ადამიანთა ტანჯვა-წამება — რატომ უშვებს ღმერთი მას?
კაცობრიობის ისტორიის დასაბამში არ არსებობდა არც ცრემლი, არც წუხილი და არც ტკივილი. არ იყო არც ადამიანთა ტანჯვა-წამება. ადამიანს სრულყოფილი დასაწყისი მიეცა. „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31).
მაგრამ ზოგიერთი შეგეკამათება: „ედემის ბაღში ადამისა და ევას ისტორია მხოლოდ ალეგორიაა“. სამწუხაროდ, ქრისტიანული სამყაროს მრავალი მღვდელმსახური ამასვე ამბობს. მაგრამ, ედემის ბაღის მოვლენების ისტორიულობა დაადასტურა თვით უმაღლესმა ავტორიტეტმა, იესო ქრისტემ, (მათე 19:4–6). გარდა ამისა, ერთადერთი საშუალება, გავიგოთ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ადამიანთა ტანჯვა-წამება, არის ის, რომ დაწვრილებით გამოვიკვლიოთ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისი.
პირველ მამაკაცს, ადამს, მიცემული ჰქონდა სასიამოვნო სამუშაო, მოევლო ედემის ბაღისთვის. გარდა ამისა, ღმერთმა ადამს მიზანიც დაუსახა — გაეფართოებინა ედემის ბაღი და ნეტარების ბაღად გადაექცია მთელი დედამიწა (დაბადება 1:28; 2:15). ეს დავალება რომ განეხორციელებინა ღმერთმა ადამს მისცა მეუღლედ ევა, და უთხრა მათ, რომ ენაყოფიერათ, გამრავლებულიყვნენ და დაუფლებოდნენ მთელ დედამიწას. მაგრამ დედამიწისა და ადამიანებისთვის განკუთვნილი ღმერთის გრანდიოზული განზრახვების წარმატებით შესასრულებლად, კიდევ ერთი რამ იყო საჭირო. ღმერთის მსგავსებად შექმნილ ადამიანს მიცემული ჰქონდა ნების თავისუფლება; და აუცილებელი იყო, რომ ადამიანის ნებასა და ღმერთის ნებას შორის არ წარმოქმნილიყო წინააღმდეგობა. სხვაგვარად, სამყაროში უწესრიგობას ექნებოდა ადგილი და ღმერთის განზრახვა — გაევსო დედამიწა მშვიდობისმოყვარე ადამიანთა ოჯახებით — არ განხორციელდებოდა.
ღმერთის ხელმძღვანელობისადმი მორჩილება არ იყო ავტომატური. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანის ნების თავისუფლება, რომელიც სიყვარულით იქნებოდა გამოხატული. მაგალითად, ჩვენ ვკითხულობთ, რომ, როდესაც იესო ქრისტე იმყოფებოდა ძლიერ განსაცდელში, ის ლოცულობდა: „მამაო! თუ შენი სურვილია, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, არამედ შენი იყოს“ (ლუკა 22:42).
ადამსა და ევაზე იყო დამოკიდებული დაემტკიცებინათ, ჰქონდათ თუ არა სურვილი, დამორჩილებოდნენ ღმერთის ხელმძღვანელობას. ამ მიზნით, იეჰოვა ღმერთმა ისინი დააყენა უბრალო გამოცდის წინაშე. ედემის ბაღში ერთ-ერთ ხეს ეწოდებოდა „ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა“. ის ასიმბოლოებდა ღმერთის უფლებას, განესაზღვრა სწორი მოქმედების ნორმები. ღმერთმა პირდაპირ აუკრძალა მათ, ეჭამათ ნაყოფი ამ განსაზღვრული ხიდან. თუ ადამი და ევა არ დაემორჩილებოდნენ, შედეგად სიკვდილი იქნებოდა (დაბადება 2:9, 16, 17).
