იეჰოვა — ჩვენი თანამგრძნობი მამა
„მწყალობელი და შემწყალებელია [თანამგრძნობია, აქ, სქოლიო] უფალი“ (იაკობი 5:11).
1. რატომ ისწრაფიან უბრალო ადამიანები იეჰოვა ღმერთისკენ?
სამყარო იმდენად დიდია, რომ ასტრონომები მისი გალაქტიკების რიცხვსაც ვერ ადგენენ. ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი ისეთი თვალუწვდენელია, რომ ადამიანისთვის მისი ყველა ვარსკვლავის დათვლაც კი შეუძლებელია. ანტარესის მსგავსი ზოგიერთი ვარსკვლავი, მზეზე რამდენიმე ათასჯერ უფრო დიდი და კაშკაშაა. რამდენად ძლევამოსილი უნდა იყოს სამყაროს ყველა ვარსკვლავის დიდებული შემოქმედი! ნამდვილად, ის არის, „ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას“ (ესაია 40:26). მაგრამ ზუსტად ეს მოკრძალებული შიშის მომგვრელი ღმერთი, ასევე „მწყალობელი და შემწყალებელია [თანამგრძნობია, აქ]“. რამდენად გამამხნევებელია ამის ცოდნა იეჰოვას თავმდაბალი მსახურებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც იტანჯება დევნის, ავადმყოფობის, გულგატეხილობის ან სხვა გაჭირვების გამო!
2. ხშირად, როგორ მიიჩნევენ ქვეყნიერებაში მყოფი ადამიანები თბილ გრძნობებს?
2 მრავალ ადამიანს სისუსტედ მიაჩნია ისეთი თბილი გრძნობები, როგორიცაა ქრისტეს მიერ გამოვლენილი „თანაგრძნობა და მოწყალება“ (ფილიპელთა 2:1). ევოლუციური თეორიის გავლენით ისინი აღძრავენ ადამიანებს, საკუთარი თავი დააყენონ პირველ ადგილზე, თუნდაც ეს სხვა ადამიანების გრძნობების შელახვას ნიშნავდეს. მიბაძვის ობიექტებს წარმოადგენენ „ვაჟკაცები“, რომლებსაც გასართობ და სპორტულ გადაცემებში აჩვენებენ და რომლებიც ცრემლებს არ ღვრიან ან თანაგრძნობას არ იჩენენ. მათ მსგავსად იქცევა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწეც. სტოიკოსი ფილოსოფოსი სენეკა, რომელიც სასტიკ იმპერატორ ნერონს ასწავლიდა, ხაზგასმით ამბობდა, რომ „სიბრალული სისუსტეა“. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია (Cyclopædia) გვატყობინებს: „სტოიციზმის გავლენა. . . დღესაც მოქმედებს ადამიანთა გონებაზე“.
3. როგორ აღუწერა საკუთარი თავი იეჰოვამ მოსეს?
3 ამის საპირისპიროდ, კაცობრიობის შემოქმედის პიროვნება მანუგეშებელია. მოსესთან საუბრისას საკუთარი თავი მან ასეთი სიტყვებით აღწერა: „იეჰოვა, იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, რისხვაში ნელი, სიყვარულით აღსავსე სიკეთის მქონე და ჭეშმარიტი. . . დანაშაულთა, ბრალთა და ცოდვათა მიმტევებელი, მაგრამ დამსჯელი“ (გამოსვლა 34:6, 7, აქ). მართალია, საკუთარი თავის აღწერის დასასრულს მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სამართლიანობას. ის არ გაათავისუფლებს განზრახ შემცოდველებს სასჯელისგან, რომელიც დაიმსახურეს. მაგრამ, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის შესახებ ის ამბობს, რომ მწყალობელია, უფრო ზუსტად კი „წყალობით აღსავსე“ ღმერთია.
4. როგორია ებრაული სიტყვის გამამხნევებელი მნიშვნელობა, რომელიც ხშირად გადმოითარგმნება სიტყვით „წყალობა“?
