამ, დედას უფლება აქვს, მიიღოს მტკიცე და სამართლიანი ზომები (იგავნი 29:15).
17. როგორ ავლენს იეჰოვა განსაკუთრებულ სამართლიანობას 1919 წლიდან?
17 თავისი სამართლიანობიდან გამომდინარე, იეჰოვა არ გამოიტანს სასამართლო განაჩენს ამ ბოროტი სისტემის წინააღმდეგ, სანამ თავდაპირველად არ მისცემს სათანადო გაფრთხილებას. ამიტომ, განსაკუთრებით 1919 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომს ‘მწუხარების გამომწვევი მრავალი ტკივილი’ (აქ) მოჰყვა, იეჰოვამ გაგზავნა მთელი დედამიწის ზურგზე თავისი მოწმეები, რომლებიც გულმოდგინედ ქადაგებდნენ კეთილ ცნობას (მათე 24:7, 8, 14). ხალხებს არ შეუძლიათ სამართლიანად გამოაცხადონ, რომ არ გაუგიათ ეს განსაკუთრებული გაფრთხილება.
რა მასშტაბით ემცნო ქვეყნიერებას?
18. ა) შორეულ მხარეებში იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობის რა მტკიცება არსებობს? ბ) კიდევ რა მაგალითები იცი ამის შესახებ?
18 მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურობა ჩანს წიგნიდან „შორეული ადგილები — მოგზაურობა ჩრდილოეთში“ (ინგლ.). მისი ავტორი მოგვითხრობს, რომ შოტლანდიის ჩრდილოეთით განლაგებული შეტლანდის კუნძულებიდან ერთ-ერთი განცალკევებული კუნძულის, „ფულას“, საზღვაო რუკების დათვალიერებისას ამ კუნძულის ირგვლივ დაინახა აღნიშვნები, რომელიც მიუთითებდა „კუნძულის ირგვლივ — WKS (ჩაძირული გემების ნამსხვრევებზე), RKS (კლდეებზე), LDGS (რიფებსა) და OBS (დაბრკოლებებზე)“. აღნიშვნები „აფრთხილებდნენ მოსალოდნელ მეზღვაურებს, რომ არ მიახლოებოდნენ კუნძულს. „ფულას“ გარშემო წყლები შიშისმომგვრელ დანაღმულ ველს წარმოადგენდა, რომელიც კუნძულს სტუმართმოძულეს ხდიდა იახტსმენებისთვის, ექსკურსანტებისა და მისი უდიდებულესობის საზოგადოებრივი სამსახურის ბრიგადებისთვისაც კი; მაგრამ, როგორც რამდენიმე დღეში გავიგე, არა იეჰოვას მოწმეებისთვის“. მან გააგრძელა: „მსგავსად იმისა, როგორც ახალმოქცეულების ძებნაში გადაქექეს დიდი ქალაქების ჯურღმულები და მესამე მსოფლიოს ქვეყნები, მოწმეები, ასევე, დაშორებულ „ფულაზეც“ ცდილობდნენ ადამიანების გადაყვანას თავიანთ რწმენაზე“. ავტორი მოჰყვა, რომ ადგილობრივი მკვიდრის, ენდრიუს, სახლის კარებთან, რამდენიმე თვის წინ იყო დატოვებული ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. შემდეგ ის უმატებს: „ერთი კვირის შემდეგ [ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე] ფარერის კუნძულებზე, მე ვნახე ჟურნალი [„გამოიღვიძეთ!“ დანიურ ენაზე] და ორ თვეში, გოტჰობში (გრენლანდია), ჟურნალი [„საგუშაგო კოშკი“ დანიურ ენაზე]“. ამ ჩრდილოეთ განედებში იეჰოვას მოწმეების გულმოდგინე მოღვაწეობის რაოდენ მრავლისმეტყველი მტკიცებაა.
რა აღძრავს მოწმეებს, გააგრძელონ ქადაგება?
19, 20. ა) რა აღძრავს იეჰოვას მოწმეებს, გააგრძელონ ქადაგება? ბ) რა კითხვებზე იქნება გაცემული პასუხები?
19 რასაკვირველია, კარდაკარ მსახურების დროს უცხო ადამიანებისთვის ქადაგება არცთუ ისეთი იოლი საქმეა, რაც არ უნდა დიდი ხნის მოწმე იყოს პიროვნება. მაშინ, რა აღძრავს ქრისტიანებს, გააგრძელონ ქადაგება? მათი ქრისტიანული მიძღვნა და პასუხისმგებლობის გრძნობა. პავლემ დაწერა: „თუ ვახარებ, არაფერი მაქვს საქები, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“. ჭეშმარიტ ქრისტიანებს აქვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა, ამიტომ როგორ შეძლებდნენ, რომ დაეფარათ ის სხვა ადამიანებისგან? მხოლოდ ის პრინციპი, რომ ვინც დროულად არ აფრთხილებს საფრთხის შესახებ, დამნაშავეა ადამიანების სიკვდილში, კეთილი ცნობის ქადაგების აღმძვრელ მიზეზს წარმოადგენს (1 კორინთელთა 9:16; ეზეკიელი 3:17–21).
20 ამიტომ, როგორ ქადაგებენ კეთილ ცნობას? რა არის მოწმეების წარმატების მიზეზი? მათი მსახურებისა და ორგანიზაციის რა დამახასიათებელი თვისებები გვეხმარება გამოვიცნოთ ისინი, როგორც ჭეშმარიტი რელიგია? მომდევნო სტატია უპასუხებს ამ კითხვებს.
[სქოლიოები]
a ღმერთის სიბრძნისა და ‘წმინდა საიდუმლოების’ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე Insight on the Scriptures, ტომი II, გვერდი 1190, გამოქვეყნებული „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების მიერ.
გახსოვს თუ არა შენ?
□ რა განასხვავებს იეჰოვას მოწმეებს სამღვდელოებისგან?
□ როგორ ირეკლავს ქადაგება ღმერთის სიყვარულს, ძალასა და სიბრძნეს?
□ როგორ ირეკლავს კეთილი ცნობის ქადაგება ღმერთის სამართლიანობას?
□ რა აღძრავს იეჰოვას მოწმეებს, გააგრძელონ მსახურება?
[სურათები 25-ე გვერდზე]
რაც არ უნდა შორს ცხოვრობდნენ ადამიანები, იეჰოვას მოწმეებს სურთ მათთან მისვლა.