ადამიანთა ტანჯვა-წამების დასაწყისი
ერთ დღეს ღმერთის ერთ-ერთმა სულიერმა ძემ თავს უფლება მისცა, ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ღმერთის მმართველობის ფორმა. გველის გამოყენებით მან ჰკითხა ევას: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“ (დაბადება 3:1). ამგვარად იყო ჩათესილი ევას აზროვნებაში ასეთი ეჭვის მარცვალი, როგორიცაა: სამართლიანია თუ არა ღმერთის მმართველობის ფორმაa. ევამ ზუსტად ის უპასუხა, რაც ასწავლა ქმარმა. მაგრამ სულიერმა ქმნილებამ გამოთქვა ღმერთის სიტყვების საწინააღმდეგო აზრი და მოატყუა დაუმორჩილებლობის შედეგების შესახებ: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:4, 5).
სამწუხაროდ, ევა მოტყუვდა, რადგან ფიქრობდა, რომ დაუმორჩილებლობის შედეგი ადამიანთა ტანჯვა კი არა, არამედ უკეთესი ცხოვრება იქნებოდა. რაც უფრო მეტად უყურებდა აკრძალულ ნაყოფს, მით უფრო სასურველი ეჩვენებოდა და მან შეჭამა. მოგვიანებით ადამიც შეითანხმა, რომ მასაც შეეჭამა. სამწუხარო ისაა, რომ ადამმა თავისი მეუღლის კეთილგანწყობილების შენარჩუნება აირჩია, ვიდრე ღმერთის (დაბადება 3:6; 1 ტიმოთე 2:13, 14).
აჯანყების პროვოცირებით, სულიერი ქმნილება ღმერთის მოწინააღმდეგე გახდა. ამგვარად, მას ეწოდა სატანა, რომელიც ებრაული სიტყვიდან გამომდინარე, ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“. მან, აგრეთვე ტყუილი თქვა ღმერთის შესახებ და გახდა ცილისმწამებელი. ამიტომ, მას ეშმაკიც ეწოდება, რაც ბერძნული სიტყვიდან გამომდინარე, ნიშნავს „ცილისმწამებელს“ (გამოცხადება 12:9).
ასე დაიწყო კაცობრიობის უბედურებები. ცხოვრების ეგოისტური გზის ამორჩევით ღმერთის სამმა ქმნილებამ ბოროტად გამოიყენა ნაბოძები ნების თავისუფლება და შემოქმედის მოწინააღმდეგე გახდა. აქედან გამომდინარე წამოიჭრა კითხვა: როგორი სამართლიანობით უნდა მიდგომოდა ღმერთი ამ აჯანყებას, რომ დაეკმაყოფილებინა როგორც დანარჩენი გონიერი ქმნილებები ზეცაში ერთგული ანგელოზების სახით, ასევე ადამისა და ევას შთამომავლობა?
ღმერთის ბრძნული გადაწყვეტილება
შესაძლოა ზოგი შეგეკამათოს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ღმერთი მაშინვე გაანადგურებდა სატანას, ადამსა და ევას. მაგრამ ამით არ იქნებოდა გადაწყვეტილი ის საკამათო საკითხი, რომელიც აჯანყების შედეგად წამოიჭრა. სატანამ ეჭვის ქვეშ დააყენა ღმერთის სამართლიანი მმართველობის ფორმა იმის მტკიცებით, რომ ადამიანები ღმერთის მმართველობის გარეშეც დატკბებოდნენ უკეთესი ცხოვრებით. აგრეთვე, მის მიერ მიღწეულმა წარმატებამ, გაეხადა ადამიანთა პირველი წყვილი ღმერთის მოწინააღმდეგე, წამოჭრა სხვა საკამათო საკითხებიც. რადგან ადამმა და ევამ შესცოდეს, ხომ არ ნიშნავდა ეს, რომ ღმერთმა ისინი რაღაც ნაკლით შექმნა? შეეძლო თუ არა ღმერთს დედამიწაზე ჰყოლოდა ვინმე, ვინც შეინარჩუნებდა მისდამი ერთგულებას? რა შეიძლება ითქვას იმ ანგელოზების შესახებ, რომლებიც სატანის აჯანყების მოწმენი იყვნენ? იქნებოდნენ თუ არა ისინი ღმერთის სამართლიანი მმართველობის მომხრეები? ცხადია, საჭირო იყო საკმარისი დრო, რათა ეს საკამათო საკითხი გადაწყვეტილიყო. აი, რატომ დართო ნება ღმერთმა სატანას, ეარსება დღევანდელ დღემდე.