4 ზოგჯერ სიტყვა „წყალობა“, სასამართლოს მიერ მიუკერძოებლად გამოტანილი სასჯელის გაუქმების მნიშვნელობით აღიქმება. მაგრამ ბიბლიის თარგმანების შედარება მასში გამოყენებული ებრაული ზმნისგან, „რა·ხამʹ“-ისგან, წარმოებული ზედსართავი სახელის ღრმა მნიშვნელობას გვაძლევს. ზოგიერთი სწავლულის თვალსაზრისით, მისი ძირითადი მნიშვნელობა არის „იყო შემწყნარებელი“. წიგნი „ძველი აღთქმის სინონიმები“ (Synonyms of The Old Testament) განმარტავს, რომ სიტყვა „რახამ“-ი „გამოხატავს თანაგრძნობის ღრმა და სიყვარულით აღსავსე გრძნობას, გამოწვეულს იმ ადამიანების სისუსტეების ან ტანჯვის დანახვით, რომლებიც ძვირფასი არიან ჩვენთვის ან რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ“. ამ სასურველი თვისების სხვა გამამხნევებელი განმარტება შეგიძლია იხილო წიგნში „Insight on the Scriptures“, ტომი II, გვერდები 375–379.
5. როგორ გამოიხატებოდა მოსეს კანონში წყალობა?
5 ღმერთის თანაგრძნობა ნათლად ჩანს ისრაელი ერისთვის მიცემულ კანონში. ადამიანები შემბრალებლები უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ხელმოცარულების მიმართ, როგორებიც ქვრივები, ობლები და ღარიბები არიან (გამოსვლა 22:21–26; ლევიანნი 19:9, 10; მეორე რჯული 15:7–11). ყველას, მონებისა და ცხოველების ჩათვლით, ეხებოდა კანონი შაბათობით დასვენების შესახებ (გამოსვლა 20:10). გარდა ამისა, ღმერთი ყურადღებას აქცევდა მათ, ვინც თანაგრძნობით ეპყრობოდა ღარიბ ადამიანებს. იგავნის 19:17-ში ნათქვამია: „ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს“.
ღვთიური თანაგრძნობის საზღვარი
6. რატომ უგზავნიდა იეჰოვა თავის ხალხს წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს?
6 ისრაელები ღმერთის სახელს ატარებდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთს იერუსალიმში მდებარე ტაძარში, რომელიც იყო ‘სახლი იეჰოვას სახელისთვის’ (მეორე ნეშტთა 2:4, აქ; მეორე ნეშტთა 6:33). მაგრამ დროთა განმავლობაში მათ დაიწყეს უზნეო ცხოვრება, კერპთაყვანისმცემლობა და მკვლელობა, რითაც ძალიან არცხვენდნენ იეჰოვას სახელს. იმის თანახმად, რომ ღმერთი თანამგრძნობი პიროვნებაა, ამ ცუდი მდგომარეობის გამოსწორებას ის ცდილობდა მოთმინებით და არა მთელ ერზე უბედურების დატეხვით. ის „უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი. მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“ (მეორე ნეშტთა 36:15, 16).
7. რა დაემართა იუდას სამეფოს, როცა იეჰოვას თანაგრძნობამ საზღვარს მიაღწია?
7 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა შემბრალებელი და რისხვაში ნელია, აუცილებლობის შემთხვევაში, ის ავლენს სამართლიან რისხვას. იმ დროს ღვთიურმა თანაგრძნობამ თავის საზღვარს მიაღწია. იმის შესახებ, რაც ამას მოჰყვა, ვკითხულობთ: „[იეჰოვამ] მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა — ყველანი მის ხელში ჩაყარა“ (მეორე ნეშტთა 36:17). ამრიგად, იერუსალიმი და მისი ტაძარი განადგურებული იყო, ხოლო ერი ტყვედ იყო წაყვანილი ბაბილონში.
თანაგრძნობა თავისი სახელის გულისთვის
8, 9. ა) რატომ განაცხადა იეჰოვამ, რომ თავისი სახელის გულისთვის იყო შემბრალებელი? ბ) რამ გააჩუმა იეჰოვას მტრები?
8 გარშემო მცხოვრებ ერებს უხაროდათ ეს დიდი უბედურება. ისინი დაცინვით ამბობდნენ: „უფლის [იეჰოვას, აქ] ხალხია ესენი და თავისი [მისი, აქ] ქვეყნიდან გამოვიდნენო“. ეს დამცინავი სიტყვები გულს სტკენდა იეჰოვას და მან განაცხადა: „მე დავითმინე ჩემი წმიდა სახელის გამო. . . წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს. . . მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ [ერები მიხვდებიან, რომ მე ვარ იეჰოვა, აქ]“ (ეზეკიელი 36:20–23).
9 თავისი ერის 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ, თანამგრძნობმა ღმერთმა, იეჰოვამ, გაათავისუფლა ისინი, ნება დართო დაბრუნებულიყვნენ და იერუსალიმის ტაძარი აღედგინათ. ამ მოქმედებამ გააჩუმა გარშემო მცხოვრები ერები, რომლებიც გაოცებული უყურებდნენ მიმდინარე მოვლენებს (ეზეკიელი 36:35, 36). მაგრამ, სამწუხაროდ, ისრაელი ერი კვლავ ჩაება ცუდ საქმეებში. ერთგულმა იუდეველმა, ნეემიამ, ხელი შეუწყო მდგომარეობის გამოსწორებას. საჯაროდ წარმოთქმულ ლოცვაში მან კვლავ მოიხსენია თანაგრძნობა, რომელსაც ღმერთი ერისადმი ავლენდა:
10. რამდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ნეემიამ იეჰოვას თანაგრძნობას?
10 „როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან. როგორც კი სულს მოითქვამდნენ, კვლავ იწყებდნენ ბოროტის ქმნას შენს წინაშე. შენ მათ მტრის ხელში ყრიდი, და ისინიც მათზე ბატონობდნენ; მაგრამ თუ ისინი კვლავ მოიქცეოდნენ და შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან ისმენდი და შენი დიდი მოწყალეობისამებრ მრავალგზის იხსნიდი მათ. . . მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის“ (ნეემია 9:26–30; აგრეთვე იხილე ესაია 63:9, 10).
11. როგორ განსხვავდება იეჰოვა ადამიანების მიერ გამოგონილი ღმერთებისგან?
11 საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ღმერთის საყვარელი ძე სასტიკად უარყო, იუდეველმა ერმა სამუდამოდ დაკარგა პრივილეგიური მდგომარეობა. მათ მიმართ ღმერთის ერთგული სიყვარული 1 500 წელი გრძელდებოდა. ეს ფაქტი მარადიული მოწმეა, რომ იეჰოვა ნამდვილად თანამგრძნობი ღმერთია. რამდენად განსხვავდებიან მისგან ადამიანების მიერ გამოგონილი, სასტიკი და უგრძნობი ღმერთები!
თანაგრძნობის დიდებული გამოხატვა
12. რა იყო ღმერთის თანაგრძნობის ყველაზე უდიდესი გამოვლენა?
12 ღმერთის თანაგრძნობა დიდებულად გამოვლინდა იმაში, რომ თავისი საყვარელი ძე წარმოგზავნა დედამიწაზე. უეჭველია, იესოს უმწიკვლო ცხოვრება ძალიან სიამოვნებდა იეჰოვას და საშუალებას აძლევდა, რომ სრულყოფილი პასუხი გაეცა ეშმაკის ცრუ ბრალდებებზე (იგავნი 27:11). ამავე დროს, როცა თავისი საყვარელი ძის მტანჯველ და დამამცირებელ სიკვდილს უყურებდა, უეჭველია, რომ იეჰოვა ისეთ ძლიერ ტკივილს განიცდიდა, როგორიც არასდროს გადაუტანია მიწიერ მშობელს. ეს იყო ძლიერი სიყვარულით შეწირული მსხვერპლი, რომელმაც გახსნა გზა კაცობრიობის ხსნისთვის (იოანე 3:16). იოანე ნათლისმცემლის მამის, ზაქარიას, წინასწარმეტყველების თანახმად ამ მსხვერპლმა უფრო განადიდა ‘ჩვენი ღმერთის წყალობის წიაღი’ (ლუკა 1:77, 78).
13. თავისი მამის პიროვნების რომელი მნიშვნელოვანი მხარე აირეკლა იესომ?
13 აგრეთვე, ფაქტმა, რომ ღმერთმა თავისი ძე წარმოგზავნა დედამიწაზე, უფრო ნათლად გააცნო კაცობრიობას იეჰოვას პიროვნება. როგორ? იესომ სრულყოფილად აირეკლა თავისი მამის პიროვნება, განსაკუთრებით კი იმით, რომ უბრალო ადამიანებისადმი თანაგრძნობას ავლენდა! (იოანე 1:14; 14:9). ამასთან დაკავშირებით, სახარების სამი მწერალი, მათე, მარკოზი და ლუკა, იყენებენ ბერძნულ ზმნას „სპლაგ·ხნიʹზო·მაი“-ს, რომელიც წარმოებულია ბერძნული სიტყვიდან „შიგნეულობა“. ბიბლიის მცოდნე, უილიამ ბარკლეი, განმარტავს: „ამ სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარეობს, რომ ის გადმოსცემს არა ჩვეულებრივ სიბრალულს ან თანაგრძნობას, არამედ გრძნობას, რომელიც ადამიანის სულის სიღრმეებს სწვდება. ბერძნულ ენაში ეს ყველაზე ძლიერი სიტყვაა, რომელიც გამოხატავს თანაგრძნობას“. ასევე, ის ითარგმნება, როგორც ‘შებრალება’ (მარკოზი 6:34; 8:2).