რაც შეეხება ადამსა და ევას, ღმერთმა მათ დაუმორჩილებლობის დღიდანვე მიუსაჯა სიკვდილი. ასე მიეცა სიკვდილს დასაბამი. შთამომავლობამ, რომელიც ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ წამოვიდა, არასრულყოფილი მშობლებისგან დაიმკვიდრა ცოდვა და ავადმყოფობა (რომაელთა 5:14).
სატანამ დაიწყო იქიდან, რომ საკამათო საკითხში ადამიანთა პირველი წყვილი თავის მხარეზე გადაიყვანა. მისთვის განკუთვნილი დრო იმ მიზნით გამოიყენა, რომ ადამის შთამომავლობა თავისი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა. მან, აგრეთვე წარმატებას მიაღწია მრავალი ანგელოზის ცდუნებაში, შეერთებოდნენ აჯანყებაში. მაგრამ ღმერთის ზეციერი ძეების უმრავლესობა ერთგულად დადგა შემოქმედის სამართლიანი ხელმძღვანელობის მხარეზე (დაბადება 6:1, 2; იუდა 6; გამოცხადება 12:3, 9).
საკამათო საკითხში ღმერთის მმართველობასთან დაპირისპირებული იყო სატანის მმართველობა და ეს საკითხი გამწვავდა იობის დღეებში. ამ ერთგულმა ადამიანმა თავისი მოქმედებით დაამტკიცა, რომ უპირატესობას ანიჭებდა ღმერთის სამართლიან ხელმძღვანელობას, ვიდრე სატანურ დაუმორჩილებლობას, ისევე როგორც ეს დაამტკიცეს ისეთმა ღვთისმოშიშმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ აბელი, ენოქი, ნოე, აბრაამი, ისააკი, იაკობი და იოსები. იობი გახდა იმ საუბრის ობიექტი, რომელიც მიმდინარეობდა ზეცაში ღმერთის ერთგული ანგელოზების წინაშე. თავისი სამართლიანი მმართველობის დაცვის მიზნით, იეჰოვამ უთხრა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული?“ (იობი 1:6–8).
რათა არ დათანხმებოდა თავის დამარცხებას, სატანამ განაცხადა, რომ იობი ღმერთს ემსახურებოდა მხოლოდ ეგოისტური მიზნების გამო, რადგან ღმერთმა მატერიალურად უხვად აკურთხა. ამიტომ სატანა ამტკიცებდა: „აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:11). სატანამ კიდევ უფრო შორს შეტოპა და ეჭვის ქვეშ დააყენა იეჰოვას ყველა ქმნილების უმწიკვლოება. „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“, განაცხადა მან (იობი 2:4). ეს ცილისწამებით აღსავსე იერიში მიმართული იყო არა მხოლოდ იობის წინააღმდეგ, არამედ ღმერთის ყველა ერთგული თაყვანისმცემლის წინააღმდეგ, როგორც ზეციერზე, ასევე მიწიერზე. ეს გულისხმობდა, რომ თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, უარს იტყოდნენ ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე.
იეჰოვა ღმერთი სავსებით იყო დარწმუნებული იობის ერთგულებაში. ამის დასამტკიცებლად, მან ნება დართო სატანას, იობისთვის მრავალი უბედურება დაეტეხა. ღმერთისადმი ერთგულებით იობმა არა მხოლოდ კეთილი სახელი შეინარჩუნა, არამედ რაც უფრო მთავარია, გამოვიდა იეჰოვას სამართლიანი მმართველობის მომხრე. დამტკიცდა, რომ ეშმაკი მატყუარა იყო (იობი 2:10; 42:7).