როცა იესოს ეცოდებოდა
14, 15. როგორ აღიძრა იესოში სიბრალული გალილეის ქალაქში და რას გვიჩვენებს ეს?
14 მოქმედების ადგილია გალილეის ქალაქი. დადგენილი წესის საპირისპიროდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იესოს უახლოვდება „კეთრით სავსე“ მამაკაცი (ლუკა 5:12). მაგრამ კიცხავს მას იესო უხეშად, რომ ის არ ყვირის „უწმიდური, უწმიდური“, როგორც ამას ღმერთის კანონი მოითხოვდა? (ლევიანნი 13:45). არა. ნაცვლად ამისა, იესო უსმენს მამაკაცის სასოწარკვეთილ თხოვნას: „თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესოს ‘ეცოდება’ მამაკაცი, იწვდის ხელს, ეხება კეთროვანს და ამბობს: „მინდა, განიწმინდე!“ მამაკაცს მყისვე უბრუნდება ჯანმრთელობა. ამრიგად, იესო ავლენს არა მხოლოდ ღმერთისგან ბოძებულ საოცარ ძალებს, არამედ, ასევე თანაგრძნობას, რომელიც აღძრავს, გამოიყენოს ასეთი ძალები (მარკოზი 1:40–42).
15 განა მხოლოდ მაშინ ავლენს იესო თანაგრძნობას, როცა მასთან მოდიან? არა. რამდენიმე ხნის შემდეგ იესო შემთხვევით ხვდება, ქალაქ ნაინიდან მომავალ დამკრძალავ პროცესიას. ეჭვგარეშეა, იესოს მრავალჯერ უნახავს დაკრძალვა, მაგრამ ეს განსაკუთრებით ტრაგიკულია. მიცვალებული არის ქვრივის დედისერთა ძე. იესოს ‘ეცოდება’ ქვრივი, ის უახლოვდება მას და ეუბნება: „ნუ სტირი“. შემდეგ ის ახდენს ღირსშესანიშნავ სასწაულს — ქვრივის ძეს სიცოცხლეს უბრუნებს (ლუკა 7:11–15).
16. რატომ ეცოდება იესოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიჰყვება მას?
16 ზემოხსენებული შემთხვევები გვაძლევს საოცარ გაკვეთილს: როცა იესოს ‘ეცოდება’ ადამიანები, ის ეხმარება მათ. მოგვიანებით მომხდარი შემთხვევის დროს იესო აკვირდება ხალხის ჯგუფს, რომელიც მიჰყვება მას. მათე იტყობინება, რომ იესოს „შეეცოდა ისინი, ვინაიდან ისინი იყვნენ დაუძლურებულნი და უილაჯონი, როგორც ცხვარი, რომელსაც მწყემსი არა ჰყავს“ (მათე 9:36). ფარისევლები, თითქმის, არაფერს აკეთებენ უბრალო ხალხის სულიერი შიმშილის დასაკმაყოფილებლად. პირიქით, ისინი უბრალო ადამიანებს ტვირთად ადებენ მრავალ არასაჭირო წესს (მათე 12:1, 2; 15:1–9; 23:4, 23). უბრალო ხალხისადმი მათი თვალსაზრისი გამომჟღავნდა, როცა იესოს მსმენელების შესახებ თქვეს: „ეს ხალხი, სჯულის უცოდინარი, წყეულიმც არიან ისინი“ (იოანე 7:49).
17. რის გასაკეთებლად აღძრავს იესოს ადამიანებისადმი გამოვლენილი სიბრალული და როგორ ხანგრძლივ ხელმძღვანელობას უზრუნველყოფს იესო?