მაგრამ ერთგულების ყველაზე კარგი მაგალითი, რომელიც განსაცდელისას გამოამჟღავნა, იყო იესო ქრისტე. ღმერთმა თავისი ზეციერი შვილის სიცოცხლე ქალწულის საშვილოსნოში გადმოიტანა. ამიტომაც, იესოს არ მიუღია მემკვიდრეობითი ცოდვა და არასრულყოფილება. პირიქით, ის იზრდებოდა სრულყოფილ ადამიანად, ყოველ მხრივ ზუსტი ეკვივალენტი იყო პირველი ადამიანის, ადამის, სანამ ადამი დაკარგავდა სრულყოფილებას. სატანამ იესო განსაკუთრებულ სამიზნედ გაიხადა, მრავალ განსაცდელსა და ცდუნებაში ჩააგდო, უმაღლესი წერტილი კი იყო დამამცირებელი სიკვდილი. მაგრამ ვერ შეძლო გაეტეხა მისი უმწიკვლოება. იესომ სავსებით დაამტკიცა თავისი მამის ხელმძღვანელობის სრული სამართლიანობა. მან, აგრეთვე დაამტკიცა, რომ სრულყოფილ ადამიანს, ადამს, არ ჰქონდა გამართლება, რომ სატანას აჯანყებაში შეუერთდა. ადამს შეეძლო იმ შედარებით მცირე ცდუნებისას დარჩენილიყო ღმერთის ერთგული.
კიდევ რა იყო დამტკიცებული?
ადამისა და ევას აჯანყების შემდეგ განვლო ადამიანთა უბედურებებით აღსავსე დაახლოებით 6 000 წელმა. ამ ხნის განმავლობაში ღმერთმა ნება დართო ადამიანებს, მოესინჯათ მმართველობის მრავალი ფორმა. ადამიანთა ტანჯვა-წამების შესახებ მრავალი შემაძრწუნებელი ცნობა გვარწმუნებს, რომ ადამიანებს არ შესწევთ ძალა, მართონ თავიანთი თავი. ფაქტია, რომ ამჟამად დედამიწის მრავალ კუთხეში სუფევს ანარქია. ღმერთისაგან დამოუკიდებლობა, რისი მომხრეც არის სატანა, უბედურების მომტანია.
იეჰოვას არ სჭირდება, საკუთარ თავს დაუმტკიცოს რამე. მან იცის, რომ მისი მმართველობის ფორმა სამართლიანია და საუკეთესოს მომტანი მისი ქმნილებებისთვის. მაგრამ დამაკმაყოფილებლად რომ გადაეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც სატანის დაუმორჩილებლობის გამო წამოიჭრა, ღმერთმა მისცა თავის გონიერ ქმნილებებს შესაძლებლობა, დაემტკიცებინათ, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ მის სამართლიან მმართველობას.
ღმერთისადმი სიყვარულისა და მისდამი გამომჟღავნებული ერთგულების ჯილდო, სრულებით დაფარავს ტანჯვა-წამების პერიოდს, რომელიც დროებით სატანის ხელთაა. ეს თვალნათლივ ჩანს იობის მაგალითიდან. იეჰოვამ განკურნა ის ავადმყოფობისგან, რომელიც სატანამ დაატეხა თავს. უფრო მეტიც, ღმერთმა ‘უკურთხა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად’. ბოლოს, 140 წლის სიცოცხლის შემდეგ, „მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული“ (იობი 42:10–17).
ბიბლიის ქრისტიანი მწერალი იაკობი ამაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს: „იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რამეთუ მწყალობელი და შემწყალებელია უფალი“ (იაკობი 5:11).
სატანისთვის გამოყოფილი დრო იწურება. მალე, ღმერთი მოსპობს ყველა იმ უბედურებას, რომელიც სატანის აჯანყებამ მოუტანა კაცობრიობას. მკვდრებიც კი დაუბრუნდებიან სიცოცხლეს (იოანე 11:25). შემდეგ, ღმერთის ერთგულ ხალხს, ისეთს, როგორიც იყო იობი, შესაძლებლობა ექნება მიაღწიოს მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე. მომავალი კურთხევები, რომელთაც იეჰოვა ღმერთი თავის მსახურებზე გადმოაფრქვევს, გაამართლებს მას უკუნისამდე, როგორც სამართლიან სუვერენს, რომელიც ნამდვილად ‘მწყალობელი და შემწყნარებელი უფალია’.
[სქოლიოები]
a მეოცე საუკუნის დასაწყისში მწერალმა და იურისტმა ფილიპე მორომ, რომელმაც გამოიკვლია ეს საკითხი, თავის ნაშრომში „ბოროტების წარმოშობა“ (The Origin of Evil), გააკეთა დასკვნა, რომ ეს იყო „ადამიანთა ყველა უბედურების მიზეზი“.