17 ამის საპირისპიროდ, იესოს ძალიან აღელვებს ადამიანების სულიერი გაჭირვება. მაგრამ მისთვის არცთუ ისე იოლია იზრუნოს ამდენ დაინტერესებულ ადამიანზე. ამიტომ, ის ეუბნება თავის მოწაფეებს ილოცონ მუშების მომატების შესახებ (მათე 9:35–38). ასეთი ლოცვების გარდა, იესო აგზავნის თავის მოციქულებს ცნობით, რომ „მოახლოებულია სასუფეველი ცათა“. იმ დროს მიცემული მითითებები დღესაც გამოსადეგია ქრისტიანებისთვის, როგორც ძვირფასი სახელმძღვანელო. უეჭველია, თანაგრძნობა აღძრავს იესოს, დააკმაყოფილოს კაცობრიობის სულიერი შიმშილი (მათე 10:5–7).
18. როგორ რეაგირებს იესო, როცა ხალხი არღვევს მის მყუდროებას და რა გაკვეთილს ვიღებთ ამ შემთხვევიდან?
18 სხვა შემთხვევაში იესო კვლავ ზრუნავს ადამიანების სულიერ საჭიროებებზე. ამ დროს ის და მისი მოციქულები დაღლილები ბრუნდებიან სამქადაგებლო მოღვაწეობის შემდეგ და ეძებენ ადგილს, რომ დაისვენონ. მაგრამ, ძალიან მალე, ადამიანები პოულობენ მათ. ნაცვლად იმისა, რომ გაღიზიანდეს სიმყუდროვის დარღვევის გამო, მას „შეეცოდა“ ისინი, როგორც ამას მარკოზი გვატყობინებს. რა იყო იესოს ღრმა გრძნობების მიზეზი? „ისინი იყვნენ, როგორც ცხვრები, რომელთაც მწყემსი არა ჰყავთ“. იესო კვლავ ავლენს თავის გრძნობებს საქმით და ასწავლის ადამიანებს „ღმერთის სასუფეველზე“. დიახ, მას ისე ძლიერ აღელვებდა მათი სულიერი შიმშილი, რომ შესწირა საჭირო დასვენება, რათა ესწავლებინა მათთვის (მარკოზი 6:34; ლუკა 9:11).
19. ადამიანთა სულიერი მოთხოვნილებების გარდა კიდევ რაზე ზრუნავდა იესო?
19 თუმცა, უმთავრესად, იესო ადამიანთა სულიერ საჭიროებებზე ზრუნავდა, ის არასდროს უგულებელყოფდა მათ ძირითად ფიზიკურ მოთხოვნილებებს. აქ მოყვანილი შემთხვევის დროს ის ასევე ‘კურნავდა, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა’ (ლუკა 9:11). მოგვიანებით, სხვა შემთხვევაში, ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ მასთან, ხოლო სახლიდან შორს იყვნენ. რადგან იესოს ესმოდა მათი ფიზიკური მოთხოვნილებები, მან უთხრა თავის მოწაფეებს: „მეცოდება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი არაფერი აქვს; არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რომ გზაში არ დაუძლურდნენ“ (მათე 15:32). ახლა იესო აკეთებს რაღაცას, რითაც წინასწარ ზრუნავს ადამიანთა საჭიროებებზე. შვიდი პურითა და რამდენიმე პატარა თევზით მან სასწაულებრივად უზრუნველყო საკვებით ათასობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი.
20. რას ვსწავლობთ ჩაწერილთაგან ბოლო შემთხვევიდან, როცა იესომ გამოავლინა სიბრალული?
20 ჩაწერილთაგან ბოლო შემთხვევა, როცა იესომ თანაგრძნობა გამოავლინა, მოხდა იერუსალიმში მისი ბოლო მოგზაურობის დროს. მასთან ერთად პასექის დღესასწაულზე ხალხის დიდი ჯგუფი მიდიოდა. და აი, იერიხონის მახლობლად, გზაზე, ყვირის ორი ბრმა მათხოვარი: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო“. ხალხი ცდილობს მათ გაჩუმებას, მაგრამ იესო ეძახის მათ და ეკითხება, თუ რა უნდათ. „უფალო, თვალები რომ აგვეხილოს“, — ევედრებიან ისინი. იესოს „შეებრალა“ ისინი, ის ეხება მათ თვალებს და თვალხილულები ხდებიან (მათე 20:29–34). რამდენად მნიშვნელოვან გაკვეთილს ვიღებთ ამ შემთხვევიდან! ახლოვდება იესოს მიწიერი მსახურების ბოლო კვირა. მას ბევრი საქმე აქვს დასამთავრებელი, სანამ სატანის აგენტებისგან სასტიკ, სასიკვდილო ტანჯვას დაექვემდებარება. მაგრამ ის არ რთავს ნებას, რომ ამ დიდი მნიშვნელობის მქონე პერიოდის გავლენამ დაჩრდილოს მისი თანაგრძნობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანური საჭიროებების მიმართ.
იგავები, რომლებშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანაგრძნობას
21. რა არის ნაჩვენები იგავში ბატონის შესახებ, რომელიც თავის მონას დიდ ვალს პატიობს?
21 იესოს ცხოვრების შესახებ ცნობებში გამოყენებული ბერძნული ზმნა, „სპლაგ·ხნიʹზო·მაი“, აგრეთვე გამოიყენება იესოს სამ იგავში. ერთ-ერთში მონა ევედრება ბატონს, რამდენიმე ხნით გადაუდოს დიდი ვალის გადახდა. ბატონს „შეებრალა“ ის და პატიობს ვალს. ამ იგავიდან ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთი დიდ თანაგრძნობას ავლენს, როცა პატიობს ცოდვების დიდ ვალს თითოეულ ქრისტიანს, ვინც ავლენს რწმენას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი (მათე 18:27; 20:28).
22. რას გვიჩვენებს იგავი გზასაცდენილი ძის შესახებ?
22 შემდეგი იგავი არის გზასაცდენილი ძის შესახებ. გაიხსენე, თუ რა ხდება, როცა ურჩი ძე სახლში ბრუნდება. „როცა ჯერ კიდევ შორს იყო, დაინახა მამამ და შეიბრალა; და გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“ (ლუკა 15:20). აქედან ჩანს, რომ იეჰოვა შეიბრალებს და თანაგრძნობით მიიღებს ყველა ქრისტიანს, რომელიც ინანიებს თავის დაუმორჩილებლობას. ამრიგად, ამ ორი იგავის საშუალებით იესო გვიჩვენებს, რომ ჩვენი მამა, იეჰოვა, „მწყალობელი და შემწყალებელია [თანამგრძნობი, აქ]“ (იაკობი 5:11).
23. რა გაკვეთილს ვიღებთ იესოს იგავიდან გულმოწყალე სამარიელის შესახებ?
23 სიტყვა „სპლაგ·ხნიʹზო·მაი“-ს გამოყენების მესამე თვალსაჩინო მაგალითი დაკავშირებულია თანამგრძნობ სამარიელთან, რომელსაც „შეეცოდა“ გაჭირვებაში მყოფი, გაძარცული და ცოცხალ-მკვდარი იუდეველი (ლუკა 10:33). თავისი გრძნობებიდან გამომდინარე, სამარიელმა გააკეთა ყველაფერი, რაც მის ძალებს შესწევდა, რომ დახმარებოდა უცნობ ადამიანს. ეს იგავი ცხადყოფს — იეჰოვა და იესო ელოდებიან, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები მიჰყვნენ მათ მაგალითს თანაგრძნობის გამოვლენაში. რამდენიმე სფერო, რომელშიც შეგვიძლია ამ თვისებების გამოვლენა, განიხილება მომდევნო სტატიაში.
კითხვები გამეორებისთვის
◻ რას ნიშნავს იყო მწყალობელი?
◻ როგორ გამოავლინა იეჰოვამ თანაგრძნობა თავისი სახელის გულისთვის?
◻ რა არის ღმერთის თანაგრძნობის ყველაზე უდიდესი გამოვლენა?
◻ თავისი მამის პიროვნების რომელ გამოჩენილ მხარეს ირეკლავს იესო?
◻ რას ვსწავლობთ იესოს თანაგრძნობით აღსავსე მოქმედებებიდან და მისი იგავებიდან?
[სურათი მე-8 გვერდზე]
როცა ღვთიურმა წყალობამ თავის საზღვარს მიაღწია, იეჰოვამ ნება დართო ბაბილონელებს, რომ დაეპყროთ მისი ურჩი ხალხი.
[სურათი მე-9გვერდზე]
როცა თავისი საყვარელი ძის სიკვდილს უყურებდა, იეჰოვა განიცდიდა ისეთ ძლიერ ტკივილს, როგორიც არავის არასდროს გადაუტანია.